არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვაშენებთ იეჰოვას განსადიდებლად

ვაშენებთ იეჰოვას განსადიდებლად

ვაშენებთ იეჰოვას განსადიდებლად

„თვალებს არ ვუჯერებდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩვენ გვექნებოდა ასეთი ლამაზი ადგილი, სადაც შევიკრიბებოდით და განვადიდებდით იეჰოვას. ფულით ასეთ სიხარულს ვერ იყიდი!“ — მარია (მექსიკა).

იეჰოვას მოწმეები სიხარულით იკრიბებიან ერთად ღვთის სიტყვის, ბიბლიის, შესასწავლად (ფსალმუნი 27:4; ებრაელები 10:23—25). მათ განსაკუთრებით სიამოვნებთ ამის კეთება თაყვანისცემისთვის შესაფერის ადგილებში. ბოლო წლებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მათ ააშენეს თაყვანისცემისთვის განკუთვნილი ათასობით შენობა, რომლებსაც სამეფო დარბაზები ეწოდება.

რატომ არის საჭირო ამ შენობების აგება? ვინ იღებს მონაწილეობას მშენებლობაში და როგორ მოქმედებს თავად მშენებლებზე ასეთ პროექტებში მონაწილეობა? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად განვიხილოთ მექსიკისა და ბელიზის მაგალითი.

საჭიროა ათასობით სამეფო დარბაზი!

გასულ წლებში მექსიკაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები თაყვანისცემისთვის იკრიბებოდნენ ნებისმიერ ადგილას, სადაც კი ამის შესაძლებლობა ჰქონდათ — ეზოებში, მოწმეთა სახლებში, საწყობებში, გარაჟებსა თუ დაქირავებულ დარბაზებში. ეს ერთგული მოწმეები ხშირად ფიქრობდნენ, თუ რა კარგი იქნებოდა, რომ საკუთარი სამეფო დარბაზები აეშენებინათ.

1994 წლისთვის მექსიკაში 388 000 მოწმე იყო. ამ წელს პასუხისმგებელმა ძმებმა გამოითვალეს, რომ 3 300 სამეფო დარბაზის აშენება იყო საჭირო იმისთვის, რომ ყველა კრებას დარბაზში ჩაეტარებინა შეხვედრები. მართლაც რომ დიდი საქმე იყო შესასრულებელი!

იმ პერიოდში ზოგი კრება, რომელსაც ამის შესაძლებლობა ჰქონდა, საკუთარი ხარჯებით აშენებდა სამეფო დარბაზებს. მაგრამ, მომდევნო ხუთ წელიწადში ცხადი გახდა, რომ კრებების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად უფრო მეტი სამეფო დარბაზი უნდა აგვეშენებინა, თანაც უფრო სწრაფი ტემპით. რა ნაბიჯები გადაიდგა ამ მიზნის მისაღწევად?

გამოცდილ მოხალისეთა ჯგუფები

1999 წელს ახალი სამშენებლო პროგრამა იქნა შემუშავებული. მთელ მექსიკაში დაიწყო სამეფო დარბაზების მშენებლობის ჯგუფების ჩამოყალიბება. მექსიკაში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა, რომელთაგანაც მრავალს მშენებლობის გამოცდილება ჰქონდა, სურვილი გამოთქვეს, რომ მონაწილეობა მიეღოთ ამ მნიშვნელოვან პროგრამაში. ამჟამად მექსიკაში 35 მშენებლობის ჯგუფია, ბელიზში კი — ერთი.

სამეფო დარბაზების მშენებლობის თითოეული ჯგუფი ჩვეულებრივ შედგება დაახლოებით რვა მოხალისისგან — როგორც მამაკაცებისგან, ისე ქალებისგან, რომლებიც ანაზღაურების გარეშე მუშაობენ. ხალისიანი მშენებლებისგან შემდგარი ჯგუფები ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიან, ადგილობრივ მოწმეებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ და მათთან ერთად აშენებენ დარბაზებს. მოხალისეები ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 8 საათს მუშაობენ. გარდა ამისა, ისინი ყოველ მეორე შაბათსაც მუშაობენ. სამუშაო დღე დილის შვიდ საათზე იწყება ბიბლიური მუხლის განხილვით, რის შემდეგაც ისინი საუზმობენ. თითოეული მათგანი მზად არის შეასრულოს ის, რასაც დაავალებენ. მაგალითად, ქალები მამაკაცებთან ერთად ასრულებენ ისეთ სამუშაოს, როგორიცაა კედლების მობათქაშება, ფილების დაგება და ღებვა.

ადგილობრივი კრების წევრები საცხოვრებლით უზრუნველყოფენ მოხალისეებს, ურეცხავენ ტანსაცმელს და უმზადებენ საჭმელს. მოხალისეებისა და ადგილობრივი კრების წევრების თანამშრომლობა მხოლოდ დარბაზის შენებით არ შემოიფარგლება — ისინი ერთად ესწრებიან ქრისტიანულ შეხვედრებს და ერთად ქადაგებენ კარდაკარ.

რა კურთხევებს იმკიან მოხალისე მშენებლები?

