არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიყვარული გვაძლევს ძალას გამბედაობის გამოსავლენად

სიყვარული გვაძლევს ძალას გამბედაობის გამოსავლენად

სიყვარული გვაძლევს ძალას გამბედაობის გამოსავლენად

„ღმერთმა მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და საღი აზროვნების“ (2 ტიმოთე 1:7).

1, 2. ა) რისკენ შეიძლება აღძრას სიყვარულმა ადამიანი? ბ) რით გამოირჩეოდა იესოს მიერ გამოვლენილი გაბედულება?

ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან აკვალანგებით აღჭურვილი ერთი ახალდაქორწინებული წყვილი წყალქვეშ დაცურავდა. როდესაც წყლის ზედაპირს უახლოვდებოდნენ, მოულოდნელად ქალისკენ მთელი სისწრაფით თეთრი ზვიგენი წამოვიდა. ქმარმა ხელი ჰკრა ცოლს და საკუთარი თავი ჩაუგდო ხახაში ზვიგენს. „მან სიცოცხლე გასწირა ჩემთვის“, — თქვა დაქვრივებულმა ქალმა დაკრძალვაზე.

2 დიახ, სიყვარულმა შეიძლება ადამიანებს უდიდესი გამბედაობის გამოვლენის ძალა მისცეს. იესო ქრისტემ თქვა: „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის“ (იოანე 15:13). 24 საათიც კი არ იყო გასული ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, როცა იესომ საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო არა მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის (მათე 20:28). გარდა ამისა, იესოს მიერ მსხვერპლის გაღება არ ყოფილა გაბედულების უცაბედი გამოვლინება. მან წინასწარ იცოდა, რომ დასცინებდნენ, შეურაცხყოფდნენ, უსამართლო განაჩენს გამოუტანდნენ და წამებით მოკლავდნენ. მან მოწაფეებიც კი შეამზადა შემდეგი სიტყვებით: „აი ავდივართ იერუსალიმში და კაცის ძე უფროს მღვდლებსა და მწიგნობრებს გადაეცემა. ისინი სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას და გადასცემენ უცხოტომელებს, რომლებიც მასხრად აიგდებენ, შეაფურთხებენ, გაშოლტავენ და მოკლავენ“ (მარკოზი 10:33, 34).

3. რამ მისცა იესოს ძალა უდიდესი გაბედულების გამოსავლენად?

3 რამ მისცა იესოს ძალა ასეთი გაბედულების გამოსავლენად? ამაში მთავარი როლი ითამაშა რწმენამ და ღვთის შიშმა (ებრაელები 5:7; 12:2). მაგრამ ყველაზე მეტად იესოს გაბედულება შემატა ღვთისა და ადამიანების სიყვარულმა (1 იოანე 3:16). თუ რწმენასა და ღვთის შიშთან ერთად ასეთ სიყვარულს განვივითარებთ, ჩვენც შევძლებთ ქრისტეს მსგავსად გაბედულების გამოვლენას (ეფესოელები 5:2). როგორ შეგვიძლია ასეთი სიყვარულის განვითარება? აუცილებელია გვესმოდეს, საიდან იღებს სიყვარული სათავეს.

„სიყვარული ღვთისგანაა“

4. რატომ შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული იეჰოვასგან იღებს სათავეს?

4 იეჰოვა სიყვარულის განსახიერებაა. სიყვარული მისგან იღებს სათავეს. მოციქულმა იოანემ დაწერა: „საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან სიყვარული ღვთისგანაა. ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და ცოდნას იძენს ღვთის შესახებ. ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:7, 8). ამგვარად, ნამდვილი სიყვარულის განვითარებას ადამიანი მხოლოდ ღმერთთან დაახლოებით შეძლებს. ამისათვის საჭიროა საფუძვლიანი ცოდნის მიღება და მორჩილების გამოვლენით ამ ცოდნის შესაბამისად მოქმედება (ფილიპელები 1:9; იაკობი 4:8; 1 იოანე 5:3).

