არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გაიხარე შენი ახალგაზრდობის ცოლთან“

„გაიხარე შენი ახალგაზრდობის ცოლთან“

„გაიხარე შენი ახალგაზრდობის ცოლთან“

„გაიხარე შენი ახალგაზრდობის ცოლთან, რატომ უნდა გატკბობდეს, შვილო, უზნეო ქალი“?! (იგავები 5:18, 20).

1, 2. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ცოლ-ქმარს შორის რომანტიკული სიყვარული ღვთის კურთხევაა?

ბიბლია დაუფარავად ლაპარაკობს სექსუალური ურთიერთობების შესახებ. იგავების 5:18, 19-ში ნათქვამია: „კურთხეული იყოს შენი წყარო და გაიხარე შენი ახალგაზრდობის ცოლთან, საყვარელ ფურირემთან და მშვენიერ ნიამორთან. ყოველთვის გათრობდეს მისი მკერდი, მისი სიყვარულით ტკბებოდე მუდამ“.

2 აქ გამოყენებული სიტყვა „წყარო“ სქესობრივი კმაყოფილების წყაროზე მიანიშნებს. ცოლ-ქმარს შორის რომანტიკული სიყვარული და სქესობრივი ურთიერთობით მიღებული სიამოვნება ღვთის საჩუქარია. მაგრამ ასეთი ურთიერთობა მხოლოდ დაქორწინებულთა შორის არის დასაშვები. ასე რომ, ძველი ისრაელის მეფე, რომელმაც იგავები დაწერა, შემდეგ რიტორიკულ კითხვას სვამს: „რატომ უნდა გატკბობდეს, შვილო, უზნეო ქალი და რატომ უნდა ეხუტებოდე მკერდზე უცხო ქალს?!“ (იგავები 5:20).

3. ა) რა სამწუხარო ფაქტი შეინიშნება ზოგ ქორწინებაში? ბ) როგორ უყურებს ღმერთი მრუშობას?

3 ქორწინების დღეს წყვილი ერთმანეთს პირობას აძლევს, რომ ეყვარებათ ერთმანეთი და ყოველთვის უერთგულებენ ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, მრავალი ოჯახი მრუშობის გამო ინგრევა. მრავალი გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ „ცოლების 25 პროცენტსა და ქმრების 44 პროცენტს ჰქონდა ქორწინების გარეთ სქესობრივი ურთიერთობა“. მოციქულმა პავლემ თქვა: „თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავები, ვერც კერპთაყვანისმცემლები, ვერც მრუშები, ვერც ის კაცები, რომლებსაც გარყვნილებისთვის იყენებენ, ვერც მამათმავლები. . . ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“ (1 კორინთელები 6:9, 10). ამ საკითხთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს. მრუშობა ღვთის თვალში სერიოზული ცოდვაა და ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა თავი უნდა დაიცვან ცოლქმრული ღალატისგან. რა დაეხმარება ქრისტიანებს, რომ მათი „ცოლქმრობა იყოს ღირსეული და ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი“? (ებრაელები 13:4).

იცოდეთ, რომ გული ვერაგია

4. როგორ განავითარა, თავისდაუნებურად, ზოგმა დაქორწინებულმა ქრისტიანმა ქორწინების გარეთ რომანტიკული ურთიერთობა?

4 დღევანდელ ზნეობრივად გახრწნილ წუთისოფელში ადამიანებს „თვალები მრუშობით აქვთ სავსე [და] ცოდვისგან თავს ვერ იკავებენ“ (2 პეტრე 2:14). ისინი ქორწინების გარეთ ეძებენ რომანტიკულ ურთიერთობებს. ზოგ ქვეყანაში მრავალი ქალის სამუშაოზე გასვლამ ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა „სამსახურებრივი რომანებისთვის“. აგრეთვე ინტერნეტ ჩეთ-რუმების არსებობამ ყველაზე მორცხვ ადამიანებსაც კი გაუადვილა ახლო ურთიერთობების განვითარება. მრავალი დაქორწინებული გაება ამ მახეში, ისე რომ ვერც კი აცნობიერებდნენ, თუ რა ხდებოდა მათ თავს.

