არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ადგილი არ მისცეთ ეშმაკს

ადგილი არ მისცეთ ეშმაკს

ადგილი არ მისცეთ ეშმაკს

„ადგილი არ მისცეთ ეშმაკს“ (ეფესოელები 4:27).

1. რატომ ეპარება ბევრს ეჭვი ეშმაკის არსებობაში?

საუკუნეების მანძილზე ბევრი ფიქრობდა, რომ ეშმაკი რქიანი და ჩლიქებიანი ქმნილება იყო, რომელიც ბოროტ ადამიანებს ფიწლით აგდებდა ცეცხლოვან ჯოჯოხეთში. მაგრამ ბიბლია ამ მოსაზრებას მხარს არ უჭერს. ასეთმა არასწორმა შეხედულებებმა, უდავოა, გავლენა იქონია მილიონობით ადამიანზე; მათ ეჭვი ეპარებათ ეშმაკის არსებობაში ან ფიქრობენ, რომ ეშმაკი უბრალოდ ბოროტებას გულისხმობს.

2. რას გვიმჟღავნებს საღვთო წერილი ეშმაკის შესახებ?

2 ბიბლია აღიარებს ეშმაკის არსებობას და თვითმხილველთა დამადასტურებელი ფაქტებიც მოჰყავს. იესო ქრისტემ სულიერ სფეროში, ზეცაში, იხილა ეშმაკი. ის დედამიწაზეც ელაპარაკა მას (იობი 1:6; მათე 4:4—11). თუმცა საღვთო წერილი არ გვიმჟღავნებს ამ სულიერი ქმნილების თავდაპირველ სახელს, ის ეშმაკს უწოდებს მას (ბერძნულად „დიაბოლოს“, რაც ნიშნავს „ცილისმწამებელს“), რადგან მან ცილი დასწამა ღმერთს. მას აგრეთვე ეწოდება სატანა ანუ „მოწინააღმდეგე“, რადგან წინ აღუდგა იეჰოვას. ბიბლიაში სატანა ეშმაკი „ძველ გველად“ მოიხსენიება, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ევას შესაცდენად გველი გამოიყენა (გამოცხადება 12:9; 1 ტიმოთე 2:14). ის აგრეთვე ცნობილია როგორც „ბოროტი“ (მათე 6:13) *.

3. რა კითხვას განვიხილავთ?

3 ჩვენ, იეჰოვას მოწმეებმა, რასაკვირველია, არ უნდა დავუშვათ, რომ ჭეშმარიტი ღვთის მთავარ მტერს, სატანას, დავემსგავსოთ. ამიტომ ყურად უნდა ვიღოთ პავლე მოციქულის რჩევა: „ადგილი არ მისცეთ ეშმაკს“ (ეფესოელები 4:27). რაში არ უნდა დავემსგავსოთ ეშმაკს?

ნუ დაემსგავსებით მთავარ ცილისმწამებელს

4. როგორ დასწამა ცილი „ბოროტმა“ ღმერთს?

4 ეს „ბოროტი“ ქმნილება მართლაც იმსახურებს ეშმაკის წოდებას, რადგან ცილისმწამებელია. ის, ვინც ცილს სწამებს სხვას, მატყუარა და ბოროტია; ის უსირცხვილოდ სცხებს ჩირქს სხვებს. ღმერთმა ადამს უბრძანა: „კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები“ (დაბადება 2:17). ამ ბრძანების შესახებ ევამაც იცოდა, მაგრამ ეშმაკმა გველის გამოყენებით მას უთხრა: „არ მოკვდებით. რადგან უწყის ღმერთმა, რომელ დღესაც შეჭამთ მაგ ნაყოფს, აგეხილებათ თქვენ თვალები და იქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“ (დაბადება 3:4, 5). ეს ბოროტი ცილისწამება იყო იეჰოვა ღმერთის შესახებ!

5. რატომ უნდა ეგო დიოტრიფეს პასუხი ცილისწამებისთვის?

