არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ჩვენ სასწავლებლად დაიწერა“

„ჩვენ სასწავლებლად დაიწერა“

„ჩვენ სასწავლებლად დაიწერა“

„წიგნების წერას ბოლო არ ექნება“ (ეკლესიასტე 12:12). დღეს იმდენი რამ არის დაბეჭდილი, რომ ეს სიტყვები ისეთივე აქტუალურია, როგორც მაშინ, როცა დაიწერა. მაშ, როგორ მიხვდეს გამჭრიახი მკითხველი, რაზე შეაჩეროს არჩევანი?

სასურველი წიგნის შერჩევისას მრავალ მკითხველს სურს, თავდაპირველად ზოგი რამ მისი ავტორის შესახებ გაიგოს. გამომცემლებმა შეიძლება მოკლე სტატია დაურთონ გამოცემას, სადაც მოიხსენიება, თუ სად დაიბადა და გაიზარდა ავტორი, რა განათლება აქვს მას მიღებული და რა ნაშრომები აქვს გამოქვეყნებული. ავტორის ვინაობა მნიშვნელობას მოკლებული არ არის, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ წინა საუკუნეებში მწერალი ქალები ხშირად თავიანთ ნაწარმოებებს ფსევდონიმით აქვეყნებდნენ, ფსევდონიმად კი მამაკაცის სახელებს იყენებდნენ, რათა მკითხველს ნაკლები შეფასება არ მიეცა წიგნისთვის მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქალის მიერ იყო დაწერილი.

როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, სამწუხაროდ ზოგიერთები უგულებელყოფენ ებრაულ წერილებს იმის გამო, რომ მასში წარმოდგენილი ღმერთი მათი აზრით არის სასტიკი ღმერთი, რომელიც უმოწყალოდ ანადგურებს თავის მტრებს *. მოდი განვიხილოთ, რა წერია თავად ებრაულ და ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ბიბლიის ავტორის შესახებ.

ბიბლიის ავტორი

ებრაულ წერილებში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა ისრაელ ერს უთხრა: „მე ვარ იეჰოვა, მე არ შევცვლილვარ“ (მალაქია 3:6). დაახლოებით 500 წლის შემდეგ ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, იაკობმა ღვთის შესახებ თქვა: „[ღმერთი] ცვალებად ჩრდილს არა ჰგავს“ (იაკობი 1:17). მაშ, რატომ ჰგონიათ ზოგიერთებს, რომ ებრაულ წერილებში მოხსენიებული ღმერთი განსხვავდება იმ ღმერთისგან, რომელზეც ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშია საუბარი?

ამ კითხვაზე პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ ბიბლიის სხვადასხვა მონაკვეთი ღვთის პიროვნების სხვადასხვა მხარეს გვიმჟღავნებს. მხოლოდ „დაბადების“ წიგნში ღმერთზე ნათქვამია, რომ მას „გული ეტკინა“, ის „ცისა და მიწის შემქმნელი“ და „მთელი დედამიწის მოსამართლეა“ (დაბადება 6:6; 14:22; 18:25). ერთსა და იმავე ღმერთზეა აქ საუბარი? დიახ.

მოვიყვანოთ მაგალითი: ადგილობრივ მოსამართლეს სასამართლო დარბაზში ხალხი შეიძლება იცნობს როგორც კანონის მტკიცედ დამცველს; შვილების თვალში კი ის არის მოსიყვარულე და გულუხვი მამა; ხოლო მეგობრებისთვის — ისეთი ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა სასიამოვნოა და რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს. მოსამართლეც, მამაც და მეგობარიც ერთი და იგივე ადამიანია, უბრალოდ, სხვადასხვა სიტუაციაში მისი პიროვნების სხვადასხვა მხარე ვლინდება.

