არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შენ შეგიძლია აიტანო უსამართლობა

შენ შეგიძლია აიტანო უსამართლობა

შენ შეგიძლია აიტანო უსამართლობა

ვინ არ შეხვედრია ცხოვრებაში უსამართლობას? ზოგჯერ ადამიანი მართლა ხვდება უსამართლობას, თუმცა ზოგჯერ მას უბრალოდ ეჩვენება, რომ უსამართლოდ მოექცნენ.

უსამართლობა ემოციურ ტკივილს გვაყენებს; მას შეუძლია იეჰოვასთან ურთიერთობაზეც უარყოფითად იმოქმედოს. ჩვეულებრივ, ამ დროს უსამართლობის გამოსწორების სურვილი გვიჩნდება, რადგან შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმა, რომლისგანაც „უსამართლობა შორს არის“, ჩვენში სამართლიანობის ძლიერი გრძნობა ჩადო (კანონი 32:4; დაბადება 1:26). უსამართლობის მსხვერპლი შეიძლება თითოეული ჩვენგანი გახდეს. ერთმა ბრძენმა კაცმა დაწერა: „კიდევ ერთხელ გადავხედე ყოველივეს, რომ მენახა ყოველგვარი ჩაგვრა, რომელიც მზის ქვეშ ხდება. და, აი, ჩაგრულთა ცრემლები; არავინ ჰყავდათ ნუგეშისმცემელი. ძალა მათ მჩაგვრელთა ხელში იყო, მათ კი ნუგეშისმცემელი არ ჰყავდათ“ (ეკლესიასტე 4:1). როგორ შეგვიძლია ავიტანოთ უსამართლობა?

რა არის უსამართლობა?

უსამართლობა არის სამართლიანი ნორმების დარღვევა. მაგრამ რა ითვლება სამართლიანობის საზომად? ცხადია, სამართლიან შემოქმედს, რომელიც არ იცვლება, უფლება აქვს დაადგინოს, რა არის სამართლიანი და რა — არა. მისი აზრით, ვინც „სიცოცხლის წესებით“ დადის, „არ ჩაიდენს უსამართლობას“ (ეზეკიელი 33:15). ამგვარად, პირველ ადამიანს ღმერთმა მისცა სინდისი, შინაგანი ხმა, რომელიც მას სწორისა და არასწორის გარჩევაში დაეხმარებოდა (რომაელები 2:14, 15). ამასთანავე, იეჰოვამ თავის სიტყვაში, ბიბლიაში ჩაგვიწერა, თუ რა არის სწორი და რა — არასწორი.

როგორ მოვიქცეთ, თუ ვფიქრობთ, რომ უსამართლოდ მოგვექცნენ? კარგი იქნება, ობიექტურად შევაფასოთ მდგომარეობა, რათა გავიგოთ, მართლა უსამართლოდ მოგვექცნენ თუ არა. მაგალითად, გავიხსენოთ წინასწარმეტყველი იონას შემთხვევა. იეჰოვამ დაავალა იონას, ნინეველებისთვის მოახლოებული განადგურების შესახებ ემცნო. თავიდან იონა ამ დავალების შესრულებას გაურბოდა. მაგრამ ბოლოს ის წავიდა და ამცნო ნინევეს მცხოვრებლებს კარს მომდგარი უბედურების შესახებ. ვინაიდან ნინეველებმა მოინანიეს, იეჰოვამ გადაიფიქრა ქალაქისა და მისი მცხოვრებლების განადგურება. როგორი რეაქცია ჰქონდა ამაზე იონას? „ძალიან არ ესიამოვნა ეს იონას და რისხვით აენთო“ (იონა 4:1). მისი აზრით, იეჰოვას მხრიდან ეს დიდი უსამართლობა იყო.

