არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?

ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?

ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?

მოვლენათა განვითარების ორი მხარე გვეხმარება, დავინახოთ, რომ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ. წმინდა წერილებში ნაწინასწარმეტყველებია მოვლენები, რომლებიც „ქვეყნიერების აღსასრულის“ დროს მოხდებოდა (მათე 24:3). ბიბლია ასევე მოიხსენიებს იმ ცვლილებებს, რომლებიც „ბოლო დღეებში“ მცხოვრებ ადამიანთა აზროვნებასა და მოქმედებებში მოხდებოდა (2 ტიმოთე 3:1).

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, აგრეთვე დღეს მცხოვრებ ადამიანთა თვისებები და საქციელი ადასტურებს, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ; მალე ღვთის სამეფო მარადიულ კურთხევებს მოუტანს მათ, ვისაც ღმერთი უყვარს. განვიხილოთ ბოლო დღეების ამოსაცნობი ნიშნის შემადგენელი სამი ნაწილი.

„მშობიარობის ტკივილების დასაწყისი“

იესომ თქვა: „ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება საკვების უკმარისობა და მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას. — შემდეგ მან დაამატა: ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია“ (მათე 24:7, 8). განვიხილოთ „ეს ყველაფერი“ ცალ-ცალკე.

გასულ საუკუნეში მილიონობით ადამიანი შეეწირა ომებსა და ეთნიკურ კონფლიქტებს. „მე-20 საუკუნეში სამჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა ომებში, ვიდრე პირველი საუკუნიდან მოყოლებული 1899 წლამდე“, — ნათქვამია უორლდუოჩის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ჯონათან გლოვერი თავის წიგნში „ჰუმანურობა — მეოცე საუკუნის ზნეობის ისტორია“, აღნიშნავს: „ვარაუდობენ, რომ 1900-დან 1989 წლამდე ომებმა 86 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. . . მეოცე საუკუნეში მომხდარმა ომებმა იმდენად ბევრი ადამიანი შეიწირა, რომ წარმოდგენაც კი გვიჭირს. დაღუპულთა საშუალო რიცხვი მხოლოდ სიმბოლურია, რადგან მათი ორი მესამედი (58 მილიონი) პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს იქნა მოკლული. თუ სიკვდილიანობის ამ მაჩვენებელს მთელ საუკუნეზე თანაბრად გავანაწილებთ, მაშინ ომი დღეში 2 500 ადამიანს მოუსწრაფებდა სიცოცხლეს. გამოდის, რომ 90 წლის განმავლობაში ყოველ საათში 100 ადამიანი კვდებოდა“. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ის მწუხარება და ტკივილი, რაც დაღუპულთა ახლო ნათესავებმა და მეგობრებმა განიცადეს?

მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში საკვები საკმარისად არის, ბოლო დღეების ნიშნის შემადგენელ ნაწილში საკვების უკმარისობაც შედის. მკვლევარები ამბობენ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში იმაზე მეტი საკვებია, ვიდრე ეს მოსახლეობისთვის არის საჭირო. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხალხი შიმშილობს, რადგან ბევრს არა აქვს პროდუქტების მოსაყვანად საკმარისი მიწის ნაკვეთი ან ფული საკვების შესაძენად. განვითარებად ქვეყნებში დაახლოებით 1, 2 მილიარდი ადამიანის დღიური შემოსავალი ერთი დოლარი ან უფრო ნაკლებია. მათგან 780 მილიონი ქრონიკულად შიმშილობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონი ბავშვის დაღუპვის მიზეზი ცუდი კვებაა.

რის თქმა შეიძლება ნაწინასწარმეტყველები მიწისძვრების შესახებ? შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის გამოკვლევის თანახმად, 1990 წლიდან მთელ მსოფლიოში ყოველ წელს საშუალოდ 17 დამანგრეველი მიწისძვრა ხდებოდა. წელიწადში ერთხელ მაინც ხდება ისეთი სიძლიერის მიწისძვრა, რომელიც მიწასთან ასწორებს შენობებს. „გასულ საუკუნეში მიწისძვრებმა ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“, — აღნიშნულია ერთ წყაროში. ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ 1914 წლიდან მიწისძვრის ზონებში მოსახლეობის რაოდენობამ საგრძნობლად იმატა.

სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლები

„იქნება. . . ეპიდემიები. . . ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“, — თქვა იესომ (ლუკა 21:11). მიუხედავად იმისა, რომ დღეს მედიცინამ ბევრად წაიწია წინ, კვლავაც მძვინვარებს უკვე არსებული თუ ახალი დაავადებები. ერთ დოკუმენტში ნათქვამია: „1973 წლიდან 20-მა გავრცელებულმა დაავადებამ, მათ შორის ტუბერკულოზმა, მალარიამ და ქოლერამ, კვლავ იჩინა თავი და უფრო მეტი ტერიტორიები მოიცვა; ხშირად ეს დაავადებები უფრო მძიმე ფორმებში მიმდინარეობს და წამლებისადმი რეზისტენტულია. 1973 წლიდან, სულ მცირე, 30 ახალი დაავადების გამომწვევი ვირუსი გამოჩნდა, მათ შორის აივ-ი, ებოლას ცხელება, ჰეპატიტი C და ნიპა, რომლებიც არ იკურნება“ (U.S. National Intelligence Council). „წითელი ჯვრის“ საზოგადოების მიერ 2000 წლის 28 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 1999 წელს ინფექციური დაავადებებით დაახლოებით 160-ჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე სტიქიური უბედურებებით.

„უკანონობის გამრავლება“ ბოლო დღეებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი თავისებურებაა (მათე 24:12). დღეს უმეტეს ქვეყნებში ადამიანები კარს საიმედოდ კეტავენ, ღამით კი ქუჩაში გამოსვლის ეშინიათ. რა შეიძლება ითქვას ჰაერის, წყლისა და დედამიწის დაბინძურებაზე, რაც ხშირად უკანონო ქმედებების შედეგია? ეს ბიბლიური წინასწარმეტყველების კიდევ ერთი შესრულებაა. წიგნ „გამოცხადებაში“ საუბარია ღვთის მიერ დანიშნულ დროზე, როცა ის „მოსპობს დედამიწის მომსპობთ“ (გამოცხადება 11:18).

როგორები იქნებიან ადამიანები ბოლო დღეებში?

გთხოვთ გადაშალოთ თქვენი ბიბლია და წაიკითხოთ მე-2 ტიმოთეს 3:1—5. მოციქული პავლე წერს: „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება“. შემდეგ ის მოიხსენიებს უღვთო ადამიანებისთვის დამახასიათებელ 20 თავისებურებას. არიან თქვენ გარშემო ისეთი ადამიანები, რომელთაგან ზოგს ახასიათებს ამ თვისებებიდან რომელიმე? განვიხილოთ, თუ რას ამბობს ბიბლია დღეს მცხოვრები ადამიანების შესახებ.

„საკუთარი თავის მოყვარულები“ (2 ტიმოთე 3:2). „[ადამიანები] დღეს უფრო მეტად არიან დაკავებულნი პირადი საქმეებით, ვიდრე ოდესმე. [ისინი] თავად არიან საკუთარი თავის ღმერთები და მოითხოვენ, რომ სხვებმაც განადიდონ ისინი“ (გაზეთი „ფაინენშლ ტაიმზი“, ინგლისი).

„ფულის მოყვარულები“ (2 ტიმოთე 3:2). „ბოლო დროს გამდიდრების ეგოისტური სურვილის გამო ადამიანებმა მოკრძალება დაკარგეს. თუ მდიდარი არა ხარ, შენს სიცოცხლეს აზრი არა აქვს“ (გაზეთი „ჯაკარტა პოსტი“, ინდონეზია).

„მშობლების ურჩები“ (2 ტიმოთე 3:2). მშობლები საგონებელში არიან ჩავარდნილი, როცა ხედავენ, რომ მათი ოთხი წლის ბიჭი ისე იძლევა ბრძანებებს, თითქოს [საფრანგეთის მეფე] ლუი XIV იყოს ან როცა რვა წლის ბავშვი მშობელს ეუბნება: „მეზიზღები!“ (ჟურნალი „ამერიკული განათლება“, აშშ).

