არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„თითოეული თავის სატარებელს ატარებს“

„თითოეული თავის სატარებელს ატარებს“

„თითოეული თავის სატარებელს ატარებს“

„ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ (რომაელები 14:12).

1. რა პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე სამმა ახალგაზრდა ებრაელმა?

ბაბილონში გადასახლებული სამი ებრაელი ახალგაზრდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას. ამ გადაწყვეტილებაზე მათი სიცოცხლეა დამოკიდებული. თაყვანს სცემენ ისინი უზარმაზარ კერპს, რაც ქვეყნის კანონის თანახმად მოითხოვება? თუ უარს განაცხადებენ და ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში მოხვედრას ამჯობინებენ? შადრაქს, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოს იმის დროც კი არა აქვთ, რომ ვინმეს რჩევა ჰკითხონ; თუმცა ამას არც საჭიროებენ. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ისინი აცხადებენ: „იცოდე, მეფეო, ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არ ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ აღმართე“ (დანიელი 3:1—18). სამივე ებრაელმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობის ტვირთი.

2. ფაქტობრივად, ვინ მიიღო პილატეს ნაცვლად გადაწყვეტილება იესო ქრისტეს დასჯასთან დაკავშირებით, და გათავისუფლდა თუ არა ამით რომაელი მმართველი პასუხისმგებლობისგან?

2 დაახლოებით ექვსი საუკუნის შემდეგ უფლებამოსილი პირი ისმენს ერთი მამაკაცის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს. საქმის განხილვის შემდეგ ის რწმუნდება ბრალდებულის უდანაშაულობაში. ამის მიუხედავად, ხალხის ბრბო მის სიკვდილით დასჯას მოითხოვს. ის ცდილობს, ბრბოს აზრი შეაცვლევინოს, მაგრამ ბოლოს თავიდან იხსნის პასუხისმგებლობას და დათმობაზე მიდის. ეს ადამიანი ხელებს იბანს და აცხადებს: „მე უდანაშაულო ვარ ამ კაცის სისხლში“. შემდეგ ის ბრალდებულს ბოძზე გასაკრავად გადასცემს. დიახ, ნაცვლად იმისა, რომ პონტიუს პილატეს საკუთარ თავზე აეღო გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა იესო ქრისტეს დასჯასთან დაკავშირებით, ეს მან სხვებს დააკისრა. რაც უნდა საგულდაგულოდ დაებანა პილატეს ხელები, მას მაინც მიუძღოდა ბრალი უსამართლო განაჩენის გამოტანაში (მათე 27:11—26; ლუკა 23:13—25).

3. რატომ არ უნდა იღებდნენ სხვები ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებებს?

3 რის თქმა შეიძლება თქვენზე? როცა გადაწყვეტილების მიღების წინაშე დგებით, სამი ებრაელის მსგავსად მოქმედებთ თუ სხვებს რთავთ ნებას, თქვენ მაგივრად მიიღონ გადაწყვეტილება? გადაწყვეტილებების მიღება ადვილი არ არის. სწორი გადაწყვეტილების მიღება მოწიფულობას მოითხოვს. მაგალითად, არასრულწლოვან შვილებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მშობლებმა უნდა მიიღონ. განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში არ არის ადვილი გადაწყვეტილების მიღება, რადგან ამ დროს უამრავი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. მაგრამ გადაწყვეტილების მისაღებად პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ უნდა მივიჩნიოთ ისეთ მძიმე „ტვირთად“, რომ „სულიერად გამოცდილებს“ დავაკისროთ მისი ზიდვა (გალატელები 6:1, 2). ეს ის ტვირთია, რომელზეც „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ (რომაელები 14:12). „თითოეული თავის სატარებელს ატარებს“, — ნათქვამია ბიბლიაში (გალატელები 6:5). როგორ შეგვიძლია ცხოვრებაში გონივრული გადაწყვეტილებების მიღება? უპირველესად, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია და გავიგოთ, თუ რას ვსაჭიროებთ ამ მხრივ.

უმთავრესი მოთხოვნა

4. რას გვასწავლის პირველი წყვილის დაუმორჩილებლობა გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით?

