არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნებიდან „აბდია“, „იონა“ და „მიქა“

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნებიდან „აბდია“, „იონა“ და „მიქა“

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნებიდან „აბდია“, „იონა“ და „მიქა“

„აბდიას ხილვა“ (აბდია 1). ამ სიტყვებით იწყება ბიბლიის წიგნი „აბდია“. წინასწარმეტყველი წიგნში, რომლის წერაც ძვ. წ. 607 წელს დაასრულა, არაფერს ამბობს საკუთარი თავის შესახებ გარდა თავისი სახელისა. „აბდიას“ წიგნის დაწერამდე ორ საუკუნეზე მეტი ხნით ადრე წინასწარმეტყველი იონა თავის წიგნში გულწრფელად წერს იმის შესახებ, რაც თავად გადახდა თავს მისიონერული დავალების შესრულების დროს. მიქა წინასწარმეტყველი (რომელიც იონას შემდეგ და აბდიას დაბადებამდე ცხოვრობდა) მოღვაწეობს 60-წლიანი პერიოდის განმავლობაში ძვ. წ. 777 წლიდან ძვ. წ 717 წლამდე. მიქა საკუთარი თავის შესახებ მხოლოდ იმას ამბობს, რომ ის არის „მორეშეთიდან“ და მას იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა „იუდას მეფეების იოთამის, ახაზისა და ხიზკიას დროს“ (მიქა 1:1). წინასწარმეტყველი კარგად არის გაცნობილი სოფლის ცხოვრებას, რაც ნათლად ჩანს მის მაგალითებში, რომლებსაც თავისი ცნობის ხაზგასასმელად იყენებს.

ედომი ‘სამარადისოდ მოიკვეთება’

(აბდია 1—21)

ედომის შესახებ აბდია ამბობს: „რაკი ძალადობდი შენს ძმაზე, იაკობზე, სირცხვილი დაგფარავს და სამარადისოდ მოიკვეთები“. წინასწარმეტყველს ჯერ კიდევ კარგად ახსოვს ედომელების ძალადობა, რომელსაც არც ისე დიდი ხნის წინ იაკობის ძეების, ისრაელების წინააღმდეგ მიმართავდნენ. ძვ. წ. 607 წელს, როდესაც ბაბილონელებმა იერუსალიმი გაანადგურეს, ედომელები ‘გვერდზე გადგნენ’ და „უცხოელებს“ დაუჭირეს მხარი (აბდია 10, 11).

ედომელებისგან განსხვავებით იაკობის სახლს აღდგენა ელოდება. აბდიას წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „გაქცეულები სიონის მთაზე იქნებიან, რომელიც განიწმინდება“ (აბდია 17).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

5—8. რით არის აღსანიშნავი შედარება, რომელიც ეხება ედომის განადგურებასა და ღამით მძარცველებისა და ყურძნის მკრეფავების მოსვლას? თუ ედომში ქურდები მივიდოდნენ, მხოლოდ იმდენს მოიპარავდნენ, რამდენიც მოუნდებოდათ. თუ მკრეფავები მივიდოდნენ, ნამცვრევს მაინც დატოვებდნენ. მაგრამ, როდესაც ედომი ეცემა, მისი დამპყრობლები მთელ სიმდიდრეს წაიღებენ მისგან და ედომი მთლიანად გაპარტახდება მათ მიერ, ‘ვისთანაც შეთანხმება ჰქონდა დადებული’ — თავისი მოკავშირე ბაბილონელებისგან (იერემია 49:9, 10).

10. როგორ ‘მოიკვეთა ედომი სამარადისოდ’? როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ედომმა — დედამიწის გარკვეულ მხარეში მცხოვრებმა ხალხმა თავისი მმართველებითურთ — შეწყვიტა არსებობა. დაახლოებით ძვ. წ. მეექვსე საუკუნის შუა პერიოდში ბაბილონის მეფე ნაბონიდმა დაიპყრო ედომი. ძვ. წ. მეოთხე საუკუნისთვის ედომის ტერიტორიაზე ნაბატეველები ცხოვრობდნენ, ედომელებს კი მოუწიათ დასახლება იუდეის სამხრეთ ნაწილში, ნეგების ტერიტორიაზე, რომელიც მოგვიანებით იდუმეის სახელით გახდა ცნობილი. რომაელების მიერ ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურების შემდეგ ედომელები გადაშენდნენ.

