არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წუხილით სავსე დები, რომლებმაც „ისრაელის სახლი ააშენეს“

წუხილით სავსე დები, რომლებმაც „ისრაელის სახლი ააშენეს“

წუხილით სავსე დები, რომლებმაც „ისრაელის სახლი ააშენეს“

თენდებოდა. ლეამ იცოდა, რომ მალე ყველაფერს ნათელი მოეფინებოდა. იაკობი, რომლის მკლავებშიც ლეა იწვა, დაინახავდა, რომ ის რახელი, მისი უმცროსი და, არ იყო. როგორც ჩანს, ლეამ მამის მოთხოვნით სახე რიდით დაიფარა და ქორწილის ღამეს იაკობისა და რახელისთვის გამზადებულ საქორწილო სარეცელზე დაწვა.

წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა იაკობი, როცა დილით თვალს გაახელდა! აღშფოთებულმა იაკობმა ლეას მამას, ლაბანს, პასუხი მოსთხოვა. ლეა კი, ალბათ, თავის საქციელსა და მის შედეგებზე ფიქრობდა. ლეასა და რახელის ისტორია ბიბლიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ ისტორიიდან ნათლად ვხედავთ, რომ გონივრულია ერთქორწინება და ცოლქმრული ერთგულების შენარჩუნება.

უცხო მამაკაცი ჭასთან

შვიდი წლის წინ რახელი ჭასთან უცხო მამაკაცს შეხვდა, რომელიც ამბობდა, რომ მათი ნათესავი იყო, და ეს ამბავი მამას გააგებინა. ეს უცხო კაცი მისი მამიდაშვილი აღმოჩნდა, რომელიც იეჰოვას თაყვანისმცემელი იყო. ერთი თვის შემდეგ იაკობმა ლაბანს შესთავაზა, რომ, თუ რახელს მიათხოვებდა, შვიდ წელს ემსახურებოდა მას. ლაბანი, რომელიც თავისი დისშვილის მუყაითობას ხედავდა, დასთანხმდა მას, რადგან მათში მიღებული იყო ნათესავებს შორის ქორწინება (დაბადება 29:1—19).

იაკობის მიერ რახელის სიყვარული გატაცება არ ყოფილა. შვიდწლიანი ნიშნობა იაკობისთვის „რამდენიმე დღესავით იყო, რადგან უყვარდა იგი“ (დაბადება 29:20). იაკობს რახელი მთელი ცხოვრება უყვარდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რახელს ბევრი კარგი თვისება ჰქონდა.

ჰქონდა ლეასაც იმის იმედი, რომ იეჰოვას ერთგულ თაყვანისმცემელს გაჰყვებოდა? ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. ბიბლიური ცნობიდან ლეას ქორწინებასთან ლაბანის დამოკიდებულება უფრო ჩანს, ვიდრე თვითონ ლეასი. იაკობისა და რახელის ნიშნობიდან შვიდი წლის შემდეგ ლაბანმა საქორწილო ნადიმი გამართა. მაგრამ, როგორც ბიბლიური ცნობიდან ჩანს, იმ ღამეს ლაბანმა იაკობს ლეა მიუყვანა, რათა „მასთან დაწოლილიყო“ (დაბადება 29:23).

უნდოდა ლეას იაკობის მოტყუება? თუ ის ვალდებული იყო, დამორჩილებოდა მამას? სად იყო იმ დროს რახელი? იცოდა მან, რაც ხდებოდა? თუ იცოდა, რას გრძნობდა? შეეძლო მას წინააღმდეგობა გაეწია მკაცრი მამისთვის? ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. რაც უნდა ეფიქრათ ამასთან დაკავშირებით რახელსა და ლეას, მოტყუებული იაკობი ძალიან გაბრაზდა. იაკობმა ლაბანს უსაყვედურა და არა მის ქალიშვილებს: „ეს რა გამიკეთე?! რახელის გულისთვის არ გემსახურე?! რატომ მომატყუე?!“ რა უპასუხა ლაბანმა? „უმცროსი ქალის პირმშოზე ადრე გათხოვება არ არის მიღებული. ბოლომდე იზეიმე ამ ქალის კვირა და მერე მეორე ქალსაც მოგცემ იმ სამსახურისთვის, რასაც გასწევ ჩემთან კიდევ შვიდ წელიწადს“ (დაბადება 29:25—27). ამგვარად იაკობი პოლიგამიის მახეში გაება, რის გამოც მის ორ ცოლს სიცოცხლის ბოლომდე შურდა ერთმანეთის.