„ორგულები“ (2 ტიმოთე 3:2). „ის ფაქტი, რომ [ბოლო 40 წლის განმავლობაში] მამაკაცები ადვილად ტოვებენ მეუღლეებსა და შვილებს, შეიძლება ზნეობრივი ფასეულობების რადიკალურ ცვლილებად ჩაითვალოს“ (ჟურნალი „უილსონ ქვოთერლი“, აშშ).

„თბილ გრძნობებს მოკლებულები“ (2 ტიმოთე 3:3). „მთელ მსოფლიოში ოჯახური ძალადობა საზოგადოების ძირითად პრობლემად იქცა“ (ჟურნალი „ამერიკის სამედიცინო საზოგადოება“, აშშ).

„თავშეუკავებლები“ (2 ტიმოთე 3:3). „ყოველდღიური გაზეთების პირველ გვერდებზე მითითებული სტატიების სათაურები იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანები თავშეუკავებლები არიან, უგულებელყოფენ ზნეობრივ პრინციპებს და თანაგრძნობას არ ავლენენ არა მარტო სხვების მიმართ, არამედ საკუთარი თავის მიმართაც კი. . . თუ კვლავ გაგრძელდება მსგავსი აგრესიული დამოკიდებულება, ჩვენი საზოგადოება შევა ფაზაში, სადაც ზნეობრივი პრინციპები საერთოდ აღარ იარსებებს“ (გაზეთი „ბანგკოკ პოსტი“, ტაილანდი).

„სასტიკები“ (2 ტიმოთე 3:3). „გზებზე ხშირად შეხვდებით განრისხებულ და მდგომარეობიდან გამოსულ მძღოლებს, ოჯახებში კი — ძალადობას. . . უბრალო მიზეზის გამო ატეხილი ჩხუბი შეიძლება ხშირად სერიოზულ დანაშაულში გადაიზარდოს. ძალადობის მსხვერპლი შეიძლება მოულოდნელად გახდეს ნებისმიერი ადამიანი. შედეგად ადამიანები სხვებისგან ირიყებიან და თავს დაუცველად გრძნობენ“ (გაზეთი „ბიზნეს დეი“, სამხრეთი აფრიკა).

„უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:4). „სექსუალური თავისუფლებისკენ სწრაფვა გადაიზარდა ქრისტიანული ფასეულობების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებში (ინტერნეტ-ჟურნალი „ბაუნდლესი“).

„ისინი გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე“ (2 ტიმოთე 3:5). «[ყოფილმა ნიდერლანდელმა მეძავმა] აღნიშნა, რომ [პროსტიტუციის] კანონიერად აღიარებას ძირითადად სასულიერო პირები ეწინააღმდეგებიან. მცირე პაუზის შემდეგ მან ღიმილით თქვა, რომ მის მუდმივ კლიენტებს შორის ხშირად იყვნენ რელიგიის მსახურები. „მეძავები ყოველთვის ამბობენ, რომ საუკეთესო კლიენტები სასულიერო პირები არიან“, — სიცილით დასძინა მან» (გაზეთი „ნეშნლ კათოლიკ რიპორტერი“, აშშ).

როგორი იქნება მომავალი?

როგორც ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები, დღევანდელი მსოფლიო სავსეა პრობლემებით. მიუხედავად ამისა, „[ქრისტეს] მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშნის“ შესახებ წინასწარმეტყველებას დადებითი მხარეც აქვს. „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“, — თქვა იესომ (მათე 24:3, 14). ამ ცნობის ქადაგება 230-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს. ექვს მილიონზე მეტი ადამიანი „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ აქტიურად ქადაგებს სამეფოს შესახებ ცნობას (გამოცხადება 7:9). რა შედეგი მოაქვს მათ გულმოდგინე ქადაგებას? ხალხი დედამიწის ყველა კუთხეში იგებს, თუ რა არის ღვთის სამეფო, რას გააკეთებს ის და როგორ იქნება შესაძლებელი ამ სამეფოს მეშვეობით კურთხევების მიღება. მართლაც, ‘უკანასკნელ დროს მრავლდება ჭეშმარიტი ცოდნა’ (დანიელი 12:4).

