არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ძველი თიხის ფირფიტები ბიბლიურ ცნობას ადასტურებს

ძველი თიხის ფირფიტები ბიბლიურ ცნობას ადასტურებს

ძველი თიხის ფირფიტები ბიბლიურ ცნობას ადასტურებს

ბიბლია ღვთისგან არის შთაგონებული (2 ტიმოთე 3:16). ამიტომ უტყუარია ყველაფერი, რასაც ის ადამიანების, გეოგრაფიული ადგილების, ძველი დროის რელიგიური თუ პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ამბობს. საღვთო წერილში მოცემული ინფორმაციის უტყუარობა სავსებით არ არის დამოკიდებული არქეოლოგიურ აღმოჩენებზე, თუმცა ეს აღმოჩენები თავის მხრივ ადასტურებს ან ნათელს ჰფენს ბიბლიურ ცნობას.

ისტორიული ადგილების არქეოლოგიური გათხრების დროს ყველაზე დიდი რაოდენობით თიხის ფირფიტებია ნაპოვნი. თიხის ფირფიტები იაფი საწერი მასალა იყო ძველ ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ეგვიპტესა და მესოპოტამიაში. ამ ფირფიტებზე იწერებოდა ხელშეკრულებები, ანგარიშები, ყიდვა-გაყიდვის შესახებ ცნობები და სხვა, ანუ თიხის ფირფიტებს ძველად ისევე იყენებდნენ, როგორც დღეს ქაღალდის ფურცლებს ვიყენებთ. ჩვეულებრივ, მათზე მელნით წერდნენ; ტექსტი შეიძლება ყოფილიყო დაწერილი, როგორც ერთ სიტყვად, ისე პწკარებად ან სვეტებად.

ისრაელში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა ბიბლიური დროის მრავალი თიხის ფირფიტა. ძვ. წ. VII—VIII საუკუნეებით დათარიღებული თიხის ფირფიტები განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, რადგან ისინი ბიბლიური ისტორიის დამადასტურებელ სხვადასხვა დეტალს შეიცავს. არსებობს სამარიაში, არადსა და ლაქიშში ნაპოვნი თიხის ფირფიტები. მოდი გავიგოთ, რაზე მოგვითხრობენ ეს ფირფიტები.

სამარიაში ნაპოვნი თიხის ფირფიტები

სამარია ჩრდილოეთ ისრაელის ათტომიანი სამეფოს დედაქალაქი იყო ძვ. წ. 740 წლამდე, ანუ იმ დრომდე, ვიდრე ასურელები დაანგრევდნენ ქალაქს. 1 მეფეების 16:23, 24-ში სამარიის წარმოშობის შესახებ ნათქვამია: „მეფე ასას მეფობის ოცდამეთერთმეტე წელს [ძვ. წ. 947] გამეფდა ომრი ისრაელზე . . . ორ ტალანტ ვერცხლად იყიდა მან სამარიის მთა შემერისგან, ააშენა ქალაქი . . . და სამარია უწოდა“. ქალაქს ახსოვს რომის იმპერიის მმართველობა; რომაელებმა მას სახელი შეუცვალეს და სებასტა დაარქვეს. საბოლოოდ ამ ქალაქმა არსებობა ახ. წ. VI საუკუნეში შეწყვიტა.

1910 წელს არქეოლოგთა ჯგუფმა სამარიაში გათხრები ჩაატარა და იპოვა მრავალი თიხის ფირფიტა, რომლებიც ძვ. წ. VIII საუკუნით დაათარიღეს. ამ ფირფიტებზე დაწერილი იყო, თუ რა რაოდენობის ზეთი და ღვინო შემოვიდა სამარიაში სხვადასხვა რეგიონიდან. ამ აღმოჩენის შესახებ ერთ წიგნში ნათქვამია: „1910 წელს აღმოჩენილი 63 თიხის ფირფიტა . . . საფუძვლიანად ითვლება ძველი ისრაელის ეპიგრაფიკულ მასალათა შორის უმნიშვნელოვანეს კოლექციად. მის მნიშვნელოვნებას განაპირობებს არა ამ ფირფიტებზე მოცემული მასალის შინაარსი . . . არამედ ისრაელთა საკუთარი სახელები, საგვარეულოები და გეოგრაფიული ადგილები, რაც საკმაოდ მრავლად არის ჩამოთვლილი“ (Ancient Inscriptions—Voices From the Biblical World). როგორ ადასტურებს ეს დეტალები ბიბლიურ ინფორმაციას?

