არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სამეფო ყოველმხრივ აღმატებული

ღვთის სამეფო ყოველმხრივ აღმატებული

ღვთის სამეფო ყოველმხრივ აღმატებული

იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს ასწავლა: «ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“» (მათე 6:9, 10). ეს ლოცვა, რომელიც „მამაო ჩვენო“-ს ან „უფლის ლოცვის“ სახელით არის ცნობილი, გვიჩვენებს, თუ რა მიზანს ემსახურება ღვთის სამეფო.

სამეფოს საშუალებით ღვთის სახელი განიწმინდება. ის განიწმინდება იმ ჩირქისგან, რომელიც მას სატანისა და პირველი ადამიანების აჯანყებამ მოსცხო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გონიერი ცოცხალი ქმნილებების ბედნიერება დამოკიდებულია იმაზე, ჩათვლიან თუ არა ეს ქმნილებები ღვთის სახელს წმინდად და სცნობენ თუ არა ღვთის უფლებას, იყოს მმართველი (გამოცხადება 4:11).

გარდა ამისა, სამეფო იმისათვის შეიქმნა, რომ ‘ღვთის ნება შესრულებულიყო როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე’. და რა არის ღვთის ნება? აღადგინოს ის ურთიერთობა ღმერთსა და ადამიანებს შორის, რომელიც ადამმა დაკარგა. ღვთის სამეფოს საშუალებით შესრულდება აგრეთვე სამყაროს უზენაესის, იეჰოვას, განზრახვა — დედამიწა გადაიქცეს სამოთხედ, სადაც კარგი ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ. დიახ, ღვთის სამეფო მოსპობს ცოდვის ყველა შედეგს და დედამიწაზე რეალობად აქცევს ღვთის სიყვარულით აღსავსე განზრახვას (1 იოანე 3:8). ეს სამეფო და ის, რაც ამ სამეფოს საშუალებით გაკეთდება, არის ბიბლიის მთავარი ცნობა.

აღმატებული — რა გაგებით?

ღვთის სამეფოში იგულისხმება რეალური მთავრობა, რომელსაც დიდი ძალა აქვს. წინასწარმეტყველი დანიელი გვანახვებს, თუ რა დიდი ძალა აქვს მას. დიდი ხნის წინათ მან იწინასწარმეტყველა: „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც . . . შემუსრავს და დააქცევს [ადამიანთა] ყველა სამეფოს“. გარდა ამისა, ადამიანთა მთავრობებისგან განსხვავებით, რომლებიც ისტორიის განმავლობაში ცვლიდნენ ერთმანეთს, ღვთის სამეფო „უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44). და ეს ყველაფერი არ არის. ეს სამეფო ნებისმიერ საკითხში ადამიანთა მთავრობებზე აღმატებულია.

ღვთის სამეფოს საუკეთესო მეფე ჰყავს. ვნახოთ, თუ ვინ არის ეს მეფე. ‘სიზმარსა და ხილვაში’ დანიელმა ღვთის სამეფოს მმართველი იხილა როგორც „კაცის ძის მსგავსი“, რომელიც ყოვლისშემძლე ღვთის წინაშე წარდგა და მიეცა „მას ხელმწიფება, დიდება და მეფობა“ (დანიელი 7:1, 13, 14). კაცის ძე სხვა არავინ არის, თუ არა იესო ქრისტე — მესია (მათე 16:13—17). იეჰოვა ღმერთმა თავისი ძე, იესო, დანიშნა თავისი სამეფოს მეფედ. დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ ბოროტ ფარისევლებს უთხრა: „ღვთის სამეფო თქვენ შორის არის“, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ სამეფოს მომავალი მეფე მათ შორის იყო (ლუკა 17:21).

ადამიანთა შორის რომელი მმართველი შეედრება იესოს? იესომ უკვე ცხადყო, რომ სრულიად სამართლიანი, სანდო და თანამგრძნობი მმართველი იქნებოდა. სახარებებში ის აღწერილია როგორც გაბედულად მოქმედი ადამიანი, რომელსაც, ამავე დროს, თბილი და ღრმა გრძნობები აქვს (მათე 4:23; მარკოზი 1:40, 41; 6:31—34; ლუკა 7:11—17). გარდა ამისა, მკვდრეთით აღდგენილი იესო არც კვდება და არც სხვა ადამიანური სისუსტეებით არის შეზღუდული (ესაია 9:6, 7).

იესო და მისი თანამმართველები ზეციდან მმართველობენ. ხილვაში დანიელმა აგრეთვე ნახა, რომ „მეფობა [და] ხელმწიფება . . . უზენაესის წმინდა ერს“ მიეცა (დანიელი 7:27). იესო მარტო არ მმართველობს. მასთან ერთად მეფეებად და მღვდლებად სხვებიც მსახურობენ (გამოცხადება 5:9, 10; 20:6). მათ შესახებ მოციქულმა იოანემ დაწერა: „გავიხედე და აი, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი . . . დედამიწიდან ნაყიდი“ (გამოცხადება 14:1—3).

