არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რწმენა და ღვთის შიში გამბედაობას გვმატებს

რწმენა და ღვთის შიში გამბედაობას გვმატებს

რწმენა და ღვთის შიში გამბედაობას გვმატებს

„გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი . . . შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი“ (იესო ნავეს ძე 1:9).

1, 2. ა) თუ ადამიანური თვალსაზრისით შევხედავთ, რატომ არ ჰქონდათ ისრაელებს გამარჯვების შანსი? ბ) რაში დაარწმუნა იეჰოვამ იესო ნავეს ძე?

ძველი წელთაღრიცხვით 1473 წელს ისრაელები აღთქმულ მიწაზე შესასვლელად ემზადებოდნენ. მათ წინ სირთულეები ელოდათ. ამიტომ მოსემ ისრაელს შეახსენა: „დღეს კვეთ იორდანეს, რათა შეხვიდე და განდევნო შენზე დიდი და ძლიერი ხალხები ცამდე აწვდილი და გამაგრებული ქალაქებიდან, ხალხი, დიდი და მაღალი, ანაკიმთა ძეები . . . ვისზეც გსმენია, ვინ დაუდგება წინ ანაკის ძეებსო“ (მეორე კანონი 9:1, 2). ეს ბუმბერაზი მეომრები ყველას შიშის ზარს სცემდნენ. გარდა ამისა, ქანაანელებს ჰყავდათ კარგად შეიარაღებული ჯარი ცხენებითა და საომარი ეტლებით, რომლებსაც ბორბლებზე დანები ჰქონდა (მსაჯულები 4:13).

2 რაც შეეხება ისრაელებს, ისინი ყოფილი მონები იყვნენ და ბოლო 40 წლის მანძილზე უდაბნოში ცხოვრობდნენ. ამიტომ ადამიანური თვალსაზრისით შეუძლებელი ჩანდა, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ. მიუხედავად ამისა, მოსეს ჰქონდა რწმენა. ის „ხედავდა“, რომ ისრაელებს იეჰოვა მიუძღოდა წინ (ებრაელები 11:27). მოსემ ხალხს უთხრა: „იეჰოვა, შენი ღმერთი შენზე წინ გადავა . . . მოსპობს მათ და შენ წინაშე დაიმორჩილებს“ (მეორე კანონი 9:3; ფსალმუნები 33:16, 17). მოსეს სიკვდილის შემდეგ იეჰოვამ იესო ნავეს ძე დაარწმუნა, რომ მხარს დაუჭერდა: „ადექი, გადაკვეთეთ იორდანე შენ და მთელმა ამ ხალხმა და შედით მიწაზე, რომელსაც ისრაელის ძეებს ვაძლევ. ვერავინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე. როგორც მოსესთან ვიყავი, ისევე ვიქნები შენთან“ (იესო ნავეს ძე 1:2, 5).

3. რა ეხმარებოდა იესო ნავეს ძეს რწმენისა და გაბედულების გამოვლენაში?

3 იეჰოვას მხარდაჭერისა და ხელმძღვანელობის მისაღებად იესო ნავეს ძეს უნდა ეკითხა ღვთის სიტყვა, ეფიქრა მასზე და შესაბამისად ეცხოვრა. იეჰოვამ მას უთხრა: „მაშინ წარგემართება გზა და მაშინ იმოქმედებ ბრძნულად. ხომ გიბრძანე, გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი-მეთქი! ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები, რადგან სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი“ (იესო ნავეს ძე 1:8, 9). იესო ნავეს ძე მიჰყვებოდა ღვთის რჩევას, ამიტომ გაბედული, მტკიცე და წარმატებული იყო. მაგრამ მის თანამედროვეთაგან უმეტესობა არ უსმენდა იეჰოვას. შედეგად, მათ არ ჰქონდათ იეჰოვას კურთხევები; საბოლოოდ, ისინი უდაბნოში დაიხოცნენ.

