არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ავარიდოთ თავი მონადირის მახეებს

როგორ ავარიდოთ თავი მონადირის მახეებს

როგორ ავარიდოთ თავი მონადირის მახეებს

„[იეჰოვა] დაგიხსნის მონადირის კაკანათისგან“ (ფსალმუნი 91:3).

1. ვინ არის „მონადირე“ და რატომ არის ის საშიში?

ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს ზეადამიანური ვერაგი არსებისგან საშიშროება ემუქრება. მას ფსალმუნის 91:3 „მონადირეს“ უწოდებს. ვინ არის ეს მონადირე? 1883 წლის 1 ივნისიდან ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ ამ მონადირეს სატანა ეშმაკთან აიგივებს. ეს ძლიერი მტერი ვერაგულად ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს და მახეში გააბას იეჰოვას ხალხი, ისე როგორც მონადირე ცდილობს ფრინველის კაკანათში გაბმას.

2. რატომ ადარებს ბიბლია სატანას მონადირეს?

2 ძველად ფრინველებს იმიტომ იჭერდნენ, რომ ისინი სასიამოვნოდ გალობდნენ და ლამაზი ბუმბული ჰქონდათ; მათ საკვებად და შესაწირავადაც იყენებდნენ. მაგრამ ფრინველები, ჩვეულებრივ, მფრთხალები არიან, რის გამოც მათი დაჭერა რთულია. ამიტომ, ბიბლიურ დროში მონადირე გულმოდგინედ სწავლობდა იმ ფრინველთა თავისებურებებსა და ჩვევებს, რომელთა დაჭერაც სურდა. შემდეგ კი ისეთ ხერხს მიმართავდა, რომ ადვილად გაება ისინი მახეში. ბიბლია, რომელიც სატანას მონადირეს ადარებს, გვეხმარება დავინახოთ, რა ხერხებს მიმართავს ის. ეშმაკი თითოეულ ჩვენგანს აკვირდება, ხედავს ჩვენს ჩვევებს, ხასიათის თავისებურებებს და შეუმჩნევლად გვიგებს მახეებს, რათა ცოცხლად დაგვიჭიროს (2 ტიმოთე 2:26). თუ დაგვიჭერს, შეიძლება სულიერად მოვკვდეთ, რაც საბოლოო განადგურებამდე მიგვიყვანდა. ამიტომ თავდაცვის მიზნით საჭიროა, ამოვიცნოთ, თუ რა ხერხებს იყენებს „მონადირე“.

3, 4. რით ჰგავს სატანის მოქმედება ლომისა და კობრას მოქმედებას?

3 ფსალმუნმომღერალი შთამბეჭდავ შედარებას იყენებს და სატანის ხერხებს ლომისა და კობრას ტაქტიკას ადარებს (ფსალმუნი 91:13). ლომის მსგავსად სატანა ზოგჯერ პირდაპირ იერიშზე გადადის და დევნას ან სახელმწიფო კანონებს იყენებს იეჰოვას ხალხის წინააღმდეგ (ფსალმუნი 94:20). სატანა ასეთი მეთოდით არცთუ ისე დიდ წარმატებას აღწევს. ძალიან ხშირად კი მის მოქმედებას უკუეფექტი აქვს და ღვთის ხალხს უფრო აერთიანებს. რით ჰგავს სატანის მოქმედება კობრას მოქმედებას?

4 ეშმაკი ზეადამიანურ ინტელექტს იმისათვის იყენებს, რომ ჩასაფრებული შხამიანი გველივით ვერაგულად დაესხას თავს მსხვერპლს და სასიკვდილო ზიანი მიაყენოს. ასეთი ტაქტიკით ეშმაკმა იეჰოვას ზოგიერთ მსახურს გონება მოუწამლა და ღვთის ნების შესრულების ნაცვლად, თავისი ნება შეასრულებინა, რამაც ისინი ტრაგიკულ შედეგებამდე მიიყვანა. საბედნიეროდ, ჩვენთვის უცნობი არ არის სატანის ზრახვები (2 კორინთელები 2:11). განვიხილოთ „მონადირის“ მიერ დაგებულ მახეთაგან ოთხი.

