არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 3, 4)

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 3, 4)

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 3, 4)

ფსალმუნმომღერალი ასეთი სიტყვებით მიმართავს ღმერთს: «განა საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე, და ჯოჯოხეთში [„ხრწნის ადგილზე“, აქ (88:11)] — შენს ჭეშმარიტებაზე?» (ფსალმუნები 87:12). რა თქმა უნდა, მკვდრები ვერ განადიდებენ იეჰოვას. ცოცხლები განვადიდებთ შემოქმედს და ამას სიცოცხლე მოაქვს ჩვენთვის.

„ფსალმუნების“ მესამე და მეოთხე ნაწილი მოიცავს 72—105 თავებს. ეს ფსალმუნები გვიჩვენებს, რომ შემოქმედის განსადიდებლად მრავალი მიზეზი გვაქვს. ამ ფსალმუნებზე ფიქრი „ღვთის სიტყვისადმი“ მადლიერების გრძნობას გაგვიღრმავებს. ასევე, აღგვძრავს, მთელი გულით განვადიდოთ შემოქმედი (ებრაელები 4:12). მოდი თავდაპირველად ყურადღებით განვიხილოთ „ფსალმუნების“ მესამე ნაწილი.

„ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება“

(ფსალმუნები 72:1 — 88:53)

ფსალმუნების მე–3 ნაწილის პირველი თერთმეტი თავი ასაფის ან, შესაძლოა, მისი ოჯახის წევრების მიერ არის შედგენილი. 72–ე ფსალმუნის შესავალი სიტყვებიდან ვიგებთ, თუ როგორი აზროვნება ჰქონდა ასაფს და როგორ გადაურჩა მცდარ გზას. საბოლოოდ, ის სწორ დასკვნამდე მივიდა: „ხოლო ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება“ (ფსალმუნები 72:28). 73–ე თავში აღწერილია, თუ როგორ დასტირის ისრაელი იერუსალიმს. 74–ე, 75–ე და 76–ე თავებში იეჰოვა წარმოდგენილია, როგორც სამართლიანი მსაჯული, თავმდაბალთა მხსნელი და ლოცვების მომსმენი. 77–ე თავში აღწერილია ისრაელის ცხოვრება მოსეს პერიოდიდან დავითის დრომდე. 78–ე თავში საუბარია ტაძრის განადგურებაზე. 79–ე თავში ჩაწერილია ლოცვა ღვთის ხალხის ხსნის შესახებ. მე–80 თავი ღვთის მორჩილებისკენ მოგვიწოდებს. 81–ე და 82–ე თავებში ასაფი ლოცულობს იმის შესახებ, რომ ღმერთმა განაჩენი გამოუტანოს თავის მტრებსა და უსამართლო მსაჯულებს.

„ნატრობს და ელტვის კიდეც ჩემი სული უფლის ეზოებს“, — ნათქვამია კორახის ძეთა ფსალმუნში (ფსალმუნები 83:3). 84–ე თავში ამ ფსალმუნის დამწერები სთხოვენ ღმერთს, რომ აკურთხოს ტყვეობიდან გათავისუფლებული ხალხი. ამ ფსალმუნში ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ ყველაზე ფასეული სულიერი კურთხევებია. 85–ე ფსალმუნში დავითი ღმერთს ხელმძღვანელობასა და მფარველობას სთხოვს. 86–ე თავში განდიდებულია სიონი, 87–ე ფსალმუნში კი იეჰოვასადმი ლოცვაა წარმოთქმული. 88–ე ფსალმუნში ყურადღება მახვილდება იეჰოვას მიერ დავითთან დადებულ შეთანხმებაზე, რაც იეჰოვას მხრიდან წყალობის გამოვლენა იყო. ეს ფსალმუნი შედგენილია ეთანის მიერ, რომელიც შესაძლოა ერთ–ერთი იყო იმ ოთხ ბრძენ მამაკაცს შორის, რომლებიც სოლომონის დროს ცხოვრობდნენ (3 მეფეთა 4:31).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

72:9. რა გაგებით არის ბოროტებზე ნათქვამი, რომ „მათი პირი ცას მისწვდა და მათი ენა დედამიწაზე დაიარება“? ბოროტი ადამიანები არაფრად აგდებენ ზეცაში მყოფთ და დედამიწაზე მცხოვრებთ; ამიტომ ისინი ადვილად შეურაცხყოფენ ბაგეებით როგორც ღმერთს, ისე ადამიანებს.