რწმენის გარეშე ვერ ვიქნებით გაბედულნი

4, 5. ა) რით განსხვავდებოდა იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის განწყობა დანარჩენი ათი მზვერავის განწყობისგან? ბ) რას გრძნობდა იეჰოვა, როდესაც ისრაელები რწმენას არ ავლენდნენ?

4 ორმოცი წლით ადრე, როდესაც ისრაელები პირველად მიუახლოვდნენ ქანაანს, მოსემ 12 კაცი გაგზავნა ქვეყნის დასაზვერად. მათგან ათი შეშინებული დაბრუნდა. ისინი ამბობდნენ: „ვინც კი ვნახეთ, ყველანი ბუმბერაზები არიან. ვნახეთ ნეფილიმები, ანაკის ვაჟები, ნეფილიმთა შთამომავლები. კალიები გვეგონა ჩვენი თავი“. თუ არ ჩავთვლით ანაკის ვაჟებს, მართლა ბუმბერაზი იყო ყველა? არა. ნამდვილად წარღვნამდე მცხოვრები ნეფილიმების შთამომავლები იყვნენ ანაკის ვაჟები? რა თქმა უნდა, არა. მიუხედავად ამისა, ასეთი გაზვიადების გამო ბანაკი შიშმა მოიცვა. ხალხმა ეგვიპტეში დაბრუნებაც კი მოინდომა, სადაც მონები იყვნენ (რიცხვები 13:31—14:4).

5 მაგრამ ორ მზვერავს, იესო ნავეს ძესა და ქალებ იეფუნეს ძეს, ძლიერ სურდათ აღთქმულ მიწაზე შესვლა. ისინი ამბობდნენ: „[ქანაანელები] ერთი ლუკმა არიან ჩვენთვის. მათ დაკარგეს თავშესაფარი, ჩვენთან კი იეჰოვაა. ნუ გეშინიათ მათი“ (რიცხვები 14:9). უსაფუძვლო იყო იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის ოპტიმიზმი? არავითარ შემთხვევაში. დანარჩენ ისრაელებთან ერთად მათ საკუთარი თვალით ნახეს, თუ როგორ დაამდაბლა იეჰოვამ ათი სასჯელის მეშვეობით ძლიერი ეგვიპტე და მათი ღვთაებები. შემდეგ მათ იხილეს, როგორ გაანადგურა იეჰოვამ ფარაონი და მისი ჯარი წითელ ზღვაში (ფსალმუნები 136:15). ცხადია, ათი მზვერავისა და მათ გავლენაში მოქცეული ისრაელების შიშს არავითარი გამართლება არ ჰქონდა. იეჰოვამ თავისი გულისტკივილი შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ამდენი ნიშანი მოვახდინე მათ შორის და როდემდე არ უნდა მერწმუნონ?!“ (რიცხვები 14:11).

6. რა კავშირშია გამბედაობა და რწმენა ერთმანეთთან და როგორ ვლინდება დღეს ეს?

6 იეჰოვამ გამოაშკარავა პრობლემის მთავარი მიზეზი — შიში რწმენის ნაკლებობამ გამოიწვია. რწმენა და გამბედაობა იმდენად მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რომ მოციქულმა იოანემ ქრისტიანული კრების სულიერ ბრძოლასთან დაკავშირებით აღნიშნა: „ჩვენი რწმენით გავიმარჯვეთ და ვძლიეთ ქვეყნიერებას“ (1 იოანე 5:4). დღეს იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის მსგავსი რწმენის შედეგია ის, რომ მთელ მსოფლიოში ექვს მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმე — ახალგაზრდა თუ ხანდაზმული, ძლიერი თუ სუსტი — სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ქადაგებს. ვერც ერთი მოწინააღმდეგე ვერ აჩერებს ამ სულიერ ბრძოლაში ჩაბმულ ძლიერ და გაბედულ ლაშქარს (რომაელები 8:31).

ნუ დაიხევთ უკან

7. რას ნიშნავს „უკან დახევა“?