კაცთმოშიშება

5. რატომ არის კაცთმოშიშების მახე სატანის ეფექტური იარაღი?

5 „მონადირეს“ ესმის, რომ, ჩვეულებრივ, ადამიანის სურვილია, სხვების თვალში მოწონებით სარგებლობდეს და აღიარებული იყოს. ქრისტიანებისთვის სულერთი არ არის, რას ფიქრობენ სხვები მათზე. სატანამ ეს კარგად იცის და ამას თავის სასარგებლოდ იყენებს. მაგალითად, სატანა ღვთის ზოგ მსახურს კაცთმოშიშების მახეში აბამს (იგავები 29:25). ღვთის მსახური „მონადირის“ მახეში ებმება მაშინ, როდესაც კაცთმოშიშების გამო სხვების გავლენის ქვეშ ექცევა და აკეთებს იმას, რასაც იეჰოვა კრძალავს და არ აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ღვთის სიტყვის თანახმად მოეთხოვება (ეზეკიელი 33:8; იაკობი 4:17).

6. რომელი მაგალითი ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება „მონადირემ“ ბავშვი მახეში გააბას?

6 მაგალითად, სკოლის მოსწავლე შეიძლება კლასელების გავლენის ქვეშ მოექცეს და სიგარეტი მოსწიოს. იმ დღეს სკოლაში წასვლისას ის შეიძლება სულაც არ ფიქრობდა სიგარეტის მოწევაზე. მაგრამ უცებ გააკეთა ის, რაც საზიანოა თავისი ჯანმრთელობისთვის და რაც არ მოსწონს ღმერთს (2 კორინთელები 7:1). როგორ ცდუნდა ის? ალბათ, მას ურთიერთობა ჰქონდა არასწორი აზროვნების მქონე თანატოლებთან და ეშინოდა, რომ ცუდი თვალით დაუწყებდნენ ყურებას. ბავშვებო, არ შეგაცდინოთ „მონადირემ“ და მახეში არ გაგაბათ! არ წახვიდეთ უმნიშვნელო კომპრომისზეც კი, რათა „მონადირემ“ არ დაგიჭიროთ! ყურად იღეთ ბიბლიური გაფრთხილება და მოერიდეთ ცუდ საზოგადოებას (1 კორინთელები 15:33).

7. როგორ შეიძლება სატანამ სულიერი წონასწორობა დააკარგვინოს ზოგ მშობელს?

7 კეთილსინდისიერი ქრისტიანი მშობლები სერიოზულად ეკიდებიან ბიბლიურ პასუხისმგებლობას და ზრუნავენ ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფაზე (1 ტიმოთე 5:8). მაგრამ სატანის მიზანია, ამ საკითხში ქრისტიანებს წონასწორობა დააკარგვინოს. ზოგ ქრისტიანს ჩვევად აქვს ქცეული კრების შეხვედრების გაცდენა, ვინაიდან დამსაქმებელს დამატებითი სამუშაოს შესრულებაზე უარს ვერ ეუბნებოდა. მათ შეიძლება ეშინოდათ, უფროსისთვის გათავისუფლება ეთხოვათ, რათა საოლქო კონგრესის სამივე დღეს დასწრებოდნენ და თანამორწმუნეებთან ერთად თაყვანი ეცათ იეჰოვასთვის. ამ მახისგან დაგვიცავს ‘იეჰოვაზე მინდობა’ (იგავები 3:5, 6). გარდა ამისა, იმის ცოდნა, რომ იეჰოვას დიდი ოჯახის წევრები ვართ და მან საკუთარ თავზე აიღო ჩვენზე ზრუნვა, გაწონასწორებულობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. მშობლებო, გაქვთ იმის რწმენა, რომ თუ ღვთის ნებას ასრულებთ, იეჰოვა იზრუნებს თქვენზე და თქვენს ოჯახზე? თუ ეშმაკს მისცემთ იმის საშუალებას, რომ ისარგებლოს თქვენი კაცთმოშიშებით და თავისი სურვილი შეგასრულებინოთ? ილოცეთ და იფიქრეთ ამ კითხვებზე.