მსგავსადვე, ებრაულ წერილებში იეჰოვა აღწერილია როგორც „გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთი, რისხვაში ნელი, უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში“. თუმცა, მის შესახებ იმასაც ვიგებთ, რომ „დასასჯელს დაუსჯელად არ ტოვებს“ (გამოსვლა 34:6, 7). ეს ორი აღწერილობა ღვთის სახელის მნიშვნელობას შეესაბამება. სახელი „იეჰოვა“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „აქცევინებს“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთი იქცევა იმად, რაც საჭიროა თავისი განზრახვების შესასრულებლად (გამოსვლა 3:13—15). მიუხედავად ამისა, ის იმავე ღმერთად რჩება. იესომ თქვა: „იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, ერთია იეჰოვა“ (მარკოზი 12:29).

შეცვალა რამემ ებრაული წერილები?

დღეს ჩვეულებრივი რამ არის, როდესაც ახალი გამოკვლევების საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელოები ძველის ადგილს იკავებს ან როცა გავრცელებული შეხედულებები იცვლება. შეიძლება იმის თქმა, რომ ქრისტიანულ-ბერძნულმა წერილებმა ებრაული წერილები შეცვალა? არა.

თუ იესოს განზრახული ექნებოდა, რომ მისი მსახურების შესახებ ჩანაწერებს და მისი მოწაფეების წერილებს ებრაული წერილების ადგილი დაეკავა, ის ამას აუცილებლად აღნიშნავდა. მაგრამ, საინტერესოა, თუ რას მოგვითხრობს ლუკა იესოს შესახებ, რომელიც მალე ზეცად უნდა ამაღლებულიყო. ლუკა წერს: „მოსედან დაიწყო და ყველა წინასწარმეტყველის წიგნიდან [ებრაული წერილებიდან] განუმარტა მათ [ორ მოწაფეს] წმინდა წერილებში თავის შესახებ დაწერილი“. მოგვიანებით იესო ეჩვენა თავის ერთგულ მოციქულებსა და სხვებს. ბიბლიაში შემდგომ ნათქვამია: «მაშინ უთხრა მათ: „აი, რას გეუბნებოდით, როცა ჯერ კიდევ თქვენთან ვიყავი: ყველაფერი, რაც მოსეს კანონში, წინასწარმეტყველთა წიგნებსა და ფსალმუნებში ჩემ შესახებ არის დაწერილი, უნდა შესრულდეს-მეთქი“» (ლუკა 24:27, 44). განა მოიყვანდა იესო ციტატებს ებრაული წერილებიდან თავისი მიწიერი მსახურების ბოლოს, ეს წერილები მოძველებული რომ ყოფილიყო?!

ქრისტიანული კრების დაფუძნების შემდეგ იესოს მიმდევრები კვლავაც იყენებდნენ ებრაულ წერილებს. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ მასში ჩაწერილ წინასწარმეტყველებებზე, რომლებიც ჯერ კიდევ შესასრულებელი იყო; უკვირდებოდნენ მოსეს კანონში მოცემულ პრინციპებს, რითაც ბევრ რამეს სწავლობდნენ, და უფიქრდებოდნენ ღვთის ძველი დროის მსახურთა მაგალითებს, რომლებიც ქრისტიანებს ერთგულების შენარჩუნებაში ეხმარებოდა (საქმეები 2:16—21; 1 კორინთელები 9:9, 10; ებრაელები 11:1—12:1). „მთელი წმინდა წერილი, — წერდა მოციქული პავლე, — ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“ * (2 ტიმოთე 3:16). რით არის დღეს სასარგებლო ებრაული წერილები?

რჩევები ყოველდღიური ცხოვრებისთვის

განვიხილოთ ის პრობლემა, რომელსაც დღეს რასობრივი სიძულვილი იწვევს. აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქალაქში მცხოვრებმა ერთმა 21 წლის ახალგაზრდა ეთიოპმა მამაკაცმა თქვა: „თუ ჩვენ სადმე წასვლას დავაპირებთ, ჯგუფურად უნდა წავიდეთ, რადგან ამ დროს ნაკლები საშიშროებაა, რომ თავს დაგვესხან. საღამოს 6 საათის შემდეგ გარეთ ვეღარ გავდივართ, განსაკუთრებით კი მეტროში ვერ ჩავდივართ. როდესაც ადამიანები გვიყურებენ, ისინი მხოლოდ ჩვენი კანის ფერს ხედავენ“. არის რამე ნათქვამი ებრაულ წერილებში ასეთი საკმაოდ რთული პრობლემის შესახებ?