კრავი არის უკვე გამეფებული იესო ქრისტე (იოანე 1:29; გამოცხადება 22:3). აქ მოხსენიებული სიონის მთა მიუთითებს ზეცაზე (ებრაელები 12:22). * იესო და მისი 144 000 თანამმართველი ზეციდან მეფობენ. მმართველობისთვის რა ამაღლებული ადგილია?! ვინაიდან ისინი ზეცაში არიან, მათ მეტი პერსპექტივა აქვთ. რადგან „ღვთის სამეფო“ ზეციდან მმართველობს, მას აგრეთვე „ზეციერი სამეფო“ ეწოდება (ლუკა 8:10; მათე 13:11). ვერავითარი იარაღი, მათ შორის ბირთვული იარაღიც კი, ვერაფერს ავნებს და ვერ დაამხობს ზეციერ სამეფოს. ეს სამეფო უძლეველია და მისი საშუალებით შესრულდება იეჰოვას განზრახვა (ებრაელები 12:28).

ღვთის სამეფოს სანდო წარმომადგენლები ჰყავს დედამიწაზე. საიდან ვიცით ეს? ფსალმუნების 44:17–ში ნათქვამია: „მათ დააყენებ მთავრებად მთელს ქვეყანაზე“. ვინ დააყენებს ამ მთავრებს? ამ წინასწარმეტყველებაში ლაპარაკია ღვთის ძეზე (ფსალმუნები 44:7, 8; ებრაელები 1:7, 8). მაშასადამე, თავად იესო ქრისტე დანიშნავს მთავრებს. შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ისინი მორჩილად შეასრულებენ ქრისტეს მითითებებს. დღესაც გამოცდილ მამაკაცებს, რომლებიც ქრისტიანულ კრებაში უხუცესებად მსახურობენ, ასწავლიან, რომ ‘არ იბატონონ’ თანამორწმუნეებზე, არამედ დაიცვან, გაამხნეონ და ანუგეშონ ისინი (მათე 20:25—28; ესაია 32:2).

სამეფოს ქვეშევრდომები მართალი ადამიანები არიან. ისინი ღვთის თვალში წრფელნი და უბიწონი არიან (იგავები 2:21, 22). „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას, — ნათქვამია ბიბლიაში, — და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნები 36:11). სამეფოს ქვეშევრდომები თვინიერი — სწავლისთვის მზადმყოფი, რბილი ხასიათის, მშვიდი — ადამიანები არიან. ისინი უმთავრესად სულიერი საკითხებით არიან დაინტერესებულნი (მათე 5:3). მათ სწორად მოქმედება სურთ და ისინი ღვთის მითითებებს მიჰყვებიან.

ღვთის სამეფოს საუკეთესო კანონები აქვს. ღვთის სამეფოს კანონებსა და პრინციპებს თავად იეჰოვა ღმერთი ადგენს. ეს კანონები უსამართლოდ კი არ გვზღუდავს, არამედ ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება (ფსალმუნები 18:8—12). იეჰოვას სამართლიანი მოთხოვნების შესაბამისად ცხოვრებას მრავალი ადამიანისთვის უკვე მოაქვს სარგებლობა. მაგალითად, ქმრებისთვის, ცოლებისა და შვილებისთვის მიცემული ბიბლიური რჩევის შესრულება აუმჯობესებს ოჯახურ ცხოვრებას (ეფესოელები 5:33—6:3). როდესაც ვასრულებთ მითითებას, „შეიმოსეთ სიყვარულით“, სხვებთან ჩვენი ურთიერთობა უმჯობესდება (კოლოსელები 3:13, 14). როდესაც ბიბლიური პრინციპების თანახმად ვცხოვრობთ, სამუშაოსთან დაკავშირებით კარგ ჩვევებსა და ფულთან დაკავშირებით გაწონასწორებულ თვალსაზრისს ვივითარებთ (იგავები 13:4; 1 ტიმოთე 6:9, 10). ლოთობაზე, სქესობრივ უზნეობაზე, თამბაქოს მოწევასა და ნარკოტიკების მიღებაზე უარის თქმა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება (იგავები 7:21—23; 23:29, 30; 2 კორინთელები 7:1).

