არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მოიწვიეს სინედრიონი“

„მოიწვიეს სინედრიონი“

„მოიწვიეს სინედრიონი“

მღვდელმთავარი და იუდეის მმართველები საგონებელში ჩავარდნენ. მათ არ იცოდნენ, როგორ ჩაეწყნარებინათ იესო ქრისტეს გარშემო ატეხილი აურზაური. მართალია მათ იესო მოკლეს, მაგრამ მისი მოწაფეები მთელ იერუსალიმში ქადაგებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას. როგორ შეძლებდნენ ისინი მათ გაჩუმებას? ამ საკითხის გადასაჭრელად მღვდელმთავარმა და მისმა თანამზრახველებმა „მოიწვიეს სინედრიონი“, იუდეველთა უმაღლესი სასამართლო (საქმეები 5:21).

პირველ საუკუნეში ისრაელს რომაელი მმართველი პონტიუს პილატე განაგებდა. როგორი ურთიერთობა ჰქონდა სინედრიონს პილატესთან? რა უფლებამოსილებით სარგებლობდა სინედრიონი? ვინ შედიოდა მასში? და როგორ მოქმედებდა ის?

სინედრიონის წარმოშობის ისტორია

ბერძნული სიტყვა, რომელიც სინედრიონად ითარგმნა, სიტყვასიტყვით „ერთად დასხდომას“ ნიშნავს. ამ ტერმინს ზოგადად იყენებდნენ დიდი თუ პატარა შეკრებებისთვის. იუდაური ტრადიციის მიხედვით, ეს ტერმინი ძირითადად ეხებოდა იუდეველთა რელიგიურ სამართლებრივ ორგანოს ანუ სასამართლოს.

თალმუდში, რომლის შედგენაც ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურების შემდეგ საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა, სინედრიონი მოხსენიებულია როგორც უძველესი ორგანო. თალმუდის შემდგენლებს მიაჩნდათ, რომ სინედრიონში ყოველთვის შედიოდნენ სწავლულები, რომლებიც ერთად იკრიბებოდნენ და იუდეველთა კანონზე მსჯელობდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ორგანო დასაბამს მოსეს დროიდან იღებდა; მაშინ მოსემ 70 უხუცესი შეკრიბა, რათა მას ისრაელის წინამძღოლობაში დახმარებოდნენ (რიცხვები 11:16, 17). ისტორიკოსები არ ეთანხმებიან ამ აზრს. ისინი ამბობენ, რომ პირველი საუკუნის სინედრიონის მსგავსი ორგანო დაარსდა მაშინ, როცა ისრაელი სპარსეთმა დაიპყრო. ისინი იმასაც ფიქრობენ, რომ თალმუდისტთა აკადემიის მიერ სინედრიონის განმარტება ახ. წ. II-III საუკუნეებში რაბინთა შეკრებას უფრო მიესადაგება, ვიდრე თავად სინედრიონს. და მაინც, როდის დაიწყო სინედრიონმა არსებობა?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ძვ. წ. 537 წელს ბაბილონის ტყვეობიდან იუდეაში დაბრუნებულმა ისრაელებმა ეროვნული მმართველობის ორგანო დააფუძნეს. ნეემია და ეზრა მოიხსენიებენ მთავრებს, უხუცესებს, წარჩინებულებსა და მმართველებს, რომელთაც შესაძლოა საფუძველი ჩაუყარეს მომავალ სინედრიონს (ეზრა 10:8; ნეემია 5:7).

იმ პერიოდში, რომელიც გრძელდებოდა ებრაული წერილების დასრულებიდან მათეს სახარების დაწერამდე, იუდეაში არეულობა იყო. ძვ. წ. 332 წელს ალექსანდრე მაკედონელმა იუდეა დაიპყრო. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ იუდეა გადავიდა ორი ბერძნული დინასტიის — პტოლემეებისა და შემდეგ სელევკიდების — დაქვემდებარებაში. სელევკიდები იუდეაზე ძვ. წ. 198 წელს გაბატონდნენ. ცნობილია, რომ პირველად მათ მოიხსენიეს იუდეველთა სენატი. ეს საბჭო შესაძლოა დიდ ძალაუფლებას არ ფლობდა, მაგრამ იუდეველებს გარეგნულად უნარჩუნებდა თვითმმართველობის სახეს.