5 ისრაელებს ღმერთმა უბრძანა: „ცილისწამებას ნუ დაიწყებ შენს ხალხში“ (ლევიანები 19:16, სსგ). იოანე მოციქულმა მის დღეებში მცხოვრებ ერთ ცილისმწამებელზე განაცხადა: „კრებას წერილი მივწერე, მაგრამ პირველობის მოყვარული დიოტრეფე ჩვენგან არაფერს იღებს პატივისცემით. ამიტომ, თუ მოვალ, გავიხსენებ მის საქმეებს, რომლებსაც კვლავაც აკეთებს, ბოროტ ხმებს რომ ავრცელებს ჩვენზე“ (3 იოანე 9, 10). დიოტრეფემ ცილი დასწამა იოანეს, რისთვისაც პასუხი უნდა ეგო. ნუთუ რომელიმე ქრისტიანი მოისურვებს, დიოტრეფეს და მთავარ ცილისმწამებელს, სატანას დაემსგავსოს?

6, 7. რატომ არ უნდა დავწამოთ ცილი სხვებს?

6 იეჰოვას მსახურებს ხშირად სწამებდნენ ცილს და ცრუ ბრალდებებით გამოდიოდნენ მათ წინააღმდეგ. „უფროსი მღვდლები და ფარისევლები . . . ფეხზე დგებოდნენ და გაცხარებით ბრალს სდებდნენ მას [იესოს]“ (ლუკა 23:10). პავლეს წინააღმდეგ მღვდელმთავარი ანანია და სხვები ცრუ ბრალდებით გამოვიდნენ (საქმეები 24:1—8). ბიბლიაში ეშმაკზე ნათქვამია, რომ ის „ჩვენი ძმების ბრალმდებელია, რომელიც ბრალს სდებს მათ ჩვენი ღვთის წინაშე დღე და ღამე“ (გამოცხადება 12:10). ეს უსამართლოდ დადანაშაულებული ძმები ბოლო დღეებში მცხოვრები სულით ცხებული ქრისტიანები არიან.

7 ქრისტიანებმა არც ცილი უნდა დასწამონ და არც უსამართლოდ უნდა დაადანაშაულონ სხვები. ასეთი რამ შეიძლება მაშინ მოხდეს, როცა ყველა ფაქტი არ ვიცით და ვინმეს წინააღმდეგ გამოვდივართ. მოსეს კანონის თანახმად, ის, ვინც გამიზნულად გამოდიოდა ცრუ ბრალდებით სხვების წინააღმდეგ, შეიძლება სიკვდილით დასჯილიყო (გამოსვლა 20:16; მეორე რჯული 19:15—19). გარდა ამისა, იეჰოვას სძულს „ცრუ მოწმე, მზაკვრობის წარმომთქმელი“ (იგავები 6:16—19). აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, ჩვენ არ გვსურს, დავემსგავსოთ მთავარ ცილისმწამებელსა და ცრუბრალმდებელს.

ნურაფერი გექნებათ საერთო პირველ კაცისმკვლელთან

8. რა გაგებით იყო ეშმაკი „თავიდანვე კაცისმკვლელი“?

8 ეშმაკი კაცისმკვლელია. „ის თავიდანვე კაცისმკვლელი იყო“, — თქვა იესომ (იოანე 8:44). ის კაცისმკვლელი გახდა მას შემდეგ, რაც ადამი და ევა ღმერთს ჩამოაშორა. სატანამ პირველი ადამიანებისა და მათი შთამომავლების სიკვდილი გამოიწვია (რომაელები 5:12). ამგვარად მხოლოდ პიროვნება შეიძლება მოქმედებდეს და არა — უბრალოდ, ბოროტება.

9. როგორც 1 იოანეს 3:15-შია ნაჩვენები, როგორ შეიძლება გავხდეთ „კაცისმკვლელები“?

