არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მრავალი ადამიანის სათხოვარი

მრავალი ადამიანის სათხოვარი

მრავალი ადამიანის სათხოვარი

წარმოიდგინეთ მილიარდობით ადამიანი, რომლებიც ერთსა და იმავეს ითხოვენ. ისინი სამყაროს უზენაეს ხელისუფალს კონკრეტული თხოვნით მიმართავენ. მაგრამ მათ უმრავლესობას ბოლომდე არ ესმის, რას ითხოვენ. ნუთუ ასეთი რამ შესაძლებელია?! მსგავსი რამ ყოველდღიურად ხდება. რას ითხოვს ეს ხალხი? ღვთის სამეფოს მოსვლას.

ერთი გამოთვლის თანახმად, არსებობს დაახლოებით 37 000 რელიგია, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანულს უწოდებს და იესო ქრისტეს წინამძღოლად მიიჩნევს. ამ რელიგიის მიმდევართა რიცხვი ორ მილიარდს აღემატება. მათი უმრავლესობა წარმოთქვამს ლოცვას, რომელსაც ხშირად „მამაო ჩვენოს“ ან „უფლის ლოცვას“ უწოდებენ. იცით ეს ლოცვა? ლოცვა, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, ასე იწყება: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10).

საუკუნეებია, რაც მორწმუნეები ეკლესიაში ამ სიტყვებს მოწიწებით წარმოთქვამენ. ასე ლოცულობენ ოჯახთან ერთად თუ ცალკე, დალხინებისას თუ გაჭირვებისას, გულწრფელად და მხურვალედ. ბევრს ამ ლოცვის სიტყვები გაზეპირებული აქვს და ისე იმეორებს, რომ არც კი უფიქრდება მათ შინაარსს. მხოლოდ ქრისტიანულ სამყაროს როდი აქვს ღვთის სამეფოს იმედი და ლოცულობს მის მოსვლაზე.

თხოვნა, რომელიც ქრისტიანობის ფარგლებს სცილდება

კადიში არის ებრაელების ლოცვა, რომელიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მათგან ერთ-ერთში არაფერია ნათქვამი სიკვდილსა თუ მწუხარებაზე, მაგრამ, ჩვეულებრივ, მას მაშინ წარმოთქვამენ, როდესაც ვინმე კვდება. იუდეველი მორწმუნე ასეთი სიტყვებით ლოცულობს, დაე, რაც შეიძლება სწრაფად, თქვენს სიცოცხლეშივე დაამყაროსო ღმერთმა სამეფო *. სინაგოგაში წარმოთქმულ სხვა ძველ ლოცვაშიც არის საუბარი დავითის სახლიდან მოსული მესიის სამეფოზე.

იდეა ღვთის სამეფოს შესახებ სხვა არაქრისტიანებისთვისაც მიმზიდველია. „ინდია ტაიმზის“ თანახმად, XIX საუკუნის გამოჩენილმა ინდოელმა რელიგიურმა წინამძღოლმა, რომელიც ინდუიზმის, მუსლიმანობისა და ქრისტიანობის გაერთიანებით იყო დაინტერესებული, თქვა: „ღვთის სამეფო მანამ არ მოვა, სანამ აღმოსავლეთი და დასავლეთი არ გაერთიანდება“. სტრათფილდის (ავსტრალია) ისლამური კოლეჯის დირექტორმა არც ისე დიდი ხნის წინათ ერთ გაზეთში დაწერა: „როგორც ყველა მუსლიმანს, ისე მეც მჯერა, რომ იესო დაბრუნდება და ღვთის სამეფოს დაამყარებს“.

აშკარაა, რომ ღვთის სამეფოს მოიმედეთა და ამ სამეფოს მოსვლაზე მლოცველთა რიცხვი მილიარდებს ითვლის. მაგრამ განვიხილოთ ერთი საინტერესო ფაქტი.

თქვენ, ალბათ, იცნობთ ამ ჟურნალის გამომცემლებს, იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც კარდაკარ დადიან, რათა ხალხს ბიბლიაზე ესაუბრონ. სამქადაგებლო საქმიანობა მთელ მსოფლიოში დაახლოებით 236 ქვეყანაში 400-ზე მეტ ენაზე მიმდინარეობს. ჩვენი ქადაგების მთავარი თემა ღვთის სამეფოა. ყურადღება მიაქციეთ ამ ჟურნალის სრულ სახელწოდებას: „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“. ჩვენ ხშირად ვეკითხებით ხალხს, ლოცულობენ თუ არა ამ სამეფოზე. ამ კითხვაზე უმრავლესობის პასუხი დადებითია. მაგრამ, როდესაც ვეკითხებით, რა არის სამეფო, უმრავლესობას პასუხი არა აქვს ან მათი პასუხი ბუნდოვანი და არადამაჯერებელია.

რატომ ლოცულობს ამდენი ადამიანი იმაზე, რაზეც არა აქვთ ნათელი წარმოდგენა? არის ამის მიზეზი ის, რომ სწავლება ღვთის სამეფოს შესახებ რთული და ბუნდოვანია? არა, ღვთის სამეფოს შესახებ სწავლება ბიბლიაში სრულად და ნათლად არის ახსნილი. ღვთის სამეფოს შესახებ ბიბლიური ცნობა ამ რთულ დროში ნამდვილ იმედს მოგცემთ. მომდევნო სტატია გვიჩვენებს, რას ამბობს ბიბლია ამ იმედის შესახებ. იმასაც დავინახავთ, თუ როდის უპასუხებს ღმერთი სამეფოს შესახებ იესოს ლოცვას.

[სქოლიო]

^ აბზ. 6 იესოს მიერ თავისი მოწაფეებისთვის მიცემული ლოცვის ნიმუშის მსგავსად, კადიშში იმის შესახებაც არის თხოვნა, რომ ღვთის სახელი განიწმინდოს. საკამათოა, თუ როდის დაიწყეს კადიშის წარმოთქმა — ქრისტეს დროს თუ მანამდე — მაგრამ არ უნდა გაგვაოცოს იესოს მიერ მოცემული ლოცვის ნიმუშსა და კადიშს შორის მსგავსებამ. იესოს ლოცვაში რაღაც ახალი და უჩვეულო არ შეუტანია. თითოეული სათხოვარი დაფუძნებული იყო წმინდა წერილებზე, რომლებსაც მაშინ ყველა ებრაელი კარგად იცნობდა. იესო თავის იუდეველ მიმდევრებს მოუწოდებდა, ელოცათ იმაზე, რაზეც აქამდეც უნდა ელოცათ.