არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იგავები“

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იგავები“

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იგავები“

ძველი ისრაელის მეფე სოლომონმა „წარმოთქვა სამი ათასი იგავი“ (1 მეფეები 4:32). შეგვიძლია გავეცნოთ მის ბრძნულ სიტყვებს? დიახ. ბიბლიის წიგნ „იგავებში“, რომლის შედგენაც დაახლოებით ძვ. წ. 717 წელს დასრულდა, სოლომონის ბევრი იგავია შესული. მხოლოდ ბოლო ორ თავს მიაკუთვნებენ სხვებს, კერძოდ აგურ იაკეს ძეს და მეფე ლემუელს. თუმცა ზოგი ფიქრობს, რომ ლემუელი სოლომონის ერთ-ერთი სახელია.

წიგნ „იგავებში“ შესული, ღვთის მიერ შთაგონებული გამონათქვამები ემსახურება ორ მიზანს — ისინი წარმოითქვა „სიბრძნის შესაცნობად და დასარიგებლად“ (იგავები 1:2). მათი საშუალებით ვიძენთ სიბრძნეს, საკითხების ნათლად დანახვისა და პრობლემების გადასაჭრელად ცოდნის გამოყენების უნარს. იგავების საშუალებით ჩვენ ასევე ვიღებთ ზნეობრივ დარიგებებს. „იგავებში“ მოცემული რჩევების მოსმენა და გათვალისწინება გავლენას ახდენს გულზე, და ხელს უწყობს ჩვენს ბედნიერებასა და წარმატებას (ებრაელები 4:12).

„შეიძინე სიბრძნე და. . . ჩაეჭიდე დარიგებას“

(იგავები 1:1—9:18).

„ჭეშმარიტი სიბრძნე ქუჩაში გაჰყვირის“, — თქვა სოლომონმა (იგავები 1:20). რატომ უნდა მოვისმინოთ მისი მკაფიო და მაღალი ხმა? მე-2 თავში ჩამოთვლილია მრავალი დადებითი შედეგი, რაც სიბრძნის შეძენას მოაქვს. მე-3 თავში ხაზი ესმება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვასთან ახლო ურთიერთობისკენ სწრაფვა. შემდეგ სოლომონი ამბობს: „სიბრძნე უმთავრესია. შეიძინე სიბრძნე და მასთან ერთად გაგების უნარიც. ჩაეჭიდე დარიგებას და ნუ მიატოვებ“ (იგავები 4:7, 13).

რა დაგვეხმარება, თავი ავარიდოთ ქვეყნიერებაში არსებულ უზნეობას? ამ კითხვაზე „იგავების“ მე-5 თავი ასეთ პასუხს გვაძლევს: ჭკუის მოხმობა და იმის დანახვა, თუ როგორ ცდილობს ქვეყნიერება ჩვენს შეცდენას. ასევე უნდა დავფიქრდეთ, თუ რა ძვირად უჯდება ადამიანს უზნეობის ჩადენა. შემდეგ თავში ვხედავთ, თუ როგორმა საქციელმა და აზროვნებამ შეიძლება შეუქმნას საფრთხე იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას. მე-7 თავში თვალნათლივ არის ნაჩვენები, თუ როგორ მოქმედებს უზნეო ადამიანი. მე-8 თავში ლამაზად არის აღწერილი სიბრძნის ღირებულება. მე-9 თავი კი აჯამებს წინა თავებს და შთამბეჭდავი მაგალითების საშუალებით მოგვიწოდებს სიბრძნის ძიებისკენ.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

1:7; 9:10. რა გაგებითაა იეჰოვას შიში ცოდნისა და სიბრძნის „სათავე“? იეჰოვას შიშის გარეშე ვერანაირ ცოდნას ვერ მივიღებდით, რადგან ის არის ყოველივეს შემოქმედი და ბიბლიის ავტორი (რომაელები 1:20; 2 ტიმოთე 3:16, 17). ის არის ყოველგვარი ჭეშმარიტი ცოდნის წყარო. ასე რომ, ცოდნის საფუძველი იეჰოვასადმი მოკრძალებული შიშია. ღვთის შიში სიბრძნის სათავეცაა, რადგან სიბრძნისთვის აუცილებელია ცოდნა. გარდა ამისა, ადამიანი, რომელსაც არა აქვს იეჰოვას შიში, რა ცოდნასაც უნდა ფლობდეს, არასდროს გამოიყენებს მას შემოქმედის განსადიდებლად.

5:20. რატომ ეწოდება უზნეო ქალს „უცხო ქალი“? იგავების 2:16, 17-ში „უცხო ქალის“ შესახებ ნათქვამია, რომ მან „ღვთის შეთანხმებაც კი დაივიწყა“. ნებისმიერი, მათ შორის მეძავი, ვინც თაყვანს სცემდა ცრუ ღვთაებებს ან უგულებელყოფდა მოსეს კანონს, უცხოდ იწოდებოდა (იერემია 2:25; 3:13).

7:1, 2. რა იგულისხმება „ჩემს სიტყვებში“ და „ჩემს მცნებებში“? ბიბლიური სწავლებების გარდა, ეს გულისხმობს მშობლების მიერ ოჯახის წევრების საკეთილდღეოდ დადგენილ წესებს. ახალგაზრდები უნდა მიჰყვნენ ამ წესებს და, ასევე, ბიბლიურ სწავლებებს, რომლებსაც მშობლებისგან ეცნობიან.

8:30. ვინ არის „ოსტატი“? გაპიროვნებული სიბრძნე თავის თავს ოსტატს უწოდებს. გარდა იმისა, რომ ბიბლიის ამ მონაკვეთში მხატვრული ხერხით სიბრძნის თავისებურებებია გადმოცემული, გაპიროვნებული სიბრძნე მიუთითებს ღვთის მხოლოდშობილ ძეზე, იესო ქრისტეზე, დედამიწაზე მის მოსვლამდე. ადამიანად დაბადებამდე დიდი ხნით ადრე ის ღმერთმა შექმნა; ღვთის ძე „შემოქმედებითი გზის დასაწყისი“ იყო (იგავები 8:22). როგორც „ოსტატი“, ის აქტიურად თანამშრომლობდა ზეციერ მამასთან ყველაფრის შექმნაში (კოლოსელები 1:15—17).

9:17. რა იგულისხმება „მოპარულ წყალში“ და რატომ არის ის „ტკბილი“? ვინაიდან ბიბლია ქორწინებაში სექსუალურ ურთიერთობას ჭიდან წყლის სმას ადარებს, მოპარულ წყალში იგულისხმება ფარული, უკანონო სქესობრივი ურთიერთობა (იგავები 5:15—17). როდესაც სხვებისგან დაფარულია უზნეობა, ადამიანს ეჩვენება, რომ ასეთი წყალი ტკბილია.

რას ვსწავლობთ:

1:10—14. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ დავადგეთ ცოდვილთა არასწორ გზას, რომლებიც გამდიდრებას გვპირდებიან.

3:3. ჩვენ უნდა ვაფასებდეთ სიკეთესა და ჭეშმარიტებას, და ეს თვისებები ძვირფასი ყელსაბამივით შესამჩნევი უნდა იყოს სხვებისთვის. ისინი გულზეც უნდა ამოვიტვიფროთ ანუ გავითავისოთ.

4:18. ბიბლიურ ცოდნას თანდათან ეფინება ნათელი. სულიერად განათებულ გზაზე რომ ვიაროთ, თავმდაბლობა და თვინიერება უნდა შევინარჩუნოთ.

5:8. შორს უნდა ვიყოთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება უზნეობისკენ გვიბიძგოს, იქნება ეს მუსიკა, გართობა, ინტერნეტი, წიგნები თუ ჟურნალები.

5:21. განა ღირს წუთიერი სიამოვნების ფასად იეჰოვასთან ურთიერთობის გაფუჭება? რა თქმა უნდა, არა! ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებაში დაგვეხმარება იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ხედავს ჩვენს მოქმედებებს და მის წინაშე პასუხს ვაგებთ.

6:1—5. ეს მუხლები შესანიშნავ რჩევებს გვაძლევს ‘თავდებად დადგომასთან’ ანუ სხვების ნაცვლად არაგონივრული ფინანსური ვალდებულებების საკუთარ თავზე აღებასთან დაკავშირებით. თუ საკუთარი მოქმედების გულმოდგინედ აწონ-დაწონვის შემდეგ დავინახავთ, რომ არაგონივრულად მოვიქეცით, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ‘ჩვენს მოძმეს’ თხოვნით და ყველაფერი გავაკეთოთ სიტუაციის გამოსასწორებლად.

6:16—19. აქ აღწერილი შვიდი თვისება თითქმის ყველა სახის დანაშაულს მოიცავს. მათ მიმართ სიძულვილი უნდა განვივითაროთ.

6:20—24. ბიბლიაზე დაფუძნებულ აღზრდას შეუძლია დაგვიცვას სქესობრივი უზნეობის მახეში მოხვედრისგან. მშობლები არ უნდა მოეკიდონ უყურადღებოდ ასეთ აღზრდას.

7:4. უნდა შევიყვაროთ სიბრძნე და ვისწრაფოთ გაგების უნარის განვითარებისკენ.

პრაქტიკული ღირებულების მქონე იგავები

(იგავები 10:1—29:27)

სოლომონის იგავები მოკლე გამონათქვამებია. ძირითადად, ისინი წარმოდგენილია დაპირისპირებების, პარალელებისა და შედარებების სახით. ეს იგავები ბევრ რამეს გვასწავლის საქციელთან, მეტყველებასა თუ აზროვნებასთან დაკავშირებით.

თავები 10—24 ხაზს უსვამს იეჰოვასადმი მოკრძალებული შიშის მნიშვნელოვნებას. 25—29-ე თავებში მოცემული იგავები „იუდას მეფე ხიზკიას კაცებმა გადაწერეს“ (იგავები 25:1). ამ იგავებიდან ვხედავთ იეჰოვასადმი ნდობის აუცილებლობას და ვიღებთ სხვა პრაქტიკულ რჩევებს.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

10:6. რა გაგებით ‘ფარავს ძალადობას ბოროტთა ბაგეები’? ამაში შეიძლება იგულისხმებოდეს ბოროტთა მოთაფლული სიტყვები, რომლის მიღმაც ვერაგული მიზნები იმალება სხვებისთვის ზიანის მისაყენებლად. ვინაიდან ბოროტი ადამიანები სხვებს, ჩვეულებრივ, ცუდად ეპყრობიან, საპასუხო მტრული დამოკიდებულება მათ აჩუმებს. ეს მუხლი შეიძლება ამაზე მიუთითებდეს.

10:10. რატომ იწვევს ‘თვალის ჩაკვრა’ ტკივილს? „უვარგისი“ კაცი ‘უსინდისოდ ლაპარაკობს’ და ცდილობს, დამალოს თავისი მოტივები საკუთარი ჟესტებითა და მიმიკებით, მაგალითად ‘თვალის ჩაკვრით’ (იგავები 6:12, 13). ასეთმა მზაკვრულმა საქციელმა შეიძლება ადამიანს დიდი ემოციური ტკივილი მიაყენოს.

10:29. რა არის „იეჰოვას გზა“? ეს სიტყვები მიუთითებს ადამიანებისადმი იეჰოვას მოპყრობაზე და არა ცხოვრების გზაზე. ეს უდანაშაულოებისთვის უსაფრთხოებას ნიშნავს, ბოროტებისთვის კი განადგურებას.

11:31. რატომ მიეგება ბოროტს საზღაური მართალზე მეტად? აქ საზღაურში იგულისხმება დასჯა, როგორც მართლის, ისე ბოროტის. როდესაც მართალი ადამიანი სცოდავს, ის იღებს საზღაურს, ისჯება. ბოროტი ადამიანი განზრახ სცოდავს და უარს ამბობს გამოსწორებაზე. შედეგად ის იმსახურებს მკაცრ სასჯელს.

12:23. რა გაგებით ‘ფარავს კაცი ცოდნას’? ცოდნის დაფარვა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი საერთოდ არ ავლენს მას. ამაში იგულისხმება ცოდნის გონივრულად გამოვლენა, არა საჩვენებლად და სატრაბახოდ.

14:17. რატომაა „ჭკვიანი კაცი მოძულებული“? „ჭკვიანად“ ნათარგმნ ებრაულ სიტყვაში შეიძლება იგულისხმებოდეს გამჭრიახობა ან ბოროტი ზრახვა. ადამიანი, რომელსაც ბოროტება ამოძრავებს, ცხადია, სძულთ სხვებს. მაგრამ მოძულებულია გამჭრიახი ადამიანიც, რომელიც ჭკვიანურად იქცევა და არ არის „ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 15:19).

18:19. რა გაგებითაა „ძმა, რომლის წინააღმდეგაც შესცოდეს, ძლიერ ქალაქზე მეტად მიუდგომელი“? ასეთი ადამიანი, ალყაშემორტყმული ძლიერი ქალაქის მსგავსად, შეიძლება კატეგორიულად უარყოფდეს დათმობაზე წასვლას. უთანხმოება მასსა და შემცოდველს შორის შეიძლება ადვილად დაემსგავსოს აუღებელი „კოშკის ურდულს“.

რას ვსწავლობთ:

10:11—14. ჩვენი სიტყვები გამამხნევებელი რომ იყოს, საფუძვლიანი ცოდნა უნდა გვქონდეს, სიყვარული უნდა გვამოძრავებდეს და სიბრძნე უნდა გვკარნახობდეს, რა ვთქვათ და რა — არა.

10:19; 12:18; 13:3; 15:28; 17:28. სანამ რამეს ვიტყვით, უნდა დავფიქრდეთ და ძალიან ბევრი არ უნდა ვილაპარაკოთ.

11:1; 16:11; 20:10, 23. იეჰოვას სურს, რომ პატიოსნები ვიყოთ საქმიან ურთიერთობებში.

11:4. ბიბლიის პირადი შესწავლის, შეხვედრებზე დასწრების, ლოცვისა და სამქადაგებლო მსახურების ხარჯზე სიმდიდრისკენ სწრაფვა არაგონივრულია.

13:4. საკმარისი არ არის, მხოლოდ ‘გვსურდეს’ ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება ან კრებაში პასუხისმგებლობების აღება. ჩვენ მუყაითები უნდა ვიყოთ და ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ იმას, რომ მოთხოვნებს შევესაბამებოდეთ.

13:24; 29:15, 21. მზრუნველი მშობლები არ ანებივრებენ შვილს და არ ხუჭავენ თვალს მის შეცდომებზე. ორივე მშობელი გამოსასწორებელ ზომებს მიმართავს ნებისმიერი ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად, სანამ ღრმად გაიდგამს ფესვებს.

14:10. ზოგჯერ შეუძლებელია საკუთარი გრძნობების ბოლომდე გადმოცემა და არც სხვებს შეუძლიათ ყოველთვის გაგვიგონ. შესაბამისად, მათ მიერ შემოთავაზებული დახმარება სრულყოფილი ვერ იქნება. ზოგი სირთულის დროს ერთადერთი, ვისაც შეგვიძლია დავენდოთ, იეჰოვაა.

15:7. როგორც მიწათმოქმედი არ თესავს ყველა მარცვალს ერთ ადგილას, ისე ჩვენც ერთბაშად არ უნდა ვუთხრათ ადამიანს ყველაფერი, რაც ვიცით. ბრძენი ადამიანი სიბრძნეს იმ გაგებით აფრქვევს, რომ თანდათან, საჭიროებისამებრ ავლენს საკუთარ ცოდნას.

15:15; 18:14. დადებითი განწყობა დაგვეხმარება სიხარულის შენარჩუნებაში მაშინაც კი, თუ რთულ მდგომარეობაში ვართ.

17:24. „სულელისგან“ განსხვავებით, რომლის თვალები და გონებაც მნიშვნელოვან საკითხებზე არ არის კონცენტრირებული, ჩვენ უნდა ვისწრაფოთ ამა თუ იმ საკითხის გაგებისკენ, რათა შევძლოთ ბრძნულად მოქმედება.

23:6—8. სიფრთხილე გვმართებს, რომ სტუმართმოყვარეობა თვალთმაქცურად არ გამოვავლინოთ.

27:21. შექებამ შეიძლება გამოავლინოს ადამიანის ნამდვილი სახე. თუ შექება იმისკენ აღგვძრავს, რომ ვაღიაროთ იეჰოვას წინაშე ჩვენი ანგარიშვალდებულება და გავაგრძელოთ მისდამი მსახურება, ეს თავმდაბლობაზე მიუთითებს. ხოლო როცა ქების შემდეგ იმაზე ვფიქრობთ, რომ სხვებზე უკეთესები ვართ, ეს თავმდაბლობის ნაკლებობაზე მეტყველებს.

27:23—27. მეცხვარის მაგალითზე ეს იგავები ხაზს უსვამს იმას, რომ უბრალო ცხოვრებასა და გულმოდგინე შრომას კმაყოფილება მოაქვს. ამ იგავებიდან განსაკუთრებით იმას ვსწავლობთ, რომ ღმერთზე უნდა ვიყოთ მინდობილნი *.

28:5. თუ ‘ვეძებთ იეჰოვას’ ლოცვისა და ღვთის სიტყვის შესწავლის საშუალებით, ‘გავიგებთ ყველაფერს’, რაც საჭიროა მისთვის მისაღები მსახურებისთვის.

„მნიშვნელოვანი ცნობები“

(იგავები 30:1—31:31).

ბიბლიის წიგნი „იგავები“ მთავრდება ორი „მნიშვნელოვანი ცნობით“ (იგავები 30:1; 31:1). დამაფიქრებელი შედარებების საშუალებით აგურ იაკეს ძე აღწერს, რომ სიხარბეს არ მოაქვს კმაყოფილება და გვიჩვენებს, თუ როგორ შეუმჩნევლად აღწევს ცდუნების მიზნით მამაკაცი ქალიშვილის გულამდე *. „იგავების“ ეს თავი ასევე მოგვიწოდებს, რომ მოვერიდოთ მედიდურობას და შეურაცხმყოფელ ლაპარაკს.

მნიშვნელოვანი ცნობა, რომელიც ლემუილმა დედისგან მიიღო, შეიცავს რჩევებს ღვინოსა თუ სხვა მათრობელ სასმელთან და სიმართლის განსჯასთან დაკავშირებით. შემდეგ აღწერილია, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ცოლი. ეს აღწერა მთავრდება შემდეგი სიტყვებით: „მიეცით მას თავისი ხელის ნაყოფი და მისმა საქმეებმა განადიდონ იგი“ (იგავები 31:31).

შეიძინეთ სიბრძნე, მიიღეთ დარიგება, განივითარეთ ღვთის შიში, მიენდეთ იეჰოვას. „იგავებს“ ჩვენთვის უდიდესი ღირებულება აქვს. მოდი ყოველმხრივ ვეცადოთ, გამოვიყენოთ „იგავებში“ მოცემული რჩევები და საკუთარ თავზე გამოვცადოთ, რომ „ბედნიერია იეჰოვას მოშიში კაცი“ (ფსალმუნი 112:1).

[სქოლიოები]

^ აბზ. 50 იხილეთ 1991 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 31 (რუს.).

^ აბზ. 54 იხილეთ 1992 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 31 (რუს.).

[სურათები 16 გვერდზე]

იეჰოვა ყოველგვარი ჭეშმარიტი ცოდნის წყაროა.

[სურათი 18 გვერდზე]

რას ნიშნავს, რომ „ბრძენთა ბაგენი სიბრძნეს აფრქვევენ“?