7 იეჰოვას მსახურები დღეს გაბედულად ქადაგებენ სასიხარულო ცნობას, რადგან ისეთივე განწყობა აქვთ, როგორიც პავლე მოციქულს ჰქონდა. მან დაწერა: „ჩვენ იმათ არ ვგავართ, ვინც უკან იხევს დასაღუპავად, არამედ რწმენა გვაქვს სულის ცოცხლად შესანარჩუნებლად“ (ებრაელები 10:39). „უკან დახევა“ არ ნიშნავს შიშის მომენტალურად განცდას. ღვთის ბევრ ერთგულ მსახურს დროდადრო ეუფლება ასეთი გრძნობა (1 სამუელი 21:12; 1 მეფეები 19:1—4). ერთი ბიბლიური ლექსიკონის თანახმად, ეს ფრაზა ნიშნავს „გაცლას, ჩამოშორებას“, „ჭეშმარიტებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას“. ეს ლექსიკონი დასძენს, რომ „უკან დახევა“ შეიძლება გამოყენებული იყოს მეტაფორად, რომელიც გულისხმობს „აფრის დაშვებას და სვლის შენელებას“ ღვთის მსახურებასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, მათ, ვისაც ძლიერი რწმენა აქვთ, არც კი ფიქრობენ „სვლის შენელებაზე“, როდესაც სირთულეების წინაშე დგებიან — იქნება ეს დევნა, ავადმყოფობა თუ სხვა განსაცდელი. ნაცვლად ამისა, ისინი წინ მიიწევენ იეჰოვას მსახურებაში. ღვთის მსახურები დარწმუნებულები არიან, რომ იეჰოვა სიყვარულით ზრუნავს და ესმის მათი მდგომარეობა (ფსალმუნები 55:22; 103:14). თქვენც გაქვთ ასეთი რწმენა?

8, 9. ა) როგორ განუმტკიცა რწმენა იეჰოვამ პირველი საუკუნის ქრისტიანებს? ბ) ჩვენ როგორ შეგვიძლია განვიმტკიცოთ რწმენა?

8 ერთხელ მოციქულებმა იგრძნეს, რომ რწმენა აკლდათ. ამიტომ მათ იესოს უთხრეს: „რწმენა განგვიმტკიცე“ (ლუკა 17:5). მათი გულწრფელი თხოვნა შესრულდა. ამ მხრივ განსაკუთრებული იყო ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაული, როდესაც დაპირებისამებრ მოწაფეებზე წმინდა სული გადმოვიდა და, შედეგად, უფრო მეტად ჩაწვდნენ ღვთის სიტყვასა და განზრახვას (იოანე 14:26; საქმეები 2:1—4). მოწაფეებს რწმენა გაუძლიერდათ, მათ განაახლეს ქადაგება და, წინააღმდეგობის მიუხედავად, სასიხარულო ცნობა „ექადაგა ყველა ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლოსელები 1:23; საქმეები 1:8; 28:22).

9 იმისათვის, რომ შევძლოთ რწმენის განმტკიცება და მსახურების აქტიურად გაგრძელება, უნდა ვსწავლობდეთ ღვთის სიტყვას, ვფიქრობდეთ მასზე და ლოცვაში ვთხოვდეთ ღმერთს წმინდა სულს. იესო ნავეს ძის, ქალებ იეფუნეს ძისა და პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება რწმენა, თუ ღვთის ჭეშმარიტებას გულსა და გონებაში ჩავიბეჭდავთ. ასეთი რწმენა შეგვმატებს გაბედულებას, რისი დახმარებითაც შევძლებთ მოთმინების გამოვლენას და სულიერ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვებას (რომაელები 10:17).

რწმენა უფრო მეტია, ვიდრე მრწამსი

10. რა არის საჭირო ნამდვილი რწმენისთვის?

10 როგორც ძველ დროში მცხოვრები უმწიკვლობის დამცველთა მაგალითები გვიჩვენებს, იმისათვის, რომ გვქონდეს გაბედულებისა და მოთმინების გამოსავლენად საჭირო რწმენა, საკმარისი არ არის, გვწამდეს ღმერთი (იაკობი 2:19). აუცილებელია, ახლოს გავეცნოთ იეჰოვას თვისებებს და სრული ნდობა განვივითაროთ მის მიმართ (ფსალმუნები 78:5—8; იგავები 3:5, 6). ასევე უნდა გვჯეროდეს, რომ ღვთის კანონებითა და პრინციპებით ცხოვრება ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება (ესაია 48:17, 18). გარდა ამისა, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა შეასრულებს ყველა თავის დანაპირებს და ‘დააჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს’ (ებრაელები 11:1, 6; ესაია 55:11).

