არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნებიდან „ანგია“ და „ზაქარია“

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნებიდან „ანგია“ და „ზაქარია“

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნებიდან „ანგია“ და „ზაქარია“

იდგა ძვ. წ. 520 წელი. 16 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა იუდეველებმა იერუსალიმში იეჰოვას ტაძრის აღდგენა დაიწყეს. თუმცა წინააღმდეგობების გამო ტაძრის მშენებლობა დროებით შეჩერდა. იეჰოვამ წინასწარმეტყველ ანგიას, ხოლო ორი თვის შემდეგ წინასწარმეტყველ ზაქარიას დაავალა, მისი სიტყვა ხალხისთვის გადაეცათ.

ანგიასა და ზაქარიას ერთი მიზანი ჰქონდათ. მათ იუდეველები ტაძრის აღსადგენად უნდა აღეძრათ. ამ წინასწარმეტყველთა ძალისხმევის შედეგად ტაძრის მშენებლობა ხუთ წელიწადში დასრულდა. ის, რასაც ანგია და ზაქარია აცხადებდნენ, მათივე სახელით წოდებულ წიგნებში ჩაიწერა. „ანგიას“ წერა დასრულდა ძვ. წ. 520 წელს, ხოლო „ზაქარიას“ წერა — ძვ. წ. 518 წელს. ამ წინასწარმეტყველთა მსგავსად ჩვენც გვაქვს ღვთისგან დავალება, რომელიც ქვეყნიერების აღსასრულამდე უნდა შევასრულოთ. ეს დავალებაა სამეფოს შესახებ ქადაგება და ადამიანების მომზადება მოწაფეებად. ახლა ვნახოთ გამამხნევებელი აზრები ანგიასა და ზაქარიას წიგნებიდან.

„გულით დაუკვირდით თქვენს გზებს“

(ანგია 1:1—2:23)

ანგიამ 112 დღის განმავლობაში მოქმედებისკენ აღმძვრელ ოთხ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. პირველად ასეთი რჩევა მისცა იუდეველებს: „გულით დაუკვირდით თქვენს გზებს. ადით მთაზე, ჩამოიტანეთ ხე-ტყე და ააშენეთ ჩემი მოსაწონი სახლი ჩემ განსადიდებლად, — ამბობს იეჰოვა“ (ანგია 1:7, 8). იუდეველებმა ანგიას სიტყვების თანახმად იმოქმედეს. შემდეგ ანგიამ ღვთის დანაპირებზე გაამახვილა ყურადღება: „დიდებით ავავსებ ამ სახლს“ (ანგია 2:7).

შემდეგ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ იუდეველები უგულოდ ეკიდებოდნენ ტაძრის აღდგენის საქმეს, რის გამოც ‘ეს ხალხი და მთელი მათი ნაშრომი’ უწმინდური იყო იეჰოვას თვალში. თუმცა, როგორც კი მშენებლობა დაიწყებოდა, იეჰოვა იმ ‘დღიდან აკურთხებდა’ მათ. ბოლოს კი ანგია საუბრობს იმაზე, რომ იეჰოვა ‘მოსპობდა ხალხთა სამეფოების ძლიერებას’ და გამგებელ ზერუბაბელს „საბეჭდავ ბეჭდად“ აქცევდა (ანგია 2:14, 19, 22, 23).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

1:6. რას ნიშნავს „სვამთ, მაგრამ ვერ თვრებით“? ეს სიტყვები ღვინის უკმარისობაზე მიუთითებს. იუდეველებმა დაკარგეს იეჰოვას კურთხევა, რის გამოც დასათრობად საკმარისი ღვინო აღარ ჰქონდათ.

2:6, 7, 21, 22. ვინ ან რა იწვევს „შეძვრას“ და რა არის ამის შედეგი? იეჰოვა ‘ძრავს ხალხებს’ მთელ მსოფლიოში სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებით. ქადაგების შედეგად იეჰოვას სახლში ‘ხალხთა საუნჯე’ მოდის და დიდებით ავსებს მას. გარკვეული დროის შემდეგ „ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“ შეძრავს „ცასა და დედამიწას, ზღვასა და ხმელეთს“, რაც მთელი ქვეყნიერების განადგურებას გამოიწვევს (ებრაელები 12:26, 27).