4 კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში პირველი წყვილის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ დამღუპველი შედეგები მოიტანა. მათ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან ჭამეს ნაყოფი (დაბადება 2:16, 17). რატომ მიიღეს მათ ასეთი გადაწყვეტილება? ბიბლიაში ნათქვამია: „იხილა დედაკაცმა, რომ ხე კარგი ჩანდა საჭმელად და საამო იყო თვალისთვის და მიმზიდველი იყო შესაცნობად“. ევამ „მოწყვიტა მისგან ნაყოფი და შეჭამა და მისცა აგრეთვე თავის კაცს, და მანაც შეჭამა“ (დაბადება 3:6). მისი არჩევანი ეგოისტური სურვილებით იყო განპირობებული. ადამიც შეუერთდა მას. შედეგად ცოდვა და სიკვდილი „გავრცელდა ყველა ადამიანზე“ (რომაელები 5:12). ადამისა და ევას დაუმორჩილებლობა გვასწავლის იმას, რომ ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ: ღვთის ხელმძღვანელობის გარეშე ადამიანი ხშირ შემთხვევაში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს.

5. როგორ გვხელმძღვანელობს იეჰოვა და რა არის საჭირო იმისათვის, რომ ვისარგებლოთ მისი დახმარებით?

5 რა სასიხარულოა, რომ იეჰოვა ღმერთი არ გვტოვებს ხელმძღვანელობის გარეშე! ბიბლიაში ნათქვამია: «შენი ყურები მოისმენენ სიტყვას, ნათქვამს შენს უკან: „აი გზა, მას გაჰყევით“, როცა მარჯვნივ წახვალთ ან მარცხნივ» (ესაია 30:21). იეჰოვა თავისი სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით გველაპარაკება. ჩვენ კი გვმართებს წმინდა წერილების შესწავლა და საფუძვლიანი ცოდნის მიღება. სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად გვესაჭიროება მოწიფულთათვის განკუთვნილი „მაგარი საჭმელი“. ჩვენ აგრეთვე ‘ვიყენებთ აღქმის უნარს’ და ვცდილობთ ‘გავწაფოთ ის კარგისა და ცუდის გასარჩევად’ (ებრაელები 5:14). ჩვენი აღქმის უნარი იმ შემთხვევაში გაიწაფება, თუ ღვთის სიტყვიდან ნასწავლს ცხოვრებაში გამოვიყენებთ.

6. რა არის საჭირო იმისთვის, რომ სწორად რეაგირებდეს ჩვენი სინდისი?

6 გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვან როლს ასრულებს სინდისი. ეს თანდაყოლილი უნარი სიტუაციის შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს; ის ‘ხან ბრალს გვდებს და ხან გვამართლებს’ (რომაელები 2:14, 15). სინდისი სწორად რომ რეაგირებდეს, საჭიროა მივიღოთ ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნა და გავწაფოთ ის ამ ცოდნის გამოყენებით. გაუწაფავი სინდისი ადვილად შეიძლება მოექცეს ადგილობრივი წეს-ჩვეულებების გავლენაში. გარემომ და გარშემომყოფი ადამიანების შეხედულებებმაც შეიძლება არასწორი კურსით წაგვიყვანოს. რა მოხდება, თუ გამუდმებით უგულებელვყოფთ სინდისის ხმას და ვარღვევთ ღვთის ნორმებს? დროთა განმავლობაში ჩვენი სინდისი შეიძლება ‘დაიდაღოს’ ანუ გაუხეშებული კანის მსგავსად უგრძნობი გახდეს (1 ტიმოთე 4:2). ღვთის სიტყვით გაწაფული სინდისი კი საიმედო ხელმძღვანელობას გაგვიწევს.

7. რა არის მნიშვნელოვანი გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად?

7 ამრიგად, გონივრული გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება რომ შევძლოთ, მნიშვნელოვანია, გვქონდეს ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნა და ვეცადოთ მის გამოყენებას. გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღების ნაცვლად, დრო უნდა გამოვყოთ ბიბლიურ პრინციპებზე დასაფიქრებლად და გამოვიყენოთ ისინი განსჯის უნარის გამოვლენით. მაშინაც კი, თუ შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს მსგავსად, ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, როცა სწრაფად იქნება საჭირო გადაწყვეტილების მიღება, ჩვენ სწორად ვიმოქმედებთ, თუ გვექნება ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნა და გაწაფული სინდისი. იმის გასაგებად, თუ როგორ გვეხმარება მოწიფულობისკენ სწრაფვა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, დავფიქრდეთ ორ ცხოვრებისეულ საკითხზე.

ვისთან გვექნება ურთიერთობა?