როდესაც აღთქმული ქვეყანა დაიპყრეს და ისრაელის ტომებმა დაინაწილეს, სამარია მენაშეს წილხვედრ მიწაზე მდებარეობდა. იესო ნავეს ძეს 17:1—6-ის თანახმად, ამ ტერიტორიაზე მენაშეს ათ საგვარეულოს მიეცა ადგილი; ეს საგვარეულოები მენაშეს შვილიშვილის, გალაადის, შთამომავალნი იყვნენ: აბი-ეზერი, ხელეკი, ასრიელი, შექემი და შემიდა. მეექვსე ვაჟს, ხეფერს, ხუთი შვილიშვილი ჰყავდა, მაგრამ ხუთივე ქალი იყო; ესენია: მახლა, ნოე, ხოგლა, მილქა და თირცა. თითოეულმა მათგანმა მიიღო თავისი წილი მიწის ნაკვეთი (რიცხვები 27:1—7).

სამარიაში აღმოჩენილ თიხის ფირფიტებზე მოხსენიებული იყო ამ საგვარეულოებიდან 7-ის სახელი — გალაადის ხუთივე ვაჟის და ხეფერის ორი ქალიშვილის ხოგლასა და ნოეს სახელები. „სამარიაში აღმოჩენილი თიხის ფირფიტები, რომლებზეც ეს სახელებია შემონახული, ბიბლიის გარდა, კიდევ ერთი წყაროა, სადაც მენაშეს საგვარეულოებსა და ამ საგვარეულოებს შორის მიწის დანაწილებაზეა საუბარი“, — ნათქვამია ერთ ნაშრომში (NIV Archaeological Study Bible). ამგვარად, ისრაელთა ისტორიიდან ბიბლიაში მოხსენიებული ეს დეტალი ამ თიხის ფირფიტებითაც დასტურდება.

სამარიაში ნაპოვნი თიხის ფირფიტები ისრაელში არსებულ იმ რელიგიურ მდგომარეობასაც აღწერს, რომელთა შესახებაც ბიბლიაშია საუბარი. იმ დროისთვის, როდესაც სამარიაში ნაპოვნ თიხის ფირფიტებზე წარწერები გაკეთდა, ისრაელებმა იეჰოვას თაყვანისცემა და ქანაანელთა ღმერთ ბაალის თაყვანისცემა გააერთიანეს. ძვ. წ. VIII საუკუნეში დაწერილ წიგნ „ოსიაშიც“ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ისრაელი მოინანიებდა და იეჰოვას „ქმარს“ უწოდებდა და არა „პატრონს“ ანუ ბაალს (ოსია 2:16, 17). სამარიაში ნაპოვნ თიხის ზოგ ფირფიტაზე აღნიშნული იყო სახელები, რომელთა მნიშვნელობებიცაა: „ბაალი მამაჩემია“, „ბაალი მღერის“, „ბაალი ძლიერია“, „ბაალს ახსოვს“ და სხვა. ყოველ 11 სახელზე, რომელშიც იეჰოვას სახელი ამა თუ იმ ფორმით გვხვდებოდა, მოდიოდა 7 სახელი, რომელშიც ამა თუ იმ ფორმით „ბაალის“ სახელი შედიოდა.

