არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნებიდან „იოელი“ და „ამოსი“

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნებიდან „იოელი“ და „ამოსი“

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნებიდან „იოელი“ და „ამოსი“

იოელი საკუთარ თავზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ‘ფეთუელის ვაჟია’ (იოელი 1:1). მისი სახელით წოდებულ წიგნში იოელი თავისი ცნობის გარდა თითქმის არაფერს მოიხსენიებს, რის გამოც წინასწარმეტყველების თარიღის განსაზღვრა მხოლოდ ვარაუდის საფუძველზეა შესაძლებელი; იგი დაიწერა დაახლოებით ძვ. წ. 820 წელს, იუდაში უზიას გამეფებიდან ცხრა წლის შემდეგ. რატომ გვაწვდის იოელი საკუთარ თავზე ასე მწირ ინფორმაციას? როგორც ჩანს, მას მთელი ყურადღების გადატანა ცნობაზე სურს და არა მაცნეზე.

მეფე უზიას დღეებში იუდეველ ამოსს, მწყემსსა და „სიკომოროს ლეღვის მომყვანს“, დაევალა, ეწინასწარმეტყველა (ამოსი 7:14). იოელისგან განსხვავებით, რომელიც იუდაში წინასწარმეტყველებს, ამოსი ისრაელის ათტომიან ჩრდილოეთ სამეფოში გაიგზავნა. წიგნი „ამოსი“, რომლის წერაც წინასწარმეტყველმა ამოსმა იუდაში დაბრუნების შემდეგ, დაახლოებით ძვ. წ. 804 წელს დაასრულა, უბრალო, მაგრამ ცოცხალი ენით არის დაწერილი.

„ვაი, მოდის ის დღე!“ — რატომ?

(იოელი 1:1—3:21)

ხილვაში იოელი მუხლუხის, კალიისა და ტარაკნის შემოსევას ხედავს. ეს მწერები მოხსენიებულია როგორც „ხალხი, მრავალრიცხოვანი და ძლიერი“ და „ძლიერი კაცები“ (იოელი 1:4; 2:2—7). „ვაი, მოდის ის დღე! — ოხრავს იოელი, — ახლოსაა იეჰოვას დღე და მოვა ის, როგორც განადგურება ყოვლისშემძლისგან!“ (იოელი 1:15). იეჰოვა სიონის მკვიდრთ ეუბნება: „დამიბრუნდით მთელი გულით“. თუ ისინი ამგვარად მოიქცევიან, იეჰოვა „შეიბრალებს თავის ხალხს“ და მოაშორებს მათ „ჩრდილოელს“ — შემოსეულ მწერებს. მაგრამ თავისი დიდი დღის დადგომამდე, იეჰოვა ‘გადმოღვრის თავის სულს ყველანაირ ხორციელზე’ და ‘მოახდენს საკვირველებებს ცაში და დედამიწაზე’ (იოელი 2:12, 18—20, 28—31).

ღმერთი მოუწოდებს ერებს: „გუთნებისგან მახვილები გამოჭედეთ და სასხლავებისგან — შუბები“ და გაემზადეთ ომისთვის. იეჰოვა ეუბნება მათ, „გამოვიდნენ იეჰოშაფატის ველზე“, სადაც აღასრულებს თავის განაჩენს და გაანადგურებს მათ. მაგრამ ‘იუდას თაობიდან თაობაში დაასახლებს’ (იოელი 3:10, 12, 20).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

1:15; 2:1, 11, 31; 3:14. რა არის „იეჰოვას დღე“? ეს არის თავის მტრებზე იეჰოვას განაჩენის აღსრულების დრო, როდესაც ის გაანადგურებს მათ და იხსნის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს. მაგალითად, ეს დღე ძველ ბაბილონს ძვ. წ. 539 წელს დაუდგა, როდესაც ქალაქი მიდიელებმა და სპარსელებმა აიღეს (ესაია 13:1, 6). ახლოს არის კიდევ ერთი „იეჰოვას დღე“, როდესაც ის გაანადგურებს „დიდ ბაბილონს“ — ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერიას (გამოცხადება 18:1—4, 21).