უბედური ოჯახი

იაკობს უყვარდა რახელი. როდესაც ღმერთმა დაინახა, რომ ლეა „მოძულებული“ იყო, „გაუხსნა მას . . . საშვილოსნო, რახელი კი უშვილო იყო“. მაგრამ ლეას უფრო მეტი სურდა, ვიდრე მხოლოდ შვილის ყოლა; მას უნდოდა, რომ იაკობს ჰყვარებოდა. როდესაც ხედავდა, რომ იაკობს რახელი უყვარდა, თავს უბედურად გრძნობდა. და მაინც, ლეას იმედი ჰქონდა, რომ იაკობი შეიყვარებდა, რადგან პირველი ვაჟი, რეუბენი გაუჩინა, რომლის სახელიც ნიშნავს „შეხედე, ვაჟი!“ ლეას ჰქონდა იმის მიზეზი, რომ სწორედ ეს სახელი დაერქმია ბავშვისთვის. ის ამბობს: „იეჰოვამ გადმოხედა ჩემს საცოდაობას და ახლა შემიყვარებსო ჩემი ქმარი“. მაგრამ იაკობმა არც პირველი და არც მეორე ვაჟის გაჩენის შემდეგ არ შეიყვარა ის. ლეამ მეორე ვაჟს სიმონი უწოდა, რაც ნიშნავს „შესმენას“. ის ფიქრობდა: „იეჰოვამ მომისმინა, რადგან მოძულებული ვიყავი, და ახლა ესეც მომცა“ (დაბადება 29:30—33).

ლეა ამბობს, რომ იეჰოვამ მოუსმინა, ესე იგი, ის ბევრს ლოცულობდა. როგორც ჩანს, ის ერთგული ქალი იყო. ემოციური ტკივილი ლეას არც მესამე ვაჟის, ლევის დაბადების შემდეგ გაყუჩებია. მესამე ვაჟის სახელი ნიშნავს „ერთგულებას“ ან „შეერთებულს“. ლეას სიტყვებიდან ვიგებთ, თუ რატომ დაარქვა მან ბავშვს ეს სახელი: „დამიახლოვდება იაკობი, რადგან სამი ვაჟი გავუჩინე“. როგორც ჩანს, არც მესამე ვაჟის შეძენის შემდეგ დაახლოებია იაკობი ლეას. ალბათ, ლეა შეეგუა თავის მდგომარეობას, რადგან მეოთხე ვაჟის სახელში იაკობთან უკეთესი ურთიერთობის განვითარების იმედი აღარ გამოჩენილა. მეოთხე ვაჟის, იუდას სახელი გამოხატავდა ღვთისადმი ლეას მადლიერებას. სახელი „იუდა“ ნიშნავს „ქებულს“ ან „საქებარს“. ლეამ თქვა: „ხოტბას შევასხამ იეჰოვას“ (დაბადება 29:34, 35).

ლეა უბედური იყო, მაგრამ არც რახელი ყოფილა ბედნიერი. ის ევედრებოდა იაკობს: „მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები“ (დაბადება 30:1). იაკობს უყვარდა რახელი, მაგრამ რახელს დედობა სურდა. ლეას შვილები ჰყავდა, მაგრამ ლეას იაკობის სიყვარული სწყუროდა. თითოეულს უნდოდა ის, რაც მეორეს ჰქონდა და არც ერთი იყო ბედნიერი. ორივეს უყვარდა იაკობი და სურდა, მისგან შვილები ჰყოლოდა. მათ ერთმანეთის შურდათ. რა სავალალო მდგომარეობაში იყო იაკობის ოჯახი!

რახელი დედა გახდა?!

