არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წინააღმდეგობა გაუწიეთ სატანას და გაიქცევა!

წინააღმდეგობა გაუწიეთ სატანას და გაიქცევა!

წინააღმდეგობა გაუწიეთ სატანას და გაიქცევა!

„დაემორჩილეთ ღმერთს, წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკობი 4:7).

1, 2. ა) ეშმაკის რომელი თვისება ჩანს კარგად ესაიას მე-14 თავში? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?

ეშმაკი ქედმაღლობის განსახიერებაა. მისი სიამაყე კარგად ჩანს ღვთის წინასწარმეტყველის, ესაიას სიტყვებში. საუკუნეზე მეტი ხნით ადრე, სანამ ბაბილონი მსოფლიო მპყრობელი გახდებოდა, იეჰოვას ხალხი „ბაბილონის მეფეზე“ წინასწარმეტყველურად აცხადებდა: „შენ კი ამბობდი შენს გულში: ცაში ავალ, ღმერთის ვარსკვლავებს [დავითის საგვარეულო ხაზით მოსულ მეფეებს] ზემოთ, მაღლა ავწევ ჩემს ტახტს . . . დავემსგავსები უზენაესს!“ (ესაია 14:3, 4, 12—15; რიცხვნი 24:17). „ბაბილონის მეფის“ სიამაყე „ამ სისტემის ღმერთის“, სატანის, სულს ირეკლავდა (2 კორინთელები 4:4). სატანის ქედმაღლობას ბოლო მოეღება, ისევე როგორც ბაბილონის სამეფო დინასტიას სამარცხვინო სახით მოეღო ბოლო.

2 მაგრამ, სანამ ეშმაკი არსებობს, შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვები: „უნდა გვეშინოდეს სატანის? რატომ აქეზებს ის ადამიანებს ქრისტიანების დევნისკენ? რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ არ გავხდეთ ეშმაკის მსხვერპლი?

უნდა გვეშინოდეს ეშმაკის?

3, 4. რატომ არ ეშინიათ ცხებულ ქრისტიანებსა და მათ თანამსახურებს ეშმაკის?

3 იესო ქრისტემ ცხებულ ქრისტიანთა მისამართით მეტად გამამხნევებელი სიტყვები წარმოთქვა: „ნურაფრის გეშინია, რის გამოც ტანჯვა მოგიწევს. ეშმაკი კვლავ საპყრობილეში ჩააგდებს ზოგიერთ თქვენგანს, რათა ბოლომდე გამოიცადოთ და გასაჭირი გქონდეთ ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული დარჩი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს“ (გამოცხადება 2:10). სულით ცხებულ ქრისტიანებსა და მათ თანამსახურებს, რომელთაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ, არ ეშინიათ ეშმაკის. მაგრამ უშიშრობა მათი თანდაყოლილი თვისება არ არის. ისინი იმიტომ არიან უშიშარნი, რომ ღვთისადმი მოკრძალებული შიში აქვთ და ‘მის ფრთებქვეშ აფარებენ თავს’ (ფსალმუნები 33:10; 35:8).

4 იესო ქრისტეს უშიშარმა მოწაფეებმა, განსაცდელების მიუხედავად, სიკვდილამდე შეინარჩუნეს ერთგულება. მათ არ ეშინოდათ სატანა ეშმაკის, რადგან იცოდნენ, რომ იეჰოვა არასდროს მიატოვებდა თავის ერთგულებს. მსგავსად ამისა, თანამედროვე დროისთვის დამახასიათებელი სასტიკი დევნების მიუხედავად, ცხებულ ქრისტიანებსა და მათ თანამსახურებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება. მაგრამ მოციქულმა პავლემ თქვა, რომ ეშმაკს სიკვდილის გამოწვევა შეუძლია. უნდა შეგვაშინოს ამან?

5. რას ვიგებთ ებრაელების 2:14, 15-დან?