2:1—10, 28როგორ შესრულდა მწერების შემოსევის შესახებ წინასწარმეტყველება? ბიბლიაში არსად არის აღწერილი ქანაანში მწერების ისეთი შემოსევა, როგორც წიგნ „იოელში“. ამიტომ, როგორც ჩანს, „იოელში“ მოცემული ეს ცნობა წინასწარმეტყველურია, რაც ახ. წ. 33 წელს ქრისტეს პირველ მიმდევრებზე იეჰოვას წმინდა სულის გადმოღვრისას შესრულდა; მაშინ ქრისტეს მიმდევრებმა ისეთი ცნობის ქადაგება დაიწყეს, რომელიც ცრუ რელიგიურ წინამძღოლებს ტანჯავდა (საქმეები 2:1, 14—21; 5:27—33). დღეს ჩვენც გვაქვს შესაძლებლობა, მსგავს საქმიანობაში მივიღოთ მონაწილეობა.

2:32. რას ნიშნავს ‘იეჰოვას სახელის მოხმობა’? ღვთის სახელის მოხმობა ნიშნავს, ვიცოდეთ ეს სახელი, დიდი პატივისცემა გვქონდეს მის მიმართ და ვენდობოდეთ მას, ვინც ამ სახელს ატარებს (რომაელები 10:13, 14).

3:14რა არის „განაჩენის ველი“? ეს არის ღვთის განაჩენის შესრულების სიმბოლური ადგილი. მეფე იეჰოშაფატის (ეს სახელი ნიშნავს „იეჰოვა არის მოსამართლე“) დღეებში ღმერთმა იუდა მეზობელი ერებისგან იხსნა იმით, რომ მათი მტრების ჯარში არეულობა შეიტანა. ამიტომ ამ ადგილს „იეჰოშაფატის ველიც“ ეწოდება (იოელი 3:2, 12). დღეს ეს ველი გამოხატავს სიმბოლურ ადგილს, სადაც ერები ისევე დაიწნეხებიან, როგორც ყურძენი საწნახელში (გამოცხადება 19:15).

რას ვსწავლობთ:

1:13, 14. ხსნისთვის მნიშვნელოვანია ნამდვილი მონანიება და იეჰოვას ჭეშმარიტ ღმერთად აღიარება.

2:12, 13. ჭეშმარიტი მონანიება გულიდან უნდა მომდინარეობდეს. ეს ‘გულების დაგლეჯას’ ნიშნავს და „არა ტანსაცმლის“.

2:28—32. „იეჰოვას დიდ და შიშის მომგვრელ დღეს“ გადარჩება მხოლოდ ის, „ვინც იეჰოვას სახელს უხმობს“. რა მადლიერები ვართ იმისათვის, რომ იეჰოვა თავის წმინდა სულს ღვრის ყოველ ხორციელზე — ახალგაზრდასა თუ ხანდაზმულზე, კაცსა თუ ქალზე, — რათა მათ წინასწარმეტყველების საქმეში მიიღონ მონაწილეობა, ანუ „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ ილაპარაკონ! (საქმეები 2:11). ახლა, როდესაც იეჰოვას დღე ახლოვდება, განა არ უნდა ვიუხვოთ „წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში“?! (2 პეტრე 3:10—12).

3:4—8, 19. იოელი წინასწარმეტყველებდა, რომ იუდას მეზობელ ერებს იეჰოვა პასუხს მოსთხოვდა, რადგან ისინი ცუდად ეპყრობოდნენ მის რჩეულ ხალხს. ეს წინასწარმეტყველება შესრულდა, როდესაც ტვიროსის ნაწილი, რომელიც კონტინენტზე მდებარეობდა, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გაანადგურა. მოგვიანებით კი, ტვიროსის მეორე ნაწილი, რომელიც კუნძულზე მდებარეობდა, ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო, ათასობით მეომარი და წარჩინებული დახოცა და ქალაქის 30 000 მკვიდრი მონად გაყიდა. იგივე გაუკეთეს ალექსანდრემ და მის შემდეგ მოსულებმა ფილისტიმსაც. ძვ. წ. IV საუკუნეში ედომი უკვე გაპარტახებული იყო (მალაქია 1:3). ეს შესრულებული წინასწარმეტყველებები იეჰოვასადმი, დაპირებების შემსრულებლისადმი, რწმენას გვინმტკიცებს. აქედან ისიც ჩანს, როგორ მოექცევა იეჰოვა თავისი თაყვანისმცემლების მდევნელ ერებს.