5, 6. რა დაეხმარა ქრისტეს პირველ მიმდევრებს სიყვარულის განვითარებაში?

5 იესომ, თავის 11 ერთგულ მოციქულთან ერთად წარმოთქმული უკანასკნელი ლოცვისას, ერთმანეთთან დააკავშირა ღვთის შესახებ ცოდნის მიღება და სიყვარულის განვითარება. მან თქვა: „ვამცნე მათ შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მე მათთან ვიყო ერთობაში“ (იოანე 17:26). იესო დაეხმარა მოწაფეებს ისეთივე სიყვარულის განვითარებაში, როგორიც მასსა და მამას შორის არსებობდა. მან სიტყვითა თუ საქმით დაანახვა მათ ღვთის სახელის მნიშვნელობა, მისი შესანიშნავი თვისებები. აქედან გამომდინარე, იესოს ჰქონდა საფუძველი შემდეგი სიტყვების სათქმელად: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოანე 14:9, 10; 17:8).

6 სიყვარული წმინდა სულის ნაყოფია (გალატელები 5:22). როდესაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პირველ ქრისტიანებზე წმინდა სული გადმოვიდა, მათ არა მხოლოდ გაიხსენეს ბევრი რამ, რაც იესოსგან ჰქონდათ ნასწავლი, არამედ უფრო მეტად ჩასწვდნენ წმინდა წერილების მნიშვნელობას. ამან კი, ცხადია, გაუღრმავა მოწაფეებს ღვთისადმი სიყვარული (იოანე 14:26; 15:26). შედეგად, ისინი გაბედულად და გულმოდგინედ ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას მიუხედავად იმისა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა (საქმეები 5:28, 29).

გაბედულებისა და სიყვარულის საქმით გამოვლენა

7. რის გადატანა უწევდათ პავლეს და ბარნაბას მისიონერული მოგზაურობის დროს?

7 მოციქულმა პავლემ დაწერა: „ღმერთმა მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და საღი აზროვნების“ (2 ტიმოთე 1:7). პავლემ ეს სიტყვები საკუთარი გამოცდილების საფუძველზე თქვა. განვიხილოთ, რის გადატანა მოუწიათ პავლესა და ბარნაბას მისიონერული მოგზაურობის დროს. მათ იქადაგეს ბევრ ქალაქში, მათ შორის ანტიოქიაში, იკონიონსა და ლისტრაში. ზოგი მორწმუნე ხდებოდა, ზოგი კი დიდ წინააღმდეგობას უწევდა პავლესა და ბარნაბას (საქმეები 13:2, 14, 45, 50; 14:1, 5). ლისტრაში გახელებულმა ბრბომ ჩაქოლა პავლე. მათ იფიქრეს, რომ ის მკვდარი იყო და მიატოვეს. „მაგრამ როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, ის წამოდგა და ქალაქში შევიდა. მეორე დღეს ის და ბარნაბა დერბეში წავიდნენ“ (საქმეები 14:6, 19, 20).

8. რა ცხადყოფს, რომ პავლეს და ბარნაბას სიყვარული აძლევდა გამბედაობის გამოვლენის ძალას?

8 შეაშინა პავლე და ბარნაბა სიცოცხლის დაკარგვის საფრთხემ? არა. მას შემდეგ, რაც დერბეში „ბევრი აქციეს მოწაფედ“, ისინი „დაბრუნდნენ ლისტრაში, იკონიონსა და ანტიოქიაში“. რა მიზნით? ახალი მორწმუნეების გასამხნევებლად, რათა მათი რწმენა განემტკიცებინათ. პავლე და ბარნაბა ამბობდნენ: „ღვთის სამეფოში შესასვლელად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევს“. აშკარაა, რომ მათ გაბედულებას მატებდა ქრისტეს „ბატკნების“ ძლიერი სიყვარული (საქმეები 14:21—23; იოანე 21:15—17). როდესაც ახალჩამოყალიბებულ კრებებში უხუცესებს ნიშნავდნენ, პავლე და ბარნაბა ლოცვით ანდობდნენ მათ „იეჰოვას, რომელიც ირწმუნეს“.