2:9. რა გაგებით იქნებოდა „პირველ სახლზე დიდი . . . ამ სახლის დიდება“? სულ მცირე სამი გაგებით: ის რომ, ტაძარი წლების განმავლობაში იმოქმედებდა, ვინ ასწავლიდა იქ და ვინ შეიკრიბებოდა იეჰოვას თაყვანსაცემად. სოლომონის ტაძარი მოქმედებდა 420 წლის განმავლობაში, ძვ. წ. 1027—607 წლებში, ‘ეს სახლი’ კი მოქმედებდა 580 წელზე მეტ ხანს, ძვ. წ. 515 წლიდან ახ. წ. 70 წლამდე, აღდგენიდან განადგურებამდე. გარდა ამისა, მესია, იესო ქრისტე ასწავლიდა „ამ სახლში“, რომელშიც „პირველ სახლთან“ შედარებით უფრო მეტი ხალხი მიდიოდა იეჰოვას თაყვანსაცემად (საქმეები 2:1—11).

რას ვსწავლობთ:

1:2—4. მართალია ქადაგების დროს წინააღმდეგობას ვხვდებით, მაგრამ ამის გამო პრიორიტეტები არ უნდა შევცვალოთ და ‘სამეფოზე’ წინ პირადი ინტერესები არ უნდა დავაყენოთ (მათე 6:33).

1:5, 7. გონივრული იქნება, თუ ‘გულით დავუკვირდებით ჩვენს გზებს’ და დავფიქრდებით, როგორ მოქმედებს ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე ის, რასაც ვაკეთებთ.

1:6, 9—11; 2:14—17. ანგიას დროს იუდეველები ბევრს შრომობდნენ პირადი კეთილდღეობისთვის, მაგრამ ნაყოფს ვერ იმკიდნენ. ისინი ტაძრის აღდგენის საქმეს უგულოდ ეკიდებოდნენ, რის გამოც კურთხევები არ ჰქონდათ. ჩვენთვის სულიერი საქმეები უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს და ღმერთს მთელი გულით უნდა ვემსახუროთ; გვახსოვდეს, რომ ცოტა გვექნება თუ ბევრი, „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს“ (იგავები 10:22).

2:15, 18. იეჰოვა იუდეველებს მოუწოდებდა, რომ ‘იმ დღიდან გულით დაკვირვებოდნენ’ არა წარსულს, როდესაც გულგრილობას იჩენდნენ, არამედ ტაძრის აღდგენის საქმეს. ჩვენც მთელი ყურადღება იეჰოვას თაყვანისცემაზე უნდა გადავიტანოთ.

„არც ძლიერებით, არამედ ჩემი სულით“

(ზაქარია 1:1—14:21)

როდესაც ზაქარიამ წინასწარმეტყველება დაიწყო, იუდეველებს მოუწოდა, ‘დაბრუნებოდნენ იეჰოვას’ (ზაქარია 1:3). მის მიერ ნანახი რვა ხილვიდან ჩანდა, რომ ღმერთი უჭერდა მხარს ტაძრის აღდგენის საქმეს (იხილეთ ჩარჩო „ზაქარიას რვა ხილვა“). მშენებლობა დამთავრდებოდა ‘არა ჯარითა და ძლიერებით, არამედ [იეჰოვას] სულით’ (ზაქარია 4:6). ყლორტად წოდებული კაცი ‘ააშენებდა იეჰოვას ტაძარს, დაჯდებოდა თავის ტახტზე და მღვდლობას გასწევდა’ (ზაქარია 6:12, 13).

ბეთელმა კაცები გაგზავნა, რომ მღვდლებისთვის ეკითხა, უნდა გაეხსენებინათ თუ არა მარხვით იერუსალიმის განადგურება. იეჰოვამ ზაქარიას უთხრა, რომ ოთხი მარხვა და გლოვა „სიხარულად, მხიარულებად და დღესასწაულად“ ექცეოდათ (ზაქარია 7:2, 3; 8:19). შემდეგ ზაქარიამ გამოაცხადა ხალხებისა და ცრუ წინასწარმეტყველების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი და იწინასწარმეტყველა მესიისა და ღვთის ხალხის დაბრუნების შესახებ (ზაქარია 9:1; 12:1).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

2:1. რატომ ზომავდა იერუსალიმს კაცი ლარით? როგორც ჩანს, ეს ქალაქის გარშემო დამცავი გალავნის მშენებლობაზე მიუთითებდა. ანგელოზმა ამ კაცს შეატყობინა, რომ იერუსალიმი გაფართოვდებოდა და მას იეჰოვა დაიცავდა (ზაქარია 2:3—5).

6:11—13. მღვდელმთავარ იეჰოშუას გვირგვინი იმაზე ხომ არ მიუთითებს, რომ ის მეფეც იქნებოდა და მღვდელიც? არა, რადგან იეჰოშუა არ ყოფილა დავითის სამეფო საგვარეულოდან. თუმცა ეს მღვდელმთავარი, რომელსაც თავზე გვირგვინს დაადგამდნენ, მესიას განასახიერებდა (ებრაელები 6:20). წინასწარმეტყველება „ყლორტის“ შესახებ ზეციერ მეფესა და მღვდელზე, იესო ქრისტეზე შესრულდა (იერემია 23:5). როგორც იეჰოშუა იყო ტყვეობიდან დაბრუნებული იუდეველების მღვდელმთავარი აღდგენილ ტაძარში, ისე იესოა მღვდელმთავარი იეჰოვას სულიერ ტაძარში.

8:1—23. როდის შესრულდება ამ მუხლებში მოხსენიებული ათი დანაპირები? იეჰოვას დანაპირებს, რომ მისი ხალხი მშვიდად იცხოვრებს, წინ უძღვის სიტყვები „აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“. ამ ათი დანაპირებიდან ზოგი ძვ. წ. VI საუკუნეში შესრულდა. მთლიანობაში ზოგი მათგანი 1919 წლიდან უკვე შესრულდა, ხოლო ზოგი დღეს სრულდება *.

8:3. რატომ ეწოდება იერუსალიმს „ჭეშმარიტების ქალაქი“? ვიდრე განადგურდებოდა ძვ. წ. 607 წელს, იერუსალიმი იყო „სასტიკი ქალაქი“, სადაც უზნეო წინასწარმეტყველები, მღვდლები და ორგული ადამიანები ცხოვრობდნენ (სოფონია 3:1; იერემია 6:13; 7:29—34). მაგრამ როდესაც ტაძარი აღდგებოდა და იეჰოვას თაყვანისცემას დაიწყებდნენ, ხალხი ილაპარაკებდა ჭეშმარიტებას, რის გამოც იერუსალიმს „ჭეშმარიტების ქალაქი“ დაერქმეოდა.

11:7—14. რას ნიშნავს ის, რომ ზაქარიამ დაჩეხა „ნეტარებად“ და „კავშირად“ წოდებული ორი ჯოხი? ზაქარია გაგზავნილ იქნა, რომ დაემწყემსა ‘დასაკლავი ფარა’ — ცხვრისმაგვარი ხალხი, რომლებსაც ჩაგრავდნენ წინამძღოლები. ზაქარია, როგორც მწყემსი, განასახიერებს იესო ქრისტეს, რომელიც გამოგზავნილ იქნა იმ ხალხთან, რომლებთანაც ღმერთს შეთანხმება ჰქონდა დადებული. თუმცა მათ უარყვეს იესო. „ნეტარების“ დაჩეხვა იმას ნიშნავდა, რომ ღმერთი გააუქმებდა შეთანხმებას იუდეველებთან და გაწყვეტდა მათთან ურთიერთობას. „კავშირის“ დაჩეხვა კი ნიშნავდა იუდასა და ისრაელს შორის ძმური ურთიერთობის დაკარგვას.

12:11. რას ნიშნავს „მოთქმა . . . მეგიდოს ველზე . . . ჰადადრიმონში“? იუდას მეფე იოშია ეგვიპტის ფარაონ ნექოსთან ბრძოლის დროს მეგიდოს ველზე დაიღუპა; მას წლების განმავლობაში იხსენებდნენ „სამგლოვიარო სიმღერებში“ (2 მატიანე 35:25). აქედან გამომდინარე, „მოთქმა . . . ჰადადრიმონში“ შეიძლება გულისხმობდეს იოშიას დატირებას.

რას ვსწავლობთ:

1:2—6; 7:11—14. იეჰოვა ხარობს და ურთიერთობას ანახლებს მათთან, ვინც შეგონებას იღებს, ინანიებს და განაგრძობს ღვთისადმი მთელი გულით თაყვანისცემას. ის არ უსმენს მათ, ვისაც ‘არ სურს, ყური დაუგდოს ღმერთს, ვინც მას ჯიუტად აქცევს ზურგს და უგრძნობს ხდის ყურს’ ღვთის ცნობის მოსასმენად.

4:6, 7. იეჰოვას სულს ვერაფერმა შეუშალა ხელი და ტაძრის აღდგენის საქმე წარმატებით დასრულდა. ჩვენ, ღვთის მსახურები ნებისმიერ პრობლემას გადავლახავთ, თუ იეჰოვასადმი რწმენას გამოვავლენთ (მათე 17:20).

4:10. იეჰოვას ხელმძღვანელობით ზერუბაბელმა და მისმა ხალხმა ღვთის მოთხოვნები გაითვალისწინეს და ისე დაასრულეს ტაძრის მშენებლობა. არასრულყოფილი ადამიანებისთვის არც ისე რთულია იეჰოვას მოთხოვნების თანახმად ცხოვრება.

7:8—10; 8:16, 17. იეჰოვას კეთილგანწყობა რომ გვქონდეს, უნდა ვიყოთ სამართლიანები, გამოვავლინოთ სიკეთე, წყალობა და ერთმანეთს ჭეშმარიტება ველაპარაკოთ.

8:9—13. იეჰოვა გვაკურთხებს, თუ ‘გავიმაგრებთ ხელებს’ და ისე შევასრულებთ ღვთისგან მიღებულ დავალებას. შედეგად ვიცხოვრებთ მშვიდად, უსაფრთხოდ და გავიღრმავებთ იეჰოვასთან ურთიერთობას.

12:6. ისინი, ვინც იეჰოვას ხალხს ზედამხედველობას უწევენ, უნდა ჰგავდნენ ‘ცეცხლიან ჩირაღდანს’, ანუ თავგანწირვის სულისკვეთებით უნდა გამოირჩეოდნენ.

13:3. ადამიანისადმი ერთგულება, რაც არ უნდა ახლო ურთიერთობა გვქონდეს მასთან, ჭეშმარიტი ღვთისა და მისი ორგანიზაციისადმი ერთგულებაზე წინ არ უნდა დავაყენოთ.

13:8, 9. განდგომილი იუდეველები, რომლებიც იეჰოვამ უარყო, იმდენად ბევრნი იყვნენ, რომ ქვეყნის ორ მესამედს შეადგენდნენ. მხოლოდ ერთი მესამედი ‘განიწმინდა ცეცხლით’. დღეს ქრისტიანულ სამყაროში იმ ადამიანთა უმრავლესობა შედის, რომლებიც თავს ქრისტიანებად თვლიან, მაგრამ იეჰოვასგან უარყოფილნი არიან. მხოლოდ მცირე ჯგუფი, რომელიც ცხებული ქრისტიანებისგან შედგება, ‘უხმობს იეჰოვას სახელს’ და მის მიერ განიწმინდება. ცხებულები და მათი თანამსახურები მხოლოდ კი არ იწოდებიან იეჰოვას მოწმეებად, არამედ საქმეებითაც ამტკიცებენ ამას.

გულმოდგინე მსახურება

ჩვენ როგორ გვეხმარება ის, რასაც ანგია და ზაქარია აცხადებდნენ? როგორც იუდეველები აღძრა მათმა სიტყვებმა ტაძრის აღსადგენად, ისე ჩვენ აღგვძრავს, გულმოდგინედ ვიქადაგოთ სამეფოს შესახებ და მოწაფეებად მოვამზადოთ ხალხი.

ზაქარიამ იწინასწარმეტყველა, რომ მესია ‘ვირზე იქნებოდა ამხედრებული’, „ოცდაათ ვერცხლად“ გასცემდნენ, ‘დაჰკრავდნენ მას და სამწყსოს ცხვრები გაიფანტებოდნენ’ (ზაქარია 9:9; 11:12; 13:7). იმაზე დაფიქრება, თუ როგორ შესრულდა მესიის შესახებ ზაქარიას წინასწარმეტყველებები, რწმენას გვიმტკიცებს (მათე 21:1—9; 26:31, 56; 27:3—10). ჩვენ უფრო გვიძლიერდება ნდობა იეჰოვას სიტყვისა და იმ სულიერი ღონისძიებებისადმი, რომლებიც ჩვენს გადარჩენას ემსახურება (ებრაელები 4:12).

[სქოლიო]

^ აბზ. 25 იხილეთ 1996 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 17—30.

[ჩარჩო 11 გვერდზე]

ზაქარიას რვა ხილვა

1:8—17: ტაძრის აღდგენა დასრულდება, ხოლო იერუსალიმი და იუდას სხვა ქალაქები კურთხეული იქნება.

1:18—21: განადგურდება ის ‘ოთხი რქა, რომელმაც გაფანტა იუდა’, ანუ განადგურდება ყველა სახელმწიფო, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლობას ეწინააღმდეგება.

2:1—13: იერუსალიმი გაფართოვდება და იეჰოვა, როგორც „ცეცხლის გალავანი“, ისე დაიცავს მას.

3:1—10: სატანა წინააღმდეგობას გაუწევს ტაძრის მშენებლობას. მღვდელმთავარი იეჰოშუა განიწმინდებიან.

4:1—14: მთასავით დიდი წინააღმდეგობები აღმოიფხვრება და გამგებელი ზერუბაბელი ტაძრის აღდგენის საქმეს დაასრულებს.

5:1—4: დაუსჯელ ბოროტმოქმედთა დაწყევლა.

5:5—11: წინასწარმეტყველება ყოველგვარი ბოროტების აღმოფხვრის შესახებ.

6:1—8: დაპირება ანგელოზების მეთვალყურეობისა და მფარველობის შესახებ.

[სურათი 8 გვერდზე]

რა იყო ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველების მიზანი?

[სურათი 10 გვერდზე]

რა გაგებით ჰგვანან ზედამხედველები ‘ცეცხლიან ჩირაღდანს’?