3:16—21. „შეირყევა ცა და მიწა“ და ერებზე იეჰოვას განაჩენი აღსრულდება. „მაგრამ იეჰოვა იქნება თავშესაფარი თავისი ხალხისთვის“ და სამოთხის პირობებში აცხოვრებს მათ. განა მტკიცედ არ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა შევინარჩუნოთ დღეს, როდესაც ბოროტ სისტემაზე მისი განაჩენის შესრულების დრო ახლოვდება?

„გაემზადე შენი ღვთის შესახვედრად“

(ამოსი 1:1—9:15)

ამოსი წინასწარმეტყველებს იუდაზე, ისრაელზე და ისრაელის მტრებზე — მეზობელ ერებზე. განადგურება ელით სირიას, ფილისტიმს, ტვიროსს, ედომსა და მოაბს იმის გამო, რომ ისინი სასტიკად ეპყრობიან ღვთის ხალხს; განადგურდებიან იუდას მკვიდრნიც, რომლებმაც „უარყვეს იეჰოვას კანონი“ (ამოსი 2:4). რა შეიძლება ითქვას ისრაელის ათტომიან სამეფოზე? მისი ხარბი ძეები ავიწროებენ ღარიბებს, უზნეობას სჩადიან და უპატივცემულოდ ეპყრობიან ღვთის წინასწარმეტყველებს. ამოსი ხალხს აფრთხილებს, რომ იეჰოვა ‘ბეთელის სამსხვერპლოებსაც მოსთხოვს ანგარიშს და დააქცევს ზამთრის სახლს საზაფხულო სახლთან ერთად’ (ამოსი 3:14, 15).

თავს დატეხილი არაერთი სასჯელის მიუხედავად, კერპთაყვანისმცემელი ისრაელი კვლავ ჯიუტობს. ამოსი ამ ხალხს ეუბნება: „გაემზადე შენი ღვთის შესახვედრად“ (ამოსი 4:12). ისრაელებისთვის იეჰოვას დღე „დამასკოს იქით“, ასურეთში, გადასახლებას ნიშნავს (ამოსი 5:27). ამოსს ბეთელის მღვდლები წინააღმდეგობას უწევენ, მაგრამ წინასწარმეტყველი არ უშინდება მათ. იეჰოვა ამოსს ეუბნება: „მოაწია ჩემი ხალხის, ისრაელის აღსასრულმა, მეტად აღარ ვაპატიებ“ (ამოსი 8:2). ვერც სამარე და ვერც მაღალი მთები ვერ დაიცავს მათ იეჰოვას განაჩენისგან (ამოსი 9:2, 3). მაგრამ ღმერთი ისრაელს დაკარგულის აღდგენას ჰპირდება. იეჰოვა ამბობს: „შევკრებ ჩემი ხალხიდან, ისრაელიდან დატყვევებულებს; ისინი ააშენებენ გაპარტახებულ ქალაქებს და დასახლდებიან იქ, გააშენებენ ვენახებს და მათ ღვინოს დალევენ, გააშენებენ ბაღებს და მათ ნაყოფს შეჭამენ“ (ამოსი 9:14).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

4:1. ვინ არის წარმოდგენილი „ბაშანის ფურებით“? ბაშანის მაღალმთიანი მხარე გალილეის ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობდა და ცნობილი იყო ცხოველთა, მათ შორის, ძროხების, ჯოგებით. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ბაშანი მდიდარი საძოვრებით გამოირჩეოდა. ამოსმა სიმდიდრის მოყვარული სამარიელი ქალები ბაშანის ფურებს შეადარა. ეჭვგარეშეა, ეს ქალები აიძულებდნენ თავიანთ „ბატონებს“ ანუ ქმრებს, ღარიბების მოტყუების ხარჯზე თავად გამდიდრებულიყვნენ.

