არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნუ დააშორებთ მათ, ვინც ღმერთმა შეაუღლა

ნუ დააშორებთ მათ, ვინც ღმერთმა შეაუღლა

ნუ დააშორებთ მათ, ვინც ღმერთმა შეაუღლა

„ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:6).

1, 2. რატომ არის რეალური და ბიბლიურადაც დასაბუთებული, რომ დაქორწინებულ წყვილს ზოგჯერ პრობლემები ექნება?

დავუშვათ, ხანგრძლივ მოგზაურობაში აპირებთ წასვლას ავტომობილით. მოსალოდნელია გზაში სირთულეები? გულუბრყვილო უნდა იყო, ამ კითხვას უარყოფითად რომ უპასუხო. მაგალითად, ცუდმა ამინდმა შეიძლება იძულებული გაგხადოთ, ნელა და ფრთხილად იაროთ. ზოგჯერ შეიძლება მანქანა ისე გაგიფუჭდეთ, რომ თავად ვერ შეაკეთოთ, მოგიწიოთ მანქანის სავალი ნაწილიდან გადაყვანა და ვინმესთვის დახმარების თხოვნა. ამის გამო იფიქრებდით, რომ ამხელა გზაზე არ უნდა წამოსულიყავით, და მიატოვებდით მანქანას? ცხადია, არა. როცა ხანგრძლივ მოგზაურობაში მიდიხართ, იცით, რომ გზაში შეიძლება პრობლემებს შეხვდეთ, და მათ გადასაჭრელად გონივრულ გზებსაც გამონახავთ.

2 იმავეს თქმა შეიძლება ქორწინებაზეც. ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემები გარდაუვალია და გულუბრყვილობა იქნებოდა, დაქორწინების მსურველ წყვილს ეფიქრა, რომ მათი ცხოვრება სულ ია-ვარდებით იქნებოდა მოფენილი. 1 კორინთელების 7:28-ში ბიბლია დაუფარავად ამბობს, რომ ცოლ-ქმარს „ხორციელი გასაჭირი“ ექნება. რატომ? მოკლედ რომ ვთქვათ, ცოლიც და ქმარიც არასრულყოფილია და თანაც „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1; რომაელები 3:23). ამიტომ შეხმატკბილებულ, სულიერად მოწიფულ წყვილსაც კი ექნება ზოგჯერ პრობლემები.

3. ა) რა დამოკიდებულება აქვს დღეს მრავალს ქორწინებისადმი? ბ) რატომ ცდილობენ ქრისტიანები ოჯახის შენარჩუნებას?

3 თანამედროვე მსოფლიოში ზოგი წყვილი აღმოჩნდება თუ არა პრობლემების წინაშე, მაშინვე განქორწინებაზე ფიქრობს. მრავალ ქვეყანაში ძალიან სწრაფად იზრდება განქორწინებათა რიცხვი. მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანები პრობლემებს არ გაურბიან; ისინი მათ გადაჭრას ცდილობენ. რატომ? მათთვის ქორწინება იეჰოვას მიერ ბოძებული წმინდა ძღვენია. იესომ დაქორწინებულებზე თქვა: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:6). თუმცა ყოველთვის ადვილი არ არის ამ პრინციპის შესაბამისად ცხოვრება. მაგალითად, ნათესავები და სხვები, მათ შორის კონსულტანტები ოჯახური ურთიერთობების საკითხში, რომლებიც არ სცნობენ ბიბლიურ პრინციპებს, ხშირად წყვილებს ურჩევენ, ბიბლიური საფუძვლის გარეშე დაშორდნენ ან გაეყარონ ერთმანეთს *. ქრისტიანებმა იციან, რომ ნაჩქარევად განქორწინების ნაცვლად, ბევრად უმჯობესია, ჯანსაღი ურთიერთობები აღიდგინონ და ოჯახი შეინარჩუნონ. მართლაც, მნიშვნელოვანია დასაწყისშივე იეჰოვას ნებისამებრ ვიმოქმედოთ და არა სხვების რჩევისამებრ (იგავები 14:12).

სირთულეების დაძლევა

4, 5. ა) რა სირთულეებს უნდა გაუმკლავდეს ოჯახი? ბ) რატომ არის ღვთის სიტყვაში მოცემული პრინციპების გამოყენება ეფექტური ქორწინებაში პრობლემების წამოჭრისას?