ძველად უშვილობა დიდ ნაკლად ითვლებოდა. ღმერთმა აღუთქვა აბრაამს, ისააკსა და იაკობს, რომ მათ საგვარეულო ხაზში მოვიდოდა „შთამომავალი“, რომლის მეშვეობითაც დედამიწის ყველა ერი იკურთხებოდა (დაბადება 26:4; 28:14). მაგრამ რახელი უშვილო იყო. იაკობის აზრით, მხოლოდ ღმერთს შეეძლო, ვაჟები მიეცა რახელისთვის და, ამგვარად, რახელს გარკვეული როლი შეესრულებინა ღვთის განზრახვის შესრულებაში. მაგრამ რახელი მოუთმენელი იყო. მან უთხრა იაკობს: „აი, ჩემი მხევალი ბილჰა. დაწექი მასთან, რომ ჩემს კალთაზე გააჩინოს და მისგან შემეძინოს შვილები“ (დაბადება 30:2, 3).

შეიძლება ჩვენ არ გვესმის, რატომ მოიქცა რახელი ამგვარად, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში ნაპოვნ ძველ საქორწინო ხელშეკრულებაში აღნიშნული იყო, რომ უშვილობის შემთხვევაში შთამომავლობის წარმოშობის მიზნით ქალს ქმართან თავისი მსახური მიჰყავდა * (დაბადება 16:1—3). ზოგჯერ მოსამსახურის შვილი კანონიერი ცოლის შვილად ითვლებოდა.

როდესაც ბილჰამ ვაჟი გააჩინა, გახარებულმა რახელმა წამოიძახა: „ღმერთმა სამართალი გამიჩინა, მომისმინა და მომცა ვაჟი“. რახელმა მას დანი დაარქვა, რაც ნიშნავს „მოსამართლეს“. რახელიც ლოცულობდა თავის გასაჭირზე. როცა ბილჰას მეორე ვაჟი, ნაფთალი, შეეძინა, რაც ნიშნავს „ჩემი ჭიდილი“, რახელმა თქვა: „დიდი ჭიდილით შევები ჩემს დას და გამარჯვებულიც გამოვედი!“. ეს სახელები იმ დიდი მეტოქეობის მაჩვენებელია, რომელიც რახელსა და ლეას შორის არსებობდა (დაბადება 30:5—8).

თუმცა, რახელი ფიქრობდა, რომ იაკობისთვის ბილჰას მიყვანით თავისი ლოცვების შესაბამისად მოქმედებდა, ღმერთს ამის შესახებ სხვა განზრახვა ჰქონდა. ეს ჩვენთვისაც კარგი გაკვეთილია. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მოუთმენლები, როცა იეჰოვას რაღაცას ვთხოვთ. ღმერთმა შეიძლება ისე არ გაგვცეს პასუხი, როგორც ვფიქრობთ, და მაშინ გვიპასუხოს, როცა ყველაზე ნაკლებად ველით.

მეტოქეობის სულით აღძრულმა ლეამაც მისცა იაკობს თავისი მსახური ზილფა. მას შეეძინა გადი, შემდეგ კი აშერი (დაბადება 30:9—13).

კიდევ ერთი შემთხვევა, რაც რახელსა და ლეას შორის მეტოქეობის მაჩვენებელია, ლეას ვაჟის, რეუბენის მიერ ნაპოვნ მანდრაგორებს უკავშირდება. ძველად ფიქრობდნენ, რომ ეს ხილი ჩასახვას უწყობდა ხელს. რახელმა ლეას რამდენიმე მანდრაგორი სთხოვა, რაზეც ლეამ გესლიანად მიუგო: „ის არ გეყოფა, ქმარი რომ წამართვი, ახლა კი ჩემი ვაჟის მოტანილ მანდრაგორებსაც მართმევ?!“. ზოგის აზრით, ლეას სიტყვები იმას ნიშნავს, რომ იაკობი უფრო ხშირად რახელთან იყო, ვიდრე ლეასთან. ალბათ, რახელმა დაინახა ლეას მწუხარების მიზეზი და მიუგო: „შენი ვაჟის მოტანილი მანდრაგორების სანაცვლოდ დღეს ღამით შენთან დაწვება იგი“. ამიტომ, როცა იაკობი საღამოს სახლში დაბრუნდა, ლეა შეეგება და უთხრა: „დღეს ღამით ჩემთან უნდა დაწვე ჩემი ვაჟის მოტანილი მანდრაგორების სანაცვლოდ“ (დაბადება 30:15, 16).

ლეას მეხუთე და მეექვსე ვაჟი, ისაქარი და ზებულონი, ეყოლა. ამის შემდეგ მან თქვა: „ბოლოს და ბოლოს მიმიღებს ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ვაჟი გავუჩინე“ * (დაბადება 30:17—20).

