არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტანჯვის დროს მოთმინება დაგვიფასდება

ტანჯვის დროს მოთმინება დაგვიფასდება

ტანჯვის დროს მოთმინება დაგვიფასდება

„ჩვენ ბედნიერებს ვუწოდებთ მათ, ვინც მოითმინა“ (იაკობი 5:11).

1, 2. საიდან ჩანს, რომ იეჰოვას არ უნდოდა ადამიანების ტანჯვა?

არც ერთ ნორმალურ ადამიანს არ სურს, იტანჯებოდეს; ჩვენს შემოქმედს, იეჰოვა ღმერთსაც არ უნდა, რომ ადამიანები იტანჯებოდნენ. ამას ცხადყოფს მოვლენები, რომლებიც პირველი კაცისა და ქალის შექმნას მოჰყვა და ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში ჩაიწერა. თავდაპირველად, ღმერთმა ადამი შექმნა. „დაიწყო იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნა მიწის მტვრისგან, ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა და ადამიანი ცოცხალ სულად იქცა“ (დაბადება 2:7). ადამს სრულყოფილი სხეული და გონება ჰქონდა. ის არც ავად გახდებოდა და არც მოკვდებოდა.

2 ბიბლიიდან ვიგებთ, როგორ პირობებში ცხოვრობდა ადამი: „გააშენა იეჰოვა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთით, და იქ დაასახლა ადამიანი, რომელიც შექმნა. იეჰოვა ღმერთმა მიწიდან აღმოაცენა ყოველგვარი ხე, თვალწარმტაცი და საჭმელად ვარგისი ნაყოფის მომცემი“ (დაბადება 2:8, 9). ადამს მართლაც შესანიშნავი საცხოვრებელი ჰქონდა. ედემში მას არანაირი ტანჯვა არ ემუქრებოდა.

3. რა პერსპექტივა ჰქონდა პირველ წყვილს?

3 დაბადების 2:18-ში ვკითხულობთ: «თქვა იეჰოვა ღმერთმა: „არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა. შევუქმნი დამხმარეს, შემავსებელს“». იეჰოვამ სრულყოფილი ცოლი შეუქმნა ადამს და შესაძლებელი გახადა, რომ მათ ბედნიერი ოჯახი ჰქონოდათ (დაბადება 2:21—23). შემდეგ ბიბლიაში ვკითხულობთ: «აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა მათ ღმერთმა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“» (დაბადება 1:28). პირველ წყვილს შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა, რომ მთელი დედამიწა ედემის მსგავს სამოთხედ გადაექციათ. მათ ეყოლებოდათ ბედნიერი შთამომავლობა, რომლებიც არ დაიტანჯებოდნენ. რა შესანიშნავი დასაწყისი იყო! (დაბადება 1:31).

ტანჯვის დასაწყისი

4. რას ცხადყოფს კაცობრიობის ისტორია?

4 კაცობრიობის ისტორია ცხადყოფს, რომ მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. ბოროტება ადამიანთა ტანჯვის მიზეზი გახდა. საუკუნეების განმავლობაში ადამისა და ევას შთამომავლები ავად ხდებიან, ბერდებიან და კვდებიან. დედამიწა საერთოდ არ ჰგავს იმ სამოთხეს, სადაც ბედნიერ ადამიანებს უნდა ეცხოვრათ. დღევანდელ მდგომარეობას ზუსტად აღწერს რომაელების 8:22, სადაც ვკითხულობთ: „მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება“.

5. რა წვლილი მიუძღვით ადამსა და ევას კაცობრიობის ტანჯვაში?