9 „არა კლა“, — ნათქვამია ისრაელისთვის მიცემული ათი მცნებიდან ერთ-ერთში (მეორე რჯული 5:17). ქრისტიანების საყურადღებოდ პეტრე მოციქულმა დაწერა: „ნურც ერთ თქვენგანს ნუ მოუწევს ტანჯვა, როგორც მკვლელს“ (1 პეტრე 4:15). ცხადია, იეჰოვას მსახურები არ ჩაიდენენ მკვლელობას. მაგრამ ჩვენ დამნაშავეები ვიქნებით ღვთის წინაშე, თუ შევიძულებთ თანაქრისტიანს და მის სიკვდილს მოვისურვებთ. იოანე მოციქულმა დაწერა: „ვისაც თავისი ძმა სძულს, კაცისმკვლელია; თქვენ კი იცით, რომ არც ერთ კაცისმკვლელში არ რჩება მარადიული სიცოცხლე“ (1 იოანე 3:15). ისრაელებს ღმერთმა უბრძანა: „არ გძულდეს შენი ძმა შენს გულში“ (ლევიანები 19:17). მოდი დაუყოვნებლივ გადავჭრათ თანაქრისტიანთან წამოჭრილი ნებისმიერი პრობლემა, რათა კაცისმკვლელმა სატანამ ძირი არ გამოუთხაროს ჩვენს ქრისტიანულ ერთობას (ლუკა 17:3, 4).

მტკიცედ აღუდექით წინ ყველაზე დიდ მატყუარას

10, 11. რის გაკეთება გვმართებს იმისათვის, რომ მტკიცედ აღვუდგეთ წინ სატანას, ყველაზე დიდ მატყუარას?

10 ეშმაკი მატყუარაა. „როცა სიცრუეს ამბობს, თავისი ხასიათიდან გამომდინარე ამბობს, რადგან ცრუა და სიცრუის მამაა“, — თქვა იესომ (იოანე 8:44). სატანამ მოატყუა ევა, იესო კი ჭეშმარიტების შესახებ დასამოწმებლად მოვიდა დედამიწაზე (იოანე 18:37). როგორც ქრისტეს მიმდევრები, თუ მტკიცედ აღვუდგებით წინ ეშმაკს, ტყუილსა და ეშმაკობას არ მივმართავთ. ჩვენ ‘ჭეშმარიტება უნდა ვილაპარაკოთ’ (ზაქარია 8:16; ეფესოელები 4:25). იეჰოვა, „ჭეშმარიტების ღმერთი“, მხოლოდ თავის ალალმართალ მოწმეებს აკურთხებს. ბოროტებს არა აქვთ უფლება, მისი სახელით იწოდებოდნენ (ფსალმუნები 30:6, აქ; 49:16; ესაია 43:10).

11 თუ ვაფასებთ სულიერ თავისუფლებას, რომელიც გვიცავს სატანის სიცრუისგან, მტკიცედ ვიდგებით „ჭეშმარიტების გზაზე“ (2 პეტრე 2:2; იოანე 8:32). ყველა ქრისტიანული სწავლება ეფუძნება „სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტებას“ (გალატელები 2:5, 14). ჩვენი გადარჩენა დამოკიდებულია ‘ჭეშმარიტებაში სიარულზე’ — ამ გზაზე მტკიცედ დგომასა და „სიცრუის მამისთვის“ წინააღმდეგობის გაწევაზე (3 იოანე 3, 4, 8).

წინააღმდეგობა გაუწიეთ მთავარ განდგომილს

12, 13. როგორი შეხედულება უნდა გვქონდეს განდგომილებზე?

12 სულიერი ქმნილება, რომელიც ეშმაკი გახდა, ერთ დროს ჭეშმარიტებაში იყო. მაგრამ, როგორც იესომ თქვა, ის „ჭეშმარიტებაში მყარად ვერ დადგა, რადგან არ არის მასში ჭეშმარიტება“ (იოანე 8:44). ეს მთავარი განდგომილი არ ცხრება და გააფრთებით ეწინააღმდეგება „ჭეშმარიტების ღმერთს“. პირველი საუკუნის ზოგი ქრისტიანი „ეშმაკის მახეში“ გაება. ამაში, როგორც ჩანს, ის იგულისხმება, რომ ეშმაკმა შეაცდინა ისინი და ჭეშმარიტებას ჩამოაშორა. პავლე მოუწოდებდა თანამსახურ ტიმოთეს, რბილად დაერიგებინა ასეთები იმ მიზნით, რომ იქნებ სულიერად გამოფხიზლებულიყვნენ და ეშმაკის მახისგან გათავისუფლებულიყვნენ (2 ტიმოთე 2:23—26). რასაკვირველია, გაცილებით უკეთესი იქნება, თუ მტკიცედ ჩავეჭიდებით ჭეშმარიტებას და არასდროს დავუშვებთ, რომ განდგომილებმა შეგვაცდინონ.