ძველად ისრაელებს ღმერთმა უთხრა: „ცუდად არ მოეპყრო შენს მიწაზე მცხოვრებ ხიზანს; არ განასხვაო შენთან მცხოვრები ხიზანი მკვიდრისგან; საკუთარი თავივით შეიყვარე იგი, რადგან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტის მიწაზე“ (ლევიანები 19:33, 34). მართლაც, ძველ ისრაელს მიცემული ჰქონდა კანონი, რომელიც მოითხოვდა, რომ პატივისცემით მოპყრობოდნენ იქ დამკვიდრებულ უცხოელებს, ანუ „ხიზნებს“, და ეს კანონი ჩაწერილია ებრაულ წერილებში. როგორ ფიქრობთ, განა ამ კანონში მოცემული პრინციპის დაცვა არ აღმოფხვრიდა დღეს არსებულ რასობრივ სიძულვილს?!

მართალია, ებრაულ წერილებში არ არის მოცემული დაწვრილებითი რჩევები ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ მასში მოცემული პრაქტიკული რჩევები დაგვეხმარება, გონივრულად მივუდგეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. მაგალითად, იგავების 22:7-ში ვკითხულობთ: „მოვალე მევალის მსახურია“. ბევრი კონსულტანტი საფინანსო საკითხებში იმ აზრისაა, რომ კრედიტის არაგონივრულად გამოყენებამ ადამიანი შეიძლება ფინანსურად დააზარალოს.

გარდა ამისა, ნებისმიერ ფასად გამდიდრებისკენ სწრაფვას — რაც ასე დამახასიათებელია მატერიალიზმში ჩაფლული მსოფლიოსთვის — ზუსტად აღწერს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, მეფე სოლომონი. ის წერს: „ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავლით. ესეც ამაოებაა“ (ეკლესიასტე 5:10). რა ბრძნული სიტყვებია!

მომავლის იმედი

მთელ ბიბლიას ერთი თემა გასდევს — სამეფო, რომლის სათავეშიც იესო ქრისტე დგას, გაამართლებს ღვთის უზენაესობას და ღვთის სახელს განწმენდს (დანიელი 2:44; გამოცხადება 11:15).

ებრაული წერილებიდან დაწვრილებით ვიგებთ, თუ როგორი ცხოვრება იქნება ღვთის სამეფოს მმართველობისას, რაც გვანუგეშებს და გვაახლოებს ამ ნუგეშის წყაროსთან, იეჰოვა ღმერთთან. მაგალითად, წინასწარმეტყველმა ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ ადამიანებსა და ცხოველებს შორის მშვიდობა დაისადგურებდა: „მგელი ბატკნის გვერდით დაისვენებს ხოლმე, ჯიქი თიკნის გვერდით დაწვება, ხბო, ლომი და ნასუქი პირუტყვი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ“ (ესაია 11:6—8). რა შესანიშნავი იმედია!

რას ამბობს ებრაული წერილები მათზე, ვინც რასობრივ თუ ეთნიკურ დისკრიმინაციას განიცდის, მძიმე ავადმყოფობით იტანჯება ან სიდუხჭირეში ცხოვრობს? ნახეთ, რა არის ნაწინასწარმეტყველები ებრაულ წერილებში იესო ქრისტეს შესახებ: „ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს. ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს, იხსნის ღარიბთა სულებს“ (ფსალმუნი 72:12, 13). ვისაც სწამს ამ დანაპირების, მომავალს იმედითა და რწმენით შეჰყურებს (ებრაელები 11:6).

