არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას დახმარებით ჩვენ ტოტალიტარულ რეჟიმს გადავურჩით

იეჰოვას დახმარებით ჩვენ ტოტალიტარულ რეჟიმს გადავურჩით

ბიოგრაფია

იეჰოვას დახმარებით ჩვენ ტოტალიტარულ რეჟიმს გადავურჩით

მოგვითხრო ჰენრიკ დორნიკმა

დავიბადე 1926 წელს. ჩემი მშობლები თავგამოდებული კათოლიკები იყვნენ. ისინი ცხოვრობდნენ პოლონეთის სამხრეთ ნაწილში, კატოვიცეს მახლობლად მდებარე ქალაქ რუდა-სლიონსკაში, სადაც მადანი მოიპოვებოდა. მე, ჩემს უფროს ძმას ბერნარდს და უმცროს დებს, რუჟასა და ედიტას, მშობლები გვასწავლიდნენ, რომ გველოცა, ეკლესიაში ღვთისმსახურებას დავსწრებოდით და შეგვესრულებინა ყველაფერი, რაც სინანულის საიდუმლოს უკავშირდებოდა.

ჩვენი ოჯახი ბიბლიურ ჭეშმარიტებას იღებს

ერთხელ, 1937 წლის იანვარში, როცა ათი წლის ვიყავი, მამა სახლში ძალიან გახარებული დაბრუნდა. მან მოიტანა დიდი სქელი წიგნი, რომელიც იეჰოვას მოწმეებმა მისცეს. მამამ გვითხრა: „ნახეთ, შვილებო, რა მოვიტანე — წმინდა წერილები!“ ბიბლია მანამდე არასოდეს მენახა.

კათოლიკურ ეკლესიას დიდი გავლენა ჰქონდა რუდა-სლიონსკასა და მის შემოგარენში. მღვდლებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ მაღაროს მეპატრონეებთან და სრულ მორჩილებას მოითხოვდნენ მაღაროს მუშებისგან და მათი ოჯახის წევრებისგან. თუ მაღაროში მომუშავე მესას არ დაესწრებოდა ან აღსარების სათქმელად მღვდელთან არ მივიდოდა, ის ურწმუნოდ ჩაითვლებოდა და სამუშაოსაც დაკარგავდა. მამასაც ემუქრებოდა სამუშაოს დაკარგვის საშიშროება, რადგან მას იეჰოვას მოწმეებთან ჰქონდა ურთიერთობა. მაგრამ, როდესაც მღვდელი ჩვენთან სახლში მოვიდა, მამამ ის ყველას წინაშე ამხილა რელიგიურ თვალთმაქცობაში. შეცბუნებულ მღვდელს აღარ სურდა, კიდევ ერთხელ ჩავარდნილიყო მსგავს მდგომარეობაში, ამიტომ მამა სამუშაოდან არ დაუთხოვიათ.

მეც შევესწარი მღვდელთან მამაჩემის დაპირისპირებას და მტკიცედ გადავწყვიტე, ბიბლია შემესწავლა. თანდათანობით შევიყვარე იეჰოვა და მასთან ახლო ურთიერთობა განვავითარე. მამაჩემისა და მღვდლის საუბრიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩვენ დავესწარით ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს. იქ შეკრებილ 30-კაციან ჯგუფს მამა შემდეგი სიტყვებით გააცნეს: „ეს არის იონადაბი“. მალე გავიგე, რომ „იონადაბები“ იყვნენ მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანები, რომელთა რიცხვი უნდა გაზრდილიყო * (2 მეფეები 10:15—17).

„იცი, რას ნიშნავს ნათლობა?“

ჭეშმარიტების მიღების შემდეგ მამამ სმა შეწყვიტა და კარგი ქმარი და მამა გახდა. მიუხედავად ამისა, დედა არ იზიარებდა მის რელიგიურ შეხედულებებს და იმასაც კი ეუბნებოდა, რომ ერჩივნა ისეთივე დარჩენილიყო, როგორიც ადრე იყო, ოღონდ კი კათოლიკე ყოფილიყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომი გაჩაღდა, დედამ დაინახა, რომ ის მღვდლები, რომლებიც ერთ დროს პოლონეთში შემოჭრილი გერმანელების დამარცხებაზე ლოცულობდნენ, ახლა იდგნენ და ჰიტლერის წარმატებისთვის ღმერთს მადლობას უხდიდნენ! მოგვიანებით, 1941 წელს დედაც შემოგვიერთდა იეჰოვასადმი თაყვანისცემაში.