13 პირველი წყვილი იმის გამო გახდა განდგომილი, რომ მოუსმინეს ეშმაკს და არ უკუაგდეს მისი სიცრუე. განა გონივრული იქნება, მოვუსმინოთ განდგომილებს, წავიკითხოთ მათი ლიტერატურა ან თვალი შევავლოთ მათ ვებ-გვერდებს ინტერნეტში? თუ გვიყვარს ღმერთი და ჭეშმარიტება, არ გავაკეთებთ ამას. ჩვენ არ უნდა მივცეთ განდგომილებს ჩვენს სახლში შემოსვლის უფლება და არც კი უნდა მივესალმოთ მათ, რადგან ამით ‘მათი ბოროტი საქმეების თანამონაწილეები’ გავხდებით (2 იოანე 9—11). ნურასდროს მოვექცევით ეშმაკის სიცრუის გავლენაში, ნუ მივატოვებთ „ჭეშმარიტების გზას“ და ნუ გავყვებით ცრუმასწავლებლებს, რომლებიც ცდილობენ შემოგვაპარონ დამღუპველი სწავლებები და ‘ყალბი სიტყვებით საკუთარი ინტერესებისთვის გამოგვიყენონ’ (2 პეტრე 2:1—3).

14, 15. რა გაფრთხილება მისცა პავლემ ეფესოელ უხუცესებსა და თანამსახურ ტიმოთეს?

14 პავლემ ეფესოელ ქრისტიან უხუცესებს უთხრა: „ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს და მთელ სამწყსოს, რომლის ზედამხედველებადაც წმინდა სულმა დაგნიშნათ, რათა დამწყემსოთ ღვთის კრება, რომელიც მან საკუთარი ძის სისხლით შეიძინა. ვიცი, ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები და არ დაინდობენ სამწყსოს; თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“ (საქმეები 20:28—30). დროთა განმავლობაში ასეთი განდგომილები მართლაც გამოჩნდნენ და „უკუღმართად“ ლაპარაკი დაიწყეს.

15 დაახლოებით ახ. წ. 65 წელს პავლე მოციქულმა მოუწოდა ტიმოთეს, ‘სწორად გადაეცა ჭეშმარიტების სიტყვა’. ამავე დროს, პავლემ აღნიშნა: „თავი აარიდე წმინდის შემბღალავ უშინაარსო ლაპარაკს, რადგან ეს უფრო დიდ უღმერთობამდე მიიყვანს მათ და მათი სიტყვა განგრენასავით გავრცელდება. მათ შორის არიან ჰიმენეოსი და ფილეტე. ისინი ჭეშმარიტებას განუდგნენ. ამბობენ, აღდგომა უკვე იყოო და რწმენას უნგრევენ ზოგიერთებს“. განდგომილებამ იმ პერიოდში უკვე მოიკიდა ფეხი. „ღვთის მყარი საფუძველი კი, — დასძინა პავლემ, — მტკიცედ დგას“ (2 ტიმოთე 2:15—19).

16. მთავარი განდგომილის მზაკვრობის მიუხედავად, რა გვეხმარება ღვთისა და მისი სიტყვისადმი ერთგულების შენარჩუნებაში?

16 სატანა ხშირად იყენებს განდგომილებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის შესაბღალად, მაგრამ მისი მცდელობა ფუჭია. დაახლოებით 1868 წელს ჩარლზ ტეიზ რასელმა ქრისტიანულ ეკლესიებში დამკვიდრებული სწავლებების საგულდაგულოდ შესწავლა დაიწყო. შედეგად მან აღმოაჩინა „ბიბლიის არასწორი ინტერპრეტაციის სისტემა“. რასელმა და რამდენიმე სხვა ჭეშმარიტებას მოწყურებულმა ადამიანმა ბიბლიის შემსწავლელთა ჯგუფი ჩამოაყალიბეს პიტსბურგში (პენსილვანიის შტატი, აშშ). მას შემდეგ თითქმის 140 წელი გავიდა და იეჰოვას მოწმეები დღემდე იღრმავებენ ბიბლიურ ცოდნას, ასევე ღვთისა და მისი სიტყვისადმი სიყვარულს. მთავარი განდგომილის მზაკვრობის მიუხედავად, ერთგული და გონიერი მონა სულიერ სიფხიზლეს ინარჩუნებს; ეს კი ჭეშმარიტ ქრისტიანებს ეხმარება, დარჩნენ იეჰოვასა და მისი სიტყვის ერთგულნი (მათე 24:45).