4 ფაქტია, დროდადრო ყველა ცოლ-ქმარი პრობლემის წინაშე დგება. უმეტეს შემთხვევაში ეს უმნიშვნელო უთანხმოებების მოგვარებას გულისხმობს. მაგრამ ზოგი ცოლ-ქმარი შეიძლება ისეთ პრობლემას შეხვდეს, რაც მათ ურთიერთობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა. ზოგჯერ ცოლ-ქმარს შეიძლება გამოცდილი დაქორწინებული ქრისტიანი უხუცესის რჩევა დასჭირდეს. მაგრამ ამგვარი სირთულეების არსებობა მათი ქორწინების კრახს არ ნიშნავს. ისინი მხოლოდ ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია პრობლემის გადასაჭრელად ბიბლიური პრინციპების გამოყენება.

5 იეჰოვამ, ადამიანთა შემოქმედმა და ქორწინების დამფუძნებელმა, საუკეთესოდ იცის, რა არის საჭირო ბედნიერი ცოლქმრობისთვის. მოვუსმენთ კი და გავითვალისწინებთ მის სიტყვაში მოცემულ რჩევებს?! ამგვარად მოქცევა ჩვენივე კეთილდღეობას მოემსახურება. იეჰოვამ ძველ დროში თავის ხალხს უთხრა: „ო, ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა და შენი სიმართლე — ზღვის ტალღებივით“ (ესაია 48:18). ბიბლიის ხელმძღვანელობის მიყოლა ბედნიერი ქორწინების საწინდარია. მოდი, თავდაპირველად განვიხილოთ, რა რჩევას აძლევს ბიბლია ქმრებს.

„გიყვარდეთ თქვენი ცოლები“

6. რა მითითებები ეძლევათ ქმრებს ბიბლიაში?

6 მოციქულ პავლეს მიერ ეფესოელი ქრისტიანების მიმართ მიწერილ წერილში ქმრებისთვის ნათელი მითითებებია მოცემული. პავლე წერდა: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის, ქმრებსაც ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს, რადგან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს, როგორც ქრისტე — კრებას, ამიტომ თითოეულ თქვენგანს ისე უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი“ (ეფესოელები 5:25, 28, 29, 33).

7. ა) რა უნდა იყოს ქრისტიანული ქორწინების საფუძველი? ბ) როგორ უნდა შეინარჩუნონ ქმრებმა ცოლებისადმი სიყვარული?

7 პავლე არ მსჯელობს იმ პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება ცოლ-ქმარს შორის წამოიჭრას. ნაცვლად ამისა, ის ყურადღებას ამახვილებს ცოლქმრობის არსზე და ხაზს უსვამს იმას, რომ ქრისტიანული ქორწინების საფუძველი სიყვარულია. ზემოთ მოყვანილ მუხლებში სიტყვა სიყვარული ექვსჯერ არის ნახსენები. დააკვირდით, რას ეუბნება პავლე ქმრებს: „გიყვარდეთ თქვენი ცოლები“. პავლეს, უეჭველად, ესმოდა, რომ შეყვარება გაცილებით ადვილია, ვიდრე სიყვარულის შენარჩუნება. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია ამ „ბოლო დღეებისთვის“, როდესაც ბევრი საკუთარი თავის მოყვარულია და მათთან შეუძლებელია მორიგება (2 ტიმოთე 3:1—3). ასეთი უარყოფითი თვისებები ბევრ ქორწინებას ანგრევს, მაგრამ მოსიყვარულე ქმარი არ დაუშვებს, რომ ეგოისტურმა მიდრეკილებებმა გავლენა მოახდინოს მის აზროვნებასა და საქციელზე (რომაელები 12:2).

როგორ შეგიძლიათ დააკმაყოფილოთ ცოლის მოთხოვნილებები?

8, 9. ცოლის რა მოთხოვნილებები უნდა დააკმაყოფილოს ქმარმა?

8 თუ ქრისტიანი ქმარი ხართ, როგორ შეგიძლიათ, ებრძოლოთ ეგოისტურ მიდრეკილებებს და ცოლის მიმართ ნამდვილი სიყვარული გამოავლინოთ? პავლე ეფესოელების მიმართ ზემოთ მოხსენიებულ წერილში ორ მოთხოვნას უსვამს ხაზს, რისი შესრულებაც ქმრებს მართებთ — დააკმაყოფილონ ცოლის მოთხოვნილებები და იზრუნონ მათზე. როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? ერთ-ერთი მოთხოვნა ცოლის მატერიალურად უზრუნველყოფაა. პავლემ ტიმოთეს მისწერა: „ცხადია, ვინც თავისიანებზე არ ზრუნავს, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8).