რას ვსწავლობთ:

3, 4. ედომელები მაღალ, კლდოვან მთებსა და ღრმა ვიწროხევიან ადგილებში ცხოვრობდნენ, რაც საბრძოლო თვალსაზრისით ძალიან სტრატეგიული ადგილი იყო. შეიძლება სწორედ ამის გამო ედომელები ზედმეტად თავდაჯერებულები იყვნენ და ფიქრობდნენ, რომ საფრთხე არ ემუქრებოდათ. მაგრამ, იეჰოვას მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულება გარდაუვალია.

8, 9, 15. ადამიანური სიბრძნე და ძალა ვერავის ვერ დაიცავს „იეჰოვას დღეს“ (იერემია 49:7, 22).

12—14. ედომელების შემთხვევა გამაფრთხილებელი მაგალითია მათთვის, ვისაც ღვთის მსახურთა გასაჭირი ახარებს. იეჰოვასთვის სულერთი არ არის, როდესაც მის ხალხს ცუდად ექცევიან.

17—20. აღდგენასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველების შესრულება, რომელიც იაკობის ძეებს ეხებოდა, მაშინ დაიწყო, როდესაც ძვ. წ. 537 წელს იუდეველების დარჩენილი ნაწილი ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნდა. იეჰოვას სიტყვა ყოველთვის სრულდება. ჩვენ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ღვთის დანაპირები შესრულდება.

„ნინევეს დამხობა“

(იონა 1:1—4:11)

ნაცვლად იმისა, რომ ღვთის ბრძანებას დაემორჩილოს — ‘წავიდეს დიდ ქალაქ ნინევეში და გამოუცხადოს მას’ ღვთის განაჩენი — იონა საპირისპირო მიმართულებით გარბის. იეჰოვა „ძლიერ ქარსა“ და „დიდ თევზს“ იყენებს, რომ იონას მიმართულება შეაცვლევინოს, და მეორედ ავალებს მას ასურეთის დედაქალაქში წასვლას (იონა 1:2, 4, 17; 3:1, 2).

იონა შედის ნინევეში და პირდაპირ აცხადებს ღვთის ცნობას: „ორმოცი დღეღა დარჩა ნინევეს დამხობამდე!“ (იონა 3:4). იმ მოულოდნელი შედეგის გამო, რაც მის ქადაგებას მოჰყვა, იონა „რისხვით ენთება“. იეჰოვა „აყიროს“ იყენებს იმისთვის, რომ იონას გულმოწყალება ასწავლოს (იონა 4:1, 6).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

3:3. მართლა იმხელა იყო ნინევე, რომ ის „სამი დღის სავალი იყო“? დიახ. ძველ დროს ნინევეში, როგორც ჩანს, იგულისხმებოდა სხვა დასახლებებიც ჩრდილოეთით მდებარე ხორსაბადიდან სამხრეთით მდებარე ნიმრუდის ჩათვლით. ყველა ეს დასახლება, რაც ნინევეს შემადგენლობაში შედიოდა, ქმნიდა ოთხკუთხედს, რომლის პერიმეტრიც შეადგენდა 100 კილომეტრს.

3:4. უნდა ესწავლა იონას ასურული ენა, ნინეველებისთვის რომ ექადაგა? იონამ შესაძლოა უკვე იცოდა ასურული ენა ან მას სასწაულებრივად მიეცა ამ ენაზე ლაპარაკის უნარი. ან შეიძლება ის ებრაულად გადასცემდა ცნობას, სხვა კი თარგმნიდა. თუ მართლა სხვა თარგმნიდა, ეს ალბათ კიდევ უფრო დიდ ინტერესს გამოიწვევდა მისი ცნობისადმი.

რას ვსწავლობთ:

1:1—3. თუ ვინმე შეგნებულად სხვა რამეს გეგმავს, რათა თავი აარიდოს სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში სრულად მონაწილეობას, ეს მის ცუდ მოტივზე მიუთითებს. ასეთი ადამიანი, ასე ვთქვათ, ღვთის მიერ მიცემული დავალების შესრულებას გაურბის.