4:6. რას ნიშნავს გამოთქმა „კბილების კაწკაწი“? ებრაული ფრაზა, რომელიც კბილების კაწკაწად ითარგმნა, სიტყვასიტყვით „კბილების სისუფთავეს“ ნიშნავს. ვინაიდან ეს ფრაზა „პურის ნაკლებობასთან“ არის გამოყენებული, ის შესაძლოა მიუთითებდა შიმშილობის პერიოდზე, როდესაც საკვების უქონლობის გამო ხალხს კბილები სუფთა ექნებოდა.

5:5. რა გაგებით არ უნდა ეძიათ ისრაელებს ბეთელი? იერობოამმა ბეთელში ხბოს თაყვანისმცემლობა შემოიღო. მას შემდეგ ეს ქალაქი ცრუ თაყვანისმცემლობის ცენტრი გახდა. გილგალშიც და ბეერ-შებაშიც ცრუ თაყვანისმცემლობას ეწეოდნენ. ნაწინასწარმეტყველები უბედურების თავიდან ასარიდებლად ისრაელებს უნდა შეეწყვიტათ ამ ადგილებში თაყვანსაცემად სიარული და იეჰოვას ძიება უნდა დაეწყოთ.

7:1. რაზე მიუთითებს მეფისთვის ბალახის მოთიბვა? როგორც ჩანს, ეს მიუთითებს გადასახადზე, რომელიც ხალხს მეფის მეჯინიბეებისა და ცხენების შესანახავად უნდა გადაეხადათ. ეს გადასახადი „საგვიანო ნათესის ამოსვლისას“ უნდა გადახდილიყო. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო ხალხს მოსავლის აღება. მაგრამ სანამ მოსავალს აიღებდნენ, კალიათა გუნდმა სხვა ყველაფერთან ერთად მთელი მოსავალი გადაჭამა.

8:1, 2. რას ნიშნავს „ზაფხულის ხილით სავსე კალათა“? ეს „იეჰოვას დღის“ მოახლოების მაჩვენებელი იყო. ზაფხულის ხილს მოსავლის აღების ბოლოს კრეფდნენ. იეჰოვას მიერ ამოსისთვის „ხილით სავსე კალათის“ ჩვენება, იმას ნიშნავდა, რომ ისრაელის აღსასრული ახლოს იყო. ღმერთმა ამოსს ამიტომ უთხრა: „მოაწია ჩემი ხალხის, ისრაელის აღსასრულმა, მეტად აღარ ვაპატიებ მათ“.

რას ვსწავლობთ:

1:3, 6, 9, 11, 13; 2:1, 4, 6. ისრაელის, იუდასა და მათი ექვსი მეზობელი ერის მიმართ თავისი რისხვის შესახებ იეჰოვა ამობს: „არ გავაუქმებ“. იეჰოვას განაჩენი აუცილებლად შესრულდება (ამოსი 9:2—5).

2:12. გულმოდგინე პიონერებს, მიმომსვლელ ზედამხედველებსა თუ ბეთელის ოჯახის წევრებს გული არ უნდა ავუცრუოთ და არ უნდა ვუთხრათ, რომ შეწყვიტონ სრული დროით მსახურება და „ნორმალური“ ცხოვრება დაიწყონ. პირიქით, საჭიროა წავახალისოთ ისინი, რომ განაგრძონ კეთილი საქმის კეთება.

3:8როგორც ლომის ბრდღვინვამ შეუძლებელია არ შეაშინოს ადამიანი, ისევე შეუძლებელი იყო ამოსი არ აღძრულიყო საქადეგბლად იეჰოვას სიტყვების გაგონებაზე: „წადი, უწინასწარმეტყველეო ჩემს ხალხს“ (ამოსი 7:15). ღვთის შიშმა უნდა აღგვძრას, გულმოდგინედ ვიქადაგოთ სამეფოს შესახებ ცნობა.