8, 9. ა) რომელი პრინციპებიდან ჩანს, რომ საჭიროა თავი ავარიდოთ ცუდ საზოგადოებას? ბ) გულისხმობს თუ არა ცუდი საზოგადოება მხოლოდ უზნეო ადამიანებს? ახსენით.

8 „ნუ შეცდებით, — დაწერა პავლე მოციქულმა. — ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33). იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს უთხრა: „ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ“ (იოანე 15:19). როდესაც ამ პრინციპებს ვეცნობით, კარგად გვესმის, რომ საჭიროა, თავი ავარიდოთ ახლო ურთიერთობას მრუშებთან, მეძავებთან, ქურდებთან, ლოთებთან და მსგავს ადამიანებთან (1 კორინთელები 6:9, 10). რაც უფრო მეტად ვწვდებით ბიბლიურ ჭეშმარიტებას, მით უფრო გვესმის, რომ ასეთ ადამიანებთან ტელევიზორის, კომპიუტერის ან წიგნების საშუალებით ურთიერთობა ზიანის მომტანია. იმავეს თქმა შეიძლება ინტერნეტის ვებ-ჩეთებში „მზაკვრებთან“ ურთიერთობაზე (ფსალმუნები 25:4).

9 რის თქმა შეიძლება იმ ადამიანებთან ახლო ურთიერთობაზე, რომლებიც შესაძლოა ზნეობრივად სუფთა ცხოვრებას ეწევიან, მაგრამ ჭეშმარიტი ღვთისადმი რწმენა არა აქვთ? ბიბლიაში ნათქვამია: „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ძალაუფლებაშია“ (1 იოანე 5:19). ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ცუდ საზოგადოებაში არ იგულისხმება მხოლოდ უზნეო ადამიანები ან ისინი, რომლებსაც ცხოვრების ასეთი წესის მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება აქვთ. ამიტომ გონივრულია, თუ ახლო ურთიერთობას მხოლოდ იმ ადამიანებთან ვავითარებთ, რომლებსაც იეჰოვა უყვართ.

10. რა გვეხმარება ქვეყნიერებასთან ურთიერთობისას ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებაში?

10 რასაკვირველია, ქვეყნიერებასთან კონტაქტის სრულიად გაწყვეტა შეუძლებელია და ეს არც მოგვეთხოვება (იოანე 17:15). მაგალითად, ქრისტიანულ მსახურებაში, სკოლასა თუ სამსახურში გვიწევს ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც არ არიან იეჰოვას თაყვანისმცემლები. ასეთი ურთიერთობა უფრო მეტად მათ აქვთ, რომელთა მეუღლეებიც არ იზიარებენ ქრისტიანულ რწმენას. მაგრამ, როდესაც ჩვენი აღქმის უნარი გაწაფულია, გვესმის, რომ ერთია, ქვეყნიერებასთან აუცილებლობით გამოწვეული ურთიერთობა გვქონდეს და სულ სხვაა ქვეყნიერებასთან ვიმეგობროთ (იაკობი 4:4). ამგვარად, როცა საკითხი შეეხება, მაგალითად, სპორტულ ღონისძიებებში, ცეკვებში ან თანამშრომლების მიერ გამართულ წვეულებებში მონაწილეობას, შევძლებთ ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებას.

სამსახურის არჩევა

11. უპირველესად, რა უნდა გავითვალისწინოთ სამუშაოს არჩევისას?

11 ბიბლიური პრინციპების გონივრულად გამოყენება გვეხმარება შევასრულოთ ჩვენი ვალდებულება — ‘ვიზრუნოთ ოჯახის წევრებზე’ (1 ტიმოთე 5:8). უპირველესად დავფიქრდეთ, როგორ სამუშაოს ვირჩევთ და რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთ დროს. ისეთი სამუშაოს არჩევა, რომელიც აშკარად არღვევს ბიბლიურ პრინციპებს, არასწორი იქნება. ამიტომ ჭეშმარიტი ქრისტიანები უარს ამბობენ ისეთ სამუშაოზე, რომელიც დაკავშირებულია კერპთაყვანისმცემლობასთან, ქურდობასთან, სისხლის ბოროტად გამოყენებასთან და სხვა არაბიბლიურ ქმედებებთან. ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ მაშინაც კი, როცა ამის გაკეთებას ჩვენგან დამსაქმებელი მოითხოვს (საქმეები 15:29; გამოცხადება 21:8).

12, 13. რომელ სხვა ფაქტორებს უნდა მიექცეს ყურადღება სამუშაოს არჩევისას?