9 მაგრამ უფრო მეტია საჭიროა, ვიდრე ცოლის მხოლოდ საკვებით, ტანსაცმლითა თუ საცხოვრებლით უზრუნველყოფა. რატომ? ქმარი შეიძლება შესანიშნავად ზრუნავდეს ცოლის მატერიალურ მოთხოვნილებებზე, მაგრამ არ აკმაყოფილებდეს მის ემოციურ და სულიერ მოთხოვნილებებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მართალია, მრავალი ქრისტიანი მამაკაცი ძალიან არის დაკავებული კრების საქმეებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან უნდა უგულებელყოს ღვთის მიერ დაკისრებული ვალდებულება — იყოს ოჯახის კარგი მეთაური (1 ტიმოთე 3:5, 12). რამდენიმე წლის წინ ამ ჟურნალის ერთ-ერთ ნომერში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნათქვამი იყო: „შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიური მოთხოვნების თანახმად, ქრისტიანი მამაკაცი ჯერ ოჯახის მწყემსი უნდა იყოს. თუ უხუცესი თავის ოჯახს არ აქცევს ყურადღებას, მან შეიძლება დაკარგოს კრებაში დაკისრებული პასუხისმგებლობა“ *. ცხადია, ქმარმა უნდა იზრუნოს ცოლის ფიზიკურ, ემოციურ და, რაც მთავარია, სულიერ მოთხოვნილებებზე.

რას ნიშნავს ცოლზე ზრუნვა?

10. როგორ შეუძლია ქმარს, იზრუნოს ცოლზე?

10 მზრუნველი ქმარი ყურადღებას არ მოაკლებს ცოლს, ვინაიდან უყვარს ის. მზრუნველობის გამოვლენა სხვადასხვა სახით შეიძლება. ქმარმა, პირველ რიგში, საკმარისი დრო უნდა დაუთმოს მეუღლეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ცოლს სიყვარული გაუნელდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დროის დათმობასა და ყურადღებაზე ქმრის თვალსაზრისი შეიძლება განსხვავდებოდეს ცოლის თვალსაზრისისგან. საკმარისი არ არის მეუღლისადმი სიყვარულის მხოლოდ სიტყვით გამოხატვა. ცოლმა უნდა იგრძნოს ქმრის სიყვარული. პავლემ დაწერა: „თითოეულმა ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24). როგორც მოსიყვარულე ქმარმა, უნდა იცოდეთ, სინამდვილეში რა მოთხოვნილებები აქვს თქვენს მეუღლეს (ფილიპელები 2:4).

11. ცოლისადმი დამოკიდებულება როგორ მოქმედებს ღმერთთან ქმრის ურთიერთობაზე და კრებაში მის პასუხისმგებლობებზე?

11 სიტყვითა თუ საქმით ცოლისადმი სითბოს გამოვლენა კიდევ ერთი საშუალებაა მასზე მზრუნველობის გამოსახატავად (იგავები 12:18). პავლემ კოლოსელებს მისწერა: „ქმრებო, გიყვარდეთ ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ“ (კოლოსელები 3:19). ერთი ნაშრომის თანახმად, ამ მუხლის ბოლო ფრაზა შეიძლება ასე ითარგმნოს: „ნუ მოეპყრობით მას მოსამსახურესავით“ ან „ნუ დაიმონებთ მას“. ქმარი, რომელიც სახლში თუ გარეთ ტირანია, ნამდვილად არ ავლენს ცოლისადმი მზრუნველობას. ამასთანავე, თუ ქმარი ცოლს სასტიკად ეპყრობა, ეს ღმერთთან ქმრის ურთიერთობაზე იმოქმედებს. მოციქულმა პეტრემ ქმრებს მიმართა: „ქმრებო, შეძენილი ცოდნის თანახმად განაგრძეთ ცოლებთან ცხოვრება და პატივი მიაგეთ მათ, ქალებს, როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ“ * (1 პეტრე 3:7).

12. რისი სწავლა შეუძლიათ ქრისტიან ქმრებს კრებისადმი იესოს დამოკიდებულებიდან?