თქვენც შეგიძლიათ შეიძინოთ ჭეშმარიტი ცოდნა. დაფიქრდით, რა მოხდება, როცა სასიხარულო ცნობა იმ მასშტაბით იქნება ნაქადაგები, როგორც ამას იეჰოვა ჩათვლის საჭიროდ? იესომ თქვა: „მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ღმერთი აღმოფხვრის ბოროტებას დედამიწაზე. იგავების 2:22-ში ნათქვამია: „ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან“. რა დაემართებათ სატანასა და მის დემონებს? ისინი უფსკრულში ჩაიყრებიან, საიდანაც ვეღარ შეძლებენ ხალხის შეცდომაში შეყვანას (გამოცხადება 20:1—3). შემდეგ დედამიწაზე „მართლები. . . და უმწიკვლოები დარჩებიან“. სამეფოს მეშვეობით ისინი შესანიშნავ კურთხევებს მიიღებენ (იგავები 2:21; გამოცხადება 21:3—5).

რის გაკეთება გმართებთ?

ეჭვგარეშეა, რომ სატანის სისტემის აღსასრული ძალიან ახლოსაა. ისინი, რომლებიც უგულებელყოფენ, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ, მოუმზადებლები შეხვდებიან აღსასრულს (მათე 24:37—39; 1 თესალონიკელები 5:2). იესომ თავის მსმენელებს უთხრა: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე როგორც მახე, რადგან ის დედამიწის ყველა მცხოვრებს დაატყდება. მაშ, იფხიზლეთ და მუდამ იმის ვედრებაში იყავით, რომ თავი დააღწიოთ მოსახდენს და წარსდგეთ კაცის ძის წინაშე“ (ლუკა 21:34—36).

ქვეყნიერების აღსასრულს მხოლოდ ისინი გადაიტანენ, რომლებიც კაცის ძის, იესოს, მოწონებას დაიმსახურებენ. მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დარჩენილი დრო გონივრულად გამოვიყენოთ და იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს მოსაწონად ვიცხოვროთ! ღვთისადმი ლოცვაში იესომ თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). აქედან გამომდინარე, გონივრული იქნება, თუ უფრო მეტს გაიგებთ იეჰოვა ღმერთისა და მისი მოთხოვნების შესახებ. თქვენ მეზობლად მცხოვრები იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან ბიბლიის სწავლებებთან გაცნობაში. მთელი გულით გიწვევთ, დაუკავშირდეთ მათ ან მისწეროთ ამ ჟურნალის გამომცემლებს.

[ჩარჩო⁄სურათები 7 გვერდზე]

რა ცხადყოფს, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ?

დიდი ცვლილებები:

▪ ომები (მათე 24:6, 7).

▪ საკვების უკმარისობა (მათე 24:7).

▪ მიწისძვრები (მათე 24:7).

▪ ეპიდემიები (ლუკა 21:11).

▪ უკანონობის გამრავლება (მათე 24:12).

▪ დედამიწის მომსპობნი (გამოცხადება 11:18).

ადამიანები:

▪ საკუთარი თავის მოყვარულები (2 ტიმოთე 3:2).

▪ ფულის მოყვარულები (2 ტიმოთე 3:2).

▪ ამპარტავნები (2 ტიმოთე 3:2).

▪ მშობლების ურჩები (2 ტიმოთე 3:2).

▪ უმადურები (2 ტიმოთე 3:2).

▪ ორგულები (2 ტიმოთე 3:2).

▪ თბილ გრძნობებს მოკლებულები (2 ტიმოთე 3:3).

▪ თავშეუკავებლები (2 ტიმოთე 3:3).

▪ სასტიკები (2 ტიმოთე 3:3).

▪ სიამოვნებათა მოყვარულები (2 ტიმოთე 3:4).

▪ ვითომდა ღვთისმოსავები (2 ტიმოთე 3:5).

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები:

▪ ფლობენ ჭეშმარიტ ცოდნას (დანიელი 12:4).

▪ ქადაგებენ სასიხარულო ცნობას მთელ მსოფლიოში (მათე 24:14).

[საავტორო უფლება]

UNITED NATIONS/Photo by F. GRIFFING