არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას მოგვიტანს მომავალი?

რას მოგვიტანს მომავალი?

რას მოგვიტანს მომავალი?

რატომ ღირს ამ კითხვაზე პასუხის მიღება? თუ ადამიანმა იცის, რას მოუტანს მას ხვალინდელი დღე, ეს გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ის დღეს. მაგალითად, ისინი, ვისაც მომავლის იმედი არა აქვთ, ასე ფიქრობენ: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“ (1 კორინთელები 15:32). ასეთი აზროვნების შედეგად ხშირად ადამიანი ჭამა-სმას ეძალება და ბევრ რამეზე წუხს — მისთვის სულის სიმშვიდე ნამდვილად „უცხო ხილია“.

ფაქტია, მხოლოდ ადამიანზე რომ იყოს დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე, ნამდვილად ვერ გვექნებოდა ნათელი მომავლის იმედი. ჰაერი, წყალი და ნიადაგი ისე არასოდეს ყოფილა დაბინძურებული, როგორც დღეს. დღითი დღე იზრდება ბირთვული ომისა და ტერორისტული თავდასხმების საშიშროება. ავადმყოფობა და სიღარიბე მილიარდობით ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა ნამდვილად არ არის უიმედო.

მართალია, ადამიანებს არ შეუძლიათ მომავლის განსაზღვრა, მაგრამ იეჰოვა ღმერთი არის ის, ვინც „დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს და ძველი დროიდან იმას, რაც არ მომხდარა“ (ესაია 46:10). რას გვეუბნება იეჰოვა მომავლის შესახებ?

რას ამბობს ბიბლია?

იეჰოვა არ დაუშვებს, რომ დედამიწა და მასზე არსებული სიცოცხლე განადგურების საფრთხის წინაშე დადგეს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’ (გამოცხადება 11:18). თავისი ზეციერი სამეფოს მეშვეობით იეჰოვა განწმენდს დედამიწას ბოროტებისგან და აღადგენს მასზე სამოთხისებურ პირობებს (დაბადება 1:26—31; 2:8, 9; მათე 6:9, 10). შემდეგი ბიბლიური მუხლები ზოგად წარმოდგენას გვიქმნის მომავალზე და იმ მოვლენებზე, რომლებიც მალე დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს შეეხება.

ფსალმუნი 46:8, 9. „მოდით, იხილეთ იეჰოვას საქმეები! რა საოცრებები მოახდინა დედამიწაზე. ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე, მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს, ცეცხლში ბუგავს ეტლებს“.

ესაია 35:5, 6. „მაშინ ბრმებს თვალები აეხილებათ და ყრუებს ყურები გაეხსნებათ; მაშინ კოჭლი ირემივით იხტუნებს და მუნჯის ენა სიხარულით შესძახებს; წყალი ამოხეთქავს უდაბნოში და მდინარეები — ხრიოკზე“.

ესაია 65:21, 22. „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად“.

დანიელი 2:44. „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“.

იოანე 5:28, 29. „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“.

გამოცხადება 21:3, 4. „თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“.

როგორ მოაქვს ბიბლიიდან მიღებულ პასუხებს სულის სიმშვიდე?

ერთი შეხედვით, შეიძლება ცოტა დაუჯერებელი ჩანდეს, რომ დედამიწაზე ზემოთ აღწერილი პირობები იარსებებს. მაგრამ ამ ყოველივეს გვპირდება ღმერთი და არა ადამიანი, იეჰოვა ღმერთმა კი „შეუძლებელია, იცრუოს“ (ტიტე 1:2).

თუ მიენდობით ღვთის დანაპირებს და მისი კანონების თანახმად იცხოვრებთ, სულის სიმშვიდეს ყველაზე რთული ვითარებების დროსაც კი შეინარჩუნებთ. ომი, სიბერე, ავადმყოფობა, ხანდაზმულობასთან დაკავშირებული პრობლემები ან თუნდაც იმის ცოდნა, რომ დიდხანს ვეღარ იცოცხლებთ, ვერ წაგართმევთ შინაგან სიმშვიდეს. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ დარწმუნებული იქნებით ერთ რამეში — ღვთის სამეფო წარხოცავს ნებისმიერი ამ უბედურებით გამოწვეულ შედეგებს და ნებისმიერ დანაკარგს აგინაზღაურებთ.

რა დაგეხმარებათ მომავლის ასეთი იმედის შეძენაში? ამისათვის უნდა „განიახლოთ გონება“ და გაიგოთ, „რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომაელები 12:2). გარდა ამისა, თქვენ იმაშიც უნდა დარწმუნდეთ, რომ ბიბლიის დანაპირები უტყუარია. ასეთი გამოკვლევა ნამდვილად ღირს ძალისხმევად. ცხოვრებაში არც ისე ბევრ რამეს შეუძლია ამაზე მეტი სულიერი სიმშვიდის მოტანა.

[სურათები 8, 9 გვერდებზე]

რას ამბობს ღვთის სიტყვა მომავლის შესახებ?

ესაია 35:5

ესაია 35:6

იოანე 5:28, 29