5 იეჰოვას ბრალი არ მიუძღვის ადამიანთა ტანჯვაში (2 სამუელი 22:31). ამაში ნაწილობრივ ადამიანები არიან დამნაშავენი. ისინი „უკეთურად და საძაგლად იქცევიან“ (ფსალმუნი 14:1). იეჰოვამ ჩვენს წინაპრებს, ადამსა და ევას, ყოველივე კარგი უბოძა. მათგან მხოლოდ ის მოითხოვებოდა, რომ ღმერთს დამორჩილებოდნენ, მაგრამ ადამმა და ევამ იეჰოვასგან დამოუკიდებლობა არჩიეს. მათ დაკარგეს სრულყოფილება, რადგან ზურგი აქციეს იეჰოვას; შედეგად ისინი დაბერდნენ და მოკვდნენ. თითოეულ ჩვენგანს არასრულყოფილება მათგან გადმოგვეცა (დაბადება 3:17—19; რომაელები 5:12).

6. როგორ გახდა სატანა ადამიანთა ტანჯვის მიზეზი?

6 ამასთანავე, ტანჯვის მიზეზი გახდა სულიერი ქმნილება, რომელსაც სატანა ეშმაკი ეწოდა. ის ნების თავისუფლებით იყო შექმნილი, მაგრამ ბოროტად გამოიყენა ეს თავისუფლება და მოინდომა, რომ ადამიანებს მისთვის ეცათ თაყვანი. სინამდვილეში კი მხოლოდ იეჰოვა იმსახურებს თაყვანისცემას და არა — მისი ქმნილებები. სწორედ სატანამ უბიძგა ადამსა და ევას დამოუკიდებლობისკენ და მოატყუა, რომ „ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი“ გახდებოდნენ (დაბადება 3:5).

მხოლოდ იეჰოვას აქვს მმართველობის უფლება

7. რას ცხადყოფს იეჰოვასადმი დაუმორჩილებლობის შედეგები?

7 დაუმორჩილებლობის ცუდმა შედეგებმა ცხადყო, რომ მხოლოდ იეჰოვას, სამყაროს უზენაეს ხელისუფალს აქვს უფლება, იმმართველოს და მხოლოდ მისი მმართველობაა სამართლიანი. ათასწლეულებმა ცხადყო, რომ სატანამ, „ამ ქვეყნიერების მმართველმა“, ჩაუყარა საფუძველი ბოროტ, უსამართლო და მოძალადე მმართველობას, რომელსაც მხოლოდ უბედურება მოაქვს (იოანე 12:31). დიდი ხნის მანძილზე სატანის გავლენაში მოქცეულ ადამიანთა წარუმატებელმა მმართველობამ ცხადყო, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ სამართლიანად იმმართველონ (იერემია 10:23). აქედან გამომდინარე, მმართველობის ვერც ერთი ფორმა, გარდა იეჰოვას მმართველობისა, წარმატებას ვერ მიაღწევს. ამას ადასტურებს ისტორიაც.

8. რა განზრახვა აქვს იეჰოვას ადამიანთა მმართველობების მიმართ და როგორ შეასრულებს ამ განზრახვას?

8 იეჰოვამ ნება დართო ადამიანებს, საუკუნეების განმავლობაში მისგან დამოუკიდებლად ემმართველათ, ამიტომ ის სამართლიანად მოიქცევა, როცა მმართველობის ყველა ფორმას თავისი მმართველობით შეცვლის. ამის შესახებ ერთ-ერთ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „იმ მეფეების [ადამიანთა მმართველობის] დროს ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს [თავის ზეციერ მთავრობას ქრისტეს ხელმძღვანელობით], რომელიც არასოდეს დაიქცევა. . . . ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44). დემონთა და ადამიანთა მმართველობა აღარ იარსებებს. იქნება მხოლოდ ღვთის ზეციერი მთავრობა და ის იმმართველებს დედამიწაზე. ამ სამეფოს სათავეში ჩაუდგება ქრისტე და მასთან ერთად იმეფებს დედამიწიდან წაყვანილი 144 000 ერთგული პიროვნება (გამოცხადება 14:1).

ტანჯვის შედეგად მიღებული გამოცდილება

9, 10. როგორ დაეხმარა იესოს განცდილი ტანჯვა?