ღვთის სამეფოს დამფუძნებელი თავად ღმერთია. ამ სამეფოს მეფეს — მესიას, იესო ქრისტეს, — და მის ყველა თანამმართველს ღვთის წინაშე აკისრია ვალდებულება, მხარი დაუჭირონ ღვთის სამართლიან კანონებსა და სიყვარულით მოცემულ პრინციპებს. სამეფოს ქვეშევრდომები, და მათ შორის მიწიერი წარმომადგენლები, სიამოვნებით ცხოვრობენ ღვთის კანონების შესაბამისად. ამგვარად ამ სამეფოს მმართველებისა თუ ქვეშევრდომების ცხოვრებაში ღმერთს უმთავრესი ადგილი უჭირავს. ასე რომ, სამეფო ჭეშმარიტად თეოკრატიულია, ანუ მას სათავეში ღმერთი უდგას. უდავოა, რომ ის წარმატებით შეასრულებს მიზანს, რომლისთვისაც შეიქმნა. მაგრამ, როდის იწყებს მმართველობას ღვთის სამეფო, რომელიც მესიანური სამეფოს სახელითაც არის ცნობილი?

სამეფო იწყებს მმართველობას

მნიშვნელოვანი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის იწყებს სამეფო მმართველობას, იესოს შემდეგ სიტყვებშია მოცემული: „გათელილი იქნება იერუსალიმი უცხოტომელთა მიერ, სანამ არ დასრულდება უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ (ლუკა 21:24). იერუსალიმი მთელ დედამიწაზე ერთადერთი ქალაქი იყო, რომელიც უშუალოდ ღვთის სახელთან იყო დაკავშირებული (3 მეფეთა 11:36; მათე 5:35). ის იყო ღვთის მიერ მოწონებული მიწიერი სამეფოს დედაქალაქი. ეს ქალაქი უცხოტომელების მიერ იმ გაგებით გაითელებოდა, რომ იქ ღვთის მმართველობას წუთისოფლის მთავრობები შეცვლიდა. როდის მოხდებოდა ეს?

იერუსალიმში იეჰოვას ტახტზე მჯდომი ბოლო მეფის მიმართ ასეთი სიტყვები ითქვა: «მოიშორე დოლბანდი და ჩამოიღე გვირგვინი . . . ეს აღარ იქნება, სანამდე არ მოვა ის [„კანონით უფლებამოსილი“, აქ], ვისიც არის სამართალი — და გადავცემ მას» (ეზეკიელი 21:25—27). ის მეფე დაკარგავდა გვირგვინს და ღმერთი თავის ხალხზე მმართველობას შეწყვეტდა. ეს მოხდა ძვ. წ. 607 წელს, როდესაც ბაბილონელებმა იერუსალიმი გაანადგურეს. ამ წლიდან მოყოლებული „დანიშნული დროების“ განმავლობაში ღმერთს დედამიწაზე არ ეყოლებოდა თავისი მთავრობა, რომლითაც მისი მმართველობა იქნებოდა წარმოდგენილი. მხოლოდ ამ დროების დასრულების შემდეგ მისცემდა იეჰოვა მეფობას მას, ვინც იყო „კანონით უფლებამოსილი“ ანუ — იესო ქრისტეს. რა ხანგრძლივობის იქნებოდა ეს პერიოდი?

დანიელის წიგნში მოცემულ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: «მოჭერით და აჩეხეთ, ოღონდ მისი მთავარი ფესვი მიწაში ჩატოვეთ რკინისა და სპილენძის ბორკილებში . . . ვიდრე შვიდი წელიწადი [„დრო“, აქ] არ გადაუვლისო» (დანიელი 4:23). როგორც დავინახავთ, აქ მოხსენიებული „შვიდი დრო“ ხანგრძლივობით „უცხოტომელთათვის დანიშნული დროების“ ტოლია.

ბიბლიაში ადამიანები, მმართველები და სამეფოები ზოგჯერ ხეებით არიან წარმოდგენილნი (ფსალმუნები 1:3; იერემია 17:7, 8; ეზეკიელი 31–ე თავი). სიმბოლური ხე „დედამიწის ყველა კუთხიდან მოჩანდა“ (დანიელი 4:11). ამგვარად, იმ ხით წარმოდგენილი მმართველობა, რომელიც მოიჭრა და ბორკილები დაედო, ‘დედამიწის ყველა კუთხეში’, მათ შორის ადამიანთა მთელ სამფლობელოზე, ვრცელდებოდა (დანიელი 4:17, 20, 22). ამიტომ ხით წარმოდგენილია ღვთის უზენაესი მმართველობა, კერძოდ კი, დედამიწაზე მისი მმართველობა. ეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა იმ მმართველთა მეშვეობით, რომლებსაც იეჰოვა ისრაელ ერში ნიშნავდა. სიმბოლური ხე მოიჭრა და მის მთავარ ფესვს რკინისა და სპილენძის ბორკილები დაედო, რათა ამგვარად ხის ზრდა დაბრკოლებულიყო. ეს იმის მაჩვენებელი იყო, რომ დედამიწაზე ღმერთს აღარ ჰყავდა თავისი მმართველობის წარმომადგენლები. ეს დაიწყო ძვ. წ. 607 წლიდან, მაგრამ უსასრულოდ არ გაგრძელებულა. ხის ფესვზე ბორკილი ‘შვიდი დროის’ გასვლამდე იქნებოდა დადებული. ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ იეჰოვა მმართველობას კანონიერ მემკვიდრეს, იესო ქრისტეს, გადასცემდა. ცხადია, „შვიდი დრო“ და „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ დროის ერთი და იმავე პერიოდზე მიუთითებს.