5, 6. როგორ აღმოჩნდა ერთი ქრისტიანი ქალი საშიშ მდგომარეობაში და რას ვსწავლობთ მისი შემთხვევიდან?

5 განვიხილოთ ერთი ქრისტიანის შემთხვევა, რომელსაც პირობითად მერის დავარქმევთ. ვნახოთ, როგორ აღმოჩნდა ის ისეთ სიტუაციაში, რომ კინაღამ სექსუალური უზნეობა ჩაიდინა. მისი მეუღლე, რომელიც იეჰოვას მოწმე არ არის, ოჯახის მიმართ სითბოს თითქმის არ ავლენდა. მერი იხსენებს, როგორ გაიცნო რამდენიმე წლის წინ მეუღლის თანამშრომელი. ეს კაცი დახვეწილი მანერებით გამოირჩეოდა და მოგვიანებით მერის რწმენითაც დაინტერესდა. მერი ამბობს: „ის ძალიან კარგი იყო და ძალიან განსხვავდებოდა ჩემი მეუღლისგან“. ცოტა ხანში მერისა და ამ კაცს შორი რომანტიკული გრძნობა განვითარდა. „მე მრუშობას არ ჩავდივარ, — ფიქრობდა ქალი, — ეს კაცი კი ბიბლიით არის დაინტერესებული. იქნებ შევძლო მისი დახმარება“.

6 სანამ ეს რომანტიკული გრძნობა მრუშობამდე მიიყვანდა, მერი გონს მოეგო (გალატელები 5:19—21; ეფესოელები 4:19). მასში სინდისმა გაიღვიძა და მანაც ზომების მიღება დაიწყო. მერის შემთხვევა ადასტურებს იმას, რომ „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია“ (იერემია 17:9). ბიბლია გვირჩევს: „ყველაზე მეტად გულს გაუფრთხილდი, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო“ (იგავები 4:23). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

„წინდახედული. . . იმალება“

7. რომელი ბიბლიური რჩევის მიყოლა დაგიცავთ, როდესაც ეხმარებით მას, ვისაც ოჯახური პრობლემები აქვს?

7 „ვინც ფიქრობს, რომ დგას, გაფრთხილდეს, რომ არ დაეცეს“, — წერდა მოციქული პავლე (1 კორინთელები 10:12). იგავების 22:3-ში ნათქვამია: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“. ნაცვლად იმისა, რომ გულდაჯერებით ვიფიქროთ: „მე ცუდი არაფერი შემემთხვევა“, გონივრულია, განვჭვრიტოთ სიტუაცია, რომელიც პრობლემების მიზეზი გახდებოდა. მაგალითად, მხოლოდ თქვენ ნუ იქნებით იმ ადამიანის მესაიდმულე, რომელსაც სერიოზული ოჯახური პრობლემები აქვს (იგავები 11:14). უთხარით მას, რომ ამ საკითხზე უმჯობესია დაელაპარაკოს საკუთარ მეუღლეს, იმავე სქესის მოწიფულ ქრისტიანს, რომელიც დაინტერესებულია მისი პრობლემის მოგვარებით, ან უხუცესს (ტიტე 2:3, 4). ამ მხრივ იეჰოვას მოწმეთა კრების უხუცესები შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ. როდესაც უხუცესი დასთან ერთი-ერთზე საუბრობს, ამას ხალხმრავალ ადგილებში აკეთებს, მაგალითად სამეფო დარბაზში.

8. სიფრთხილის რა ზომების დაცვაა მნიშვნელოვანი სამსახურში?