სანამ დედაც იეჰოვას მოწმე გახდებოდა, კრების უხუცესებისთვის ნათქვამი მქონდა, რომ მსურდა იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოვნათლულიყავი, მაგრამ ისინი თვლიდნენ, რომ საამისოდ ჯერ პატარა ვიყავი და მითხრეს, რომ მომეცადა. მაგრამ ერთხელ, 1940 წლის 10 დეკემბერს, კონრად გრაბოვიმ (ეს ძმა მოგვიანებით საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა; ის სიკვდილამდე ერთგული დარჩა) ცალკე ოთახში გამიყვანა და დამელაპარაკა. მან ხუთი კითხვა დამისვა და ჩემი დამაკმაყოფილებელი პასუხების მოსმენის შემდეგ მომნათლა. ამ კითხვებიდან ერთი ასეთი იყო: „იცი, რას ნიშნავს ნათლობა?“ მან ასეთი რამეც მითხრა: „ახლა ომი მძვინვარებს. მალე გადაწყვეტილების წინაშე დადგები, თუ ვის უერთგულო — ჰიტლერს თუ იეჰოვას. იცი, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს?“ ყოყმანის გარეშე ვუპასუხე: „ვიცი“.

იწყება დევნა

რატომ დამისვა კონრად გრაბოვიმ ასეთი პირდაპირი კითხვები? 1939 წელს გერმანიის ჯარი შემოიჭრა პოლონეთში და მას შემდეგ სასტიკი დევნების გამო ჩვენი რწმენა და ერთგულება გამოიცადა. დაძაბულობა ყოველდღე მატულობდა, როცა ვიგებდით, რომ ჩვენს ქრისტიან და-ძმებს აპატიმრებდნენ, ასახლებდნენ და ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ. მალე ჩვენც დიდი განსაცდელების ატანა მოგვიწევდა.

ნაცისტებს უნდოდათ, რომ ახალგაზრდა თაობა, მათ შორის მე და ჩემი და-ძმები, მესამე რაიხის თავგამოდებულ მხარდამჭერებად ექცია. ჩემმა მშობლებმა არაერთხელ თქვეს უარი იმაზე, რომ ხელი მოეწერათ „ფოლკსლისტზე“ (იმ ადამიანების სიაზე, რომლებიც გერმანიის მოქალაქეები იყვნენ ან სურდათ ამ მოქალაქეობის მიღება), ამიტომ მათ შვილების აღზრდის უფლება ჩამოართვეს. მამა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. 1944 წლის თებერვალში მე და ჩემი ძმა წაგვიყვანეს გროდკუვის (გროტკაუ) კოლონიაში, ნისას მახლობლად. რაც შეეხება ჩემს დებს, ისინი ქალთა კათოლიკურ მონასტერში გაგზავნეს, რომელიც ჩარნოვონსიში (კლოსტერბრიუკი), ოპოლესთან ახლოს მდებარეობდა. მათი მიზანი ის იყო, რომ, როგორც თავად ამბობდნენ, უარი გვეთქვა „ჩვენი მშობლების მცდარ იდეებზე“. დედა სახლში მარტო დარჩა.

ყოველ დილით რეფორმატორიუმის ეზოში აღმართავდნენ დროშას, რომელზეც სვასტიკა იყო გამოსახული. ნაცისტების ბრძანებით მარჯვენა ხელი უნდა აგვეწია, დროშისთვის სალამი მიგვეცა და გვეთქვა: „ჰაილ ჰიტლერ“. ეს რწმენის მძიმე გამოცდა იყო, მაგრამ მე და ბერნარდი არასოდეს წავსულვართ კომპრომისზე. ჩვენი „უპატივცემულო“ საქციელის გამო ნაცისტები სასტიკად გვცემდნენ. რაკი რწმენაზე უარი ვერ გვათქმევინეს, ბოლოს ესესელებმა ულტიმატუმი წაგვიყენეს: „ან მოაწერთ ხელს საბუთს, რომ გერმანიის ერთგულები იქნებით და ვერმახტს [გერმანიის ჯარს] შეუერთდებით, ან საკონცენტრაციო ბანაკში გაგგზავნით“.