მატერიალიზმის მახე

8. როგორ იყენებს სატანა მატერიალიზმის მახეს?

8 სატანა მატერიალიზმის მახეშიც აბამს ხალხს. ქვეყნიერების კომერციული სისტემა ხალხს სწრაფად გამდიდრებას სთავაზობს, რამაც შეიძლება ღვთის ზოგი მსახურიც შეიყვანოს შეცდომაში. შეიძლება ვინმემ გითხრათ: „ჯერ იმუშავეთ, მერე კი ცხოვრებას რომ მოიწყობთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ და ცხოვრებით ისიამოვნოთ; მერე შეგიძლიათ პიონერადაც კი იმსახუროთ“. ასეთი სიტყვები, რაშიც აშკარად ჩანს გაუწონასწორებულობა, შეიძლება ქრისტიანული კრების იმ წევრებმა გითხრან, რომლებიც და-ძმების ხარჯზე ეძებენ გამორჩენას. ფრთხილად იყავით, როდესაც მსგავს რამეს გთავაზობენ. განა ეს სიტყვები იესოს იგავში მოხსენიებული „უგუნური“ მდიდრის აზროვნებას არ ირეკლავს? (ლუკა 12:16—21)

9. რატომ შეიძლება ზოგი ქრისტიანი მომხვეჭელობის მახეში გაებას?

9 სატანა ამ ბოროტ ქვეყნიერებას ისე იყენებს, რომ ხალხს მომხვეჭელობის სურვილი უჩნდება. ეს სურვილი საბოლოოდ საზიანო გავლენას იქონიებს ქრისტიანის ცხოვრებაზე, მოაშთობს სიტყვას და „უნაყოფოს“ გახდის (მარკოზი 4:19). ბიბლია მოგვიწოდებს, დავკმაყოფილდეთ, თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი (1 ტიმოთე 6:8). მაგრამ მრავალი გაება „მონადირის“ მახეში, რადგან არ გაითვალისწინა ეს რჩევა. სიამაყე ხომ არ უბიძგებს მათ, რომ „ცხოვრებას არ ჩამორჩნენ“? რა შეიძლება ითქვას პირადად ჩვენზე? ქონების დაგროვების სურვილის გამო მეორე ადგილზე ხომ არ ვაყენებთ სამეფო ინტერესებს? (ანგია 1:2—8). სამწუხაროდ, ეკონომიკური სიდუხჭირის დროს ზოგმა ჩვეული ცხოვრების დონის შენარჩუნებას სულიერობა შესწირა. ცხოვრებისადმი ასეთი დამოკიდებულება სიამოვნებას ანიჭებს „მონადირეს“!

გართობის მახე

10. რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ქრისტიანმა?

10 „მონადირე“ კიდევ ერთ ხრიკს მიმართავს — ის ცდილობს ხალხს კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი დააკარგვინოს. დღევანდელი გართობის ინდუსტრია, ძირითადად, ისეთივე სულისკვეთებითაა გაჟღენთილი, როგორიც სოდომსა და გომორაში იყო. ტელევიზიასა თუ ჟურნალებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ძალადობასა და სექსს. სატელევიზიო გასართობი პროგრამები ხალხს ‘კარგისა და ცუდის გარჩევის’ უნარს უქვეითებს (ებრაელები 5:14). გაიხსენეთ წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით იეჰოვას ნათქვამი სიტყვები: „ვაი მათ, ვინც კარგს ცუდს უწოდებს და ცუდს — კარგს“ (ესაია 5:20). არაჯანსაღი გართობით თქვენს აზროვნებაზეც საზიანოდ ხომ არ იმოქმედა „მონადირემ“? ამ მხრივ საკუთარი თავის გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია (2 კორინთელები 13:5).