შეუძლებელია, იეჰოვა, რომელიც ადამიანების გულების წამკითხველი და „სიმართლისა და სამართლიანობის მოყვარულია“, შემცდარიყო (ფსალმუნი 33:5). იონა უნდა მიმხვდარიყო, რომ იეჰოვას გადაწყვეტილება სრულყოფილ სამართლიანობას ემყარებოდა. თუ ვფიქრობთ, რომ უსამართლოდ მოგვექცნენ, კარგია ვკითხოთ საკუთარ თავს: „იეჰოვაც იმავეს ფიქრობს?“

უსამართლობის მსხვერპლნი

ბიბლიაში ჩაწერილია იმ ადამიანების შემთხვევები, რომლებიც უსამართლობას შეხვდნენ. მათგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. განვიხილოთ იოსების შემთხვევა. მისმა შურიანმა ძმებმა ის ეგვიპტეში გაყიდეს მონად; იქ მისი ბატონის ცოლი შეეცადა უზნეობაში ჩაეთრია ის; მაგრამ როცა იოსებმა უარი უთხრა, მან უსაფუძვლოდ დასდო ბრალი იოსებს უზნეობაში. შედეგად იოსები საპყრობილეში ჩააგდეს. მაგრამ მისი რწმენა რკინის ბორკილებზე ძლიერი იყო. მან არ დაუშვა, რომ უსამართლობას მისი რწმენა და იეჰოვასადმი ნდობა შეესუსტებინა (დაბადება 37:18—28; 39:4—20; ფსალმუნი 105:17—19).

კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც უსამართლობას შეხვდა, ნაბოთი იყო. ისრაელის მეფე ახაბის ცოლი, იზებელი, მას ვერაგულად მოექცა. მეფეს ძალიან უნდოდა ნაბოთის მიწის ნაკვეთის მისაკუთრება, რომელიც სასახლის გვერდით იყო. მაგრამ ნაბოთმა მეფეს უარი უთხრა, რადგან ისრაელებს მემკვიდრეობით მიღებული საკუთრების სამუდამოდ გაყიდვა ეკრძალებოდათ (ლევიანები 25:23). ახაბის ბოროტი ცოლის მითითებით ცრუ მოწმეებმა ნაბოთი ღვთისა და მეფის გმობაში დაადანაშაულეს. შედეგად ნაბოთი და მისი ვაჟები ჩაქოლეს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას გრძნობდა ნაბოთი, როცა ხალხი მის მოსაკლავად ქვებს იღებდა?! (1 მეფეები 21:1—14; 2 მეფეები 9:26).

მაგრამ ზემოხსენებულ შემთხვევებში მომხდარი უსამართლობა არაფერია იმასთან, რაც იესო ქრისტემ გადაიტანა. მას ცრუ ბრალდებები წაუყენეს, უკანონოდ გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს. რომაელ გამგებელს, რომელსაც ამ საქმის განხილვა ევალებოდა, გამბედაობა არ ეყო სიმართლის დასაცავად (იოანე 18:38—40). უდავოა, რომ არავინ ყოფილა სატანის მხრიდან ისეთი დიდი უსამართლობის მსხვერპლი, როგორიც იესო ქრისტე.

მიუთითებს ეს შემთხვევები, რომ იეჰოვა გულგრილია უსამართლობის მიმართ? რასაკვირველია, არა. ზემოხსენებულ შემთხვევებს იეჰოვა ადამიანის თვალსაზრისით არ უყურებდა (ესაია 55:8, 9). იოსები მონად რომ გაყიდეს, ამით მისი ოჯახის გადარჩენა გახდა შესაძლებელი. დიდი შიმშილობის ჩამოვარდნამდე, რომელიც მის ოჯახსაც შეეხო, მას ეგვიპტეში საკვების განაწილება დაევალა. წარმოიდგინეთ, იეჰოვას რომ არ დაეშვა უსამართლობა, იოსები საპყრობილეში არ მოხვდებოდა. იქ მან ორ პატიმარს სიზმრები აუხსნა, რომელთაგან ერთ-ერთმა ფარაონს იოსების შესახებ მოუყვა; შედეგად, იოსები ეგვიპტეში საკვების გამანაწილებელი გახდა (დაბადება 40:1; 41:9—14; 45:4—8).

ახლა ნაბოთის შემთხვევას შევხედოთ იეჰოვას თვალით. ვინაიდან იეჰოვას შეუძლია მკვდრების აღდგენა, მისთვის ნაბოთი მაშინაც ცოცხალი იყო, როცა მისი უსიცოცხლო გვამი მიწაზე ეგდო (1 მეფეები 21:19; ლუკა 20:37, 38). ნაბოთი უნდა დაელოდოს იმ დროს, როცა იეჰოვა მას სიცოცხლეს დაუბრუნებს. მისთვის ეს დრო მალე გავა, რადგან მკვდრებმა არაფერი იციან (ეკლესიასტე 9:5). გარდა ამისა, იეჰოვამ შური იძია ახაბზე და მის სახლეულობაზე (2 მეფეები 9:21, 24, 26, 35, 36; 10:1—11; იოანე 5:28, 29).