1944 წლის აგვისტოში უფლებამოსილმა პირებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საკონცენტრაციო ბანაკში გავეგზავნეთ. ისინი ჩვენზე ამბობდნენ: „შეუძლებელია ისინი გადაარწმუნო და გააკეთებინო ის, რისი გაკეთებაც არ სურთ. მათ უხარიათ, როცა რწმენის გამო იტანჯებიან. მათი დაუმორჩილებლობა საფრთხეს უქმნის მთელ კოლონიას“. მართალია, სულაც არ მსურდა ტანჯვა, მაგრამ სიხარულს მგვრიდა ის, რომ იეჰოვასადმი ერთგულების გამო განსაცდელებს ვაჟკაცურად და ღირსეულად ვხვდებოდი (საქმეები 5:41). მხოლოდ ჩემი ძალებით ვერ ავიტანდი იმ განსაცდელებს, რაც წინ მელოდა. გულითადი ლოცვებით უფრო დავუახლოვდი იეჰოვას და მანაც დამარწმუნა, რომ ის ჩემთვის საიმედო შემწე იყო (ებრაელები 13:6).

საკონცენტრაციო ბანაკში

მალე გადამიყვანეს სილეზიაში მდებარე გროს-როზენის საკონცენტრაციო ბანაკში. იქ პატიმრის ნომერი მომცეს. საპატიმრო ფორმაზე იისფერი სამკუთხედი მქონდა დაკერებული, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი. ესესელმა მცველებმა მითხრეს, რომ ბანაკიდან გამათავისუფლებდნენ და ნაცისტების არმიაში ოფიცრის წოდებასაც კი მომცემდნენ, თუ ერთ პირობას შევასრულებდი. პირობა კი ასეთი იყო: „უარი თქვი ბიბლიის მკვლევართა იდეებზე, რომლებიც მესამე რაიხს ეწინააღმდეგება“. სხვა არც ერთი პატიმრისთვის არ შეუთავაზებიათ მსგავსი რამ. მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს ეძლეოდათ ბანაკიდან გათავისუფლების შესაძლებლობა. მაგრამ მე — სხვა ათასების მსგავსად — მტკიცე უარი ვთქვი ასეთ „უპირატესობაზე“. მცველებმა მიპასუხეს: „დააკვირდი ამ კრემატორიუმის საკვამურს. კარგად დაფიქრდი ჩვენს სიტყვებზე. თუ უარს იტყვი ჩვენს შემოთავაზებაზე, იცოდე, ეს საკვამური არ აგცდება, თავისუფლებას მხოლოდ ასე მიიღებ“. მე კვლავაც უარი ვთქვი მათ წინადადებაზე და მაშინვე ვიგრძენი „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილიპელები 4:6, 7).

ვლოცულობდი, რომ ბანაკში თანამორწმუნეებს შევხვედროდი და იეჰოვამაც შეისმინა ჩემი სათხოვარი. დაპატიმრებულ მოწმეებს შორის იყო ერთგული ძმა გუსტავ ბაუმერტი, რომელიც სიყვარულით ზრუნავდა ჩემზე. საკუთარ თავზე გამოვცადე, რომ იეჰოვა „თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამაა“ (2 კორინთელები 1:3).

რამდენიმე თვის შემდეგ, რუსეთის ჯარის შემოსვლის გამო ნაცისტები იძულებულნი გახდნენ, რომ სასწრაფოდ დაეცალათ ბანაკი. როდესაც ბანაკის დასატოვებლად ვემზადებოდით, ძმებმა საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩავიგდეთ და ქალების ბარაკებისკენ წავედით, რომ გაგვეგო, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ ჩვენი სულიერი დები. იქ დაახლოებით 20 და იყო, მათ შორის ელზა აბტი * და გერტრუდ ოტი. როდესაც დებმა დაგვინახეს, ჩვენკენ გამოიქცნენ. მას შემდეგ, რაც ერთმანეთი გავამხნევეთ, დებმა მალევე სიმღერა დაიწყეს, რომელშიც ასეთი სიტყვები იყო: „ერთგულს არაფრის არ ეშინია, ყოველთვის ურყევად დგას“ *. თვალზე ყველას ცრემლი მოგვადგა.