11. ტელესერიალებთან დაკავშირებით რა გაფრთხილება იყო მოცემული ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“?

11 დაახლოებით 25 წლის წინათ „საგუშაგო კოშკი“ ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს ტელესერიალების საშიშროებაზე აფრხთილებდა *. ჟურნალში აღნიშნული იყო, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანზე სერიალები: «ნებისმიერ საქციელს სიყვარულით ამართლებენ. მაგალითად, ერთი გასათხოვარი გოგონა, რომელიც დაორსულდა, მეგობარს ეუბნება: „მე მიყვარს ვიქტორი. სხვა არაფერი მაინტერესებს . . . მისი შვილის გაჩენა ჩემთვის ყველაფერია“. ამ სიუჟეტს ისეთი მუსიკა უდევს ფონად, რომ ადამიანი ცუდს ვერაფერს იფიქრებს. თქვენც, როგორც მაყურებელს, მოგწონთ ვიქტორი, გული შეგტკივათ შეყვარებულ გოგოზე და შედიხართ მის მდგომარეობაში. „საოცარია, როგორ ამართლებს ადამიანი თავის აზროვნებას, — ამბობს ერთი მაყურებელი, რომელიც მოგვიანებით მიხვდა, რა საზიანო გავლენა აქვს ტელესერიალებს. — იცი, რომ უზნეობას გამართლება არა აქვს . . . მაგრამ მაინც თანაუგრძნობ უზნეო ადამიანს“».

12. რა ფაქტები ცხადყოფს, რომ დროულია გარკვეულ ტელეგადაცემებთან დაკავშირებით გაფრთხილება?

12 იმ სტატიების გამოცემის შემდეგ გონების გამხრწნელმა ასეთმა პროგრამებმა ფეხი უფრო მეტად მოიკიდა. მრავალ ქვეყანაში მსგავსი პროგრამები 24 საათის განმავლობაში გადაიცემა. კაცი, ქალი თუ მრავალი მოზარდი ხშირად თავის გონებასა და გულს მსგავსი სანახაობით კვებას. მაგრამ ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. არასწორი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ტელევიზორში იმაზე ცუდს არაფერს აჩვენებენ, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში ხდება. შეიძლება ქრისტიანმა გაამართლოს ისეთ ხალხთან გართობა, რომლებსაც სახლში არასდროს შემოუშვებდა?!

13, 14. რა თქვა ზოგმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სარგებლობა მოუტანა ტელეგადაცემების შესახებ გაფრთხილებებმა?

13 მრავალმა ყურად იღო „ერთგული და გონიერი მონის“ გაფრთხილება, რამაც მათ სარგებლობა მოუტანა (მათე 24:45—47). ბიბლიაზე დაფუძნებული არაორაზროვანი რჩევის წაკითხვის შემდეგ ზოგმა ამ ჟურნალის გამომცემლებს მისწერა, თუ რა გავლენა იქონია მათზე ამ სტატიებმა *. ერთმა ქალმა გულახდილად თქვა: „13 წლის განმავლობაში სულ სერიალებს ვუყურებდი. ვფიქრობდი, რომ მე საშიშროება არ მემუქრებოდა, რადგან ქრისტიანული კრების შეხვედრებს ვესწრებოდი და სამქადაგებლო საქმიანობაშიც დროდადრო ვიღებდი მონაწილეობას. მაგრამ მალე გავიზიარე სერიალებში არეკლილი თვალსაზრისი, რომ თუ ქმარი ცოლს ცუდად ეპყრობა ან ცოლი ქმრის სიყვარულს ვერ გრძნობს, ღალატი გამართლებულია, და ამაში დამნაშავე ქმარია. შედეგად, ვიმრუშე და იეჰოვასა და მეუღლის წინაშე შევცოდე“. ეს ქალი გაირიცხა. ბოლოს ის გონს მოეგო, მოინანია და კრებაშიც აღდგა. სტატიებმა, რომლებშიც ტელესერიალების შესახებ გაფრთხილებები იყო მოცემული, მას ძალა შეჰმატა, გართობის მიზნით არ ეყურებინა იმისათვის, რაც იეჰოვას სძულს (ამოსი 5:14, 15).