ნურასოდეს მოექცევით ქვეყნიერების მმართველის გავლენაში

17—19. რა არის სატანის ძალაუფლებაში მყოფი ქვეყნიერება, და რატომ არ უნდა გვიყვარდეს ის?

17 კიდევ ერთი ხერხი, რომლითაც სატანა ცდილობს ჩვენს შეცდენას, არის ის, რომ შეგვაყვაროს ეს ქვეყნიერება — ღვთისგან გაუცხოებული უსამართლო ადამიანთა საზოგადოება. იესომ ეშმაკს „ქვეყნიერების მმართველი“ უწოდა და თქვა: „მას არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩემზე“ (იოანე 14:30). არასდროს დაუშვათ, რომ სატანამ თავის გავლენაში მოგაქციოთ! ჩვენ, რასაკვირველია, გვესმის, რომ „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ძალაუფლებაშია“ (1 იოანე 5:19). სწორედ ამიტომ შესთავაზა ეშმაკმა იესოს „მსოფლიოს ყველა სამეფო“, სანაცვლოდ კი ღვთის ძეს მხოლოდ ერთხელ უნდა ეცა მისთვის თაყვანი, რაც განდგომილების მაჩვენებელი იქნებოდა. იესომ მტკიცედ უარყო ეშმაკის წინადადება (მათე 4:8—10). სატანის ძალაუფლებაში მყოფ ქვეყნიერებას სძულს ქრისტეს მიმდევრები (იოანე 15:18—21). გასაკვირი არ არის, თუ რატომ გაგვაფრთხილა იოანე მოციქულმა, რომ არ შევიყვაროთ ქვეყნიერება.

18 იოანემ დაწერა: „ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს; ვინაიდან ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არ არის, არამედ ქვეყნიერებისგან. გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:15—17). ჩვენ არ უნდა გვიყვარდეს ეს ქვეყნიერება, რადგან ქვეყნიური ადამიანები ცოდვილი ხორცის სურვილებს არიან აყოლილნი; ეს კი სრულიად ეწინააღმდეგება იეჰოვა ღმერთის ნორმებს.

19 რის გაკეთება გვმართებს, თუ ვგრძნობთ, რომ გულში ამ ქვეყნიერების სიყვარული შეგვეპარა? დახმარებისთვის ღმერთს უნდა მივმართოთ, რათა ჩავკლათ საკუთარ თავში ეს სიყვარული და მასთან დაკავშირებული ხორცის სურვილები (გალატელები 5:16—21). თუ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ „ბოროტი სულები“ ქვეყნიერების უხილავი მპყრობელები არიან და ისინი მართავენ უსამართლო საზოგადოებას, უეჭველია, მაქსიმალურად შევეცდებით, „დაულაქავებლად დავიცვათ თავი ქვეყნიერებისგან“ (იაკობი 1:27; ეფესოელები 6:11, 12; 2 კორინთელები 4:4).

20. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ არა ვართ „ქვეყნიერების ნაწილი“?

20 იესომ თავის მოწაფეებთან დაკავშირებით თქვა: „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:16). სულით ცხებული ქრისტიანები და მათი თანამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გამოყოფილნი იყვნენ ქვეყნიერებისგან, ზნეობრივი და სულიერი სისუფთავე შეინარჩუნონ (იოანე 15:19; 17:14; იაკობი 4:4). ჩვენ ვძულვართ ამ უსამართლო ქვეყნიერებას, რადგან შორს გვიჭირავს თავი მისგან და ‘სიმართლეს ვქადაგებთ’ (2 პეტრე 2:5). დღეს ადამიანთა ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ბევრი მრუში, მეძავი, გამომძალველი, კერპთაყვანისმცემელი, ქურდი, მატყუარა და ლოთია (1 კორინთელები 5:9—11; 6:9—11; გამოცხადება 21:8). მაგრამ ჩვენ არ ვცოცხლობთ „ამ ქვეყნიერების სულით“, რადგან არ გვმართავს მისი ძალა (1 კორინთელები 2:12).