12 ნურასოდეს იფიქრებთ, რომ ცოლს ისედაც უნდა უყვარდეთ. ხშირად დაარწმუნეთ ის თქვენს სიყვარულში. ქრისტიანული კრებისადმი თავისი დამოკიდებულებით იესომ ქმრებს მაგალითი მისცა. ის რბილად და თბილად ეპყრობოდა თავის მიმდევრებს და პატიობდა მაშინაც კი, როდესაც ისინი არაერთხელ უშვებდნენ შეცდომებს. ამიტომ შეეძლო იესოს სხვებისთვის ეთქვა: „მოდით ჩემთან . . . რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული“ (მათე 11:28, 29). ქრისტიანი ქმრები იესოს ჰბაძავენ და ცოლებს ისევე ეპყრობიან, როგორც იესო ეპყრობოდა კრებას. თუ ქმარი ცოლზე ზრუნავს და ამას სიტყვითა და საქმით ცხადყოფს, ის ცოლისთვის ნამდვილად გამომაცოცხლებელი იქნება.

ცოლები, რომლებიც ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობენ

13. რა პრინციპებია ბიბლიაში მოცემული ცოლებისთვის?

13 ბიბლიაში ცოლებისთვისაც არის მოცემული პრინციპები. ეფესოელების 5:22—24, 33-ში ნათქვამია: „ცოლები დაემორჩილონ ქმრებს, როგორც უფალს, რადგან ქმარი ცოლის თავია, როგორც ქრისტეა კრების თავი, ამ სხეულის მხსნელი. და როგორც კრება ემორჩილება ქრისტეს, ისე დაემორჩილონ ცოლებიც თავიანთ ქმრებს ყველაფერში.“ ცოლი „დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“.

14. რატომ არ არის ქალისთვის დამამცირებელი მორჩილების პრინციპი?

14 ყურადღება მიაქციეთ, როგორ უსვამს ხაზს პავლე მორჩილებასა და პატივისცემას. მოციქული ცოლებს შეახსენებს, რომ, ღვთის ნების შესაბამისად, დაემორჩილონ ქმრებს. ზეცაში თუ დედამიწაზე ნებისმიერი ცოცხალი ქმნილება ვიღაცას ემორჩილება. თვით იესო იეჰოვა ღმერთს ემორჩილება (1 კორინთელები 11:3). ცხადია, ქმარი, რომელიც ოჯახს სათანადოდ უწევს მეთაურობას, ცოლს მორჩილებას უადვილებს.

15. ცოლებისთვის რა რჩევებია ბიბლიაში მოცემული?

15 პავლემ აგრეთვე თქვა, რომ ცოლი „დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“. ქრისტიანმა ცოლმა „სიმშვიდე და რბილი ხასიათი“ უნდა გამოავლინოს; არ უნდა ეპაექროს მეუღლეს ან თვითნებურად არ უნდა იქცეოდეს (1 პეტრე 3:4). ღვთისმოშიში ქალი ყველაფერს აკეთებს ოჯახის კეთილდღეობისთვის და ამით პატივს მიაგებს ოჯახის თავს (ტიტე 2:4, 5). ის ეცდება, დადებითად ილაპარაკოს მეუღლეზე და ისეთი არაფერი გააკეთოს, რაც სხვებს თავისი ქმრისადმი პატივისცემას დააკარგვინებდა. ის აგრეთვე ყველაფერს გააკეთებს ქმრის გადაწყვეტილებების სისრულეში მოსაყვანად (იგავები 14:1).

16. რისი სწავლა შეუძლიათ ქრისტიან ცოლებს სარასა და რებეკას მაგალითიდან?

16 „სიმშვიდე და რბილი ხასიათი“ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიან ქალს არ უნდა ჰქონდეს თავისი აზრი ან მისი თვალსაზრისი ანგარიშგასაწევი არ არის. ძველ დროში ღვთისმოშიში ქალები, მაგალითად, სარა და რებეკა, თავისუფლად გამოთქვამდნენ თავიანთ აზრს, და ბიბლია ცხადყოფს, რომ იეჰოვა იწონებდა მათ საქციელს (დაბადება 21:8—12; 27:46—28:4). ქრისტიან ცოლებსაც შეუძლიათ თავიანთი შეხედულების გამოთქმა, მაგრამ ეს პატივისცემით უნდა გააკეთონ და არა კატეგორიული ტონით. თუ ასე მოიქცევიან, დაინახავენ, რომ ქმართან მათი ურთიერთობა უფრო სასიამოვნო იქნება და მათ აზრსაც უფრო გაითვალისწინებენ.