14 სხვა მკითხველმა, რომლის ცხოვრებაზეც გავლენა იქონია სერიალებმა, თქვა: „ამ სტატიების წაკითხვისას ავტირდი, რადგან მივხვდი, რომ იეჰოვასთან მთელი გულით აღარ ვიყავი. ღმერთს შევპირდი, რომ ამიერიდან აღარ ვუყურებდი სერიალებს“. ერთმა ქრისტიანმა ქალმა, რომელმაც გააცნობიერა, რომ სერიალების გარეშე აღარ შეეძლო ცხოვრება, მადლიერება გამოხატა ამ სტატიებისთვის და თქვა: „ვფიქრობდი . . . მოქმედებდა თუ არა სერიალების ყურება იეჰოვასთან ჩემს ურთიერთობაზე. საკუთარ თავს ვეკითხებოდი: შეიძლება, რომ სერიალის გმირების საქციელს ვიწონებდე და, ამავე დროს, იეჰოვასთან ვმეგობრობდე?!“ თუ ტელესერიალები გამხრწნელად მოქმედებდა 25 წლის წინ, რა გავლენას მოახდენს ის დღეს? (2 ტიმოთე 3:13). ჩვენ უნდა ვიცოდეთ გართობის რა მახეებს იყენებს სატანა, იქნება ეს ტელესერიალები, ძალადობის ამსახველი ვიდეოთამაშები თუ უზნეობის ამსახველი ვიდეოკლიპები.

უთანხმოებების მახე

15. როგორ ჰყავს ეშმაკს ზოგი ‘ცოცხლად დაჭერილი’?

15 სატანა პირად უთანხმოებებს იყენებს მახედ, რათა იეჰოვას ხალხს შორის ერთობა დაარღვიოს. ამ მახეში შეიძლება ყველა გაებას, მიუხედავად იმისა, თუ რა პასუხისმგებლობა აკისრია. ზოგი ეშმაკს ‘ცოცხლად ჰყავს დაჭერილი’, რადგან პირადი უთანხმოების გამო არღვევენ იეჰოვას მიერ ბოძებულ მშვიდობასა და ერთობას და საფრთხეს უქმნიან სულიერ კეთილდღეობას (ფსალმუნი 133:1—3).

16. როგორ ცდილობს სატანა მზაკვრულად ჩვენი ერთობის დარღვევას?

16 პირველი მსოფლიო ომის დროს სატანა პირდაპირი იერიშის მიტანით ცდილობდა იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილის განადგურებას, მაგრამ უშედეგოდ (გამოცხადება 11:7—13). მას შემდეგ ის მზაკვრულად, შეუმჩნევლად ცდილობს ჩვენი ერთიანობის დარღვევას. „მონადირეს“ დაუბრკოლებლად მოქმედების საშუალება ეძლევა, როდესაც პირადი უთანხმოებები ჩვენს ერთიანობას არღვევს. ამგვარად კი ხელს შევუშლიდით წმინდა სულის თავისუფლად მოქმედებას როგორც პირადად ჩვენზე, ისე მთელ კრებაზე. ასე მოქმედებით სატანას გავუხარებთ გულს, რადგან კრებაში მშვიდობისა და ერთობის დარღვევა უარყოფითად აისახება სამქადაგებლო საქმიანობაზე (ეფესოელები 4:27, 30—32).

17. რა დაეხმარება ქრისტიანს უთანხმოების მოგვარებაში?