8 სამსახურში მოერიდეთ ისეთ სიტუაციებს, რომლებიც საპირისპირო სქესის ადამიანთან ძალიან დაგაახლოებდათ. მაგალითად, სამუშაო ადგილზე საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან დამატებითი საათების გატარებამ და ახლო თანამშრომლობამ შეიძლება ცდუნების წინაშე დაგაყენოთ. როგორც დაქორწინებულმა ადამიანმა სიტყვითა თუ საქციელით სხვებს აშკარად უნდა დაანახვოთ, რომ თქვენთვის მეუღლის გარდა სხვა პიროვნება არ არსებობს. ცხადია, თქვენ, ღვთის ერთგული მსახური, ნამდვილად არ ისურვებდით კეკლუცობით, გამომწვევი ჩაცმულობითა და ზედმეტი მაკიაჟით უმართებულო ყურადღების მიპყრობას (1 ტიმოთე 4:8; 6:11; 1 პეტრე 3:3, 4). თუ სამუშაო ადგილას მეუღლისა და ბავშვების სურათები გექნებათ, ეს ერთგვარი შეხსენება იქნება თქვენთვის და სხვებისთვის, რომ ოჯახი თქვენთვის უმნიშვნელოვანესია. არაფრით შეუწყოთ ხელი და არ დაუშვათ, რომ ვინმემ რომანტიკული გრძნობების მახეში გაგაბათ (იობი 31:1).

„დატკბი შენს საყვარელ ცოლთან“

9. რა მოვლენათა განვითარება უწყობს ხელს ახალი რომანტიკული ურთიერთობების განვითარებას?

9 გულის დასაცავად მხოლოდ სახიფათო სიტუაციების არიდება არ კმარა. ქორწინების გარეთ ვინმეს მიმართ რომანტიკული ინტერესის გაჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე არ ზრუნავს. შეიძლება ქმარი მუდმივად უგულებელყოფს ცოლს, ცოლი კი გამუდმებით აკრიტიკებს ქმარს. მოულოდნელად ცოლის ან ქმრის ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, — იქნება ეს სამსახურში თუ ქრისტიანულ კრებაშიც კი — რომელსაც თითქოს სწორედ ის თვისებები აქვს, რომლებიც მეუღლეს არა აქვს. შემდეგ ეს ურთიერთობა ისეთ სტადიაში გადადის, რომ ახლად წარმოქმნილი გრძნობისთვის წინააღმდეგობის გაწევა თითქმის შეუძლებელი ხდება. მოვლენების ასეთი განვითარება ადასტურებს ბიბლიის სიტყვების ჭეშმარიტებას: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას“ (იაკობი 1:14).

10. როგორ შეუძლიათ ცოლ-ქმარს ერთმანეთთან ურთიერთობის განმტკიცება?

10 იმის ნაცვლად, რომ მეუღლეებმა ქორწინების გარეთ ეძებონ სითბო, მეგობრობა თუ რთული სიტუაციების დროს მხარდაჭერა, საჭიროა ძალისხმევა არ დაიშურონ, ერთმანეთისადმი სიყვარულის განსამტკიცებლად. აუცილებელია მეუღლეებმა დრო ერთად გაატარონ და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ. გაიხსენეთ, რატომ შეგიყვარდათ ეს ადამიანი. ეცადეთ, კვლავ იგრძნოთ მეუღლისადმი ის სითბო, რომელსაც მის მიმართ ერთ დროს გრძნობდით. გაიხსენეთ, ერთად გატარებული სასიამოვნო დრო. დახმარებისათვის იეჰოვას მიმართეთ ლოცვით. ფსალმუნმომღერალი დავითი იეჰოვას ევედრებოდა: „სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო, და ახალი, მტკიცე სული ჩამიდგი“ (ფსალმუნი 51:10). მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი, ‘დატკბეთ თქვენს საყვარელ ცოლთან ცხოვრებით მთელი სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა მოგცათ მზის ქვეშ’ (ეკლესიასტე 9:9).

11. რა როლს ასრულებს ოჯახური კვანძების განმტკიცებაში ცოდნა, სიბრძნე და გამჭრიახობა?

11 ცოდნა, სიბრძნე და გამჭრიახობა ოჯახურ კვანძებს განამტკიცებს. იგავების 24:3, 4-ში ნათქვამია: „სიბრძნით აშენდება ოჯახი და გამჭრიახობით განმტკიცდება იგი. ცოდნა აავსებს შიდა ოთახებს მშვენიერი და ძვირფასი ნივთებით“. ოჯახი ბედნიერი რომ იყოს, საჭიროა ისეთი თვისებების გამოვლენა, როგორიცაა: სიყვარული, ერთგულება, ღვთისმოშიშება და რწმენა. ამ თვისებათა განსავითარებლად კი აუცილებელია ღვთის შემეცნება. ამიტომ დაქორწინებული წყვილი სერიოზულად უნდა მოეკიდოს ბიბლიის შესწავლას. რამდენად მნიშვნელოვანია სიბრძნე და გამჭრიახობა? ყოველდღიურ პრობლემებს რომ გავუმკლავდეთ, საჭიროა სიბრძნე ანუ ბიბლიური ცოდნის გამოყენება. გამჭრიახი ადამიანი უსიტყვოდ ხვდება მეუღლის ფიქრებსა თუ გრძნობებს (იგავები 20:5). იეჰოვა ღმერთი სოლომონის მეშვეობით ამბობს: „შვილო, ყური მოაპყარი ჩემს სიბრძნეს, მისმინე და გამჭრიახობას შეგძენ“ (იგავები 5:1).

„გასაჭირის“ ჟამს

12. რატომ არ არის გასაკვირი, რომ ცოლ-ქმარს შეიძლება პრობლემები ჰქონდეთ?

12 სრულყოფილი ოჯახი არ არსებობს. ბიბლია იმასაც კი ამბობს, რომ დაქორწინებულებს „ხორციელი გასაჭირი ექნებათ“ (1 კორინთელები 7:28). ოჯახურ ცხოვრებას სირთულეს უქმნის საზრუნავი, ავადმყოფობა, დევნა და სხვა ფაქტორები. მაგრამ პრობლემების წამოჭრისას აუცილებელია ერთად ეძებოთ გამოსავალი, როგორც ერთგულმა წყვილმა, რომელსაც სურს, იეჰოვას ასიამოვნოს.

13. რა საკითხებში მართებს ცოლ-ქმარს საკუთარი თავის გამოკვლევა?

13 რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, თუ ქორწინებაში პრობლემას ცოლ-ქმრის ერთმანეთისადმი დამოკიდებულება ქმნის? პრობლემის გადასაჭრელად ძალისხმევაა საჭირო. მაგალითად, შეიძლება ცოლ-ქმარი თავიდან ერთმანეთს უხეშად მიმართავდა, შემდეგ კი ეს ჩვევაში გადაუვიდათ (იგავები 12:18). როგორც წინა სტატიაში იყო ნათქვამი, ამან შეიძლება ცუდი შედეგები გამოიღოს. ბიბლიაში ნათქვამია: „უდაბნოში ცხოვრება სჯობია ანჩხლ ცოლთან სიმწარეში ცხოვრებას“ (იგავები 21:19). თუ გათხოვილი ქალი ხართ და ოჯახში მსგავსი პრობლემა გაქვთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ჩემი ხასიათის გამო ხომ არ უჭირს მეუღლეს ჩემთან ყოფნა? ბიბლია ქმრებს ურჩევს: „ქმრებო, გიყვარდეთ ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ“ (კოლოსელები 3:19). თუ დაქორწინებული მამაკაცი ხართ, საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: „ცოლის მიმართ ჩემი ცივი დამოკიდებულება ხომ არ უბიძგეს მას, რომ ნუგეში სხვაგან ეძებოს?“ რა თქმა უნდა, სექსუალურ უზნეობას გამართლება არა აქვს. მაგრამ ის, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, მეუღლეებს იმის კარგ საფუძველს აძლევს, რომ პრობლემებზე გულახდილად ისაუბრონ.