9 საინტერესოა, როგორი მმართველები იქნებიან ზეციერი სამეფოს მეფეები. უპირველესად, იესო ქრისტემ ცხადყო, რომ შეუძლია კარგი მეფე იყოს. დიდი ხნის მანძილზე ის იეჰოვას გვერდით იყო და მის ნებას ასრულებდა, როგორც „ოსტატი“ (იგავები 8:22—31). მან ნებაყოფლობით შეასრულა იეჰოვას ნება და დედამიწაზე მოვიდა. აქ მას მთელი ყურადღება სხვებისთვის იეჰოვას უზენაესობისა და სამეფოს შესახებ ქადაგებაზე ჰქონდა გადატანილი. იესო ბოლომდე დაემორჩილა იეჰოვას უზენაესობას და ამით შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა (მათე 4:17; 6:9).

10 იესოს დევნიდნენ და ბოლოს ის მოკლეს კიდეც. მსახურების დროს ის აკვირდებოდა, რა სავალალო მდგომარეობაში იყო ხალხი. როგორ დაეხმარა მას ამ ყველაფრის დანახვა და განცდილი ტანჯვა? ებრაელების 5:8-ში ვკითხულობთ: „თუმცა [ღვთის] ძე იყო, მორჩილება ისწავლა იმით, რაც გადაიტანა“. დედამიწაზე მიღებულმა გამოცდილებამ იესო უფრო გამგები და თანამგრძნობი გახადა. მან საკუთარ თავზე გამოსცადა ტანჯვა. ამიტომ მას შეეძლო თანაგრძნობა გამოევლინა მათდამი, ვინც იტანჯებოდა და მეტად დაეფასებინა თავისი, როგორც მხსნელის როლი. ებრაელების მიმართ მიწერილ წერილში მოციქული პავლე ამას ხაზგასმით აღნიშნავს: „ის ყველაფერში თავის ძმებს უნდა დამსგავსებოდა, რათა გულმოწყალე და ერთგულ მღვდელმთავრად დანიშნულიყო ღვთის საკუთრებაზე, რომ შერიგების მსხვერპლი შეეწირა ხალხის ცოდვებისთვის. რაკი თვითონ იტანჯა, როცა იცდებოდა, შეუძლია დაეხმაროს მათაც, ვინც ახლა იცდება“. „ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს სისუსტეებში, არამედ ვინც ჩვენსავით გამოიცადა ყველაფერში, ოღონდ უცოდველი იყო. ამიტომ სიტყვაში სითამამით მივუახლოვდეთ წყალობის ტახტს, რათა მივიღოთ გულმოწყალება და წყალობა ვპოვოთ დროული დახმარებისთვის“ (ებრაელები 2:17, 18; 4:14—16; მათე 9:36; 11:28—30).

11. როგორ დაეხმარება დედამიწაზე მიღებული გამოცდილება მომავალ მეფეებსა და მღვდლებს?

11 იმავეს თქმა შეიძლება 144 000-ზე, რომლებიც დედამიწიდან „იქნენ ნაყიდნი“, რათა იესო ქრისტესთან ერთად იმმართველონ ზეციერ სამეფოში (გამოცხადება 14:4). ისინი დედამიწაზე დაიბადნენ, ტანჯვით სავსე ქვეყნიერებაში გაიზარდნენ და თავადაც განიცადეს ტანჯვა. ბევრ მათგანს დევნიდნენ, ზოგიც მოკლეს, რადგან იეჰოვას ერთგულები იყვნენ და იესოს მაგალითს ჰბაძავდნენ. მაგრამ მათ ‘არ შერცხვათ უფლის შესახებ დამოწმებისა და მოითმინეს ბოროტება, რომელსაც სასიხარულო ცნობის გამო შეხვდნენ’ (2 ტიმოთე 1:8). დედამიწაზე მიღებული გამოცდილება დაეხმარება მათ, რომ ზეციდან გაასამართლონ ადამიანები. ისინი უფრო თანამგრძნობები და კეთილები გახდნენ და დიდი სურვილი აქვთ, რომ ადამიანებს დაეხმარონ (გამოცხადება 5:10; 14:2—5; 20:6).