გადავყავართ სხვა ბანაკში

ნაცისტებმა 100—150-კაციან ჯგუფებად შეგვყარეს ცარიელ სატვირთო ვაგონებში, რომლებითაც, ჩვეულებრივ, ქვანახშირი გადაჰქონდათ. მშიერ-მწყურვალები ყინვასა და თავსხმა წვიმაში მივდიოდით. წყურვილმა გაგვაწამა, ბევრი მაღალი სიცხისგან იტანჯებოდა. დასნეულებული და ძალაგამოცლილი პატიმრები ძირს ეცემოდნენ და კვდებოდნენ. ვაგონებში პატიმრების რაოდენობა იკლებდა. ფეხები ისე დამისივდა, რომ ფეხზე დგომა აღარ შემეძლო. ათდღიანი მგზავრობის შემდეგ ძალიან ცოტამღა ჩავაღწიეთ ნორდჰაუზენში, მიტელბაუ-დორას ბანაკში, რომელიც თიურინგიაში, ვაიმარის ახლოს მდებარეობდა. აღსანიშნავია, რომ არც ერთი მოწმე არ დაღუპულა ამ საშინელი მგზავრობის დროს.

ჯერ კიდევ ბოლომდე გამოკეთებული არ ვიყავი, რომ ბანაკში დიზენტერია გავრცელდა და ზოგი ძმა, მათ შორის მეც, დავავადდით. გვითხრეს, რომ დროებით არ გვეჭამა სუპი და მხოლოდ გახუხული პურით გაგვეტანა თავი. მეც ასე მოვიქეცი და მალე გამოვკეთდი. 1945 წლის მარტში გავიგეთ, რომ წლიური მუხლი აღებული ყოფილა მათეს 28:19-დან: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“. ამ მუხლიდან გამომდინარე იმ დასკვნამდე მივედით, რომ ბანაკის კარი მალე გაიღებოდა და სასიხარულო ცნობის ქადაგება გაგრძელდებოდა! ამაზე ფიქრმა სიხარულით აგვავსო და იმედი ჩაგვისახა, რადგან ვფიქრობდით, რომ მეორე მსოფლიო ომს არმაგედონი მოჰყვებოდა. იეჰოვამ მართლაც ძალიან გაგვაძლიერა ამ მძიმე წუთებში!

ბანაკიდან გათავისუფლება

1945 წლის 1 აპრილს მოკავშირეთა ჯარებმა ესესელების ყაზარმები და მათ ახლოს მდებარე ჩვენი ბანაკი დაბომბეს. ბევრი დაიღუპა და დაიჭრა. ეს საშინელება მეორე დღესაც განმეორდა. ერთი-ერთი ასეთი ბომბის ძლიერმა აფეთქებამ ჰაერში ამაგდო.

ჩემ საშველად ერთი ძმა, ფრიც ულრიხი გამოემართა. მან ნანგრევებში დამიწყო ძებნა იმ იმედით, რომ ჯერ კიდევ ცოცხალს მიპოვიდა. ბოლოს, როგორც იქნა, მიპოვა და ნანგრევებიდან ამომიყვანა. როცა გონს მოვედი, მივხვდი, რომ სახეზე და ტანზე საშინლად ვიყავი დაშავებული, ყურშიც აღარაფერი მესმოდა, რადგან აფეთქების ხმამ დაფის აპკი დამიზიანა. ამის გამო წლების განმავლობაში სერიოზული პრობლემები მქონდა, სანამ საბოლოოდ განვიკურნებოდი.