12 რის თქმა შეიძლება, თუ გარკვეული სამუშაოს შესრულებით პირდაპირ არ ირღვევა ბიბლიური მოთხოვნა? ჭეშმარიტების ღრმად წვდომა და აღქმის უნარის გაუმჯობესება გვეხმარება სხვა ფაქტორების დანახვაშიც. რა შეიძლება ითქვას, თუ სამუშაო დაკავშირებულია ისეთ საქმესთან, რომელიც ღვთის პრინციპებს არ შეესაბამება, მაგალითად, კაზინოში სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა? გარდა ამისა, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სამუშაო ადგილი და ორგანიზაცია, რომელიც გასცემს ხელფასს. მაგალითად, თუ ქრისტიანი მხატვარია, უნდა თქვას თანხმობა ისეთ სამუშაოზე, რომელშიც შედის ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მოხატვა, რითაც ცრუ რელიგიას დაუჭერდა მხარს? (2 კორინთელები 6:14—16).

13 რას ვიტყვით იმ შემთხვევაზე, თუ თავად დამსაქმებელი აფორმებს ხელშეკრულებას ცრუ თაყვანისმცემლობის ადგილების მოხატვაზე? ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, მაგალითად ის, თუ რამდენად უფლებამოსილნი ვართ და რა ზომით მივიღებთ მასში მონაწილეობას. რა შეიძლება ითქვას ისეთ სამუშაოზე, როგორიცაა ფოსტის დატარება, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც არასწორ საქმიანობას ეწევიან? უნდა იმოქმედოს ასეთ შემთხვევაში ჩვენს გადაწყვეტილებაზე მათეს 5:45-ში ჩაწერილმა პრინციპმა? სერიოზულად უნდა ვიფიქროთ იმაზეც, თუ როგორ იმოქმედებს ყოველდღიური სამუშაო ჩვენს სინდისზე (ებრაელები 13:18). სამუშაოს არჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე რომ ავიღოთ, უნდა გავწაფოთ აღქმის უნარი და განვსწავლოთ ღვთისგან ნაბოძები სინდისი.

„ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი“

14. რა უნდა გავაკეთოთ გადაწყვეტილებების მიღებამდე?

14 რა შეიძლება ითქვას ისეთ გადაწყვეტილებებზე, როგორიცაა ქვეყნიური განათლების მიღება და ამ თუ იმ მკურნალობის მეთოდის არჩევა? რა გადაწყვეტილების მიღების წინაშეც უნდა ვიდგეთ, მნიშვნელოვანია ვიპოვოთ შესაბამისი ბიბლიური პრინციპები და გამოვიყენოთ ისინი განსჯის უნარის გამოვლენით. „დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი, — ამბობს ძველი ისრაელის მეფე სოლომონი. — ყველა შენს გზაზე შეიცანი იგი და ის გაასწორებს შენს ბილიკებს“ (იგავები 3:5, 6).

15. რის სწავლა შეგვიძლია პირველი საუკუნის ქრისტიანებისგან გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით?

15 ხშირად ჩვენი არჩევანი სხვებზე ახდენს გავლენას, ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია. მაგალითად, პირველი საუკუნის ქრისტიანები საკვებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, რაც მოსეს კანონით მოითხოვებოდა, მეტად აღარ ექვემდებარებოდნენ. მათ შეეძლოთ ეჭამათ საკვები, რომელიც მოსეს კანონის თანახმად უწმინდურად ითვლებოდა. მაგრამ ცხოველის ხორცის შესახებ, რომელსაც კავშირი ჰქონდა საკერპო ტაძართან, პავლე მოციქულმა თქვა: „თუ საჭმელი აბრკოლებს ჩემს ძმას, საერთოდ არ შევჭამ ხორცს, რომ არ დავაბრკოლო ჩემი ძმა“ (1 კორინთელები 8:11—13). პავლემ მოუწოდა პირველ ქრისტიანებს, გაეთვალისწინებინათ სხვების სინდისი და არ დაებრკოლებინათ ისინი. ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც სხვებს ‘დააბრკოლებდა’ (1 კორინთელები 10:29, 32).

ეძებეთ ღვთის სიბრძნე

16. როგორ გვეხმარება ლოცვა გადაწყვეტილებების მიღებისას?

