არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მართებულია თუ არა იეჰოვას მოწმისთვის, წავიდეს იმ ნათესავისა თუ ახლობლის ქორწილში, რომელიც მის რწმენას არ იზიარებს?

ქორწილი სასიხარულო მოვლენაა და ბუნებრივია, რომ ქრისტიანს სურდეს იქ ყოფნა. ცხადია, ქორწილში მიწვეული ბავშვის წასვლა-არწასვლის საკითხი დამოკიდებულია მშობლის ან მეურვის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ბავშვი უნდა დაემორჩილოს (ეფესოელები 6:1—3). მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი ცოლი, თუ ქმარი, რომელიც მის რწმენას არ იზიარებს, სთხოვს, მასთან ერთად დაესწროს ჯვრისწერას? ქალს შეიძლება სინდისმა ნება დართოს, წაჰყვეს მეუღლეს, ოღონდ ისე, რომ მონაწილეობა არ მიიღოს რელიგიურ ცერემონიალში.

ყველა ქრისტიანმა პირადად უნდა გადაწყვიტოს, წავა თუ არა ამა თუ იმ ქორწილში. მაგრამ, როცა საქმე იმ ადამიანის ქორწილში წასვლას ეხება, ვინც იეჰოვას მოწმე არ არის, გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულმა ქრისტიანმა უნდა გაითვალისწინოს თავისი პასუხისმგებლობა იეჰოვას წინაშე და რამდენიმე ბიბლიური პრინციპი.

ქრისტიანისთვის უმნიშვნელოვანესი ის უნდა იყოს, რომ ღმერთს ასიამოვნოს. იესომ თქვა: „ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“ (იოანე 4:24). ასე რომ, იეჰოვას მოწმეებისთვის მიუღებელია ისეთი ლოცვები, რიტუალები თუ ცერემონიალები, რომლებიც ბიბლიურ ჭეშმარიტებას უპირისპირდება (2 კორინთელები 6:14—17).

ქრისტიანებს ესმით, რომ მათი გადაწყვეტილება სხვებზეც ახდენს გავლენას. თუ ქორწილში წასვლას გადაწყვეტთ, ხომ არ განაწყენდებიან ნათესავები იმის გამო, რომ ქორწილის დროს რაღაცაში არ მიიღებთ მონაწილეობას? ქრისტიანმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, თუ როგორ იმოქმედებს მისი გადაწყვეტილება თანამორწმუნეებზე (რომაელები 14:13). შეიძლება თუ არა, ცუდად იმოქმედოს სულიერ და-ძმებზე ასეთ ქორწილზე თქვენმა დასწრებამ მაშინაც კი, თუ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები ამაში ცუდს ვერაფერს ხედავთ? უარყოფით გავლენას ხომ არ მოახდენდა ეს სხვის სინდისზე?

ქორწილებში, სადაც ძირითადად იეჰოვას მოწმეები არ არიან, შეიძლება უხერხული სიტუაციები შეიქმნას. რა შეიძლება ითქვას იმაზე, როდესაც ხელისმომკიდედ გთხოვენ გაყოლას? ან, თუ თქვენს მეუღლეს, რომელიც მოწმე არ არის, არ უნდა, რომ რამეს გამოაკლდეს? იმ შემთხვევაში, როცა საქორწილო ცერემონიალს სახელმწიფო მოხელე უძღვება, მასზე დასწრება სხვა არაფერია თუ არა ოფიციალურ ღონისძიებაზე დასწრება.

დამატებითი სირთულეები მაშინ იქმნება, როცა ცერემონიალი ტაძარში ტარდება ან ტაძრის გარეთ მას სასულიერო პირი უძღვება. ბიბლიით განსწავლული სინდისის კარნახით რომ მოიქცეთ და თქვენს რელიგიურ შეხედულებებთან კომპრომისზე არ წახვიდეთ ან თქვენი საქციელით ქორწილში ვინმე უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენოთ, შეიძლება ქორწილში წასვლაზე საერთოდ უარი თქვათ (იგავები 22:3). საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებს ნაკლებ სირთულეს შეუქმნით, თუ წინასწარ გააცნობთ თქვენს ბიბლიურ შეხედულებას და იმას, თუ რაში შეძლებთ მონაწილეობის მიღებას.

ყველაფრის აწონ-დაწონის შემდეგ ზოგმა ქრისტიანმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ არაფერი დაშავდება, თუ ასეთ ქორწილში მხოლოდ დამსწრის როლში იქნება. მაგრამ, თუ ქრისტიანი ფიქრობს, რომ შეიძლება ცდუნდეს და ბიბლიური პრინციპები დაარღვიოს, შეიძლება წასვლას წაუსვლელობა ამჯობინოს. თუ ქრისტიანი გადაწყვეტს, არ დაესწროს ქორწილის ოფიციალურ ნაწილს, მაგრამ მოგვიანებით საქორწილო სუფრაზე მივა, მტკიცედ უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილი, „ყველაფერი ღვთის სადიდებლად“ აკეთოს (1 კორინთელები 10:31). ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას თითოეულმა უნდა იგრძნოს თავისი პასუხისმგებლობა და „თავისი სატარებელი ატაროს“ (გალატელები 6:5). ამგვარად, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, გახსოვდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იეჰოვა ღმერთის წინაშე სუფთა სინდისის შენარჩუნებაა!