ათასობით პატიმრიდან მხოლოდ რამდენიმე გადავურჩით აფეთქებებს. ძმებიდან ზოგიერთი დაიღუპა, მათ შორის ჩემი ძვირფასი მეგობარი გუსტავ ბაუმერტი. ჭრილობაში ინფექცია შემეჭრა და მაღალი სიცხე მომცა. მალე მოკავშირეთა ჯარებმა გვიპოვეს და გაგვათავისუფლეს. იმ პერიოდში პატიმართა გვამებმა გახრწნა დაიწყო, რის გამოც ტიფი გავრცელდა. ტიფით მეც დავავადდი. დაავადებულები ჰოსპიტალში მოგვათავსეს. ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად დაავადებულებიდან მხოლოდ სამნი გადავრჩით. უზომოდ მადლობელი ვიყავი იეჰოვასი, რომ ძალები მომცა, ერთგულად ამეტანა ეს რთული პერიოდი. იმისთვისაც ვიყავი მადლიერი, რომ იეჰოვამ სიკვდილის ‘უკუნი სიბნელისგანაც’ დამიცვა (ფსალმუნი 23:4).

როგორც იქნა, სახლში ვბრუნდები!

გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ ვიმედოვნებდი, რომ სახლში მალე დავბრუნდებოდი, მაგრამ ეს იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. მე თვალი მომკრა რამდენიმე ყოფილმა პატიმარმა, რომლებიც ორგანიზაცია „კათოლიკური მოქმედების“ წევრები იყვნენ. ისინი ჩემკენ წამოვიდნენ ყვირილით: „მოკალით!“, მერე მიწაზე დამანარცხეს და ზედ შემდგნენ. ერთმა კაცმა, რომელმაც იქ შემთხვევით გამოიარა, დამიხსნა მათი ხელიდან. დიდი დრო დამჭირდა, რომ გამოვჯანმრთელებულიყავი, რადგან ძალიან დაშავებული ვიყავი და გადატანილი ტიფის გამო ჯერ კიდევ სუსტად ვგრძნობდი თავს. ბოლოს, როგორც იქნა, სახლამდე ჩავაღწიე. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რომ კვლავ ჩემს ოჯახს დავუბრუნდი! ჩემს დანახვაზე ისინი სიხარულისგან ლამის ცას ეწივნენ, რადგან ყველას მკვდარი ვეგონე.

მალე ჩვენ განვაახლეთ სამქადაგებლო საქმიანობა, რის შედეგადაც მრავალი გულწრფელი ადამიანი ჭეშმარიტებას დადებითად გამოეხმაურა. მე დამევალა კრებების მომარაგება ბიბლიური ლიტერატურით. სხვა ძმებთან ერთად მეც მომეცა შესაძლებლობა ვაიმარში შევხვედროდი გერმანიის ფილიალის წარმომადგენლებს. იქიდან პოლონეთში ჩვენ ჩამოვიტანეთ ომის შემდეგ გამოცემული „საგუშაგო კოშკის“ პირველი ნომრები. ჟურნალები სასწრაფოდ ითარგმნა, მომზადდა შაბლონები და დაიბეჭდა „საგუშაგო კოშკის“ ნომრები პოლონურ ენაზე. როდესაც ლოძში არსებულმა ჩვენმა ოფისმა პოლონეთში სამქადაგებლო საქმიანობის ზედამხედველობა მთლიანად ითავა, იმ დროიდან მოყოლებული ბიბლიური ლიტერატურა რეგულარულად მიეწოდებოდა კრებებს. მე დავიწყე მსახურება სპეციალურ პიონერად, ანუ სრული დროით მქადაგებლად, და ვქადაგებდი სილეზიის დიდ ტერიტორიაზე, რომლის დიდი ნაწილიც იმ დროისთვის უკვე პოლონეთს ეკუთვნოდა.

მაგრამ მალე პოლონეთში ახლად დამყარებული კომუნისტური რეჟიმის მხრიდან კვლავ დაიწყო იეჰოვას მოწმეების დევნა. ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო 1948 წელს ორწლიანი პატიმრობა მომისაჯეს. ციხეში ყოფნისას ბევრ პატიმარს დავეხმარე, რომ უფრო მეტი გაეგოთ ღმერთის შესახებ. ერთი მათგანი მტკიცედ დადგა ჭეშმარიტების მხარეს. მან მოგვიანებით თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა.