73:13, 14. როდის ‘მიუმტვრია იეჰოვამ წყალზე თავები ურჩხულებს და გაუჭეჭყა თავი ლევიათანს’? ეგვიპტის ფარაონზე ნათქვამია, რომ ის არის „ნილოსის არხში გაწოლილი ზღვის დიდი ურჩხული“ (ეზეკიელი 29:3, აქ). შესაძლოა, ლევიათანით წარმოდგენილია ფარაონის ძლიერი ჯარი. როგორც ჩანს, ღმერთმა იმ გაგებით გაუჭეჭყა ფარაონსა და მის ჯარს თავები, რომ მათ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ისრაელების ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლებისას.

74:5, 6, 11. რას ნიშნავს „რქა“? ცხოველის რქა ძლიერ საბრძოლო იარაღს ასიმბოლოებს. აქედან გამომდინარე, „რქა“ მიანიშნებს ძალაუფლებასა და ძალაზე. იეჰოვა „აუმაღლებს რქას“ თავის ხალხს, ანუ განადიდებს მათ, ხოლო ბოროტთა „რქებს შემუსრავს“. ჩვენ გაფრთხილება გვეძლევა: „ნუ მოიმაღლებთ თქვენს რქას“. ეს იმას გულისხმობს, რომ არ უნდა ვიყოთ ამაყები და არ უნდა გვქონდეს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა. იეჰოვა კრებაში პასუხისმგებლობების დაკისრებით „აგვამაღლებს“. ამიტომ ეს უნდა მივიჩნიოთ, როგორც მისგან მომდინარე (ფსალმუნები 74:7).

75:11. როგორ შეუძლია „ადამიანის რისხვას“ განადიდოს იეჰოვა? ღმერთი უშვებს, რომ ადამიანები რისხვას ავლენდნენ ჩვენზე, როგორც ღვთის მსახურებზე, რასაც შეიძლება კარგი შედეგი მოჰყვეს. ნებისმიერი სირთულე რაღაცას გვასწავლის. სწორედ ამიტომ უშვებს იეჰოვა ჩვენს ტანჯვას (1 პეტრე 5:10). ღმერთი ადამიანის „რისხვის ნატამალს მოთოკავს“. რა შეიძლება ითქვას, თუ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება? ასეთ მდგომარეობაშიც კი შეგვიძლია იეჰოვას განდიდება; როცა სხვები ჩვენს სიმტკიცესა და ერთგულებას დაინახავენ, შეიძლება განადიდონ ღმერთი.

77:24, 25. რატომ ეწოდება მანანას „ციური პური“ და „ანგელოზთა პური“? ეს არ გულისხმობს იმას, რომ მანანა ანგელოზების საკვები იყო. ეს იყო „ზეციური პური“ (ფსალმუნები 104:40). ვინაიდან ანგელოზთა სამყოფელი ზეცაშია, გამოთქმა „ანგელოზთა პური“ გულისხმობს იმას, რომ მანანა ღვთისგან იყო, რომელიც ზეცაში მკვიდრობს (ფსალმუნები 10:4). შესაძლოა იეჰოვამ ანგელოზებიც გამოიყენა იმისათვის, რომ ისრაელები მანანით გამოეკვება.

81:1, 6. ვინ იგულისხმებიან „ღმერთებში“ და „უზენაესის ძეებში“? ამაში ისრაელი მსაჯულები იგულისხმებიან, რომლებიც ღვთის წარმომადგენლებად მსახურობდნენ (იოანე 10:33—36).