არადში ნაპოვნი თიხის ფირფიტები

არადი იყო ძველი ქალაქი, რომელიც იერუსალიმის სამხრეთით, იერუსალიმიდან საკმაოდ შორს, ნეგებად წოდებულ ნახევრად უდაბნოში მდებარეობდა. არადში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო, რომ მეფე სოლომონის მმართველობიდან (ძვ. წ. 1037—998) იერუსალიმის ბაბილონელების მიერ განადგურებამდე (ძვ. წ. 607) ისრაელებს იქ ექვსი ციხე-სიმაგრე ჰქონდათ. გათხრების შედეგად არადში აღმოაჩინეს ბიბლიური დროით დათარიღებული უამრავი თიხის ფირფიტა. აქედან ორასზე მეტი ფირფიტა ებრაულ, არამეულ და სხვა ენებზე იყო დაწერილი.

არადში ნაპოვნი თიხის ფირფიტები ადასტურებს სამღვდელო ოჯახების შესახებ ბიბლიურ ინფორმაციას. მაგალითად, ერთ თიხის ფირფიტაზე მოხსენიებულია „კორახის ვაჟები“, რომელთა შესახებაც გამოსვლის 6:24-სა და რიცხვების 26:11-შია საუბარი. 42-ე, 44—49-ე, 84-ე, 85-ე, 87-ე და 88-ე ფსალმუნების ეპიგრაფებში აღნიშნულია, რომ ისინი „კორახის ძეთა“ ფსალმუნებია. არადში ნაპოვნ თიხის ფირფიტებზე მოხსენიებული სხვა სამღვდელო ოჯახები ფაშხურისა და მერემოთისაა (1 მატიანე 9:12; ეზრა 8:33).

განვიხილოთ სხვა მაგალითი. ბაბილონელების მიერ იერუსალიმის განადგურების წინა პერიოდით დათარიღებული ერთ-ერთი ციხე-სიმაგრის ნანგრევებში არქეოლოგებმა იპოვეს თიხის ფირფიტა, რომელზეც ერთ პატარა ციხე-სიმაგრეში დაბანაკებული ჯარის მეთაურისთვის მიწერილი წერილი ეწერა. ერთი ნაშრომის თანახმად, მასში ნათქვამია: „ჩემს უფალ ელიაშიბს. დაე, თავად იაჰვემ [იეჰოვამ] გამყოფოთ კარგად . . . თქვენ მიერ მოცემულ მითითებასთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ ყველაფერი რიგზეა — ის ისევ იაჰვეს ტაძარშია“ (The Context of Scripture). მრავალი მეცნიერის აზრით, აქ საუბარია იერუსალიმის ტაძარზე, რომელიც სოლომონის დროს ააგეს.

ლაქიშში ნაპოვნი თიხის ფირფიტები

ძველი ლაქიშის ციხე-სიმაგრე იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით 43 კილომეტრში მდებარეობდა. 1930 წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად იპოვეს მრავალი თიხის ფირფიტა; სულ მცირე 12 მათგანზე დაწერილია წერილები, რომელთა შესახებაც ნათქვამია, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი [წერილებია] . . . ვინაიდან მათში აღწერილია იუდაში არსებული ის პოლიტიკური მდგომარეობა და საერთო არეულობა, რომელიც [ბაბილონის მეფე] ნაბუქოდონოსორის თავდასხმამდე იყო“.

უმნიშვნელოვანესია ის წერილები, რომლებსაც იაოში — როგორც ჩანს, ლაქიშის ჯარის მეთაური — და მისი თანაშემწე წერდნენ ერთმანეთს. წერილების ენა ძალიან ჰგავს იმ დროს მცხოვრებ წინასწარმეტყველ იერემიას წიგნების ენას. განვიხილოთ, თუ როგორ უჭერს მხარს ამ წერილთაგან ორი იმ მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ ბიბლიურ ცნობას.