რახელს მანდრაგორებმაც ვერაფერი უშველა. ქორწინებიდან მხოლოდ 6 წლის შემდეგ გაუჩნდა რახელს ვაჟი, იოსები; მაშინ, როცა იეჰოვამ „გაიხსენა“ და უპასუხა მის ლოცვას. მხოლოდ მაშინ შეძლო რახელმა იმის თქმა, რომ ‘სირცხვილი მოაშორა’ ღმერთმა! (დაბადება 30:22—24)

სიკვდილი და მემკვიდრეობა

რახელი მეორე ვაჟის, ბენიამინის, მშობიარობას გადაჰყვა. იაკობს გულწრფელად უყვარდა რახელი, და ორი ვაჟი, რომლებიც მისგან შეეძინა, განსაკუთრებით ძვირფასი იყო მისთვის. წლების შემდეგ, იაკობმა სიკვდილის წინ გაიხსენა, უდროოდ ხელიდან როგორ გამოეცალა საყვარელი მეუღლე (დაბადება 30:1; 35:16—19; 48:7). რაც შეეხება ლეას სიკვდილს, ბიბლიაში მხოლოდ ის არის მოხსენიებული, რომ იაკობმა ის გამოქვაბულში დამარხა, სადაც თვითონაც უნდოდა, დამარხულიყო (დაბადება 49:29—32).

ხანდაზმულობის ასაკში იაკობმა აღიარა, რომ მთელი მისი ცხოვრება — ოჯახური ცხოვრების ჩათვლით — მწუხარებით იყო სავსე (დაბადება 47:9). უდავოა, რომ მწუხარება არც რახელსა და ლეას აკლდა. მათი ისტორია ცხადყოფს, თუ რა სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს პოლიგამიას. აგრეთვე ნათლად აჩვენებს, რატომ დაადგინა იეჰოვამ, რომ კაცს ერთი ცოლი უნდა ჰყოლოდა (მათე 19:4—8; 1 ტიმოთე 3:2, 12). როდესაც ქმარი ან ცოლი რომანტიკულ სიყვარულს ავლენს არა მხოლოდ ერთი ადამიანის (თავისი მეუღლის) მიმართ, ჩნდება შური და მეტოქეობა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ღმერთი კრძალავს სიძვას და მრუშობას (1 კორინთელები 6:18; ებრაელები 13:4).

ნებისმიერ შემთხვევაში ღმერთი განაგრძობდა — და კვლავაც განაგრძობს — არასრულყოფილი, მაგრამ ერთგული მამაკაცებისა და ქალების გამოყენებით თავისი განზრახვის შესრულებას. რახელსა და ლეას, როგორც ყველა ჩვენგანს, ჰქონდათ სისუსტეები. მაგრამ იეჰოვამ აბრაამისთვის მიცემული დანაპირების შესრულება ამ ქალების მეშვეობით დაიწყო. ამიტომ ბიბლიაში მართებულად არის ნათქვამი, რომ რახელმა და ლეამ „ისრაელის სახლი ააშენეს“ (რუთი 4:11).

[სქოლიოები]

^ აბზ. 15 ნოუზიში (ერაყი) ნაპოვნ ერთ-ერთ ასეთ ხელშეკრულებაში ნათქვამი იყო: „კელიმ-ნინუ ცოლად მიჰყვება შენიმას . . . თუ კელიმ-ნინუს არ ეყოლება [შვილები], კელიმ-ნინუს ლიულიდან უნდა მოეყვანა [მოსამსახურე] ქალი შენიმასთვის ცოლის მოვალეობის შესასრულებლად“.

^ აბზ. 20 დინა, ლეას ერთ-ერთი შვილი, იაკობის ქალიშვილთაგან ერთადერთია, რომლის სახელიც ბიბლიაშია ჩაწერილი (დაბადება 30:21; 46:7).

[სურათი 9 გვერდზე]

ლეასა და რახელს უნდოდათ ის, რაც თავად არ ჰქონდათ, და არც ერთი არ იყო ბედნიერი

[სურათი 10 გვერდზე]

იაკობის 12 ვაჟისგან წარმოიშვა ისრაელი ერი