ბედნიერნი ტანჯვის მიუხედავად

12, 13. როგორ შეიძლება სასარგებლო იყოს ტანჯვა მათთვის, ვისაც დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვს?

12 შეიძლება ტანჯვა სასარგებლო იყოს მათთვის, ვისაც იმედი აქვს, მარადიულად იცხოვროს სამოთხეში დედამიწაზე, სადაც აღარ იქნება ავადმყოფობა, წუხილი და სიკვდილი? ცხადია, არავის უნდა ტკივილსა და მწუხარებას განიცდიდეს, მაგრამ როცა მოთმინებას ვავლენთ, ვიუმჯობესებთ კარგ თვისებებს და უფრო ბედნიერები ვხდებით.

13 დაფიქრდით, რას ამბობს ამის შესახებ ღვთის სიტყვა: „რომც დაიტანჯოთ სიმართლის გამო, მაინც ბედნიერები იქნებით“. „თუ ქრისტეს სახელისთვის გლანძღავენ, ბედნიერები ხართ“ (1 პეტრე 3:14; 4:14). „ბედნიერნი ხართ, როცა გლანძღავენ, გდევნიან და ყველანაირ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო. იხარეთ და სიხარულით იხტუნეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში“ (მათე 5:11, 12). „ბედნიერია ის, ვინც განსაცდელს უძლებს, რადგან მოწონებას დაიმსახურებს და მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს“ (იაკობი 1:12).

14. რა გაგებით შეუძლია ტანჯვას სიხარული მიანიჭოს იეჰოვას თაყვანისმცემლებს?

14 ცხადია, ტანჯვა სასიხარულო არ არის. მაგრამ ბედნიერებასა და კმაყოფილებას გვანიჭებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ნების შესრულებისა და იესოს მიბაძვის გამო ვხვდებით განსაცდელებს. პირველ საუკუნეში ზოგი მოციქული დააპატიმრეს, იუდეველთა უზენაესი სასამართლოს წინაშე წარადგინეს და ბრალი დასდეს, რადგან იესო ქრისტეს შესახებ ქადაგებდნენ. ისინი სცემეს და შემდეგ გაათავისუფლეს. რა გრძნობა დაეუფლათ მოციქულებს? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ისინი კი წავიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ მისი სახელის გულისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ“ (საქმეები 5:17—41). მათ ცემა და ტკივილი კი არ ანიჭებდათ სიხარულს, არამედ ის, რომ იეჰოვასადმი ერთგულებისა და იესოს მიბაძვის გამო გადაიტანეს ეს ყველაფერი (საქმეები 16:25; 2 კორინთელები 12:10; 1 პეტრე 4:13).

15. როგორ დაგვეხმარება განსაცდელების გადატანა?

15 თუ წინააღმდეგობასა და დევნაზე სწორი თვალსაზრისი გვექნება, მოთმინებას გამოვიმუშავებთ. ეს კი თავის მხრივ ახალი განსაცდელების გადატანაში დაგვეხმარება. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ჩემო ძმებო, ნებისმიერ განსაცდელს სიხარულით შეხვდით, რადგან იცით, რომ ასე გამონაცადი რწმენა მოთმინებას გამოგიმუშავებთ“ (იაკობი 1:2, 3). მსგავსი აზრია რომაელების 5:3—5-ში: „გასაჭირშიც ვიხაროთ, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი მოთმინებას წარმოშობს, მოთმინებას ღვთის მოწონება მოაქვს, ღვთის მოწონებას — იმედი, ხოლო იმედი არ გაგვაწბილებს“. ასე რომ, რაც მეტ განსაცდელს ვიტანთ ქრისტიანულ გზაზე სიარულის გამო, მით უკეთ გავუმკლავდებით ახალ განსაცდელებს ამ ბოროტ ქვეყნიერებაში.