ძვ. წ. 167 წელს სელევკიდი მეფე ანტიოქე IV (ეპიფანე) შეეცადა, იუდეველებისთვის თავს მოეხვია ბერძნული კულტურა. მან წაბილწა იერუსალიმის ტაძარი იმით, რომ მის სამსხვერპლოზე ზევსს ღორი შესწირა. ამას მოჰყვა იუდეველთა ამბოხება. მაკაბელები გამოეყვნენ სელევკიდებს და შექმნეს ხასმონელთა დინასტია *. ამავე პერიოდში მწიგნობრებმა და ფარისევლებმა — აჯანყებულთა წინამძღოლებმა — სამღვდელო ძალაუფლების დაკარგვის ფასად საერო ძალაუფლება მოიპოვეს.

საბოლოო ჯამში, სინედრიონმა ისეთი სახე მიიღო, როგორც ეს ბერძნულ წერილებშია აღწერილი. ის უნდა ყოფილიყო ეროვნულ-ადმინისტრაციული საბჭო და უმაღლესი სამართლებრივი ორგანო, რომელიც განმარტავდა იუდეველთა კანონს.

ძალაუფლების გადანაწილება

პირველ საუკუნეში იუდეა რომის დაქვემდებარებაში შედიოდა; თუმცა იუდეველებს გარკვეული თავისუფლებაც ჰქონდათ. რომი თავის ქვეშევრდომობაში მყოფ ერებს უფლებას უტოვებდა, თავად აერჩიათ საკუთარი მთავრობა. აქედან გამომდინარე, რომის ხელისუფლების წარმომადგენლები არ ერეოდნენ ადგილობრივი სასამართლოების საქმიანობაში, რაც მათ განსხვავებული კულტურით გამოწვეული პრობლემებისგან ათავისუფლებდა. რომაელების პოლიტიკა, რომ პროვინციებში ხალხს უფლება ჰქონდა, თავიანთი წეს-ჩვეულებების მიხედვით ეცხოვრათ და საკუთარი მთავრობა ჰყოლოდათ, ხელს უწყობდა რომთან მათ მშვიდობიან და ერთგულ დამოკიდებულებას. სინედრიონის სათავეში მდგომი მღვდელმთავრის დანიშვნის ან გადაყენების და გადასახადების აკრეფის გარდა, რომაელები მხოლოდ მაშინ ერეოდნენ იუდეველთა საქმეებში, როცა საჭირო იყო მათი ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვა. გარდა ამისა, იესოს შემთხვევა ცხადყოფს, რომ სასიკვდილო განაჩენის გამოტანის უფლება რომმა, როგორც ჩანს, თავისთვის დაიტოვა (იოანე 18:31).

ასე რომ, იუდეველთა შიდა საქმეების უმეტეს ნაწილს სინედრიონი წყვეტდა. მას ჰყავდა მცველები, რომლებიც დამნაშავეებს აპატიმრებდნენ (იოანე 7:32). ქვემდგომი სასამართლო რომის ჩარევის გარეშე განიხილავდა ნაკლებად მნიშვნელოვან დანაშაულს და სამოქალაქო საქმეებს. როდესაც ქვემდგომი სასამართლო ვერ იღებდა გადაწყვეტილებას, საქმე გადაეცემოდა სინედრიონს, რომლის განაჩენიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარებოდა.

ასეთი უფლებამოსილების შესანარჩუნებლად სინედრიონს მშვიდობიანი ურთიერთობა უნდა ჰქონოდა რომთან და მხარი დაეჭირა მისთვის. მაგრამ, თუ რომაელები ფიქრობდნენ, რომ პოლიტიკურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, ისინი ერეოდნენ სასამართლო საქმეებში და სათანადო ზომებსაც იღებდნენ. ერთ-ერთი ასეთი საქმე იყო პავლე მოციქულის დაპატიმრება (საქმეები 21:31—40).

სასამართლოს წევრობა

სინედრიონში 71 ადამიანი შედიოდა — მღვდელმთავარი და ერის 70 წარჩინებული მამაკაცი. რომაელთა მმართველობის დროს სინედრიონში იყვნენ სამღვდელოების მაღალი ფენის წარმომადგენლები (ძირითადად სადუკეველები), საერო არისტოკრატია და ფარისეველი მწიგნობრები. სასამართლოში ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობდნენ დიდგვაროვანი მღვდლები, რომელთაც მხარს უჭერდნენ გამოჩენილი საერო პირები *. სადუკეველები კონსერვატორები იყვნენ, ფარისევლები კი — ლიბერალები. ფარისევლები უმთავრესად დაბალ ფენას მიეკუთვნებოდნენ და ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდნენ. ისტორიკოს იოსებ ფლავიუსის ცნობის თანახმად, სადუკეველები უხალისოდ ითვალისწინებდნენ ფარისეველთა მოთხოვნებს. პავლემ სწორედ მათ შორის არსებული დაპირისპირებითა და სწავლებებისადმი განსხვავებული დამოკიდებულებით ისარგებლა, როცა სინედრიონის წინაშე თავს იცავდა (საქმეები 23:6—9).

ვინაიდან სინედრიონი ძირითადად დიდგვაროვნებისგან შედგებოდა, მისი წევრობა მუდმივი იყო. თუ რომელიმე ადგილი გათავისუფლდებოდა, ყველა მონაწილეობდა ახალი წევრის არჩევაში. „მიშნას“ თანახმად, ახალი წევრები უნდა ყოფილიყვნენ „მღვდლები, ლევიანები და ის ისრაელები, რომელთა ქალიშვილებსაც მღვდლებზე გათხოვების უფლება ჰქონდათ“, ანუ ნებისმიერი იუდეველი, ვინც წარადგენდა გენეალოგიურ ჩანაწერებს იმის დასამტკიცებლად, რომ მისი საგვარეულო ხაზი წმინდად იყო შემონახული. და რადგან უმაღლესი სასამართლო მთელი ქვეყნის სასამართლო სისტემას განაგებდა, ლოგიკურია, რომ მამაკაცები, რომლებიც ქვემდგომ სასამართლოებში კარგი რეპუტაციით სარგებლობდნენ, სინედრიონის წევრები გახდებოდნენ.

იურისდიქცია და უფლებამოსილება

იუდეველები დიდ პატივს სცემდნენ სინედრიონს და ქვემდგომი სასამართლოს მოსამართლეები ვალდებულნი იყვნენ, დამორჩილებოდნენ სინედრიონის გადაწყვეტილებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურჩებს სიკვდილით სჯიდნენ. სინედრიონი, ძირითადად, დაინტერესებული იყო მღვდლების კვალიფიკაციით და იმ საკითხებით, რომლებიც ეხებოდა იერუსალიმს, მის ტაძარსა და თაყვანისმცემლობას. სინედრიონის სამოქალაქო იურისდიქცია მხოლოდ იუდეაზე ვრცელდებოდა. და რადგან მოსეს კანონის განმარტებასთან დაკავშირებით სინედრიონი იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას, ის მთელ მსოფლიოში მცხოვრებ იუდეველებს უდგენდა ზნეობრივ ნორმებს. მაგალითად, მღვდელმთავარმა და მისმა საბჭომ დამასკოს სინაგოგების წინამძღოლებს მითითება მისცეს, ქრისტეს მიმდევრები დაეპატიმრებინათ (საქმეები 9:1, 2; 22:4, 5; 26:12). დღესასწაულების დროს იერუსალიმში ჩასული იუდეველები, ალბათ, სინედრიონის ახალი გადაწყვეტილებების შესახებ იგებდნენ და სახლში დაბრუნებისას ოჯახის წევრებს უყვებოდნენ.

„მიშნას“ თანახმად, სინედრიონს სრული უფლებამოსილება ჰქონდა ეროვნული მნიშვნელობის საკითხებში, იმ მოსამართლეების გასასამართლებლად, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ სინედრიონის გადაწყვეტილებებს და ცრუწინასწარმეტყველების განსასჯელად. სინედრიონის წინაშე იესო და სტეფანე მკრეხელობაში დაადანაშაულეს, პეტრე და იოანე ერის მტრებად შერაცხეს, პავლეს კი ტაძრის შებღალვაში დასდეს ბრალი (მარკოზი 14:64; საქმეები 4:15—17; 6:11; 23:1; 24:6).

იესოსა და მისი მოწაფეების გასამართლება

შაბათებისა და დღესასწაულების გარდა, სინედრიონი გადაწყვეტილებების მისაღებად ყოველდღე იკრიბებოდა — დილის მსხვერპლშეწირვიდან საღამოს მსხვერპლშეწირვამდე. სასამართლო პროცესები მხოლოდ დღის საათებში იმართებოდა. ვინაიდან სასიკვდილო განაჩენი სასამართლო პროცესიდან მეორე დღეს ცხადდებოდა, ასეთი საქმის განხილვა შაბათის ან დღესასწაულების წინადღეს არ ხდებოდა. მოწმეებს მკაცრად აფრთხილებდნენ, რომ უდანაშაულო სისხლი არ დაეღვარათ. აქედან გამომდინარე, კაიაფას სახლში სასამართლო პროცესის ღამით გამართვა და დღესასწაულის წინადღეს იესოსთვის განაჩენის გამოტანა კანონის დარღვევა იყო. და რაც ყველაზე უარესი იყო, მოსამართლეებმა თავად გამოძებნეს ცრუმოწმეები და აიძულეს პილატე, რომ იესოს სიკვდილით დასჯის ბრძანება გაეცა (მათე 26:57—59; იოანე 11:47—53; 19:31).

თალმუდის თანახმად, მოსამართლეები, რომლებიც სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებულ სასამართლო საქმეებს განიხილავდნენ, ბრალდებულის დაცვის მიზნით გულდასმით და აუჩქარებლად ცდილობდნენ საქმის განხილვას. თუმცა, იესოს მსგავსად, სტეფანეს საქმე ასე არ განხილულა. სტეფანეს შემთხვევაში, სინედრიონის წინაშე თავის დაცვას მხოლოდ ის მოჰყვა, რომ ბრბომ იგი ქვებით ჩაქოლა. რომის მთავრობა რომ არ ჩარეულიყო, შესაძლოა მოციქული პავლეც მსგავსად მოეკლათ. ფაქტობრივად, სინედრიონის მოსამართლეებმა თავად მოაწყვეს შეთქმულება მის მოსაკლავად (საქმეები 6:12; 7:58; 23:6—15).

მოსამართლეთაგან, როგორც ჩანს, რამდენიმე ადამიანი მაინც იქცეოდა პატიოსნად. ახალგაზრდა იუდეველი მმართველი, რომელიც იესოს ელაპარაკა, შესაძლოა სინედრიონის წევრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა სიმდიდრემ დააბრკოლა, მას კარგი თვისებები უნდა ჰქონოდა, რადგან იესომ მოუწოდა, მისი მიმდევარი გამხდარიყო (მათე 19:16—22; ლუკა 18:18, 22).