3:13—15; 5:11. იეჰოვას დახმარებით უბრალო მწყემსმა ამოსმა შეძლო დაემოწმებინა მდიდარი და თვითკმაყოფილი ხალხისთვის. როგორი რთული ტერიტორიაც უნდა გვქონდეს, იეჰოვა ჩვენც დაგვეხმარება სამეფოს შესახებ ქადაგებისას.

4:6—11; 5:4, 6, 14მიუხედავად იმისა, რომ ისრაელებმა არაეთხელ თქვეს უარი იეჰოვასთან დაბრუნებაზე, იეჰოვა ამოსის პირით მაინც მოუწოდებდა მათ: „ეძებე იეჰოვა და იცოცხლე“. სანამ იეჰოვა მოთმინებას ავლენს და ამ ბოროტი სისტემის არსებობას უშვებს, საჭიროა ყველას მოვუწოდოთ, ეძებონ ღმერთი.

5:18, 19. უგუნურებაა, თუ ადამიანს იეჰოვას დღის მოსვლა სწადია“, მაგრამ ამ დღისთვის მზად არ არის. ის შეიძლება შევადაროთ კაცს, რომელიც ლომს მხოლოდ იმიტომ გაურბის, რომ დათვს შეხვდეს, და დათვს იმიტომ გაურბის, რომ გველმა დაკბინოს. გონივრულად მოვიქცევით, თუ სულიერად ვიფხიზლებთ და ამ დღისთვის მზად ვიქნებით (ლუკა 21:36).

7:12—17. ღვთის ცნობა ხალხს უშიშრად და გაბედულად უნდა ვამცნოთ.

9:7—10. ისრაელები ერთგული პატრიარქების შთამომავლები იყვნენ და ღვთის იმ რჩეულ ერს ეკუთვნოდნენ, რომელიც ღმერთმა ეგვიპტიდან გამოიყვანა, მაგრამ ორგულები იყვნენ და ღვთის თვალში ქუშელებივით არასწორად იქცეოდნენ. ღმერთი, რომელიც მიუკერძოებელია, ადამიანის მიმართ კეთილგანწყობას ავლენს არა მისი წარმომავლობის მიხედვით, არამედ იმის მიხედვით, არის თუ არა ადამიანი ღვთის „მოშიში და სიმართლის მქმნელი“ (საქმეები 10:34, 35).

რის გაკეთება გვმართებს

ახლოს არის სატანის წუთისოფლისთვის ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების დღე. ღმერთმა თავის თაყვანისმცემლებზე წმინდა სული გადმოღვარა, რათა ხალხი იეჰოვას დღის მოახლოების შესახებ გაეფრთხილებინათ. განა მაქსიმალურად არ უნდა ვეცადოთ, რომ დავეხმაროთ სხვებს, ‘მოუხმონ იეჰოვას სახელს’? (იოელი 2:31, 32)

ამოსი მოგვიწოდებს: „შეიძულეთ ის, რაც ცუდია და შეიყვარეთ ის, რაც კარგია, სამართალი დაამკვიდრეთ კარიბჭესთან“ (ამოსი 5:15). ვინაიდან „იეჰოვას დღე“ ახლოვდება, გონივრულია, დავუახლოვდეთ ღმერთს და გამოვეყოთ ბოროტ ქვეყნიერებასა და მის გახრწნილ საზოგადოებას. ამ მიზნის მისაღწევად, მართლაც დროულია, ყურად ვიღოთ „იოელისა“ და „ამოსის“ წიგნებში მოცემული გაფრთხილებები! (ებრაელები 4:12)

[სურათი 12 გვერდზე]

იოელი წინასწარმეტყველებდა: „ახლოსაა იეჰოვას დღე!“

[სურათები 15 გვერდზე]

ამოსის მსგავსად, ღვთის ცნობა უშიშრად და გაბედულად უნდა ვამცნოთ ხალხს