5 პავლემ აღნიშნა, რომ იესო ‘სისხლსა და ხორცს ეზიარა’, რათა „თავისი სიკვდილით ბოლო მოუღოს მას, ვინც სიკვდილს იწვევს, ესე იგი ეშმაკს და გაათავისუფლოს ყოველი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო“ (ებრაელები 2:14, 15). სატანამ, რომელიც „სიკვდილს იწვევს“, იუდა ისკარიოტელი თავის გავლენაში მოაქცია და იუდეველი წინამძღოლებისა და რომაელების გამოყენებით იესო სიკვდილით დაასჯევინა (ლუკა 22:3; იოანე 13:26, 27). მიუხედავად ამისა, იესოს მსხვერპლად გაღებულმა სიცოცხლემ ცოდვილი კაცობრიობა სატანის მონობისგან გაათავისუფლა და მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა მისცა (იოანე 3:16).

6, 7. რა გაგებით იწვევს სატანა სიკვდილს?

6 რა გაგებით იწვევს ეშმაკი სიკვდილს? მას შემდეგ, რაც სატანის ბოროტება საქმეებით გამოვლინდა, მისმა სიცრუემ და გავლენამ ადამიანებში სიკვდილი გამოიწვია. კერძოდ, როდესაც ადამმა შესცოდა, ცოდვა და სიკვდილი შთამომავლობით გადასცა კაცობრიობას (რომაელები 5:12). გარდა ამისა, სატანის მიწიერი მსახურები დევნიან იეჰოვას თაყვანისმცემლებს და ზოგჯერ კლავენ კიდეც მათ, როგორც ეს იესო ქრისტეს შემთხვევაში მოხდა.

7 მიუხედავად ამისა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეშმაკს შეუძლია ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს, ვის მოკვლასაც მოისურვებს. ღმერთი იცავს თავის ხალხს და არასდროს დართავს სატანას იმის ნებას, რომ დედამიწაზე ყველა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი მოსპოს (რომაელები 14:8). ღმერთი უშვებს თავის მსახურთა დევნას და ეშმაკის თავდასხმების შედეგად ზოგი მსახურის სიკვდილსაც; მაგრამ წმინდა წერილები აღდგომის შესანიშნავ იმედს აძლევს მათ, რომელთა სახელებიც ღვთის „სამახსოვრო წიგნშია“ ჩაწერილი — და ეშმაკს არაფრის გაკეთება არ შეუძლია ამის შესაჩერებლად! (მალაქია 3:16; იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15).

რა მიზნით გვდევნის სატანა?

8. რატომ დევნის ეშმაკი ღვთის მსახურებს?

8 მთავარი მიზეზი, რის გამოც ეშმაკი გვდევნის, ღვთისადმი ჩვენი ერთგულებაა. მისი მიზანია, გვაიძულოს, ჩვენი რწმენის საპირისპიროდ ვიმოქმედოთ. ჩვენ ფასდაუდებელი ურთიერთობა გვაქვს ზეციერ მამასთან, ეშმაკს კი ამ ურთიერთობისთვის ძირის გამოთხრა სურს. ამან არ უნდა გაგვაკვირვოს. ედემში იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ სიმბოლურ „დედაკაცსა“ და „გველს“ შორის, ასევე ‘დედაკაცის თესლსა’ და ‘გველის თესლს’ შორის მტრობა იარსებებდა (დაბადება 3:14, 15). ბიბლია ეშმაკს „ძველ გველს“ უწოდებს და, ამავე დროს, გვიმხელს, რომ იგი გააფთრებულია, რადგან მისი დრო იწურება (გამოცხადება 12:9, 12). რადგან ორ „თესლს“ შორის მტრობა გრძელდება, იეჰოვას ერთგული მსახურები მოელიან ეშმაკის მხრიდან დევნას (2 ტიმოთე 3:12). იცით, რით არის განპირობებული ასეთი დევნა?

9, 10. რა საკამათო საკითხი წამოჭრა ეშმაკმა და როგორ არის ის დაკავშირებული ადამიანებთან?