იეჰოვა დაგვაჯილდოებს მოთმინებისთვის

16. როგორ აუნაზღაურებს იეჰოვა მომავალ მეფეებსა და მღვდლებს განცდილ ტანჯვას?

16 თუ ქრისტიანულ გზაზე დევნისა და წინააღმდეგობის გამო მატერიალურ ზარალს განვიცდით, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა ყველაფერს აგვინაზღაურებს. მაგალითად, ზოგ ცხებულ ქრისტიანს პავლე მოციქულმა მისწერა: „თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით იტანდით, რადგან იცოდით, რომ უკეთესი და უხრწნელი საკუთრება გაქვთ“ როგორც ღვთის სამეფოს მეფეებს (ებრაელები 10:34). წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებენ ისინი, როცა ახალ ქვეყნიერებაში იეჰოვასა და ქრისტეს ხელმძღვანელობით დედამიწის მცხოვრებთ კურთხევებს მისცემენ. უდავო ჭეშმარიტებაა პავლე მოციქულის სიტყვები, რომლებიც ერთგულ ქრისტიანებს მისწერა: „ვფიქრობ, ახლანდელი ტანჯვა არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც ჩვენში გამოცხადდება“ (რომაელები 8:18).

17. რით დააჯილდოებს იეჰოვა იმ ერთგულ მსახურებს, რომლებსაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ?

17 მსგავსად ამისა, იეჰოვა უხვად დააჯილდოებს მათ, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვს და ვინც იეჰოვას მსახურების გამო იძულებით დაკარგა ან ნებაყოფლობით შესწირა რამე. ის მისცემს მათ სრულყოფილ, უსასრულო სიცოცხლეს სამოთხეში დედამიწაზე. ახალ ქვეყნიერებაში იეჰოვა „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:4). რა შესანიშნავი დაპირებაა! რაც უნდა დავთმოთ იეჰოვასთვის, ეს ვერ შეედრება იმ შესანიშნავ ცხოვრებას, რითაც ის თავის ერთგულ მსახურებს დააჯილდოებს.

18. რა მანუგეშებელ დაპირებას გვაძლევს იეჰოვა თავის სიტყვაში?

18 ვერანაირი ტანჯვა ვერ შეგვიშლის ხელს, რომ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლით გავიხაროთ. ახალი ქვეყნიერების შესანიშნავი პირობები ყველანაირ ტანჯვას დაგვავიწყებს. ესაიას 65:17, 18-ში ვკითხულობთ: „აღარ გაიხსენებენ წინანდელს და არც გულში გაივლებენ. იხარეთ და მარადიულად იმხიარულეთ იმით, რასაც ვქმნი“. იესოს ნახევარძმამ იაკობმა კი თქვა: „ჩვენ ბედნიერებს ვუწოდებთ მათ, ვინც მოითმინა“ (იაკობი 5:11). მაშასადამე, თუ ერთგულად ვითმენთ, ეს დღესაც დაგვიფასდება და მომავალშიც.

როგორ უპასუხებთ?

• როგორ დაექვემდებარნენ ადამიანები ტანჯვას?

• როგორ დაუფასდებათ ტანჯვის მოთმენა დედამიწის მომავალ მმართველებსა და მის მცხოვრებელებს?

• რატომ ვართ დღეს ბედნიერნი ტანჯვის მიუხედავად?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 27 გვერდზე]

ჩვენს წინაპრებს, ადამსა და ევას, შესანიშნავი მომავალი ელოდათ

[სურათი 29 გვერდზე]

ადამიანთა ტანჯვაზე დაკვირვება დაეხმარა იესოს, შესანიშნავი მეფე და მღვდელმთავარი გამხდარიყო

[სურათი 31 გვერდზე]

მოციქულები ‘ხარობდნენ, რომ რწმენის გამო შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ’