არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რას გულისხმობდა იესო, როდესაც თქვა, რომ ერთგული მონა „გონიერი“ იქნებოდა?

იესომ ასეთი კითხვა დასვა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მიეცა საზრდო მისი შინაურებისთვის?“ (მათე 24:45). „მონა“, რომელიც სულიერ „საზრდოს“ გვაწვდის, სულითცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი კრებაა. რატომ უწოდა იესომ ამ მონას გონიერი? *

თავად იესოს სწავლებიდან შეგვიძლია უკეთ გავიგოთ, თუ რა იგულისხმა მან სიტყვა „გონიერში“. მაგალითად, როდესაც იესო „ერთგულ და გონიერ მონაზე“ საუბრობდა, მან მოიყვანა იგავი ათ ქალწულზე, რომლებიც ნეფის მოსვლას ელოდებოდნენ. ქალწულები მოგვაგონებენ 1914 წლამდე მცხოვრებ ცხებულ ქრისტიანებს, რომლებიც მოუთმენლად ელოდებოდნენ დიდი ნეფის, იესო ქრისტეს მოსვლას. როცა ნეფე მოვიდა, ათი ქალწულიდან ხუთს არ ჰქონდა საკმარისი რაოდენობის ზეთი, ამიტომაც ისინი ვერ შევიდნენ საქორწილო წვეულებაზე. დანარჩენი ხუთი ქალწული კი გონიერი აღმოჩნდა. მათ საკმარისად ჰქონდათ მომარაგებული ზეთი, რომ ანთებული ლამპრებით დახვედროდნენ ნეფეს. ამ ხუთ ქალწულს უფლება მიეცა, შესულიყო საქორწილო წვეულებაზე (მათე 25:10—12).

როდესაც 1914 წელს იესო თავისი სამეფო ძალაუფლებით მოვიდა, ბევრ ცხებულ ქრისტიანს იმის მოლოდინი ჰქონდა, რომ მაშინვე შეუერთდებოდნენ მას ზეცაში. მაგრამ მათ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გაეკეთებინათ დედამიწაზე, ზოგიერთები კი არ იყვნენ ამისთვის მზად. უგუნური ქალწულების მსგავსად მათ წინასწარ არ უზრუნიათ, რომ სულიერად გაძლიერებულიყვნენ, ამიტომაც მოუმზადებლები აღმოჩნდნენ იმისთვის, რომ კვლავაც სინათლის მატარებელნი ყოფილიყვნენ. მაგრამ უმრავლესობა გონივრულად — ბრძნულად და წინდახედულად — მოქმედებდა და სულიერად გაძლიერებული დახვდა „ნეფეს“. როდესაც მათ გაიგეს, რომ ჯერ კიდევ ბევრი საქმე ჰქონდათ გასაკეთებელი, ისინი სიხარულით შეუდგნენ დავალების შესრულებას. ამგვარად, მათ დაამტკიცეს, რომ ისინი იყვნენ „ერთგული და გონიერი მონა“.

ვნახოთ აგრეთვე, თუ როგორ იყენებს იესო სიტყვა „გონიერს“ მათეს 7:24-ში: „ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და ასრულებს მათ, ჰგავს გონიერ კაცს, რომელმაც კლდოვან ადგილზე აიშენა სახლი“. გონიერი კაცი მყარ საძირკველზე აშენებს სახლს, რადგან მხედველობაში იღებს იმას, რომ შესაძლოა ქარიშხალი ამოვარდეს ხოლმე. ამის საპირისპიროდ, უგუნური კაცი ქვიშაზე აშენებს სახლს და ენგრევა კიდეც ის. აქედან გამომდინარე, იესოს გონიერი მიმდევარი არის ის, ვინც წინასწარ ხედავს, რა ცუდი შედეგები მოჰყვება ადამიანური სიბრძნით ხელმძღვანელობას. ის ავლენს გამჭრიახობასა და განსჯის უნარს, რაც ეხმარება, რომ თავისი რწმენა, მოქმედებები და სწავლებები მყარად დააფუძნოს იმაზე, რასაც იესო ასწავლიდა. „ერთგული და გონიერი მონა“ სწორედ ასე იქცევა.

საყურადღებოა, თუ როგორ გამოიყენება ბიბლიის სხვადასხვა ადგილას ის სიტყვა, რომელიც ებრაული წერილების მრავალ თარგმანში გადმოტანილია როგორც „გონიერი“. მაგალითად, ფარაონმა იოსები ეგვიპტის საკვების მარაგზე პასუხისმგებლად დანიშნა. ეს იეჰოვას ნებით მოხდა, რათა ღვთის ხალხს საკვები არ მოჰკლებოდა. რატომ ჩააბარა ფარაონმა ეს პასუხისმგებლობა იოსებს? ფარაონმა უთხრა მას: „შენნაირი გონიერი და ბრძენი არავინ არის“ (დაბადება 41:33—39; 45:5). ბიბლიაში ასევე ნათქვამია, რომ აბიგაილი „ძალიან გონიერი“ იყო. მან საკვებით მოამარაგა იეჰოვას ცხებული, დავითი, და მისი კაცები (1 სამუელი 25:3, 11, 18). იოსებსა და აბიგაილს შეიძლება ეწოდოთ გონიერი, რადგან მათ განჭვრიტეს, რა იყო ღვთის ნება, და თავიანთ მოქმედებებში განსჯის უნარი და წინდახედულობა გამოავლინეს.

ამგვარად, როდესაც იესომ ერთგულ მონას გონიერი უწოდა, მან იგულისხმა, რომ ისინი, ვინც მონის კლასს შეადგენდნენ, გამოავლენდნენ გამჭრიახობას, წინდახედულობასა და განსჯის უნარს, რადგან თავიანთ რწმენას, მოქმედებებსა და სწავლებებს ღვთის ჭეშმარიტ სიტყვაზე დააფუძნებდნენ.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 სიტყვა „გონიერი“ ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან „ფრონიმოს“. მ. ვინსენტის ნაშრომში „ახალი აღთქმის სიტყვათა განმარტებანი“ ამ სიტყვის შესახებ ნათქვამია, რომ მასში ძირითადად იგულისხმება პრაქტიკული სიბრძნე და გონიერება.