9 ეშმაკმა საკამათო საკითხი წამოჭრა, რომელიც იეჰოვას უზენაესობას ეხება. მან აგრეთვე ეჭვქვეშ დააყენა შემოქმედისადმი ადამიანების ერთგულება. სატანამ მართალ მამაკაცს, იობს უბედურება დაატეხა თავს. რატომ? იეჰოვასადმი მისი უმწიკვლობა რომ შეერყია. იობის ცოლი და მისი სამი ‘ამაო ნუგეშისმცემელი’ სატანის განზრახვას ემსახურებოდნენ. როგორც იობის წიგნი გვიჩვენებს, ეშმაკი ღმერთს უმტკიცებდა, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩებოდა ღვთის ერთგული, თუ მათი გამოცდის უფლებას მისცემდა. მაგრამ იობმა უმწიკვლობა ბოლომდე შეინარჩუნა და ამგვარად გამოააშკარავა სატანის სიცრუე (იობი 1:8—2:9; 16:2; 27:5; 31:6). დღეს ეშმაკი იმ მიზნით დევნის იეჰოვას მოწმეებს, რომ მათი უმწიკვლობა შეარყიოს და თავისი ნათქვამი დაამტკიცოს.

10 ყოველივე ამის ცოდნა გვეხმარება, გავძლიერდეთ და გაბედულება მოვიკრიბოთ (მეორე რჯული 31:6). ჩვენი ღმერთი უზენაესი ხელისუფალია და ის დაგვეხმარება უმწიკვლობის შენარჩუნებაში. მოდი ყოველთვის ვეცადოთ იეჰოვას გულის გახარებას უმწიკვლობის დაცვით და საშუალება მივცეთ მას, რომ პასუხი გასცეს ყველაზე დიდ დამცინავს, სატანა ეშმაკს (იგავები 27:11, აქ).

„გვიხსენი ბოროტისგან“

11. რას ნიშნავს სიტყვები „ნუ შეგვიყვან ცდუნებაში“?

11 უმწიკვლობის დაცვა არ არის ადვილი. ამისთვის გულწრფელი ლოცვაა საჭირო. განსაკუთრებით დამხმარეა იესოს მიერ დატოვებული ლოცვის ნიმუში. იესომ ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ნუ შეგვიყვან ცდუნებაში, არამედ გვიხსენი ბოროტისგან“ (მათე 6:13). იეჰოვა არ გვცდის ბოროტებით (იაკობი 1:13). წმინდა წერილებში ზოგჯერ ისეთი სიტყვებია ჩაწერილი, რომ თითქოს იეჰოვა იწვევს განსაცდელებს, მაგრამ სინამდვილეში ღმერთი მხოლოდ უშვებს მათ (რუთი 1:20, 21). როდესაც იესოს მიერ დატოვებული ნიმუშის თანახმად ვლოცულობთ, იეჰოვას ვთხოვთ, რომ ცდუნებისას არ მიგვატოვოს. იეჰოვა, უეჭველად, მოგვისმენს, რადგან თვით მისი სიტყვა გვარწმუნებს ამაში: „ღმერთი ერთგულია და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება, და გამოსავალსაც მოგცემთ, რომ მოითმინოთ“ (1 კორინთელები 10:13).

12. რატომ ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ ‘გვიხსნას ბოროტისგან’?

12 მას შემდეგ, რაც იესომ ლოცვაში ცდუნება მოიხსენია, დასძინა: „გვიხსენი ბოროტისგან“. ბიბლიის ზოგი თარგმანი მათეს 6:13-ს შემდეგნაირად თარგმნის: „გვიხსენი ბოროტებისგან“ („მეფე ჯეიმზის თარგმანი“), „დაგვიცავი ბოროტებისგან“ („თანამედროვე ინგლისური თარგმანი“). ბიბლიაში სიტყვა „გვიხსენი“, უმთავრესად, ადამიანებთან მიმართებაში გამოიყენება. მათეს სახარებაში ეშმაკს „მაცდური“ ეწოდება (მათე 4:3, 11). ამიტომ მნიშვნელოვანია ვილოცოთ, რომ იეჰოვამ გვიხსნას „ბოროტისგან“, სატანა ეშმაკისგან. ის ცდილობს, რომ ღვთის წინააღმდეგ ცოდვა ჩაგვადენინოს (1 თესალონიკელები 3:5). როდესაც ჩვენს ზეციერ მამას მივმართავთ, ‘გვიხსნას ბოროტისგან’, ვთხოვთ ხელმძღვანელობას და დახმარებას, რათა ეშმაკმა ვერ შეძლოს ჩვენი შეცდენა.

ნუ გახდებით ეშმაკის მსხვერპლი

13, 14. რატომ უნდა შეეცვალათ კორინთელებს დამოკიდებულება იმ მამაკაცისადმი, რომელიც უზნეობას სჩადიოდა?

13 როდესაც პავლე მოუწოდებდა კორინთელ ქრისტიანებს, ყოფილიყვნენ მიმტევებელნი, დაწერა: „რასაც თქვენ აპატიებთ ვინმეს მთელი გულით, მეც ვაპატიებ. მე კი, თუ ვინმესთვის რამე მიპატიებია მთელი გულით, თქვენი გულისთვის მიპატიებია ქრისტეს სახის წინაშე, რათა სატანამ არ გვაჯობოს, რადგან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები“ (2 კორინთელები 2:10, 11). ეშმაკს შეუძლია სხვადასხვა საშუალებით გვაცდუნოს. მაგრამ, რატომ მისცა პავლემ კორინთელებს ასეთი რჩევა?

14 პავლემ გაკიცხა კორინთელები იმის გამო, რომ უზნეო მამაკაცს კრებაში დარჩენის ნება დართეს. უეჭველია, სატანას გაუხარდებოდა კორინთელთა კრების მიმართ გამოთქმული საყვედური. კორინთელები თვალს ხუჭავდნენ „ისეთ სიძვაზე, რომლის მსგავსი უცხოტომელებშიც კი არ არის“. საბოლოოდ, ეს შემცოდველი გაირიცხა კრებიდან (1 კორინთელები 5:1—5, 11—13). მოგვიანებით ამ მამაკაცმა მოინანია. თუ კორინთელები არ შეიწყალებდნენ და არ აღადგენდნენ მას კრებაში, ეშმაკი სხვა გზით შეიყვანდა მათ შეცდომაში. როგორ? ისინი სატანის მსგავსად სასტიკნი და შეუბრალებელნი გახდებოდნენ. თუ მომნანიე მამაკაცს ‘მეტისმეტი ნაღველი შთანთქავდა’ და მიატოვებდა ღვთის მსახურებას, ამის გამო განსაკუთრებით უხუცესები აგებდნენ პასუხს გულმოწყალე ღმერთის, იეჰოვას, წინაშე (2 კორინთელები 2:7; იაკობი 2:13; 3:1). რასაკვირველია, არც ერთ ჭეშმარიტ ქრისტიანს არ სურს, რომ, სატანის მსგავსად, სასტიკი და შეუბრალებელი იყოს.

ღვთისგან აღჭურვილნი

15. რა ბრძოლას ვეწევით და რა შემთხვევაში გავიმარჯვებთ?

15 თუ გვსურს, რომ იეჰოვამ გვიხსნას ეშმაკისგან, ჩვენ სულიერ ბრძოლაში უნდა ჩავებათ ბოროტი სულების წინააღმდეგ. ასეთი ძლიერი მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში იმ შემთხვევაში გავიმარჯვებთ, თუ შემოსილნი ვიქნებით „ღვთის სრული საჭურვლით“ (ეფესოელები 6:11—18). ამ საჭურველში „სიმართლის ჯავშანიც“ შედის (ეფესოელები 6:14). ძველი ისრაელის მეფე საული ღვთისადმი დაუმორჩილებლობას ავლენდა და შედეგად დაკარგა ღვთის წმინდა სული (1 მეფეთა 15:22, 23). მაგრამ, თუ სიმართლით ვმოქმედებთ და ვიმოსებით სულიერი აღჭურვილობით, ჩვენ გვექნება ღვთის წმინდა სული და დაცულნი ვიქნებით სატანისა და მისი ბოროტი ანგელოზებისგან (იგავები 18:10).

16. რა უნდა გავაკეთოთ, თუ გვინდა, რომ დაცულნი ვიყოთ ბოროტი სულებისგან?

16 დაცულნი რომ ვიყოთ ბოროტი სულებისგან, სხვა ყველაფერთან ერთად, რეგულარულად უნდა ვიკითხოთ და შევისწავლოთ ღვთის სიტყვა, ასევე საუკეთესოდ გამოვიყენოთ ‘ერთგული მმართველის’ მიერ მოწოდებული პუბლიკაციები (ლუკა 12:42). ამგვარად, პავლეს რჩევის თანახმად, გონებას ჯანსაღი სულიერი აზრებით ავივსებთ: „ძმებო, რაც ჭეშმარიტია, რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია, იმაზე იფიქრეთ“ (ფილიპელები 4:8).

17. რა დაგვეხმარება სასიხარულო ცნობის ეფექტურად ქადაგებაში?

17 იეჰოვა შესაძლებლობას გვაძლევს, ვიყოთ „მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობის აღჭურვილობით ფეხშემოსილნი“ (ეფესოელები 6:15). ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარული მონაწილეობა გვამზადებს იმისათვის, რომ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა გავაცხადოთ. რამხელა სიხარულს განვიცდით, როდესაც სხვებს ღვთის ჭეშმარიტებას ვასწავლით, რის შედეგადაც ისინი სულიერ თავისუფლებას პოულობენ! (იოანე 8:32). „სულის მახვილი, ანუ ღვთის სიტყვა“ საუკეთესო იარაღია ცრუ სწავლებებისგან თავის დასაცავად და „სიმაგრეთა დასამხობად“ (ეფესოელები 6:17; 2 კორინთელები 10:4, 5). როდესაც ღვთის წერილობით სიტყვას, ბიბლიას, დახელოვნებულად ვიყენებთ, ეს გვეხმარება, სხვებს ვასწავლოთ ჭეშმარიტება და, ამავე დროს, დაცულნი ვიყოთ ეშმაკის მახეში გაბმისგან.

18. როგორ შეგვიძლია, ‘მტკიცედ დავუდგეთ ეშმაკის ხრიკებს’?

18 პავლემ სულიერი საჭურვლის განხილვა ასეთი სიტყვებით დაიწყო: „გაძლიერდით უფალში და მისი ძალის სიძლიერეში. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურვლით, რათა მტკიცედ დაუდგეთ ეშმაკის ხრიკებს“ (ეფესოელები 6:10, 11). „მტკიცედ დგომად“ თარგმნილი ბერძნული სიტყვა ჯარისკაცის მტკიცე პოზიციაზე მიანიშნებს. ჩვენ არ ვთმობთ მტკიცე პოზიციას სულიერ ბრძოლაში, თუმცა სატანა სხვადასხვა მზაკვრულ მეთოდს იყენებს, რათა ძირი გამოუთხაროს ჩვენს ერთობას, შებღალოს ჭეშმარიტი სწავლებები ან ღვთისადმი უმწიკვლობა შეგვირყიოს. მაგრამ დღემდე ეშმაკის თავდასხმები მარცხით თავდება და ის ვერც ვერასდროს მიაღწევს წარმატებას! *

შეეწინააღმდეგეთ ეშმაკს და გაიქცევა

19. რომელია ის ერთ-ერთი საშუალება, რითაც შეგვიძლია მტკიცედ დავუდგეთ ეშმაკს?

19 ღვთის ხელმძღვანელობით ჩვენ შევძლებთ ეშმაკისა და ბოროტი სულების წინააღმდეგ სულიერ ბრძოლაში გამარჯვებას. ჩვენ არა გვაქვს მიზეზი, ვკანკალებდეთ სატანის შიშით, რადგან მოწაფე იაკობმა დაწერა: „დაემორჩილეთ ღმერთს, წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკობი 4:7). ერთ-ერთი საშუალება, რითაც შეგვიძლია მტკიცედ დავუდგეთ ეშმაკსა და მასთან კავშირში მყოფ ბოროტ სულიერ ქმნილებებს, ის არის, რომ არავითარი კავშირი არ ვიქონიოთ ოკულტიზმთან ან მაგიასთან. წმინდა წერილებში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ იეჰოვას მსახურებმა არ უნდა მიმართონ მარჩიელებს ან არ უნდა ჩაებან ასტროლოგიაში, მკითხაობასა და სპირიტიზმში. თუ ქრისტიანულ საქმიანობაში აქტიურად ვმონაწილეობთ და ძლიერ რწმენას ვავლენთ, არ უნდა შეგვეშინდეს, რომ ჯადოს ან შელოცვის საშუალებით ვინმე შეძლებს ჩვენთვის ზიანის მოყენებას (რიცხვნი 23:23; მეორე რჯული 18:10—12; ესაია 47:12—15; საქმეები 19:18—20).

20. როგორ შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ ეშმაკს?

20 ჩვენ ‘ეშმაკს იმით ვუწევთ წინააღმდეგობას’, რომ ვიცავთ ბიბლიურ პრინციპებს, ჭეშმარიტების თანახმად ვცხოვრობთ და არ ვთმობთ ჩვენს პოზიციას. ქვეყნიერება სატანის ნებას ასრულებს, რადგან ის მისი ღმერთია (2 კორინთელები 4:4). ამის გამოა, რომ უარვყოფთ ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ სიამაყეს, ეგოიზმს, უზნეობას, ძალადობასა და მატერიალიზმს. როცა ეშმაკი უდაბნოში იესოს შეცდენას ცდილობდა, ის გაექცა მას, რადგან ღვთის ძე წმინდა წერილების მეშვეობით შეეწინააღმდეგა (მათე 4:4, 7, 10, 11). მსგავსად, სატანა ‘ჩვენგანაც გაიქცევა’, თუ ყველაფერში დავემორჩილებით იეჰოვას და ლოცვით ვიქნებით მასზე მინდობილნი (ეფესოელები 6:18). იეჰოვა ღმერთისა და მისი საყვარელი ძის მხარდაჭერით ვერავინ — თვით ეშმაკიც კი — ვერ შეძლებს ჩვენთვის მარადიული ზიანის მოყენებას! (ფსალმუნები 90:9—11).

[სქოლიოები]

^ აბზ. 18 ღვთის სულიერ საჭურველთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 1992 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 21—23 (რუს.).

როგორ უპასუხებდით?

• უნდა გვეშინოდეს სატანა ეშმაკის?

• რატომ დევნის სატანა ქრისტიანებს?

• რატომ ვთხოვთ იეჰოვას „ბოროტისგან“ ხსნას?

• როგორ მოვიპოვებთ გამარჯვებას სულიერ ბრძოლაში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 26 გვერდზე]

ქრისტეს უშიშარმა მიმდევრებმა ერთგულება სიკვდილამდე შეინარჩუნეს.

[სურათი 27 გვერდზე]

ეშმაკი ხელს ვერ შეუშლის იეჰოვას მის მეხსიერებაში მყოფი ადამიანების აღდგენაში.

[სურათი 28 გვერდზე]

სთხოვთ ღმერთს ლოცვაში, რომ გიხსნათ „ბოროტისგან“?

[სურათი 29 გვერდზე]

ხართ შემოსილნი „ღვთის სრული საჭურვლით“?