ვალდებულების აღება

17, 18. როგორ შეუძლიათ ცოლ-ქმარს წინ აღუდგნენ სატანის მიერ მათი ოჯახის დანგრევის მცდელობას?

17 დაქორწინებისას წყვილი იღებს ვალდებულებას, რომელიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში აკისრიათ. ამიტომ როგორც ქმარს, ისე ცოლს გულწრფელი სურვილი უნდა ჰქონდეს, რომ მათი ქორწინება ბედნიერი იყოს. როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთთან გულახდილად არ საუბრობს, ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს და პრობლემა სერიოზული გახდეს. ასეთ შემთხვევაში, ხშირად ცოლ-ქმარი ერთმანეთს აღარ ელაპარაკება, რადგან ერთმანეთზე განაწყენებული არიან. ზოგი იმასაც კი ცდილობს, რომ საერთოდ გაწყვიტოს მეუღლესთან ურთიერთობა და სხვის მიმართ გამოავლინოს ინტერესი. იესო ქრისტიანებს აფრთხილებს: „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:28).

18 მოციქულმა პავლემ ყველა ქრისტიანს, და მათ შორის დაქორწინებულებს, ურჩია: „განრისხებისას ნუ შესცოდავთ. მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ; ადგილი არ მისცეთ ეშმაკს“ (ეფესოელები 4:26, 27). სატანა, ჩვენი უმთავრესი მტერი, ცდილობს, გამოიყენოს ქრისტიანებს შორის არსებული ნებისმიერი უთანხმოება. ნუ მისცემთ მას ამის საშუალებას! პრობლემების წამოჭრისას ბიბლიური პუბლიკაციების დახმარებით გამოიკვლიეთ, რა არის ნათქვამი ბიბლიაში ამ საკითხის შესახებ იეჰოვას თვალსაზრისზე. უთანხმოების მოგვარებისას ილაპარაკეთ მშვიდად და გულახდილად. თქვენს მოქმედებაში ყოველთვის ჩანდეს, რომ არა მარტო იცით იეჰოვას ნორმები, არამედ ცხოვრობთ კიდეც მათ თანახმად (იაკობი 1:22—25). მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი, რომ როგორც წყვილმა იეჰოვასთან ერთად იაროთ და არავის და არაფერს დართოთ ნება, ერთმანეთს დაგაშორონ თქვენ, ვინც ღმერთმა შეგაუღლათ! (მიქა 6:8).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 იხილეთ 2002 წლის 8 აპრილის „გამოიღვიძეთ!“-ში მე-10 გვერდზე მოცემული ჩარჩო „განქორწინება და განცალკევებით ცხოვრება“, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 9 იხილეთ 1989 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 12 (რუს.).

^ აბზ. 11 ქრისტიანულ კრებაში მამაკაცმა პასუხისმგებლობა რომ მიიღოს, ის არ უნდა იყოს მოჩხუბარი, ანუ ისეთი ადამიანი, რომელიც სხვებს ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. 1990 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ 24-ე გვერდზე (რუს.) ნათქვამი იყო: „პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მამაკაცს, რომელიც სხვაგან ღვთისმოსაწონად იქცევა, სახლში კი ტირანია“ (1 ტიმოთე 3:2—5, 12).

გახსოვთ თუ არა?

• რატომ შეიძლება, რომ ქრისტიან ცოლ-ქმარსაც ჰქონდეთ პრობლემები?

• როგორ შეუძლია ქმარს დააკმაყოფილოს ცოლის მოთხოვნილებები და ცხადყოს, რომ ზრუნავს მასზე?

• როგორ შეუძლია ცოლს ცხადყოს, რომ დიდ პატივს სცემს ქმარს?

• როგორ შეუძლია ცოლ-ქმარს თავიანთი ვალდებულების უკეთესად შესრულება?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 20 გვერდზე]

ქმარმა ცოლი არა მარტო მატერიალურად უნდა უზრუნველყოს, არამედ მის სულიერ მოთხოვნილებებზეც უნდა იზრუნოს.

[სურათი 21 გვერდზე]

მზრუნველი ქმარი ცოლისთვის გამომაცოცხლებელია.

[სურათი 23 გვერდზე]

ქრისტიანი ცოლი თავის შეხედულებას პატივისცემით გამოთქვამს.