არ დავუტოვოთ ადგილი ეშმაკს

21, 22. როგორ შეგვიძლია ეფესოელების 4:26, 27-ში ჩაწერილი რჩევის გამოყენება?

21 ნაცვლად იმისა, რომ „ამ ქვეყნიერების სულით“ ვიყოთ აღძრულნი, ჩვენ ღვთის სული გვხელმძღვანელობს. ღვთის სული ისეთ თვისებებს გვივითარებს, როგორიცაა სიყვარული და თავშეკავება (გალატელები 5:22, 23). ეს თვისებები გვეხმარება, გავუძლოთ ეშმაკის თავდასხმებს, რომლებიც ჩვენი რწმენის დასანგრევად არის მიმართული. ეშმაკს სურს, რომ ‘გავმძვინვარდეთ და ბოროტება ჩავიდინოთ’, მაგრამ ღვთის სული გვეხმარება, ‘მოვეშვათ მრისხანებას და მივატოვოთ გულისწყრომა’ (ფსალმუნები 36:8). თუმცა ზოგჯერ გვაქვს რისხვის სამართლიანი მიზეზი, პავლე გვირჩევს: „განრისხდით, მაგრამ ნუ შესცოდავთ. მზე ისე ნუ ჩავა, რომ ისევ გაღიზიანებულები იყოთ; ადგილი არ მისცეთ ეშმაკს“ (ეფესოელები 4:26, 27).

22 თუ გულმოსულები დავრჩებით, განრისხების შედეგად შეიძლება ცოდვა ჩავიდინოთ. როდესაც ასეთ განწყობას ვინარჩუნებთ, ეშმაკს შესაძლებლობას ვაძლევთ, კრებაში უთანხმოება გააღვივოს ან ბოროტების ჩადენისკენ გვიბიძგოს. ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა მოვაგვაროთ უთანხმოება ღვთისთვის მისაღები სახით (ლევიანები 19:17, 18; მათე 5:23, 24; 18:15, 16). მოდი ყოველთვის ღვთის სულით ვიხელმძღვანელოთ, გამოვიმუშაოთ თავშეკავება და არასოდეს დავუშვათ, რომ თუნდაც სამართლიანი რისხვა მტრობაში, ბოროტებასა და სიძულვილში გადაიზარდოს.

23. რა კითხვებს განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

23 ჩვენ განვიხილეთ ეშმაკისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი თვისება, რომელთა გამოვლენასაც უნდა ვერიდოთ. მაგრამ ზოგ მკითხველს შეიძლება დააინტერესოს: უნდა გვეშინოდეს სატანის? რატომ აქეზებს ის სხვებს ქრისტიანების შესავიწროებლად? რის გაკეთება შეგვიძლია, რომ არ გავხდეთ ეშმაკის მსხვერპლი?

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 იხილეთ 2005 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული სტატიათა სერია „არსებობს ეშმაკი?“

როგორ უპასუხებდით?

• რატომ არ უნდა დავწამოთ ცილი სხვას?

1 იოანეს 3:15-ის თანახმად, რა არის საჭირო იმისათვის, რომ არ ვიყოთ „კაცისმკვლელები“?

• როგორი შეხედულება უნდა გვქონდეს განდგომილებაზე და რატომ?

• რატომ არ უნდა გვიყვარდეს ქვეყნიერება?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 23 გვერდზე]

ჩვენ არასოდეს დავრთავთ ეშმაკს ნებას, ძირი გამოუთხაროს ჩვენს ქრისტიანულ ერთობას.

[სურათები 24 გვერდზე]

რატომ მოგვიწოდებს იოანე, არ შევიყვაროთ ქვეყნიერება?