ბიბლია გვეხმარება, განვსაზღვროთ, თუ რა ხანგრძლივობისაა „შვიდი დრო“. მასში ნათქვამია, რომ 1260 დღე არის ‘დროის, დროებისა და ნახევარი დროის’ ანუ სამ ნახევარი დროის ტოლი (გამოცხადება 12:6, 14). ეს იმას ნიშნავს, რომ ეს რიცხვი ორჯერ გამრავლებული ანუ შვიდი დრო, არის 2520 დღე.

თუ ძვ. წ. 607 წლიდან დავიწყებთ პირდაპირი გაგებით 2520 დღის ათვლას, მივალთ ძვ. წ. 600 წლამდე. მაგრამ შვიდი დრო ბევრად უფრო დიდხანს გრძელდებოდა. იგი მაშინაც გრძელდებოდა, როდესაც იესო „უცხოტომელთათვის დანიშნულ დროებზე“ ლაპარაკობდა. აქედან ჩანს, რომ შვიდ დროს წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ბიბლიური მეთოდი: „თითო წელი თითო დღეზე“ (რიცხვნი 14:34; ეზეკიელი 4:6). მაშინ წუთისოფლის ხელისუფალთა ბატონობისთვის მიცემული დრო, რომლის განმავლობაშიც ღმერთი არ ჩაერეოდა დედამიწის მმართველობის საკითხში, იქნებოდა 2520 წელი. თუ ამ წლებს ძვ. წ. 607 წლიდან ავითვლით, მივალთ ახ. წ. 1914 წლამდე. ეს არის თარიღი, როდესაც „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“, ანუ შვიდი დრო, ამოიწურა. ამგვარად, იესო ქრისტემ ღვთის სამეფოში მეფობა 1914 წელს დაიწყო.

„მოვიდეს შენი სამეფო“

რადგან მესიანური სამეფო ზეცაში უკვე დამყარებულია, უნდა განვაგრძოთ იმაზე ლოცვა, რომ ეს სამეფო მოვიდეს, როგორც იესომ ლოცვის ნიმუშის მოცემისას გვასწავლა? (მათე 6:9, 10). დიახ. ასეთი თხოვნა მართებული და საჭიროა. ღვთის სამეფოს მმართველობა დედამიწაზე სრული სახით ჯერ კიდევ არ ხორციელდება.

ეს სამეფო მრავალ კურთხევას მოუტანს ერთგულ ადამიანებს! ბიბლიაში ნათქვამია: „ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4). იმ დროს „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“ (ესაია 33:24, სსგ). მარადიულად იცხოვრებს ყველა, ვინც ღვთის მოსაწონად იქცევა (იოანე 17:3). ამ და სხვა მშვენიერი ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულების მოლოდინში კი, მოდი ‘ვეძებოთ უპირველესად უფლის სამეფო და მამის სიმართლე’ (მათე 6:33).

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 ძველი ისრაელის მეფე დავითმა ბრძოლით აიღო სიონის მთაზე მდებარე იებუსეველების ციხე–სიმაგრე და იგი დედაქალაქად აქცია (2 მეფეთა 5:6, 7, 9). მან აგრეთვე იქ გადაიტანა წმინდა კიდობანი (2 მეფეთა 6:17). ვინაიდან კიდობანი იეჰოვას იქ ყოფნასთან ასოცირდებოდა, ღვთის სამყოფელ ადგილად სიონის მოხსენიება ამ მთას ზეცის მართებულ სიმბოლოდ ხდის (გამოსვლა 25:22; ლევიანები 16:2; ფსალმუნები 9:12; გამოცხადება 11:19).

[ჩანართი 4 გვერდზე]

იეჰოვას თავისი სამეფოს მეფედ იესო ქრისტე ჰყავს დანიშნული.

[დიაგრამა⁄სურათები 6 გვერდზე]

2520 წელი

607 წლის ოქტომბერი ◀ ძვ. წ. ახ. წ. ▸ 1914 წლის ოქტომბერი

606 წელი და სამი თვე 1913 წელი და 9 თვე

„უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ ძვ. წ. 607 წელს დაიწყო და ახ. წ. 1914 წელს დასრულდა.

[სურათი 7 გვერდზე]

ღვთის სამეფოს მიწიერი ქვეშევრდომები მრავალ კურთხევას მიიღებენ.