82:3. რაზე მიანიშნებს გამოთქმა „შენმა მოძულეებმა თავი წამოყვეს“? თავის წამოყოფა გულისხმობს დაჩაგვრისა და წინააღმდეგობის გაწევის მიზნით სხვების მიმართ ძალის გამოვლენას.

რას ვსწავლობთ:

72:2—5, 18—20, 25, 28. არ უნდა შეგვშურდეს ბოროტი ადამიანების კეთილდღეობის და არ უნდა მივყვეთ უღვთოთა გზას. ბოროტები მოლიპულ გზაზე დადიან. ისინი უსათუოდ „უფსკრულში გადაიჩეხებიან“. სანამ არასრულყოფილი ადამიანები მმართველობენ, შეუძლებელია ბოროტების აღმოფხვრა. ასაფის მსგავსად, ბრძნულად ვიქცევით, თუ ბოროტებას წინააღმდეგობას იმით ვუწევთ, რომ ‘ღმერთს ვუახლოვდებით’ და მასთან ახლო ურთიერთობით ვხარობთ.

72:3, 6, 8, 27. უნდა მოვერიდოთ ტრაბახს, ამპარტავნობას, დაცინვას და ტყუილის თქმას მაშინაც კი, თუ ეს, ერთი შეხედვით, ხელსაყრელია.

72:15—17. როდესაც გაურკვევლობაში ვიმყოფებით, თავი უნდა შევიკავოთ ჩვენი აზრების ხმამაღლა გაცხადებისგან. ამით მხოლოდ თავგზას ავუბნევთ სხვებს. როდესაც რაღაც გვაწუხებს, ყველაფერი უნდა ავწონ–დავწონოთ და თანამორწმუნეების დახმარებით გადავჭრათ პრობლემა (იგავები 18:1).

72:21—24. ბოროტთა მოჩვენებითი კეთილდღეობის გამო „გულის დაძმარება“ შედარებულია ცხოველის რეაქციასთან, რომელიც ინსტიქტით მოქმედებს. ასეთი რეაქცია იმპულსურია და ემოციებით არის ნაკარნახევი. ჩვენ იეჰოვას რჩევები უნდა გავითვალისწინოთ და ბოლომდე ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ღმერთს ‘უპყრია ჩვენი მარჯვენა’, ის მხარში გვიდგას. უფრო მეტიც, იეჰოვა ‘პატივით მიგვიღებს’, თუ ახლო ურთიერთობა გვექნება მასთან.

76:7. ჭეშმარიტებისადმი გულწრფელმა ინტერესმა უნდა აღგვძრას, დრო გამოვყოთ მის საგულდაგულოდ გამოსაკვლევად და მასზე დასაფიქრებლად. ამისათვის მნიშვნელოვანია, განვმარტოვდეთ.

78:9. იეჰოვა ისმენს ჩვენს ლოცვებს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი სახელის განწმენდაზე ვლოცულობთ.

80:14, 17. თუ იეჰოვას ვუსმენთ და მისი გზით დავდივართ, კურთხევებს მივიღებთ (იგავები 10:22).

81:2, 5. უსამართლობა არყევს „დედამიწის საფუძველს“. უსამართლობა ხელს უშლის საზოგადოებაში წესრიგისა და მშვიდობის დამყარებას.

83:2—5, 11—13. ფსალმუნმომღერალი აფასებდა იეჰოვას თაყვანისცემის ადგილს და ღვთისადმი მსახურებას პატივად მიიჩნევდა. ამით მან შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა.

85:5. რა სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ‘მზად არის პატიებისთვის’ (აქ [86:5]). იეჰოვა ეძებს იმის საფუძველს, რომ მომნანიე შემცოდველის მიმართ მოწყალება გამოავლინოს.