9. როგორ უპასუხეს ეფესოელმა უხუცესებმა პავლეს სიყვარულს?

9 პავლე მზრუნველი და გაბედული ადამიანი იყო. ბევრ თანამორწმუნეს ძალიან უყვარდა ის. გაიხსენეთ პავლეს შეხვედრა ეფესოს კრების უხუცესებთან; ეფესოში მან, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, სამი წელი იმსახურა (საქმეები 20:17—31). მას შემდეგ, რაც უხუცესებს მოუწოდა, ემწყემსათ ღვთისგან მინდობილი სამწყსო, პავლემ მუხლი მოიყარა და მათთან ერთად ილოცა. შემდეგ „ყველა ატირდა, პავლეს კისერზე ეხვეოდნენ და სიყვარულით კოცნიდნენ. განსაკუთრებით იმ სიტყვებმა დაამწუხრა ყველა, რომ მის სახეს ვეღარ იხილავდნენ“. ამ ძმებს, მართლაც, ძალიან უყვარდათ პავლე! ადგილობრივ უხუცესებს უჭირდათ პავლესთან და ბარნაბასთან განშორება (საქმეები 20:36—21:1).

10. როგორ ავლენენ იეჰოვას დღევანდელი მსახურები გაბედულებასა და სიყვარულს ერთმანეთის მიმართ?

10 დღეს, მსგავსად უყვართ მიმომსვლელი ზედამხედველები, კრების უხუცესები და ღვთის სხვა მსახურები იმის გამო, რომ იეჰოვას სამწყსოს საკეთილდღეოდ გაბედულებას ავლენენ. მაგალითად, სამოქალაქო ომის შედეგად გაპარტახებულ ქვეყნებში ან იქ, სადაც სამქადაგებლო საქმიანობა აკრძალულია, მიმომსვლელი ზედამხედველები და მათი მეუღლეები თავისუფლებასა და საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ, რათა კრებები მოინახულონ. მსგავსად, ბევრი მოწმე წინააღმდეგობას ხვდება მტრულად განწყობილი მმართველებისგან და მათი მხარდამჭერებისგან, რადგან არ ამხელენ თანამორწმუნეთა ვინაობას და იმას, თუ რა გზებით იღებენ სულიერ საზრდოს. ათასობით მოწმე დევნისა და წამების მსხვერპლი გახდა, და ზოგი მოკლეს კიდეც იმის გამო, რომ არ წყვეტდნენ სასიხარულო ცნობის ქადაგებას და ქრისტიანულ შეხვედრებზე თანამორწმუნეებთან ურთიერთობას (საქმეები 5:28, 29; ებრაელები 10:24, 25). მოდი მივბაძოთ ასეთი გაბედული და-ძმების რწმენასა და სიყვარულს! (1 თესალონიკელები 1:6).

ნუ დაუშვებთ, რომ სიყვარული გაგინელდეთ

11. როგორ ეწევა სატანა სულიერ ბრძოლას იეჰოვას მსახურების წინააღმდეგ და რა მოითხოვება მათი მხრიდან?

11 მას შემდეგ, რაც დედამიწაზე იქნა ჩამოგდებული, სატანას იერიში მიაქვს იეჰოვას მსახურებზე, რადგან ისინი ‘იცავენ ღვთის მცნებებს და ამოწმებენ იესოს შესახებ’ (გამოცხადება 12:9, 17). ეშმაკის ერთ-ერთი მეთოდი არის დევნა. მაგრამ ხშირად ამ მეთოდს უკუეფექტი აქვს — ეს ღვთის ხალხს უფრო აერთიანებს სიყვარულით და ბევრ მათგანს უფრო გულმოდგინე მსახურებისკენ აღძრავს. სატანის კიდევ ერთი ტაქტიკა ადამიანის არასწორი მიდრეკილებების გამოყენებაა. ამ მხრივ რომ შევძლოთ წინააღმდეგობის გაწევა, სხვაგვარი გაბედულებაა საჭირო, რადგან ბრძოლა „ვერაგ და უმართავ“ გულში, ცოდვილი სურვილების წინააღმდეგ, მიმდინარეობს (იერემია 17:9; იაკობი 1:14, 15).