1:1, 2; 3:10. იეჰოვას გულმოწყალება მხოლოდ ერთ ერზე, რასაზე ან რომელიმე ჯგუფზე არ ვრცელდება. „კარგია იეჰოვა ყველასთვის და მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება“ (ფსალმუნი 145:9).

1:17; 2:10. ის, რომ იონა სამი დღე და ღამე დიდი თევზის მუცელში იყო, წინასწარმეტყველურად მიუთითებდა იესოს სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომაზე (მათე 12:39, 40; 16:21).

1:17; 2:10; 4:6. ღმერთმა იონა აბობოქრებული ზღვიდან იხსნა. გარდა ამისა, „აღმოაცენა იეჰოვა ღმერთმა აყირო, რომ გადაფარებოდა იონას, მოეჩრდილა მისთვის და შეემსუბუქებინა მისი მდგომარეობა“. იეჰოვას დღევანდელ თაყვანისმცემლებს შეუძლიათ სრულად მიენდონ თავიანთ ღმერთს, დარწმუნებულნი იყვნენ მის სიკეთეში და სჯეროდეთ, რომ ღმერთი დაიცავს და იხსნის მათ (ფსალმუნი 13:5; 40:11).

2:1, 2, 9, 10. იეჰოვა ისმენს თავისი მსახურების ლოცვებს და ყურს აპყრობს მათ ვედრებას (ფსალმუნები 120:1; 130:1, 2).

3:8, 10. ჭეშმარიტმა ღმერთმა „შეიწყალა“ ნინეველები, ანუ შეიცვალა დამოკიდებულება მათ მიმართ და „აღარ დაატეხა ის უბედურება, რაც ნათქვამი ჰქონდა“. რატომ? იმიტომ, რომ ნინეველებმა „მიატოვეს თავიანთი ბოროტი გზა“. დღესაც, შემცოდველს შეუძლია თავი დააღწიოს ღვთის მკაცრ სასჯელს, თუ ის გულწრფელად მოინანიებს.

4:1—4. არც ერთ ადამიანს არ შეუძლია, რომ ღმერთს გულმოწყალების გამოვლენაში საზღვრები დაუდგინოს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ კრიტიკულად არ მივუდგეთ იეჰოვას მიერ გამოვლენილ გულმოწყალებას.

4:11. იეჰოვა ითმენს, რომ მთელ მსოფლიოს ექადაგოს სამეფოს ცნობა — ისევე როგორც ეს 120 000 ნინეველის შემთხვევაში იყო — ის წუხს მათ გამო, ვისაც „მარჯვენა ხელი მარცხენისგან ვერ გაურჩევია“. განა არ უნდა გვებრალებოდეს ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი და განა გულმოდგინედ არ უნდა ვმონაწილეობდეთ სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში?! (2 პეტრე 3:9).

‘მათი თავი გაქაჩლდება’

(მიქა 1:1—7:20)

მიქა ამხელს ისრაელისა და იუდას ცოდვებს და წინასწარმეტყველებს მათი დედაქალაქების განადგურებას; გარდა ამისა, ის აღდგენაზეც წინასწარმეტყველებს. სამარია „მინდორში დაყრილ ნანგრევების გროვად“ იქცევა. კერპთაყვანისმცემლობის გამო ისრაელი და იუდა ‘სიქაჩლეს’, ანუ შერცხვენას იმსახურებს. ტყვეობაში ყოფნისას ისინი „არწივივით“ გაქაჩლდებიან — როგორც ჩანს, არწივში აქ იგულისხმება სვავის ის ნაირსახეობა, რომელსაც თავზე მხოლოდ რამდენიმე ღინღლი აქვს. იეჰოვა იძლევა დაპირებას: „შევკრებ მთელ იაკობს“ (მიქა 1:6, 16; 2:12). ზნედაცემული წინამძღოლებისა და ცრუწინასწარმეტყველების გამო იერუსალიმიც „ნანგრევების გროვად იქცევა“. მაგრამ იეჰოვა „მოაგროვებს“ თავის ხალხს. „ეფრათას ბეთლემიდან“ გამოვა „მმართველი ისრაელში“ (მიქა 3:12; 4:12; 5:2).

უსამართლოდ ექცევა იეჰოვა ისრაელს? არის მისი მოთხოვნები ძალიან მკაცრი? არა. იეჰოვა თავისი თაყვანისმცემლებისგან ითხოვს მხოლოდ „სამართლის ქმნას, სიკეთის სიყვარულსა და მოკრძალებულად სიარულს“ თავიანთ ღმერთთან ერთად (მიქა 6:8). მაგრამ მიქას დროს მცხოვრები ხალხი ზნეობრივად ისე ეცემა, რომ „მათ შორის საუკეთესო ასკილის ბუჩქივითაა, მათ შორის ყველაზე მართალი ეკლის ღობეზე უარესია“, რომელიც ტკივილს აყენებს ყველას, ვინც მას მიუახლოვდება. და მაინც, წინასწარმეტყველი სვამს კითხვას: „შენსავით [იეჰოვა] რომელი ღმერთი პატიობს დანაშაულს?“ ღმერთი კვლავ გამოავლენს გულმოწყალებას თავისი ხალხის მიმართ და ‘ზღვის სიღრმეებში მოისვრის მთელ მათ ცოდვებს’ (მიქა 7:4, 18, 19).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

2:12. როდის შესრულდა წინასწარმეტყველება ‘ისრაელის დარჩენილი ნაწილის თავმოყრის’ შესახებ? პირველად ეს წინასწარმეტყველება შესრულდა ძვ. წ. 537 წელს, როდესაც იუდეველთა დარჩენილი ნაწილი ბაბილონიდან სამშობლოში დაბრუნდა. დღეს ეს წინასწარმეტყველება „ღვთის ისრაელზე“ სრულდება (გალატელები 6:16). 1919 წლიდან ცხებული ქრისტიანები ერთად იკრიბებიან, „როგორც ფარა ფარეხში“. მათ უერთდება „სხვა ცხვრისგან“ შემდგარი „უამრავი ხალხი“ (განსაკუთრებით ეს 1935 წლიდან ხდება), რის შედეგადაც ისინი ‘ხმაურობენ ადამიანთა სიმრავლის გამო’ (გამოცხადება 7:9; იოანე 10:16). ისინი გაერთიანებულები არიან და გულმოდგინედ უჭერენ მხარს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას.

4:1—4. როგორ გამოიტანს იეჰოვა „უკანასკნელ დღეებში“ ‘სამართლიან განაჩენს ხალხებისთვის’ და როგორ ‘მოაგვარებს საქმეებს შორს მცხოვრები ძლიერი ერებისთვის’? გამოთქმებში „ხალხები“ და „ძლიერი ერები“ მთლიანი ერები ან პოლიტიკური სისტემები კი არ იგულისხმება, არამედ ცალკეული ადამიანები ყველა ერიდან, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლები გახდნენ. იეჰოვა სულიერი გაგებით აგვარებს საქმეებს მათთვის და მას სამართლიანი განაჩენი გამოაქვს.

რას ვსწავლობთ:

1:6, 9; 3:12; 5:2. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, სამარია გაპარტახდა. ის მიქას სიცოცხლეშივე, ძვ. წ. 740 წელს განადგურდა ასურელების მიერ (2 მეფეები 17:5, 6). ხიზკიას მეფობის დროს ასურელები იერუსალიმს მიადგნენ (2 მეფეები 18:13). ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმი ბაბილონელებმა გადაწვეს (2 მატიანე 36:19). წინასწარმეტყველების თანახმად მესია დაიბადა „ეფრათას ბეთლემში“ (მათე 2:3—6). იეჰოვას წინასწარმეტყველება ყოველთვის სრულდება.

2:1, 2. თავს საფრთხეში ვიგდებთ, თუ ვამბობთ, რომ ვემსახურებით ღმერთს, მაგრამ პირველ ადგილზე ვაყენებთ სიმდიდრეს და არა „სამეფოსა და მამის სიმართლეს“ (მათე 6:33; 1 ტიმოთე 6:9, 10).

3:1—3, 5. იეჰოვა მოელის, რომ ისინი, ვისაც მის ხალხს შორის პასუხისმგებლობა აკისრია, სამართლიანად მოქმედებდნენ.

3:4. თუ გვსურს, რომ იეჰოვამ ლოცვაზე გვიპასუხოს, ცოდვას არ უნდა ჩავდიოდეთ და გაორებულ ცხოვრებას არ უნდა ვეწეოდეთ.

3:8. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ ჩვენი დავალების შესრულებას, რომელშიც სასიხარულო ცნობის ქადაგება და ამავე დროს ღვთის განაჩენის გაცხადებაც შედის, თუ იეჰოვას წმინდა სულით ვიქნებით გაძლიერებულნი.

5:5. მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება გვარწმუნებს, რომ მაშინ, როცა ღვთის ხალხს მტერი უტევს, „შვიდი [სისრულის მაჩვენებელია] მწყემსი“ და „რვა მთავარი“ — უნარიანი კაცების საკმაოდ დიდი რიცხვი — გამოდიან იეჰოვას ხალხისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად.

5:7, 8. დღეს მრავალი ადამიანისთვის ცხებული ქრისტიანები არიან „როგორც ნამი იეჰოვასგან“, ანუ კურთხევა ღვთისგან. ეს მართლაც ასეა, რადგან ღმერთი ცხებულებს სამეფოს შესახებ ცნობის გასაცხადებლად იყენებს. „სხვა ცხვარი“ აქტიურად უჭერს მხარს ცხებულებს სამქადაგებლო საქმიანობაში და ადამიანებს ღმერთთან დაახლოებაში ეხმარება (იოანე 10:16). მართლაც დიდი პატივია, მონაწილეობას ვიღებდეთ საქმეში, რომელიც სხვებისთვის ნამდვილად გამომაცოცხლებელია!

6:3, 4. ჩვენ უნდა მივბაძოთ იეჰოვა ღმერთს და იმ ადამიანებსაც კი მოვეპყროთ სიკეთითა და თანაგრძნობით, ვისთანაც ძნელია ურთიერთობა ან ვინც სულიერად მოსუსტებულია.

7:7. მართალია, ამ ბოროტ ქვეყნიერებაში მრავალ პრობლემას ვხვდებით, მაგრამ გული არ უნდა გავიტეხოთ. ნაცვლად ამისა, მიქას მსგავსად ჩვენც ‘მოთმინებით უნდა დაველოდოთ ჩვენს ღმერთს’.

7:18, 19. ისევე როგორც იეჰოვაა მზად, რომ გვაპატიოს ჩვენი შეცდომები, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ, ვაპატიოთ მათ, ვინც ჩვენ წინააღმდეგ სცოდავს.

კვლავაც ‘იეჰოვას სახელით იარეთ’!

ისინი, ვინც ღვთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ იბრძვიან, „სამარადისოდ მოიკვეთებიან“ (აბდია 10). მაგრამ ადამიანს შეუძლია თავი აარიდოს ღვთის რისხვას, თუკი ის ყურად იღებს ღვთის გაფრთხილებას და ‘მიატოვებს თავის ბოროტ გზას’ (იონა 3:10). „უკანასკნელ დღეებში“ ანუ ამ „ბოლო დღეებში“ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ცრუ რელიგიაზე მაღლა დგას და მორჩილი ადამიანები ‘მისკენ მიედინებიან’ (მიქა 4:1; 2 ტიმოთე 3:1). ამიტომ მოდი „იეჰოვას, ჩვენი ღვთის სახელით ვიაროთ მარადიულად, სამარადისოდ“ (მიქა 4:5).

მართლაც რომ მრავალ მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობთ აბდიას, იონასა და მიქას წიგნებიდან! მართალია, ეს წიგნები 2 500 წელზე მეტი ხნის წინ დაიწერა, მაგრამ მათში ჩაწერილი სიტყვები დღესაც ‘ცოცხალი და მოქმედია’ (ებრაელები 4:12).

[სურათი 13 გვერდზე]

აბდიამ იწინასწარმეტყველა, რომ ედომი ‘სამარადისოდ მოიკვეთებოდა’

[სურათი 15 გვერდზე]

მიქა ‘მოთმინებით ელოდებოდა’ იეჰოვას, ამას თქვენც შეძლებთ

[სურათი 16 გვერდზე]

სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება დიდი პატივია, რომელსაც უნდა ვაფასებდეთ