1952 წელს ისევ ჩამსვეს ციხეში, ახლა უკვე იმ ბრალდებით, თითქოს შეერთებული შტატების ჯაშუში ვიყავი! სასამართლოს მოლოდინში სამარტოო საკანში ჩამსვეს და დღე და ღამე მიძახებდნენ დაკითხვებზე. მაგრამ იეჰოვამ ისევ დამიხსნა მდევნელების ხელიდან და მას შემდეგ მსგავს განსაცდელებს აღარ შევხვედრივარ.

რა დამეხმარა განსაცდელების ატანაში

როდესაც სირთულეებითა და განსაცდელებით აღსავსე განვლილ წლებს ვიხსენებ, შემიძლია გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე, რაც მხნეობას მინარჩუნებდა. უპირველეს ყოვლისა, ძალას მაძლევდა თავად იეჰოვა და მისი სიტყვა, ბიბლია. ‘ყოველგვარი ნუგეშის მამისადმი’ აღვლენილი გამუდმებული მხურვალე ლოცვები და მისი სიტყვის ყოველდღიური შესწავლა მე და ჩემს თანამორწმუნეებს გვეხმარებოდა, რომ სულიერად ძლიერები დავრჩენილიყავით. გარდა ამისა, „საგუშაგო კოშკის“ ხელით გადაწერილი ასლების საშუალებით ჩვენ მეტად საჭირო სულიერ საკვებს ვიღებდით. მხნეობას ისიც მინარჩუნებდა, რომ საკონცენტრაციო ბანაკებში ყოფნისას მე ძალიან მაძლიერებდნენ მზრუნველი ძმები, რომლებიც ყოველთვის მზად იყვნენ ჩემ დასახმარებლად.

იეჰოვასგან კიდევ ერთი კურთხევა იყო ჩემი ცოლი, მარია. ჩვენ დავქორწინდით 1950 წლის ოქტომბერში და მოგვიანებით შეგვეძინა ქალიშვილი, ჰალინა, რომელმაც ბავშვობიდანვე შეიყვარა იეჰოვა და ერთგულად ემსახურება მას. მე და მარიამ 35 წელი გავატარეთ ერთად. ჩემი ძვირფასი მეუღლე ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა უდიდესი ტკივილი და მწუხარება მომიტანა. მიუხედავად იმისა, რომ თავს ‘დამხობილად’ ვგრძნობდი, ‘არ დავღუპულვარ’ (2 კორინთელები 4:9). იმ მძიმე წუთებში უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი ჩემი ძვირფასი შვილის, მისი მეუღლისა და მათი შვილებისგან (ისინი ყველანი ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას).

1990 წლიდან პოლონეთის ფილიალში ვმსახურობ. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ბეთელის შესანიშნავ ოჯახთან ყოველდღიური ურთიერთობა. ზოგჯერ ჯანმრთელობის გამო თავს ძალაგამოცლილი არწივივით ვგრძნობ, რომელიც მხოლოდ ჰაერის ნაკადსღა დაჰყვება. მიუხედავად ამისა, მომავალს იმედით შევყურებ და ‘ვუმღერი იეჰოვას, რადგან დამაჯილდოვა’ (ფსალმუნი 13:6). მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც იეჰოვა, ჩემი შემწე, სატანის სასტიკი მმართველობის ყოველგვარ კვალს წაშლის.

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 იხილეთ 1998 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 13, აბზაცი 6.

^ აბზ. 20 ელზა აბტის ბიოგრაფია შეგიძლიათ იხილოთ 1980 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 12—15 (ინგლ.).

^ აბზ. 20 ეს არის 101-ე სიმღერა, რომელიც შესულია იეჰოვას მოწმეების მიერ 1928 წელს გამოცემულ სიმღერების კრებულში „იეჰოვას სადიდებელი სიმღერები“ (ინგლ.). ეს სიმღერა ახლანდელ კრებულში 56-ე ნომერია.

[სურათი 10 გვერდზე]

საკონცენტრაციო ბანაკში პატიმრის ფორმაზე ეს ნომერი და იეჰოვას მოწმეთა ამოსაცნობი ნიშანი მქონდა მიკერებული

[სურათი 12 გვერდზე]

მე და ჩემი ცოლი მარია, 1980 წელი