14, 15. რატომ არ არის სწორი, თუ ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად ადამიანი გამოსავლის ძებნას ქორწინების გარეთ იწყებს?

14 ოჯახურ პრობლემას ვერ გადაჭრით, თუ ნუგეშს ქორწინების გარეთ ეძებთ. რას მოგიტანთ ასეთი ურთიერთობა? ახალ და უკეთეს ქორწინებას? ზოგი შეიძლება ასე ფიქრობდეს. ისინი შეიძლება მსჯელობენ: „ბოლოს და ბოლოს ამ ადამიანს სწორედ ის თვისებები აქვს, რაც მინდა, რომ ჩემს მეუღლეს ჰქონდეს“. მაგრამ ასეთი აზროვნება მცდარია, რადგან ყველა, ვინც თავის მეუღლეს ტოვებს ან სხვას უბიძგებს ამის გაკეთებისკენ, ქორწინების სიწმინდისადმი დიდ უპატივცემულობას ავლენს. არაგონივრულია იმის მოლოდინი, რომ ასეთი ურთიერთობების შედეგად უკეთეს ოჯახს შექმნით.

15 ზემოთ მოხსენიებული მერი სერიოზულად დაფიქრდა, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა მის მოქმედებას; ის ფიქრობდა იმაზეც, რომ ამგვარად საკუთარ თავსა თუ სხვა ადამიანს ღვთის კეთილგანწყობას დააკარგვინებდა (გალატელები 6:7). მერი ყვება: „როგორც კი დავიწყე მეუღლის თანამშრომლის მიმართ საკუთარი გრძნობების გამორკვევა, მივხვდი, რომ ამ კაცს რწმენის განვითარების შანსიც რომ ჰქონოდა, ჩემი მოქმედებით მე ამ შანსს წავართმევდი. ცუდი საქციელი საშინელ გავლენას მოახდენდა ყველაზე, ვისაც ეს ეხებოდა, და მათ დააბრკოლებდა“ (2 კორინთელები 6:3).

ყველაზე მეტად, რა გვიბიძგებს სწორი მოქმედებისკენ?

16. რა შედეგები მოაქვს უზნეობას?

16 ბიბლია გვაფრთხილებს: „როგორც ფიჭას, ისე სდის უზნეო ქალს ბაგეებიდან თაფლი, და გაზეთილი აქვს სასა, შედეგი კი აბზინდასავით მწარე იქნება, ორლესული მახვილივით ბასრი“ (იგავები 5:3, 4). უზნეობას შედეგად ტკივილი მოაქვს და მან შეიძლება სიცოცხლეც კი დააკარგვინოს ადამიანს. უზნეობის შედეგებს შორის არის: სინდისის ქენჯნა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და ემოციური ტრავმა მეუღლისა, ვისაც უღალატეს. ნამდვილად, ეს საფუძვლიანი მიზეზებია იმისათვის, რომ ადამიანმა თავი აარიდოს ყველაფერს, რაც ცოლქმრულ ღალატამდე მიიყვანდა.

17. რა არის უმთავრესი მიზეზი იმისთვის, რომ ცოლ-ქმარმა ერთმანეთისადმი ერთგულება შეინარჩუნოს?