11. როგორ აკურთხა იეჰოვამ იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე რწმენისა და გაბედულებისთვის?

11 ასეთ რწმენას განვითარება სჭირდება. ჩვენი რწმენა ძლიერდება, როდესაც ვცხოვრობთ ჭეშმარიტების თანახმად, საკუთარ თავზე განვიცდით ამ გზით სიარულის დადებით შედეგებს, ვხედავთ ჩვენს ლოცვებზე პასუხს და ვგრძნობთ იეჰოვას ხელმძღვანელობას (ფსალმუნები 34:8; 1 იოანე 5:14, 15). იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის რწმენა, უეჭველია, უფრო და უფრო ძლიერდებოდა, როდესაც გრძნობდნენ ღვთის ძლიერ ხელს (იესო ნავეს ძე 23:14). მაგალითად, დაფიქრდით: ღვთის დაპირებისამებრ ისინი გადაურჩნენ უდაბნოში 40-წლიან მძიმე პერიოდს (რიცხვები 14:27—30; 32:11, 12). ღვთის ეს მსახურები აქტიურად მონაწილეობდნენ ქანაანის დაპყრობაში, რაც ექვსი წლის მანძილზე გრძელდებოდა. ისინი ღმერთმა აკურთხა კარგი ჯანმრთელობითა და დღეგრძელი ცხოვრებით და, საბოლოოდ, მათ მიიღეს აღთქმული მემკვიდრეობა. დიახ, იეჰოვა აკურთხებს ყველას, ვინც მას ერთგულად და გაბედულად ემსახურება! (იესო ნავეს ძე 14:6, 9—14; 19:49, 50; 24:29).

12. რა გაგებით განადიდებს იეჰოვა თავის სიტყვას?

12 იესო ნავეს ძისა და ქალებ იეფუნეს ძის მიმართ გამოვლენილი სიკეთე გვახსენებს ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „შენ განადიდე შენი სიტყვა შენს სახელზე მეტად“ (ფსალმუნები 138:2). იეჰოვას სახელი იძლევა მისი სიტყვის შესრულების გარანტიას. და ეს სიტყვა ანუ დანაპირები „განდიდებულია“ იმ გაგებით, რომ მისი შესრულება ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს (ეფესოელები 3:20). დიახ, იეჰოვა არასდროს გაუცრუებს იმედს მათ, ვინც ‘ნეტარებას ჰპოვებს მასში’ (ფსალმუნები 37:3, 4).

ადამიანი, რომელმაც „ღმერთს ასიამოვნა“

13, 14. რატომ საჭიროებდა ენოქი რწმენასა და გამბედაობას?

13 რწმენისა და გაბედულების შესახებ ბევრს ვისწავლით, თუ დავფიქრდებით ქრისტიანობამდე მცხოვრებ კიდევ ერთ სამაგალითო ადამიანზე — ენოქზე. ჯერ კიდევ მანამ, სანამ წინასწარმეტყველებას დაიწყებდა, ენოქმა, როგორც ჩანს, იცოდა, რომ მისი რწმენა და გამბედაობა გამოიცდებოდა. საიდან უნდა სცოდნოდა მას ეს? იეჰოვას ედემის ბაღში ნათქვამი ჰქონდა, რომ მტრობა, ანუ სიძულვილი, იარსებებდა ღვთის მსახურებსა და სატანა ეშმაკის მსახურებს შორის (დაბადება 3:15). აგრეთვე ენოქმა იცოდა, რომ ასეთი სიძულვილი კაცობრიობის ისტორიის დასაწყისშივე გამოვლინდა, როდესაც კაენმა მოკლა თავისი ძმა, აბელი. მათმა მამამ, ადამმა, ენოქის დაბადების შემდეგ დაახლოებით 310 წელი იცოცხლა (დაბადება 5:3—18).

14 ყველაფრის მიუხედავად, ენოქი გაბედულად „დადიოდა ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად“ და გმობდა ღვთის წინააღმდეგ ნათქვამ „აღმაშფოთებელ სიტყვებს“ (დაბადება 5:22; იუდა 14, 15). ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ასე უშიშრად დაცვამ ენოქს, როგორც ჩანს, ბევრი მტერი გაუჩინა, რის გამოც მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო. იეჰოვამ დაიცვა თავისი წინასწარმეტყველი ­ტანჯვით სიკვდილისგან. მას შემდეგ, რაც „დამოწმება მიიღო, რომ ღმერთს ასიამოვნა“, იეჰოვამ ის „გადაიყვანა“ სიცოცხლიდან სიკვდილში შესაძლოა იმ დროს, როცა წინასწარმეტყველურ ხილვას ხედავდა (ებრაელები 11:5, 13; დაბადება 5:24).

15. რა მაგალითი დაუტოვა ენოქმა იეჰოვას თანამედროვე მსახურებს?

15 ენოქის მოხსენიების შემდეგ პავლემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რწმენის მნიშვნელოვნებას და თქვა: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს“ (ებრაელები 11:6). დიახ, ენოქს რწმენამ შემატა გაბედულება, რათა ევლო ღმერთთან ერთად და უღვთო ადამიანებისთვის ღვთის განაჩენი ეუწყებინა. ენოქმა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. ჩვენც მსგავსად ვიქცევით ქვეყნიერებაში, რომელიც ეწინააღმდეგება ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას და ყოველგვარი ბოროტებით არის სავსე (ფსალმუნები 92:7; მათე 24:14; გამოცხადება 12:17).

ღვთის შიში გვეხმარება გაბედულების გამოვლენაში

16, 17. ვინ იყო ობადია და რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ის?

16 გაბედულების გამოვლენაში რწმენის გარდა ღვთისადმი მოწიწებული შიში გვეხმარება. განვიხილოთ ერთი ღვთისმოშიში ადამიანის მაგალითი, რომელიც წინასწარმეტყველ ელიასა და ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს მეფის, ახაბის, მმართველობის დროს ცხოვრობდა. ახაბის მეფობის პერიოდში ბაალის თაყვანისმცემლობა მთელ ჩრდილოეთ სამეფოში გავრცელდა. ბაალის 450 წინასწარმეტყველი და „წმინდა ბოძის“, ფალოსის კულტის, 400 წინასწარმეტყველი ახაბის ცოლის, ‘იზებელის სუფრიდან ჭამდნენ’ (1 მეფეები 16:30—33; 18:19).

17 იეჰოვას მსახურთა დაუძინებელი მტერი, იზებელი, ცდილობდა, ისრაელიდან აღმოეფხვრა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა. მან დახოცა იეჰოვას წინასწარმეტყველები და ელიას მოკვლასაც კი შეეცადა, რომელიც ღვთის მითითებისამებრ, იორდანეს მეორე მხარეს გადავიდა და გაქცევით უშველა თავს (1 მეფეები 17:1—3; 18:13). წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა იმ დროს ჩრდილოეთ სამეფოში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარეზე დგომა! ეს გაცილებით ძნელი იქნებოდა მისთვის, ვინც სამეფო კარზე მსახურობდა. სწორედ ასეთ მდგომარეობაში იყო ღვთისმოშიში ობადია, ახაბის სასახლის გამგებელი (1 მეფეები 18:3).

18. რით გამოირჩეოდა ობადია, როგორც იეჰოვას თაყვანისმცემელი?

18 უდავოა, ობადია ღვთის ფრთხილი და წინდახედული თაყვანისმცემელი იყო. მაგრამ ის კომპრომისზე არ წასულა. 1 მეფეების 18:3-ში ნათქვამია: „ობადია იეჰოვას მოშიში კაცი იყო“. დიახ, ობადია ღვთისადმი შიშით გამოირჩეოდა. ამ ჯანსაღმა შიშმა კი მას გაბედულება მისცა. ეს აშკარა გახდა მალევე მას შემდეგ, რაც იზებელმა იეჰოვას წინასწარმეტყველები დახოცა.

19. როგორ გამოავლინა ობადიამ გაბედულება?

19 ბიბლიაში ვკითხულობთ: „როცა იზებელმა იეჰოვას წინასწარმეტყველები ამოწყვიტა, ობადიამ ასი წინასწარმეტყველი ორმოცდაათ-ორმოცდაათად გადამალა გამოქვაბულში და პურითა და წყლით ამარაგებდა“ (1 მეფეები 18:4). ფარულად ასი წინასწარმეტყველის საკვებით მომარაგება ძალიან სახიფათო იქნებოდა. ეს ობადიას არა მარტო ახაბისა და იზებელისგან უნდა დაემალა, არამედ 850 ცრუწინასწარმეტყველისგანაც, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ სასახლეს. გარდა ამისა, მეფისა და დედოფლის კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად ისრაელში ბევრი სხვა ცრუ თაყვანისმცემელიც არ იტყოდა უარს ობადიას დასმენაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი კერპთაყვანისმცემლის გარემოცვაში იყო, ობადია გაბედულად ზრუნავდა იეჰოვას წინასწარმეტყველებზე. მართლაც რომ დიდი ძალა აქვს ღვთის შიშს!

20. როგორ დაეხმარა ობადიას ღვთის შიში და თქვენ როგორ გეხმარებათ მისი მაგალითი?

20 ობადია ღვთისადმი შიშსა და გაბედულებას ავლენდა, ამიტომ იეჰოვა იცავდა მას მტრებისგან. იგავების 29:25-ში ნათქვამია: „ვინც ხალხის წინაშე კანკალებს, მას მახე უგია, იეჰოვაზე მინდობილი კი დაცული იქნება“. ობადია ჩვენნაირი ადამიანი იყო და, ცხადია, მას ექნებოდა დაპატიმრებისა და სიკვდილის შიში (1 მეფეები 18:7—9, 12). მაგრამ ღვთის შიშმა მისცა მას ადამიანის წინაშე ნებისმიერი შიშის დასაძლევად საჭირო გაბედულება. ობადია შესანიშნავი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, რომლებსაც იეჰოვას თაყვანისცემა თავისუფლების დაკარგვის ან სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად უჯდებათ (მათე 24:9). დაე ყველამ მოვახმაროთ ძალისხმევა იმას, რომ იეჰოვას „შიშითა და მოკრძალებით“ ვემსახუროთ (ებრაელები 12:28).

21. რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?

21 გაბედულების გამოვლენაში მხოლოდ რწმენა და ღვთის შიში არ გვეხმარება. ამ მხრივ სიყვარულს შეიძლება კიდევ უფრო დიდი ძალა ჰქონდეს. „ღმერთმა მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და საღი აზროვნების“, — დაწერა პავლემ (2 ტიმოთე 1:7). მომდევნო სტატიაში დავინახავთ, თუ როგორ გვეხმარება სიყვარული იმაში, რომ ძნელად ასატან ამ ბოლო დღეებში იეჰოვას გაბედულად ვემსახუროთ (2 ტიმოთე 3:1).

შეგიძლიათ უპასუხოთ?

• რამ შემატა გაბედულება იესო ნავეს ძესა და ქალებ იეფუნეს ძეს?

• რას ნიშნავს ნამდვილი რწმენა?

• რა დაეხმარა ენოქს ღვთის განაჩენის უშიშრად გაცხადებაში?

• როგორ გვეხმარება ღვთის შიში გაბედულების გამოვლენაში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

იეჰოვამ იესო ნავეს ძეს მოუწოდა: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი“.

[სურათი 18 გვერდზე]

ობადია ზრუნავდა ღვთის წინასწარმეტყველებზე და იცავდა მათ.

[სურათები 19 გვერდზე]

ენოქი გაბედულად აცხადებდა ღვთის სიტყვას.