ნიკოდემოსს, „იუდეველთა მმართველს“, როგორც ჩანს, მოსამართლეების ეშინოდა, ამიტომ ღამით მივიდა იესოსთან. მიუხედავად ამისა, ნიკოდემოსმა იესო სინედრიონის წინაშე დაიცვა. მან ჰკითხა მათ: „განა ასამართლებენ კაცს ჩვენი კანონით, თუ ჯერ მისგან არ მოისმინეს და არ გაიგეს, რას აკეთებს იგი?“. მოგვიანებით ნიკოდემოსმა მიიტანა „შეხვეული სმირნა და ალოე“, რათა იესოს სხეული დასამარხად მოემზადებინათ (იოანე 3:1, 2; 7:51, 52; 19:39).

სინედრიონის სხვა წევრმა, იოსებ არიმათიელმა, გაბედულად სთხოვა პილატეს, მიეცა იესოს სხეული და ის თავის ახალ სამარხში დაასვენა. იოსები „ღვთის სამეფოს ელოდა“, მაგრამ იუდეველების შიშით არ ამხელდა, რომ იესოს მოწაფე იყო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იოსებმა მხარი არ დაუჭირა იესოს მოსაკლავად სინედრიონის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას (მარკოზი 15:43—46; მათე 27:57—60; ლუკა 23:50—53; იოანე 19:38).

სინედრიონის კიდევ ერთმა წევრმა გამალიელმა მოსამართლეებს ურჩია, იესოს მოწაფეებისთვის თავი დაენებებინათ. „თორემ, — უთხრა მან, — შეიძლება ღვთის წინააღმდეგ მებრძოლები გამოხვიდეთ“ (საქმეები 5:34—39). რა უშლიდა ხელს სინედრიონს იმის აღიარებაში, რომ იესოსა და მის მოწაფეებს ღმერთი უჭერდა მხარს? ნაცვლად იმისა, რომ ეღიარებინათ იესოს სასწაულები, სინედრიონის წევრები ასე მსჯელობდნენ: „რა ვქნათ, ეს კაცი რომ ბევრ ნიშანს ახდენს? თავი რომ დავანებოთ, ყველა ირწმუნებს მას, მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ადგილსაც და ერსაც“ (იოანე 11:47, 48). ძალაუფლების ძლიერმა სიყვარულმა უბიძგა იუდეველ მოსამართლეებს, რომ სამართალი გაემრუდებინათ. ეს რელიგიური წინამძღოლები სიხარულის ნაცვლად ‘შურით ივსებოდნენ’, როცა იესოს მოწაფეები ხალხს კურნავდნენ (საქმეები 5:17). როგორც მსაჯულები, ისინი ღვთისმოშიში და სამართლიანები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ უმრავლესობა ქრთამს იღებდა და უსამართლოდ იქცეოდა (გამოსვლა 18:21; მეორე კანონი 16:18—20).

ღვთის მსჯავრი

იეჰოვამ საბოლოოდ უარყო ისრაელი, როგორც თავისი რჩეული ერი, რადგან ის არ დაემორჩილა ღვთის კანონს და არ მიიღო მესია. ახ. წ. 70 წელს რომაელებმა მიწასთან გაასწორეს იერუსალიმი და მისი ტაძარი, რითაც წერტილი დაესვა იუდეველთა მთელ სისტემას და, საბოლოოდ, სინედრიონსაც.

იეჰოვას მიერ დანიშნული მსაჯული, იესო ქრისტე, თავად განსაზღვრავს, პირველი საუკუნის სინედრიონის რომელი წევრი იმსახურებს აღდგენას და რომელმა შესცოდა წმინდა სულის წინააღმდეგ (მარკოზი 3:29; იოანე 5:22). შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას იესო სრულყოფილ სამართლიანობას გამოავლენს (ესაია 11:3—5).

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 მაკაბელებსა და ხასმონელებთან დაკავშირებით იხილეთ 1998 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 21—24 და 2001 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 27—30.

^ აბზ. 16 ბიბლიაში მოხსენიებულ „უფროს მღვდლებში“ იგულისხმება როგორც იმ დროს მოქმედი, ისე ყოფილი მღვდელმთავრები, და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც მომავალში მაღალ სასულიერო წოდებას მიიღებდნენ (მათე 21:23).