86:5, 6. ისინი, რომლებიც დედამიწაზე სამოთხეში იცხოვრებენ, ოდესმე გაიგებენ მათ სახელებს, ვინც ზეციერი ცხოვრებისთვის იქნება აღდგენილი? ამ მუხლებიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია.

87:14, 15. შესაძლოა იეჰოვა აყოვნებს ჩვენს ლოცვებზე პასუხის გაცემას. ეს შეიძლება იმას ნიშნავს, რომ იეჰოვას სურს, ერთგულება გამოვავლინოთ.

„მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი“

(ფსალმუნები 89:1—105:48)

განვიხილოთ იეჰოვას განდიდების სხვადასხვა მიზეზი, რომლებიც ფსალმუნების მეოთხე ნაწილშია მოხსენიებული. 89–ე ფსალმუნში მოსე „მარადიულობის მეფის“ არსებობას ადამიანის ხანმოკლე ცხოვრებას ადარებს (1 ტიმოთე 1:17). 90–ე ფსალმუნის მე–2 მუხლის თანახმად, მოსე იეჰოვას მიიჩნევს თავის „მფარველად და სიმაგრედ“. მომდევნო რამდენიმე ფსალმუნში საუბარია ღვთის შესანიშნავ თვისებებზე, აღმატებულ აზრებსა და საოცარ საქმეებზე. სამი ფსალმუნი ასეთი სიტყვებით იწყება: „უფალი მეფობს“ (ფსალმუნები 92:1; 96:1; 98:1). იეჰოვაზე, როგორც შემოქმედზე, საუბრისას ფსალმუნმომღერალი მოგვიწოდებს: „მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი!“ (ფსალმუნები 99:4).

როგორი უნდა იყოს ღვთისმოშიში მმართველი? ამ კითხვას პასუხს სცემს მე–100 ფსალმუნი, რომელიც მეფე დავითის შედგენილია. შემდეგ ფსალმუნში იეჰოვაზე ნათქვამია, რომ ის „მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათ ლოცვას“ (ფსალმუნები 101:18). 102–ე ფსალმუნში ყურადღება მახვილდება იეჰოვას სიკეთესა და წყალობაზე. ფსალმუნმომღერალი იეჰოვას შემოქმედებით საქმეებს გულისხმობდა, როდესაც თქვა: „რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია“ (ფსალმუნები 103:24). მეოთხე ნაწილის ბოლო ორი ფსალმუნი იეჰოვას განადიდებს მისი საოცარი საქმეების გამო (ფსალმუნები 104:2, 5; 105:7, 22).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

90:1, 2. რას ნიშნავს გამოთქმა „უზენაესის საფარქვეშ“ და როგორ შეგვიძლია იქ „დამკვიდრება“? ეს გამოთქმა სულიერ უსაფრთხოებას ანუ სულიერი ზიანისგან თავის დაცვას გულისხმობს. ამ საფარის შესახებ არაფერი იციან მათ, რომლებიც არ ენდობიან ღმერთს. იეჰოვა ჩვენი თავშესაფარი და სიმაგრე იმ შემთხვევაში იქნება, თუ განვადიდებთ მას, როგორც სამყაროს უზენაეს ხელისუფალს, და ვიქადაგებთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. ჩვენ სულიერად უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს, რადგან ვიცით, რომ იეჰოვა ყოველთვის მზად არის ჩვენს დასახმარებლად (ფსალმუნები 89:1).

91:13. რა გაგებით „გაიფურჩქნება ფინიკივით“ მართალი? ფინიკი ნაყოფიერი ხეა. მართალი ადამიანი ფინიკის პალმასთან არის შედარებული. ასეთი ადამიანი იეჰოვას თვალში პატიოსანია და „კარგი ნაყოფი“ გამოაქვს, რაც კეთილ საქმეებს გულისხმობს (მათე 7:17—20).