17 რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ თანაქრისტიანთან უთანხმოება მოგივიდათ? ცხადია, ყველა მდგომარეობა განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს გამოწვეული, უთანხმოებები მოუგვარებელი არ უნდა დარჩეს (მათე 5:23, 24; 18:15—17). ბიბლიაში მოცემული რჩევები ღვთის შთაგონებით არის დაწერილი და სრულყოფილია. ამიტომ არასდროს გაგვიხდება სანანებელი ბიბლიური პრინციპების გამოყენება. მათ გამოყენებას ყოველთვის დადებითი შედეგები მოაქვს!

18. რატომ გვეხმარება იეჰოვას მიბაძვა პირადი უთანხმოებების მოგვარებაში?

18 იეჰოვა ‘მზად არის პატიებისთვის’ და „ჭეშმარიტად პატიობს“ (ფსალმუნი 86:5; 130:4). თუ იეჰოვას ვბაძავთ, ცხადვყოფთ, რომ მისი საყვარელი შვილები ვართ (ეფესოელები 5:1). ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ და იეჰოვასგან პატიებას ვსაჭიროებთ. ამიტომ, თუ პატიება გვიჭირს, სერიოზულად დაფიქრება გვმართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დავემსგავსოთ იესოს იგავში მოყვანილ მონას, რომელსაც ბატონმა დიდი ვალი აპატია, მან კი სხვა მონას უმნიშვნელო ვალი არ აპატია. ამ ამბის გაგების შემდეგ ბატონმა უმოწყალო მონა საპყრობილეში ჩააგდო. იესომ იგავი შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „თქვენც ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ გულით არ აპატიებთ თქვენს ძმას“ (მათე 18:21—35). ამ იგავის გაანალიზება და იმაზე ფიქრი, პირადად ჩვენ რამდენჯერ გვპატიობს იეჰოვა დიდსულოვნად, ძმებთან უთანხმოების მოგვარებაში დაგვეხმარება (ფსალმუნი 19:14).

„უზენაესის საფარში“ უსაფრთხოდ დამკვიდრება

19, 20. როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს იეჰოვას საფარსა და ჩრდილზე ამ საშიშ დროში?

19 დღეს ადამიანები მრავალი საშიშროების წინაშე ვდგავართ. იეჰოვა სიყვარულით რომ არ გვიცავდეს, სატანა ყველას გაგვანადგურებდა. ამიტომ „მონადირის“ მახისგან თავის დასაცავად უსაფრთხო ადგილას, „უზენაესის საფარში“, უნდა დავმკვიდრდეთ და „ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ“ უნდა დავივანოთ (ფსალმუნი 91:1).

20 მოდი, იეჰოვას შეხსენებები და მითითებები ყოველთვის დამცველად მივიჩნიოთ და არა შემზღუდველად! თითოეულს ზეადამიანური სიბრძნის მქონე გააფთრებულ არსებასთან გვიწევს ბრძოლა. იეჰოვას დახმარების გარეშე, თავს ვერავინ დააღწევს მის მახეს (ფსალმუნი 124:7, 8). ამიტომ ვილოცოთ, რომ იეჰოვამ გვიხსნას „მონადირის კაკანათისგან“! (მათე 6:13)

[სქოლიოები]

^ აბზ. 11 1982 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 3—7 (ინგლ.).

^ აბზ. 13 1983 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 23 (ინგლ.).

გახსოვთ?

• რატომ შეიძლება კაცთმოშიშება მახედ ექცეს ქრისტიანს?

• როგორ იყენებს სატანა მატერიალიზმის მახეს?

• როგორ გააბა სატანამ ზოგი არაჯანსაღი გართობის მახეში?

• როგორ ცდილობს სატანა ჩვენი ერთობის დარღვევას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 27 გვერდზე]

ზოგი კაცთმოშიშების მახეში გაება

[სურათი 28 გვერდზე]

იმით ხომ არ ერთობით, რაც იეჰოვას სძულს?

[სურათი 29 გვერდზე]

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თანაქრისტიანთან უთანხმოება გაქვთ?