თუმცა იესოც მოკვდა, ღმერთმა ის აღადგინა და „ყველა მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, ძალაზე, ბატონობაზე და ყოველ სახელზე მაღლა“ დააყენა (ეფესოელები 1:20, 21). უსამართლობამ, რომელიც სატანამ დაატეხა იესო ქრისტეს, ვერ დააბრკოლა იეჰოვა, რომ თავისი ძე დაეჯილდოებინა. იესომ კარგად იცოდა, თუ იეჰოვას ნება იქნებოდა, მას შეეძლო მაშინვე წერტილი დაესვა იმ უსამართლობისთვის, რომელიც იესოს უკანონო დაპატიმრებით დაიწყო. მაგრამ იესოს ისიც კარგად ესმოდა, რომ იეჰოვას დადგენილი აქვს დრო წმინდა წერილებში ჩაწერილი წინასწარმეტყველებების შესასრულებლად და უსამართლობის აღმოსაფხვრელად.

სატანა და მისი დამქაშები უსამართლოდ მოექცნენ მართალ ადამიანებს, მაგრამ იეჰოვამ ზომები მიიღო მდგომარეობის გამოსასწორებლად და სამუდამოდ აღმოფხვრა ან მომავალში აღმოფხვრის ამ უსამართლობას. ამიტომ უსამართლობის გამოსასწორებლად ღმერთს უნდა დაველოდოთ (კანონი 25:16; რომაელები 12:17—19).

რატომ შეიძლება დაუშვას იეჰოვამ უსამართლობა?

ზოგჯერ იეჰოვა გარკვეული მიზეზების გამო არ ასწორებს მდგომარეობას. მან შეიძლება ჩვენზე უსამართლობა დაუშვას, რათა კარგ ქრისტიანებად ჩამოვყალიბდეთ. მაგრამ ღმერთი ‘ბოროტებით არავის სცდის’ (იაკობი 1:13). შესაძლოა, ის არ ერევა გარკვეული მოვლენების განვითარებაში, თუმცა აძლიერებს მათ, ვისაც უნდა ამ შემთხვევიდან რაღაც ისწავლოს. ბიბლია გვარწმუნებს: ‘მცირე ხნით თქვენი ტანჯვის შემდეგ ყოველგვარი წყალობის ღმერთი თავად დაასრულებს თქვენს მომზადებას, განგამტკიცებთ და გაგაძლიერებთ’ (1 პეტრე 5:10).

გარდა ამისა, იეჰოვას მიერ დაშვებულმა უსამართლობამ შეიძლება მონანიებისკენ აღძრას უსამართლობის მოქმედნი. იესოს გასამართლებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ზოგიერთი იუდეველი, ვინც პეტრეს შეგონება მოისმინა, ‘გულის სიღრმემდე შეიძრა’. ღვთის სიტყვა მათ გულებს შეეხო და ისინი მოინათლნენ (საქმეები 2:36—42).

აღსანიშნავია, რომ ყველა უსამართლობის მოქმედი არ მოინანიებს. ზოგი შეიძლება უარესად მოიქცეს. იგავების 29:1-ში ვკითხულობთ, რომ „კაცი, რომელსაც შეაგონებენ, მაგრამ მაინც ჯიუტობს, უეცრად დაეცემა და ვეღარ განიკურნება“. უეჭველად, იეჰოვა ბოლოს მოუღებს ყველას, ვინც უსამართლოდ იქცევა და არ ინანიებს (ეკლესიასტე 8:11—13).

რა დროც უნდა დასჭირდეს უსამართლობით მიყენებული ჭრილობების მოშუშებას, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვას შეუძლია დაგვეხმაროს. ის აუცილებლად აღმოფხვრის უსამართლობას, რომელსაც ამ ბოროტ ქვეყნიერებაში ვაწყდებით. დაბოლოს, ღმერთი გვპირდება, რომ დაგვაჯილდოებს მარადიული სიცოცხლით ახალ ქვეყნიერებაში, სადაც „დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13).

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

რას იგრძნობდა ნაბოთი, როცა საშინელ უსამართლობას წააწყდა?