16 სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევს ლოცვა. „თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, — ამბობს მოწაფე იაკობი, — სთხოვდეს ღმერთს, რომელიც ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს, და მიეცემა“ (იაკობი 1:5). ჩვენ გულდაჯერებით უნდა მივმართოთ იეჰოვას ლოცვით და ვთხოვოთ სიბრძნე, რომელიც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება. როდესაც ჭეშმარიტ ღმერთს ჩვენს საწუხარს ვუზიარებთ და მის ხელმძღვანელობას ვეძებთ, წმინდა სულს შეუძლია დაგვეხმაროს განხილული ბიბლიური მუხლების უკეთ გაგებასა და შესაბამისი მუხლების გახსენებაში.

17. როგორ შეუძლიათ სხვებს დაგვეხმარონ გადაწყვეტილებების მიღებისას?

17 შეუძლიათ სხვებს დაგვეხმარონ გადაწყვეტილებების მიღებაში? დიახ. იეჰოვა კრებაში მოწიფული ქრისტიანების საშუალებითაც გვეხმარება (ეფესოელები 4:11, 12). ჩვენ შეგვიძლია რჩევა ვკითხოთ მათ განსაკუთრებით მაშინ, თუ სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ. იმ ქრისტიანებს, რომლებიც ღრმად წვდებიან სულიერ საკითხებს და მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილებაც აქვთ, შეუძლიათ ჩვენი ყურადღება დამატებით ბიბლიურ პრინციპებზე გაამახვილონ. ეს ჩვენს გადაწყვეტილებაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს და დაგვეხმარება, ‘შევამოწმოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია’ (ფილიპელები 1:9, 10). მაგრამ აუცილებელია სიფრთხილის გამოვლენა: ჩვენ მაგივრად სხვები არ უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას. პასუხისმგებლობის ტვირთი თავად უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე.

ყოველთვის სასურველი შედეგი მოაქვს სწორ გადაწყვეტილებას?

18. ყოველთვის სასურველი შედეგი მოაქვს სწორად მიღებულ გადაწყვეტილებას?

18 ყოველთვის სასურველ შედეგს მოიტანს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ბიბლიურ პრინციპებს ემყარება და განსწავლული სინდისის კარნახით არის მიღებული? დიახ, საბოლოო ჯამში ასეთი გადაწყვეტილებები კარგ შედეგს მოიტანს. თუმცა გარკვეული პერიოდის მანძილზე შეიძლება სირთულეებს შევხვდეთ. შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ იცოდნენ, რომ მათ გადაწყვეტილებას — თაყვანი არ ეცათ უზარმაზარი კერპისთვის — შეიძლება სიკვდილი მოჰყოლოდა (დანიელი 3:16—19). იმავეს თქმა შეიძლება მოციქულებზეც: მათ სინედრიონის წინაშე განაცხადეს, რომ ღმერთს უფრო მეტად უნდა დამორჩილებოდნენ, ვიდრე ადამიანებს. მაგრამ გათავისუფლებამდე ისინი სცემეს (საქმეები 5:27—29, 40). გარდა ამისა, „ჟამმა და შემთხვევამაც“ შეიძლება მოახდინოს უარყოფითი გავლენა გადაწყვეტილებაზე (ეკლესიასტე 9:11). თუ სწორი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც სირთულეებს ვხვდებით, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა ყველაფერს გადაგვატანინებს და საბოლოოდ გაკურთხებს (2 კორინთელები 4:7).

19. როგორ შეგვიძლია გადაწყვეტილებების მიღებისას გაბედულად ავიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ტვირთი?

19 როგორც ვხედავთ, გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა ვეძებოთ ბიბლიური პრინციპები და განსჯის უნარის გამოვლენით გამოვიყენოთ ისინი. რა მადლიერები ვართ, რომ იეჰოვა წმინდა სულისა და მოწიფული ქრისტიანების საშუალებით გვეხმარება! მოდი ვისარგებლოთ ღვთის ხელმძღვანელობითა და დახმარებით, და გადაწყვეტილებების მიღებისას გაბედულად ავიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ტვირთი.

გახსოვთ?

• რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ?

• რა გავლენას ახდენს მოწიფულობისკენ სწრაფვა იმაზე, თუ ვისთან გვექნება ურთიერთობა?

• რა მნიშვნელოვანი ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ სამსახურის არჩევისას?

• რა დახმარებას გვთავაზობს იეჰოვა სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 22 გვერდზე]

ადამისა და ევას დაუმორჩილებლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილია.

[სურათი 24 გვერდზე]

სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამდე ეძებეთ ღვთის პრინციპები.