17 უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ცოლქმრული ღალატი არასწორია, არის ის, რომ მას გმობს იეჰოვა, ქორწინების დამფუძნებელი და სქესობრივი უნარის მომცემი. წინასწარმეტყველ მალაქიას მეშვეობით, ის ამბობს: „მოვალ თქვენთან, რომ გაგასამართლოთ. . . მრუშთა“ გამო (მალაქია 3:5). იგავების 5:21-ში ნათქვამია: „კაცის გზები ხომ იეჰოვას თვალწინაა და ის აკვირდება მის ბილიკებს“. დიახ, „ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ“ (ებრაელები 4:13). ცოლქმრული ერთგულების დასაცავად ყველაზე მეტად იმის გაცნობიერება უბიძგებს ადამიანს, რომ სექსუალური უზნეობა იეჰოვასთან ურთიერთობას უფუჭებს მას, თუმცა ამ უზნეობის შესახებ შეიძლება სხვებმა არაფერი იცოდნენ ან ამით მიყენებული ფიზიკური ტკივილი უმნიშვნელო იყოს და საზოგადოებაც ამას შემწყნარებლურად უყურებდეს.

18, 19. რას ვსწავლობთ იმ შემთხვევიდან, რომელიც იოსებს პოტიფარის ცოლთან გადახდა?

18 პატრიარქ იაკობის ძის, იოსების, მაგალითი ცხადყოფს, რომ ღმერთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების სურვილს დიდი ძალა აქვს. იოსებმა პოტიფარის, ფარაონის სამეფო კარის მოხელის, კეთილგანწყობა დაიმსახურა, რის გამოც მას პოტიფარის სახლში საპატიო ადგილი ეჭირა. ის აგრეთვე „ტანად და თვალად მშვენიერი კაცი“ იყო, რაც პოტიფარის ცოლს შეუმჩნეველი არ დარჩენია. ქალი ყოველდღე ცდილობდა იოსების შეცდნას, მაგრამ ამაოდ. რატომ უწევდა იოსები მას წინააღმდეგობას? ბიბლია გვეუბნება: «[იოსები] უარს ეუბნებოდა თავისი ბატონის ცოლს: „ამ სახლში ჩემს ბატონს. . . შენ გარდა არაფერი დაუკავებია ჩემთვის, რადგან მისი ცოლი ხარ. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?!“ » (დაბადება 39:1—12).

19 იოსებმა, რომელიც დაქორწინებული არ იყო, ზნეობრივი სისუფთავე შეინარჩუნა და სხვა კაცის ცოლთან სქესობრივი უზნეობა არ ჩაიდინა. იგავების 5:15 დაქორწინებულ მამაკაცებს ეუბნება: „წყალი შენი წყაროდან და შენი ჭიდან სვი“. უფრთხილდით ქორწინების გარეთ რომანტიკული გრძნობის უნებლიედ გაჩენის შესაძლებლობასაც კი. ძალ-ღონეს ნუ დაიშურებთ ცოლქმრული სიყვარულის განსამტკიცებლად და, როგორი პრობლემაც უნდა წარმოიქმნას ოჯახში, ეცადეთ, მოაგვაროთ ის. ნებისმიერ შემთხვევაში, ‘გაიხარეთ თქვენი ახალგაზრდობის ცოლთან’ (იგავები 5:18).

რა ისწავლეთ?

• როგორ შეიძლება ქრისტიანი უნებლიედ მოხვდეს რომანტიკული გრძნობის ტყვეობაში?

• რა წინასწარი ზომების მიღება დაეხმარება ადამიანს, რომ ქორწინების გარეთ რომანტიკული გრძნობა არ განუვითარდეს?

• რა უნდა გააკეთოს წყვილმა, როდესაც პრობლემები წამოეჭრებათ?

• რომელი უმთავრესი მიზეზის გამო უნდა შეინარჩუნოს ცოლ-ქმარმა ერთმანეთისადმი ერთგულება?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 26 გვერდზე]

სამწუხაროდ, სამუშაო ადგილი შეიძლება „სამსახურებრივი რომანისთვის“ ნაყოფიერი ნიადაგი აღმოჩნდეს.

[სურათი 28 გვერდზე]

„ცოდნა აავსებს შიდა ოთახებს მშვენიერი. . . ნივთებით“.