12. როგორ იყენებს სატანა „ქვეყნიერების სულს“ ღვთისადმი ჩვენი სიყვარულის გასანელებლად?

12 სატანას აქვს კიდევ ერთი ძლიერი იარაღი — „ქვეყნიერების სული“, რომელიც ღვთის სულის საპირისპიროდ მოქმედებს და ადამიანებს არასწორ მიმართულებას აძლევს (1 კორინთელები 2:12). ქვეყნიერების სული ადამიანს უბიძგებს „თვალთა სურვილისკენ“ — სიხარბისა და მატერიალიზმისკენ (1 იოანე 2:16; 1 ტიმოთე 6:9, 10). მატერიალურ ნივთებსა და ფულში თავისთავად ცუდი არაფერია. მაგრამ, თუ მათი სიყვარული ღვთის სიყვარულის ადგილს დაიკავებს, სატანა შეძლებს ჩვენს დამარცხებას. ქვეყნიერების სულის „ძალაუფლება“ ანუ ძალა იმაშია, რომ ის მიმზიდველია ცოდვილი ბუნებისთვის, მოჩვენებითია, გამუდმებით ცდილობს ჩვენზე გავლენის მოხდენას და, ჰაერის მსგავსად, ყველგან აღწევს. ნუ დაუშვებთ, რომ ქვეყნიერების სულმა მოწამლოს თქვენი გული (ეფესოელები 2:2, 3; იგავები 4:23).

13. რატომ გვჭირდება გაბედულება ზნეობრივი სისუფთავის შესანარჩუნებლად?

13 წინ რომ აღვუდგეთ ამ ბოროტი ქვეყნიერების სულს, გაბედულება გვჭირდება ზნეობრივი სისუფთავის შესანარჩუნებლად. მაგალითად, გამბედაობაა საჭირო იმისათვის, რომ უზნეობის ამსახველი გამოსახულებების დანახვისას ავდგეთ და გამოვიდეთ კინოთეატრიდან ან გამოვრთოთ კომპიუტერი თუ ტელევიზორი. გაბედულებას მოითხოვს თანატოლების უარყოფითი ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ცუდ საზოგადოებასთან ურთიერთობის გაწყვეტა. გაბედულება მაშინაც გვჭირდება, როდესაც თანაკლასელების, თანამშრომლების, მეზობლებისა თუ ნათესავების დაცინვის მიუხედავად, ღვთის კანონებსა და პრინციპებს ვიცავთ (1 კორინთელები 15:33; 1 იოანე 5:19).

14. რის გაკეთება გვმართებს, თუ ქვეყნიერების სული გავლენას ახდენს ჩვენზე?

14 როგორც დავინახეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, გავიღრმავოთ სიყვარული ღვთისა და სულიერი და-ძმების მიმართ. გამოყავით დრო და დაფიქრდით, ხომ არ მოახდინა ქვეყნიერების სულმა გავლენა თქვენს მიზნებსა და ცხოვრების წესზე. თუ შეამჩნევთ — თუნდაც უმნიშვნელო საკითხებში — ასეთ ტენდენციას, ლოცვაში სთხოვეთ იეჰოვას გაბედულება, რათა შეძლოთ საჭირო ცვლილებების მოხდენა. იეჰოვა არ დატოვებს უპასუხოდ ასეთ გულწრფელ ლოცვებს (ფსალმუნები 51:17). ღვთის სული ქვეყნიერების სულზე გაცილებით ძლიერია (1 იოანე 4:4).

გამბედაობა განსაცდელების დროს

15, 16. როგორ გვეხმარება სიყვარული განსაცდელების ატანაში? მოიყვანეთ მაგალითი.