ამიტომ, პავლე მოციქული ღვთის შთაგონებით მართებულად წერდა: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელები 15:4). დიახ, ებრაული წერილები ღვთის მიერ შთაგონებული სიტყვის, ბიბლიის, განუყოფელი ნაწილია. ებრაული წერილები დღეს ნამდვილად ღირებულია ჩვენთვის! ვიმედოვნებთ, რომ თქვენ ეცდებით მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ რას ასწავლის მთელი ბიბლია და, ამგვარად, დაუახლოვდებით მის ავტორს, იეჰოვა ღმერთს (ფსალმუნი 119:111, 112).

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 ამ სტატიაში „ძველ აღთქმას“ ებრაულ წერილებად მოვიხსენიებთ (იხილეთ ჩარჩო «„ძველი აღთქმა“ თუ ებრაული წერილები»? გვერდი 6). ამავე პრინციპით, იეჰოვას მოწმეები „ახალ აღთქმას“ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს უწოდებენ.

^ აბზ. 13 ებრაულ წერილებში ჩაწერილია ბევრი პრინციპი, რომლებიც დღეისათვის ძალიან სასარგებლოა. მაგრამ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქრისტიანებს არ ევალებათ მოსეს კანონის დაცვა, რომელიც ღმერთმა მოსეს მეშვეობით ისრაელ ერს გადასცა.

[ჩარჩო 6 გვერდზე]

„ძველი აღთქმა“ თუ ებრაული წერილები?

გამოთქმა „ძველი აღთქმა“ გვხვდება 2 კორინთელების 3:14-ში „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“. ამ თარგმანში „აღთქმად“ ნათარგმნია ბერძნული სიტყვა „დიათეკე“. თუმცა ბიბლიის მრავალ თარგმანში, მათ შორის „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ „დიათეკე“ ნათარგმნია როგორც „შეთანხმება“ და არა „აღთქმა“. რატომ?

ლექსიკოგრაფი ედუარდ რობინსონი ამბობს: «ვინაიდან ძველი შეთანხმება მოსეს წიგნებშია შესული, [„დიათეკე“] წარმოადგენს შეთანხმების წიგნს, მოსეს წერილებს, ანუ კანონს». 2 კორინთელების 3:14-ში პავლე მოციქული გულისხმობს მოსეს კანონს, რომელიც ქრისტიანობამდე დაწერილი წერილების მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე, რომელი სახელწოდება იქნებოდა უფრო შესაფერისი ბიბლიის პირველი 39 წიგნისთვის? იესო და მისი მიმდევრები ბიბლიის ამ ნაწილს სულაც არ თვლიდნენ მოძველებულად ან ძველად. ისინი მას „წმინდა წერილებს“ უწოდებდნენ (მათე 21:42; რომაელები 1:2). ამგვარად, იქიდან გამომდინარე, რომ იესო და მისი მიმდევრები ბიბლიის ამ ნაწილს ღვთის შთაგონებით წმინდა წერილებად მოიხსენიებდნენ, იეჰოვას მოწმეები „ძველ აღთქმას“ ებრაულ წერილებს უწოდებენ, რადგან ისინი ძირითადად ებრაულ ენაზე დაიწერა. მსგავსად ამისა, ეგრეთ წოდებულ „ახალ აღთქმას“ მოწმეები ბერძნულ წერილებს უწოდებენ, რადგან იმ მამაკაცებმა, რომლებიც ღვთისგან იყვნენ შთაგონებულნი, ბიბლიის ეს ნაწილი ბერძნულ ენაზე დაწერეს.

[სურათები 4 გვერდზე]

ერთი და იგივე მამაკაცი შეიძლება იყოს კანონის მტკიცედ დამცველი მოსამართლე, მოსიყვარულე მამა და მეგობარი

[სურათი 5 გვერდზე]

იესო მსახურების დროს ებრაულ წერილებს იყენებდა

[სურათები 7 გვერდზე]

რომელი ბიბლიური პრინციპები დაეხმარება ადამიანს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში?