არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები წიგნებიდან „ნაუმი“, „აბაკუმი“ და „სოფონია“

მნიშვნელოვანი აზრები წიგნებიდან „ნაუმი“, „აბაკუმი“ და „სოფონია“

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები წიგნებიდან „ნაუმი“, „აბაკუმი“ და „სოფონია“

ასურეთის მსოფლიო იმპერიამ უკვე გაანადგურა სამარია, ისრაელის ათტომიანი სამეფოს დედაქალაქი. ასურეთი დიდი ხანია, რაც იუდასაც ემუქრება. იუდაელი წინასწარმეტყველი ნაუმი ასურეთის დედაქალაქ ნინევეზე წინასწარმეტყველებს. ეს წინასწარმეტყველება, რომლის წერაც ძვ. წ. 632 წლამდე დასრულდა, „ნაუმის“ წიგნშია ჩაწერილი.

შემდგომი მსოფლიო იმპერია არის ბაბილონი, რომელსაც ზოგჯერ ქალდეველი მეფეები მართავდნენ. წიგნ „აბაკუმში“, რომლის წერაც შესაძლოა ძვ. წ. 628 წელს დასრულდა, მოცემულია წინასწარმეტყველება იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებდა იეჰოვა ბაბილონს თავისი განაჩენის სისრულეში მოსაყვანად და ბოლოს როგორ გაანადგურებდა მას.

იუდაელი სოფონია ნაუმსა და აბაკუმზე ადრე წინასწარმეტყველებდა. სოფონია, რომელიც ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებამდე 40-ზე მეტი წლით ადრე წინასწარმეტყველებდა, იუდასთვის როგორც განადგურების, ისე დამაიმედებელ ცნობას აცხადებს. ბიბლიის წიგნ „სოფონიაში“ აგრეთვე სხვა ერების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენიც არის ჩაწერილი.

„ვაი სისხლისმღვრელ ქალაქს!“

(ნაუმი 1:1—3:19)

ნინევესთვის განაჩენი გამოაქვს იეჰოვას, რომელიც „რისხვაში ნელი და დიდად ძლიერია“. მართალია, იეჰოვა „ციხესიმაგრეა გაჭირვების დღეს“ მათთვის, ვინც მასში ეძებს თავშესაფარს, ნინევე მაინც განადგურდება (ნაუმი 1:1, 3, 7).

„შეკრებს [აღადგენს] იეჰოვა იაკობის სიამაყეს“. მაგრამ ასურეთი შიშის ზარს სცემს ღვთის ხალხს ისევე როგორც ‘ლომი, რომელიც გლეჯს’. იეჰოვა ‘დაწვავს და კვამლში გახვევს მის საომარ ეტლებს. მახვილი შთანთქავს მის ფაფრიან ლომებს’ (ნაუმი 2:2, 12, 13). „ვაი სისხლისმღვრელ ქალაქს (ნინევეს)!“ „ყველა, ვინც . . . [მის] ამბავს გაიგებს, ტაშს შემოჰკრავს“ და გაიხარებს (ნაუმი 3:1, 19).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

1:9. რას ნიშნავს იუდასთვის ნინევეს ‘სრულად განადგურება’? ეს ასურეთისგან საბოლოო გათავისუფლებას ნიშნავს; „მეტად აღარ განმეორდება გასაჭირი“. ნაუმი ისე ლაპარაკობს, რომ თითქოს ნინევე აღარ არსებობს: „აი, მთებზე ისმის მახარობლის, მშვიდობის გამომცხადებლის ფეხის ხმა! იზეიმე შენი დღესასწაულები, იუდავ!“ (ნაუმი 1:15)

2:6. რა „მდინარის კარიბჭეები“ გაიხსნა? ეს მიუთითებდა იმაზე, რომ მდინარე ტიგროსმა ნინევეს კედლები დაანგრია. ძვ. წ. 632 წელს, როდესაც ბაბილონელთა და მიდიელთა ჯარი ნინევეს მიადგა, ქალაქის მკვიდრთ თითქმის არავითარი შიშის გრძნობა არ გასჩენიათ. მაღალი კედლებით გარემოცული ნინევე მიიჩნევდა, რომ მასში შეღწევა შეუძლებელი იყო. მაგრამ კოკისპირული წვიმების გამო ტიგროსი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ისტორიკოს დიოდორეს სიტყვების თანახმად, მდინარის წყალმა „ქალაქის დიდი ნაწილი დატბორა და ქალაქის გალავნის მნიშვნელოვანი ნაწილი დაანგრია“. ამგვარად გაიხსნა მდინარის კარიბჭეები და, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ნინევე მტერმა ისევე სწრაფად აიღო, როგორც ცეცხლი ნთქავს გამხმარ ნამჯას (ნაუმი 1:8—10).

3:4. რით ჰგავდა ნინევე მეძავს? ნინევეს ხალხი შეცდომაში შეჰყავდა იმით, რომ მეგობრობასა და დახმარებას ჰპირდებოდა, მაგრამ სინამდვილეში მძიმე უღელს ადგამდა. მაგალითად, ასურეთი იუდას მეფე ახაზს სირიისა და ისრაელების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას შეჰპირდა. მაგრამ საბოლოოდ „ასურეთის მეფე . . . გამოვიდა მის [ახაზის] წინააღმდეგ და შეავიწროვა“ (2 მატიანე 28:20).

რას ვსწავლობთ:

1:2—6. იეჰოვა სამაგიეროს უზღავს თავის მტრებს, რომლებიც მისდამი განსაკუთრებულ ერთგულებას არ ავლენენ, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ის თავისი თაყვანისმცემლებისგან მხოლოდ განსაკუთრებულ ერთგულებას მოელის (გამოსვლა 20:5).

1:10. იეჰოვას განაჩენისგან ვერ დაიცვა ნინევე მასიურმა კედლებმა, რომელშიც ასობით კოშკი იყო ჩატანებული. დღეს ვერც ღვთის ხალხის მტრები გადაურჩებიან იეჰოვას განაჩენს (იგავები 2:22; დანიელი 2:44).

„მართალი . . . იცოცხლებს“

(აბაკუმი 1:1—3:19)

„აბაკუმის“ პირველი ორი თავი წინასწარმეტყველსა და იეჰოვა ღმერთს შორის დიალოგია. იუდაში არსებული მდგომარეობით შეწუხებული აბაკუმი ღმერთს ეკითხება: „რატომ მაყურებინებ სიავეს და რატომ უყურებ ბოროტებას?“ იეჰოვა პასუხობს: „აღვძრავ ქალდეველებს, სასტიკ და ფიცხ ხალხს“. წინასწარმეტყველი გაოცებულია იმით, რომ ღმერთი იუდას დასასჯელად ვერაგებს იყენებს (აბაკუმი 1:3, 6, 13). ღმერთი აბაკუმს არწმუნებს, რომ მართლები იცოცხლებენ და მტერი აუცილებლად დაისჯება. გარდა ამისა, აბაკუმი წერს, რომ ხუთი ვაი დაატყდება თავს ქალდეველთა ჯარს (აბაკუმი 2:6).

სამგლოვიარო სიმღერით წარმოთქმულ ლოცვაში აბაკუმი მოიხსენიებს იეჰოვას მიერ წარსულში გამოვლენილ მოწიწების შთამნერგავ ძალას; მაგალითად, წითელ ზღვასთან, უდაბნოში და იერიხონთან. აბაკუმი იმასაც წინასწარმეტყველებს, რომ იეჰოვა რისხვით გაანადგურებს ხალხებს არმაგედონში. ის ლოცვას ასე ამთავრებს: „იეჰოვა, უზენაესი უფალი ჩემი მაცოცხლებელი ძალაა! ფურირმისას დამიმსგავსებს ფეხებს და გამათელვინებს ჩემს მაღლობებს“ (აბაკუმი 3:1, 19).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

1:5, 6. რატომ ეჩვენებათ იუდეველებს დაუჯერებლად, რომ ღმერთი მათ წინააღმდეგ ქალდეველებს აღძრავს? იმ დროისთვის, როდესაც აბაკუმი წინასწარმეტყველებას იწყებს, იუდა ეგვიპტის ძლიერი გავლენის ქვეშაა (2 მეფეები 23:29, 30, 34). თუმცა იმ დროს ბაბილონელები უფრო და უფრო ძლიერდებოდნენ, ფარაონი ნექო ჯერ არ ჰყავდათ დამარცხებული (იერემია 46:2). გარდა ამისა, იეჰოვას ტაძარი იერუსალიმში იყო და დავითის სამეფო დინასტია შეუფერხებლად მმართველობდა იერუსალიმიდან. იმ დროისთვის იუდაელებს ვერ წარმოედგინათ, რომ ღმერთი დაუშვებდა ქალდეველების მიერ იერუსალიმის განადგურებას. თუმცა, რამდენადაც დაუჯერებელი უნდა იყოს აბაკუმის სიტყვები, ხილვა, რომელიც ბაბილონელების მიერ იერუსალიმის განადგურებას ეხებოდა, ძვ. წ. 607 წელს ‘უეჭველად შესრულდა’ (აბაკუმი 2:3).

2:5. ვინ არის „კაცი“ და რატომ „ვეღარ მიაღწევს [ის] თავის მიზანს“? ბაბილონელები, რომლებმაც თავიანთი სამხედრო გამოცდილება ერების დასაპყრობად გამოიყენეს, „კაცთან“ არიან შედარებული. ისინი გამარჯვებამ ისე გააბრუა, როგორც ღვინომ. მათ ვერ მიაღწიეს თავიანთ მიზანს, თავიანთთვის მოეგროვებინათ ერები, რადგან იეჰოვამ მიდიელები და სპარსელები გამოიყენა მათ დასამხობად. დღეს „კაცად“ წარმოდგენილია პოლიტიკური ძალები. ისინიც გაბრუებული არიან თავიანთი თავდაჯერებულობით, ქედმაღლობითა და საზღვრების გაფართოების დაუოკებელი სურვილით, მაგრამ ვერ აღწევენ თავიანთ მიზანს — ‘თავიანთთვის მოაგროვონ ერები’. მხოლოდ ღვთის სამეფო გააერთიანებს კაცობრიობას (მათე 6:9, 10).

რას ვსწავლობთ:

1:1—4; 1:12—2:1. აბაკუმმა გულწრფელად ჰკითხა იეჰოვას და მანაც უპასუხა. ჭეშმარიტი ღმერთი თავისი ერთგული მსახურების ლოცვებს ისმენს.

2:1. აბაკუმის მსგავსად ჩვენც სულიერი სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ და აქტიურად განვაგრძოთ მსახურება. გარდა ამისა, მზად უნდა ვიყოთ აზროვნების შესაცვლელად და შეგონების მისაღებად.

2:3; 3:16. რადგანაც ველოდებით და გვწამს, რომ იეჰოვას დღე მოვა, არასოდეს დავკარგოთ გადაუდებლობის გრძნობა.

2:4. იმისათვის, რომ გადავრჩეთ იეჰოვას სასამართლოს დღეს, ბოლომდე ერთგულება უნდა შევინარჩუნოთ (ებრაელები 10:36—38).

2:6, 7, 9, 12, 15, 19. აუცილებლად დაატყდება ვაი მათ, ვინც უპატიოსნო მოგებას ესწრაფვის, ძალადობა უყვარს, უზნეობას სჩადის ან კერპთაყვანისმცემელია. ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რათა მოვერიდოთ ყოველივე ამას.

2:11. თუ ამ ქვეყნიერებაში გაბატონებულ ბოროტებას არ ავირიდებთ, „კედლიდან ქვა იღაღადებს შესაბრალისად“. მნიშვნელოვანია, გაბედულად განვაგრძოთ სამეფოს შესახებ ქადაგება.

3:6. იეჰოვას განაჩენის აღსრულებას ვერაფერი დაუდგება წინ, ვერც ადამიანთა ორგანიზაციები, რომლებიც მთებივით და გორებივით მარადიული ჩანან.

3:13. ბიბლია გვარწმუნებს, რომ არმაგედონში განადგურება განურჩევლად არ მოხდება. იეჰოვა იხსნის ერთგულ მსახურებს.

3:17—19. მიუხედავად იმისა, რომ არმაგედონამდე და არმაგედონის დროს შეიძლება სირთულეებს წავაწყდეთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა მოგვცემს „მაცოცხლებელ ძალას“, თუ სიხარულით განვაგრძობთ მისდამი მსახურებას.

„ახლოს არის იეჰოვას დღე“

(სოფონია 1:1—3:20)

იუდაში ბაალის თაყვანისმცემლობა ყველგან არის გავრცელებული. იეჰოვა წინასწარმეტყველ სოფონიას პირით ამბობს: „ხელს გავიწვდი იუდასა და იერუსალიმის ყველა მკვიდრის წინააღმდეგ“. სოფონია ხალხს აფრთხილებს: „ახლოს არის იეჰოვას დღე“ (სოფონია 1:4, 7, 14). იმ დღეს მხოლოდ ღვთის მოთხოვნების შემსრულებელნი ‘იპოვიან თავშესაფარს’ (სოფონია 2:3).

„ვაი . . . სასტიკ ქალაქს“ — იერუსალიმს! „მელოდეთ, — ამბობს იეჰოვა, — სანამ აღვმდგარვარ ნადავლის ხელში ჩასაგდებად, რადგან გადაწყვეტილი მაქვს, შევკრიბო ხალხები . . . ჩემი მრისხანების გადმოსაღვრელად“. მაგრამ ღმერთი ხალხს ჰპირდება: „სახელს გაგითქვამთ და ქებულს გაგხდით დედამიწის ყველა ხალხში, როცა თქვენ თვალწინ შეგიკრებთ და დაგიბრუნებთ დატყვევებულებს“ (სოფონია 3:1, 8, 20).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

2:13, 14. ვისი „სიმღერის ხმა“ გაისმება გაპარტახებულ ნინევეში? ვინაიდან ნინევე გარეულ ცხოველთა და ფრინველთა თავშესაფარი გახდებოდა, სიმღერის ხმა, რომელიც იქ კვლავაც გაისმებოდა, მიუთითებს ფრინველთა გალობაზე და, შესაძლოა, უდაბნოში სახლის ფანჯრებში შეჭრილი ქარის წუილზე.

3:9. რა არის „სუფთა ენა“ და როგორ ლაპარაკობენ ამ ენაზე? ეს არის ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემული ჭეშმარიტება. მასში შედის ყველა ბიბლიური სწავლება. სუფთა ენაზე ვსაუბრობთ, როდესაც გვწამს ეს ჭეშმარიტება, სწორად გადავცემთ მას სხვებს და ღვთის ნების თანახმად ვცხოვრობთ.

რას ვსწავლობთ:

1:8. სოფონიას დღეებში ზოგი, როგორც ჩანს, „უცხო სამოსელს“ ატარებდა იმისათვის, რომ მეზობელ ერებში მიღებული ყოფილიყვნენ. რა უგუნურება იქნებოდა, დღეს იეჰოვას თაყვანისმცემლები თუ შეეცდებოდნენ ასეთი სახით ქვეყნიერებას დამსგავსებოდნენ!

1:12; 3:5, 16. იეჰოვა გამუდმებით უგზავნიდა თავის ხალხს წინასწარმეტყველებს და მათ თავის განაჩენს ამცნობდა. ის ამას აკეთებდა, თუმცა მრავალი იუდეველი ღვინის ჭურჭლის ფსკერზე დალექილ თხლესავით უმოქმედოდ იყო და ღვთის ცნობისადმი გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა. დღეს, როდესაც იეჰოვას დღე ახლოვდება, ნაცვლად იმისა, რომ ხალხის მხრიდან გამოვლენილმა გულგრილობამ ‘ხელები ჩამოგვაშვებინოს’ და მოგვადუნოს, საჭიროა, მხნედ განვაგრძოთ სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგება.

2:3. მხოლოდ იეჰოვას შეუძლია გვიხსნას თავისი რისხვის დღეს. მისი კეთილგანწყობა რომ შევინარჩუნოთ, საჭიროა ‘ვეძებოთ იეჰოვა’; ამის გაკეთება კი მისი სიტყვის, ბიბლიის, გულმოდგინედ შესწავლით, ლოცვაში ხელმძღვანელობის თხოვნითა და მასთან დაახლოებით შეგვიძლია. აგრეთვე საჭიროა, ზნეობრივად სუფთად ვიცხოვროთ და ამგვარად ‘ვეძებოთ სიმართლე’. გარდა ამისა უნდა ‘ვეძებოთ თვინიერება’; ამისათვის კი უნდა ვეცადოთ, ვიყოთ თვინიერები და მორჩილები.

2:4—15; 3:1—5. იეჰოვას განაჩენის აღსრულების დღეს ქრისტიანულ სამყაროსა და ყველას, ვინც ღვთის ხალხს ავიწროებს, იგივე ელოდება, რაც ძველ ისრაელსა და მათ მეზობლებს დაემართა (გამოცხადება 16:14, 16; 18:4—8). ჩვენ უშიშრად უნდა განვაგრძოთ ღვთის განაჩენის შესახებ სხვებთან ლაპარაკი.

3:8, 9. იეჰოვას დღის მოლოდინში გადარჩენისთვის ვემზადებით, თუ „სუფთა ენაზე“ ლაპარაკს ვსწავლობთ და იეჰოვასათვის თავის მიძღვნით მის ‘სახელს ვუხმობთ’. აგრეთვე იმით, რომ იეჰოვას ხალხთან ერთად მის „მხარდამხარ“ ვმსახურობთ და ძღვნად „ქების მსხვერპლს“ ვწირავთ (ებრაელები 13:15).

„ძლიერ ჩქარდება“

ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი“ (ფსალმუნი 37:10). როდესაც ვფიქრობთ, თუ როგორ შესრულდა ნაუმის წინასწარმეტყველება ნინევეზე და აბაკუმის წინასწარმეტყველება ბაბილონსა და განდგომილ იუდაზე, ეჭვი არ გვეპარება, რომ ფსალმუნმომღერლის ეს სიტყვებიც შესრულდება. რამდენ ხანს მოგვიწევს ლოდინი?

„ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე, — ნათქვამია სოფონიას 1:14-ში. — ახლოს არის და ძლიერ ჩქარდება“. წიგნი „სოფონია“ იმასაც ცხადყოფს, როგორ ვპოვოთ თავშესაფარი იმ დღეს და რა უნდა ვაკეთოთ, რომ გადავრჩეთ. მართლაც, ‘ღვთის სიტყვა ცოცხალი და მოქმედია’ (ებრაელები 4:12).

[სურათები 8 გვერდზე]

ნინევე მასიურმა კედლებმა ნაუმის წინასწარმეტყველების შესრულებისგან ვერ დაიცვა

[საავტორო უფლება]

Randy Olson/National Geographic Image Collection