15 სხვა პრობლემები, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები ხვდებიან, დაკავშირებულია არასრულყოფილებასთან და ასაკთან, რაც ხშირად ხდება ავადმყოფობის, უძლურების, დეპრესიისა და სხვა მრავალი სირთულის მიზეზი (რომაელები 8:22). ქრისტეს მსგავსად, სიყვარული გვეხმარება ასეთი განსაცდელების ატანაში. დაფიქრდით ზამბიაში მცხოვრებ ნამანგოლუას მაგალითზე. ის ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა. ორი წლის ასაკში ნამანგოლუა დაინვალიდდა. ის ამბობს: „ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემი გარეგნობა თავზარს სცემდა ხალხს. მაგრამ თანაქრისტიანები დამეხმარნენ, მდგომარეობისთვის სხვა თვალით შემეხედა. შედეგად გადავლახე ეს გრძნობა და მალე მოვინათლე“.

16 თუმცა, ნამანგოლუას აქვს ინვალიდის სავარძელი, ხშირად უსწორმასწორო გზებზე მუხლებისა და ხელების მეშვეობით გადაადგილება უწევს. მიუხედავად ამისა, წელიწადში, სულ მცირე, ორი თვე მაინც დამხმარე პიონერად მსახურობს. ერთხელ ერთმა მობინადრემ ცრემლები ვერ შეიკავა, როცა ნამანგოლუამ უქადაგა. რატომ? მასზე ძალიან იმოქმედა ნამანგოლუას რწმენამ და გამბედაობამ. იეჰოვამ აკურთხა ნამანგოლუა — ხუთი ადამიანი, რომელსაც ბიბლიას ასწავლიდა, მოინათლა და ერთი მათგანი კრების უხუცესად მსახურობს. ის ამბობს: „ხშირად ფეხები საშინლად მტკივა, მაგრამ მსახურებას მაინც ვაგრძელებ“. ეს და ერთ-ერთია იმ უამრავ მოწმეს შორის, რომლებიც უძლურების მიუხედავად, ღვთისა და ადამიანების სიყვარულის წყალობით სულიერ სიმტკიცეს ინარჩუნებენ. იეჰოვას თვალში ასეთი და-ძმები მართლაც ძვირფასნი არიან! (ანგია 2:7).

17, 18. რა ეხმარება ბევრს ავადმყოფობასთან და სხვა განსაცდელებთან გამკლავებაში? მოიყვანეთ თქვენთვის ნაცნობი მაგალითები.

17 ქრონიკულ დაავადებასაც შეუძლია ადამიანი გულგატეხილობამდე, დეპრესიამდეც კი მიიყვანოს. ერთი უხუცესი ამბობს: «წიგნის შესწავლის ჯგუფში, რომელსაც მე ვესწრები, ერთ დას დიაბეტი და თირკმლის ფუნქციის დარღვევა აქვს, ერთი სიმსივნით არის დაავადებული, ორ დას — მწვავე ართრიტი აქვს, ერთს კი — კანის ტუბერკულოზი და ფიბრომიალგია. ზოგჯერ მათ გულგატეხილობა ეუფლებათ. მაგრამ მათ შეხვედრები მხოლოდ მაშინ უცდებათ, როცა ძალიან ცუდად გრძნობენ თავს ან საავადმყოფოში წვანან. მათგან ყველა რეგულარულად მონაწილეობს სამქადაგებლო მსახურებაში. ისინი პავლე მოციქულს მახსენებენ, რომელმაც თქვა: „როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“. გაოცებული ვარ მათი სიყვარულითა და გამბედაობით. ალბათ, მათ თავიანთი მდგომარეობა ეხმარება, კონცენტრირებულნი იყვნენ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია» (2 კორინთელები 12:10).

18 თუ თქვენც ებრძვით ავადმყოფობას ან სხვა პრობლემას, „განუწყვეტლივ ილოცეთ“ დახმარებისთვის, რათა გულგატეხილობამ არ მოგიცვათ (1 თესალონიკელები 5:14, 17). ცხადია, გექნებათ ისეთი პერიოდები, როცა გულგატეხილობა დაგეუფლებათ, მაგრამ ეცადეთ, მთელი ყურადღება დადებით, სულიერ საკითხებზე გადაიტანოთ, განსაკუთრებით კი სამეფოსთან დაკავშირებულ იმედზე. ერთი და ამბობს: „ჩემი წამალი სამქადაგებლო მსახურებაა“. დადებითი განწყობის შენარჩუნებაში სხვებისთვის სასიხარულო ცნობის გაზიარება დაგეხმარებათ.

