არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რა ტევადობის იყო ჩამოსხმული ზღვა სოლომონის ტაძარში?

1 მეფეების 7:26-ში მოხსენიებულია ზღვა, რომელიც იტევდა მღვდლებისთვის განკუთვნილ „ორი ათას ბათ“ წყალს, მაშინ როცა ბიბლიის მსგავს მონაკვეთში 2 მატიანეს 4:5-ში ნათქვამია, რომ ზღვა „სამი ათას ბათს“ იტევდა *. ამ სხვაობის გამო ზოგი თვლის, რომ მატიანეს წიგნში გადამწერების მიერ შეცდომა არის დაშვებული.

მაგრამ ებრაული ენა, რომელზეც ეს მუხლები დაიწერა, გვეხმარება იმის დანახვაში, თუ როგორ ეთანხმება ეს მუხლები ერთმანეთს. 1 მეფეების 7:26-ის დედნისეული ტექსტიდან ვიგებთ, რომ სპილენძის ზღვაში ესხა ორი ათასი ბათი, 2 მატიანეს 4:5-ში კი ნათქვამია, რომ მას ‘შეეძლო სამი ათასი ბათის დატევა’. ამგვარად, 2 მატიანეს 4:5 მიუთითებს წყლის მაქსიმალურ ოდენობაზე, რისი დატევაც შეეძლო ზღვას, ხოლო 1 მეფეების 7:26 ამბობს, თუ ჩვეულებრივ რა რაოდენობის წყალს ასხამდნენ მასში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზღვას პირამდე არასდროს ავსებდნენ. როგორც ჩანს, ჩვეულებრივ მასში იმის ორ მესამედს ასხამდნენ, რისი დატევაც შეეძლო.

მხოლოდ ერთი მონეტით რატომ გადაიხადეს იესომ და პეტრემ ტაძრის გადასახადი?

იესოს დროს 20 წელზე მეტი ასაკის ყველა ებრაელი მამაკაცისგან მოითხოვებოდა, რომ ყოველწლიურად გადაეხადათ ტაძრის გადასახადი ორი დრაქმის, ანუ დიდრაქმის ოდენობით. ეს თანხა მუშის ორი დღის ჯამაგირის ტოლი იყო. როდესაც გადასახადების გადახდასთან დაკავშირებული საკითხი წამოიჭრა, იესომ უთხრა პეტრეს: „მიდი ზღვასთან, ისროლე ანკესი და ამოიყვანე პირველივე თევზი, რომელსაც დაიჭერ. გაუღე პირი და იპოვი მონეტას, სტატერს. წამოიღე და მიეცი მათ ჩემთვისაც და შენთვისაც“ (მათე 17:24—27).

ბევრი სწავლულის აზრით ბიბლიის ამ მონაკვეთში მოხსენიებული სტატერი, ფაქტობრივად, წარმოადგენდა ტეტრადრაქმას. ეს მონეტა უდრიდა ოთხ დრაქმას, რაც იმ თანხის ტოლი იყო, რომელიც საკმარისი იყო ორი ადამიანისთვის ტაძრის გადასახადის გადასახდელად. ტეტრადრაქმა საკმაოდ გავრცელებული იყო და მისი შოვნა უფრო ადვილი იყო, ვიდრე დიდრაქმისა. „ახალ ბიბლიურ ლექსიკონში“ ნათქვამია: „როგორც ჩანს, ებრაელები ხშირად ორ-ორნი იხდიდნენ ხოლმე ტაძრის გადასახადს“.

ამასთანავე, მას, ვინც მარტო იხდიდა გადასახადს, ფულის გადაცვლისთვის დამატებითი თანხაც უნდა გაეღო, რაც ზოგჯერ შესაძლოა თანხის 8 პროცენტსაც კი შეადგენდა. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი ერთად იხდიდა გადასახადს, მათ ზედმეტი ხარჯების გაღება აღარ უწევდათ. ამგვარად, ამ მცირე დეტალითაც კი მათეს მიერ აღწერილი შემთხვევა ადასტურებს იმ ცნობილ ფაქტს, რაც იესოს დროს მიღებული იყო გადასახადებთან დაკავშირებით.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 „ორი ათასი ბათი“ უდრის 44 000 ლიტრს, ხოლო „სამი ათასი ბათი“ — 66 000 ლიტრს.

[სურათი 15 გვერდზე]

ტეტრადრაქმა (გადიდებული გამოსახულება)