იერემიას 34:7-ში წინასწარმეტყველი ამბობს: „როცა ბაბილონის მეფის ჯარი ებრძოდა იერუსალიმსა და იუდას დარჩენილ ქალაქებს, ლაქიშსა და აზეკას, რადგან ეს გამაგრებული ქალაქებიღა დარჩა აუღებელი იუდას ქალაქებს შორის“. ლაქიშის წერილების ერთ-ერთი დამწერი, როგორც ჩანს, ამავე მოვლენებს აღწერს. ის წერს: „ლაქიშიდან ნიშნად [ცეცხლის] ალს ველოდით . . . რადგან აზეკას ვერ ვხედავდით“. მრავალი მეცნიერის აზრით, აქ საუბარია აზეკაზე, რომელიც ბაბილონელებმა აიღეს; ლაქიში კი აზეკას დაცემის შემდეგ დაიპყრეს. ამ წერილის საინტერესო დეტალი ცეცხლით მიცემული ნიშანია. ეს ნიშანი იერემიას 6:1-შიც არის მოხსენიებული.

მეცნიერების აზრით, ერთი ლაქიშური წერილი ადასტურებს წინასწარმეტყველ იერემიასა და ეზეკიელის ცნობას, სადაც ნათქვამია, რომ იუდაელთა მეფე ცდილობდა, ბაბილონელთა წინააღმდეგ აჯანყებისას ეგვიპტისგან მიეღო დახმარება (იერემია 37:5—8; 46:25, 26; ეზეკიელი 17:15—17). ლაქიშურ წერილში ნათქვამია: „თქვენმა მსახურმა შემდეგი ცნობა მიიღო: გენერალი კონიაჰუ, ელნატანის ვაჟი, ეგვიპტეში ჩასასვლელად სამხრეთისკენ გაემართა“. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ის ეგვიპტეში სამხედრო დახმარების მისაღებად წავიდა.

ლაქიშში ნაპოვნ ფირფიტებზე მოცემულია წიგნ „იერემიაში“ მოხსენიებული რამდენიმე სახელი. ესენია: ნერია, იააზანია, გემარია, ელნათანი და ჰოშაია (იერემია 32:12; 35:3; 36:10, 12; 42:1). დანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ წერილში მოხსენიებულნი ბიბლიაში მოხსენიებული ადამიანები არიან, მაგრამ ეს მსგავსება მნიშვნელოვანია, რადგან იერემია სწორედ იმ პერიოდში ცხოვრობდა.

მსგავსება

სამარიაში, არადსა და ლაქიშში ნაპოვნი თიხის ფირფიტები ბიბლიური ცნობის მრავალ დეტალს ადასტურებს; მაგალითად, საკუთარ სახელებს, გეოგრაფიულ ადგილებსა და იმდროინდელ რელიგიურ თუ პოლიტიკურ მდგომარეობას. მაგრამ ამ სამ ადგილას ნაპოვნ ფირფიტებს შორის ერთი მნიშვნელოვანი მსგავსება აღინიშნება.

არადსა და ლაქიშში ნაპოვნ წერილებში მოცემულია ფრაზა: „იეჰოვამ მშვიდობა მოგცეთ“. შვიდ ლაქიშურ ცნობაში ღვთის სახელი 11-ჯერ არის მოხსენიებული. უფრო მეტიც, სამივე ადგილას ნაპოვნ ფირფიტებში მოცემულია მრავალი ებრაული საკუთარი სახელი, რომელშიც იეჰოვას სახელი შემოკლებული ფორმით არის წარმოდგენილი. ამგვარად, თიხის ეს ფირფიტები ადასტურებს, რომ იმ დროს ისრაელში ღვთის სახელს ფართოდ იყენებდნენ.

[სურათი 13 გვერდზე]

არადის ნანგრევებში ნაპოვნ ფირფიტებზე მოცემული ელიაშიბისთვის მიწერილი წერილი

[საავტორო უფლება]

Photograph © Israel Museum, Jerusalem; courtesy of Israel Antiquities Authority

[სურათი 14 გვერდზე]

ლაქიშურ წერილში მოცემული ღვთის სახელი

[საავტორო უფლება]

Photograph taken by courtesy of the British Museum