სიყვარული ეხმარება შემცოდველს იეჰოვასთან დაბრუნებაში

19, 20. ა) რა დაეხმარება შემცოდველს იეჰოვასთან დასაბრუნებლად საჭირო გაბედულების მოკრებაში? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

19 ბევრისთვის, რომლებიც სულიერად დასუსტდნენ ან ცოდვა ჩაიდინეს, ადვილი არ არის იეჰოვასთან დაბრუნება. მაგრამ მათ მიეცემათ საჭირო გაბედულება, თუ გულწრფელად მოინანიებენ და კვლავ მთელი გულით ეყვარებათ იეჰოვა. განვიხილოთ შეერთებულ შტატებში მცხოვრები მარიოს მაგალითი *. მან მიატოვა ქრისტიანული კრება, დაიწყო გადამეტებული სმა და ნარკოტიკების გამოყენება. 20 წლის შემდეგ კი ციხეში მოხვდა. მარიო ამბობს: „ჩემს მომავალზე სერიოზულად დავფიქრდი და ბიბლიის კითხვა განვაახლე. დროთა განმავლობაში უფრო მეტად დავაფასე იეჰოვას თვისებები, განსაკუთრებით მისი გულმოწყალება, რომლისთვისაც ხშირად ვლოცულობდი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ შორს დავიჭირე თავი ძველი მეგობრებისგან, დავიწყე ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და, საბოლოოდ, კვლავ გავხდი კრების წევრი. მართალია, დღემდე ვიმკი ჩემი არასწორი მოქმედებების შედეგებს, მაგრამ ახლა მომავალს იმედით ვუყურებ. სიტყვები არ მყოფნის იეჰოვას თანაგრძნობისა და გულმოწყალებისთვის მადლიერების გამოსახატავად“ (ფსალმუნები 103:9—13; 130:3, 4; გალატელები 6:7, 8).

20 ცხადია, მათ, ვინც მარიოს მსგავს მდგომარეობაშია, დიდი ძალისხმევა სჭირდებათ იეჰოვასთან დასაბრუნებლად. მაგრამ ბიბლიის კითხვის, მასზე დაფიქრებისა და ლოცვის შედეგად კვლავ გაღვივებული სიყვარული მისცემს მათ საჭირო გაბედულებასა და სიმტკიცეს. მარიოს სამეფოს შესახებ იმედმაც მისცა ძალები. დიახ, სიყვარულთან, რწმენასა და ღვთის შიშთან ერთად იმედიც მოგვცემს ძალებს აზრით აღსავსე ცხოვრების გასაგრძელებლად. მომდევნო სტატიაში დაწვრილებით ვისაუბრებთ ამ ფასდაუდებელ სულიერ ძღვენზე.

[სქოლიოები]

^ აბზ. 19 სახელი შეცვლილია.

შეგიძლიათ უპასუხოთ?

• როგორ დაეხმარა იესოს სიყვარული უდიდესი გაბედულების გამოვლენაში?

• როგორ ჰმატებდა ძმების სიყვარული პავლესა და ბარნაბას განსაკუთრებულ გამბედაობას?

• რა საშუალებებით ცდილობს სატანა ქრისტიანული სიყვარულის განელებას?

• რა განსაცდელების ატანის ძალას გვაძლევს იეჰოვას სიყვარული?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 23 გვერდზე]

პავლეს ადამიანების სიყვარული მატებდა გამბედაობას მსახურების გასაგრძელებლად.

[სურათი 24 გვერდზე]

ღვთის ნორმების დაცვას გამბედაობა სჭირდება.

[სურათი 24 გვერდზე]

ნამანგოლუა სუტუტუ.