რას ვსწავლობთ:

89:7, 8, 13, 14. ცოდვის ჩადენით იეჰოვასთან ურთიერთობას ვიფუჭებთ. იეჰოვასგან ვერ დავმალავთ ცოდვებს. მაგრამ, თუ გულწრფელად მოვინანიებთ და მივატოვებთ ცუდ საქმეებს, კვლავ მოვიპოვებთ იეჰოვას კეთილგანწყობას — ის ‘გაგვაძღობს თავისი წყალობით’.

89:10, 12. ვინაიდან ცხოვრება ხანმოკლეა, უნდა ‘დავითვალოთ ჩვენი დღეები’. როგორ? თუ შევიძენთ „ბრძენ გულს“, ანუ გამოვავლენთ სიბრძნეს, სიცოცხლის დარჩენილი დღეები ფუჭად კი არ ჩაივლის, არამედ იეჰოვასთვის მოსაწონად. ამისათვის საჭიროა სულიერი მიზნების პირველ ადგილზე დაყენება და დროის გონივრულად გამოყენება (ეფესოელები 5:15, 16; ფილიპელები 1:10).

89:17. უნდა ვილოცოთ, რომ იეჰოვამ ‘წარმართოს ჩვენი საქმეები’ და აკურთხოს მსახურებაში ჩვენ მიერ გამოვლენილი ძალისხმევა.

91:15, 16. თუ ხანდაზმულები გულითადად შეისწავლიან იეჰოვას სიტყვას და რეგულარულად ექნებათ ღვთის ხალხთან ურთიერთობა, კვლავაც გამოიღებენ „ნაყოფს წვნიანსა და ხასხასას“, ანუ სულიერად ძლიერები იქნებიან. ისინი ფასდაუდებელ დახმარებას აღმოუჩენენ კრებას.

93:19. რა საშინელი ფიქრებიც უნდა მოგვეძალოს, ღვთის სიტყვის წაკითხვა და მასზე დაფიქრება გვანუგეშებს.

94:7, 8. თუ მოვუსმენთ და მზადყოფნით გავითვალისწინებთ ღვთის რჩევებს, გული არ გაგვიჯიუტდება (ებრაელები 3:7, 8).

105:36, 37. ამ მუხლებში კერპთაყვანისმცემლობა დემონებისადმი მსხვერპლის შეწირვასთან არის გაიგივებული. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ის, ვინც კერპებს იყენებს, დემონის გავლენის ქვეშ ექცევა. ბიბლია მოგვიწოდებს: „თავი დაიცავით კერპებისგან“ (1 იოანე 5:21).

„ალელუია!“

ფსალმუნების მეოთხე ნაწილის ბოლო სამ თავში ასეთი მოწოდებაა ჩაწერილი: „ალელუია!“ 105–ე ფსალმუნიც მსგავსი სიტყვებით იწყება (ფსალმუნები 103:35; 104:45; 105:1, 48). გამოთქმა „ალელუია“ ხშირად გვხვდება 89—105–ე ფსალმუნებში.

მართლაც, იეჰოვას განსადიდებლად უამრავი მიზეზი გვაქვს. 72—105–ე ფსალმუნები ფიქრისკენ აღგვძრავს და იეჰოვასადმი მადლიერებით გვივსებს გულებს. როდესაც ვფიქრობთ, თუ რა გააკეთა იეჰოვამ ჩვენთვის და რის გაკეთებას აპირებს მომავალში, განა არ აღვიძრებით, მთელი გულით განვადიდოთ ის!

[სურათი 10 გვერდზე]

ასაფის მსგავსად, ჩვენ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ ბოროტებას „ღმერთთან მიახლოებით“.

[სურათი 11 გვერდზე]

ფარაონმა მარცხი განიცადა წითელ ზღვაზე.

[სურათი 11 გვერდზე]

იცით, რატომ ეწოდება მანანას „ანგელოზთა პური“?

[სურათი 13 გვერდზე]

რა დაგვეხმარება მშფოთვარე ფიქრების თავიდან მოცილებაში?