რას ფიქრობენ მოხალისეები იმაზე, რასაც აკეთებენ? დანიელი, რომელიც უკვე სამ წელზე მეტია, რაც მოხალისედ მსახურობს, ამბობს: „ჩვენ ვმუშაობთ სიცხესა და სიცივეში, ვჭამთ ჩვენთვის უჩვეულო საჭმელს, ხშირად ვიცვლით საცხოვრებელ ადგილს, ვიმყოფებით ოჯახიდან მოშორებით და ვცხოვრობთ არცთუ ისე კეთილმოწყობილ სახლებში. მაგრამ ეს სირთულეები არაფერია იმ კურთხევებთან შედარებით, რასაც ჩვენ ვიღებთ“.

რა კურთხევებს იმკიან მშენებლები? მაგალითად, მრავალი მოხალისე ახალ ხელობას ეუფლება. მაგრამ კარლოსი, რომელიც ერთ-ერთი დიდი ჯგუფის ზედამხედველია, ამაზე დიდ კურთხევად სხვა რამეს მიიჩნევს. „ჩვენი ოცკაციანი ჯგუფი ერთ ოჯახად იქცა. ჩვენ ერთად ვჭამთ, ერთად ვმუშაობთ, ერთად ვსწავლობთ და ერთად ვლოცულობთ. ჩვენ ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს“, — ამბობს კარლოსი.

მშენებლები იმ კრების წევრებსაც უმეგობრდებიან, რომლებსაც დარბაზის მშენებლობაში ეხმარებიან. ხოსე, რომელიც ასზე მეტი დარბაზის მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას, ამბობს: „ერთ რამედ ღირს იმის დანახვა, როდესაც ადგილობრივი კრების წევრები ხედავენ, რომ მათი ოცნება რეალობად იქცა და ახლა მათ საკუთარი სამეფო დარბაზი აქვთ, რის გამოც მათი სახეები მადლიერებას ირეკლავს და ისინი სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებენ“. შემდეგ ხოსე დასძენს: „გვახარებს იმის ცოდნა, რომ თუნდაც ის მცირე წვლილი, რომელიც წმინდა თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი შენობის აგებაში შეგვაქვს, სხვების რწმენას აძლიერებს“.

საოცარი შედეგები

შენობები, სადაც წმინდა თაყვანისმცემლობა სრულდება, არ არის მდიდრული. სამეფო დარბაზების პროექტები უბრალოა, რაც შესაძლებელს ხდის, რომ ისინი სწრაფად და ზედმეტი ხარჯების გარეშე აშენდეს. რამდენადაც შესაძლებელია, დარბაზის მშენებლობისას იყენებენ ადგილობრივ მასალას და მიმართავენ იმ მეთოდებს, რომლებიც იმ მხარეშია მიღებული. ამგვარად, სამეფო დარბაზი შეიძლება სულ რაღაც ექვს კვირაში აშენდეს!

2007 წელს ბელიზში ყველა კრებას ახალი სამეფო დარბაზი ჰქონდა — მთლიანობაში 17. მექსიკაში 1999 წლიდან 1 400-ზე მეტი დარბაზი აშენდა.

მართალია, მრავალი რამ გაკეთდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი (მათე 9:37). დღეისათვის მექსიკაში იეჰოვას მოწმეთა რაოდენობამ 600 000-ს გადააჭარბა. ყველა მათგანი კვირაში სამჯერ იკრიბება ღვთის სიტყვის შესასწავლად. ამიტომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ დაახლოებით 2 000 სამეფო დარბაზია საჭირო. ეს საქმე რომ ადამიანურ ძალებზე ყოფილიყო დამოკიდებული, ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ, როგორც შედეგები ცხადყოფს, იეჰოვა ღმერთის დახმარებით „ყველაფერი შესაძლებელია“ (მათე 19:26).

[ჩარჩო⁄სურათი 22 გვერდზე]

„რასაც ამბობენ, იმას აკეთებენ“

სამეფო დარბაზის მშენებლობა დადებით გავლენას ახდენს არა მხოლოდ იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ კრებაზე, არამედ სხვებზეც. მაგალითად, როდესაც ბელიზში იეჰოვას მოწმეები სამეფო დარბაზს აშენებდნენ, ერთმა მამაკაცმა, რომლის ცოლიც ორმოცდაათიანელია, მეუღლეს უთხრა, რომ, როცა მოწმეები თავიანთი „ეკლესიის“ აშენებას დაამთავრებდნენ, ის მათ შეხვედრებს დაესწრებოდა. რამ აღძრა ის ამისკენ? „ვხედავ, რომ ღმერთი მათთანაა, — თქვა მან. — ისინი მუშაობის დროს ერთმანეთში არ ჩხუბობენ და რასაც ამბობენ, იმას აკეთებენ“.

[სურათი]

სამეფო დარბაზი ორინჯ-უოლკში, ბელიზი

[ჩარჩო⁄სურათები 23 გვერდზე]

საქმე, რომელიც მთელ მსოფლიოში სრულდება

120 ქვეყანაში ჩამოყალიბდა სამეფო დარბაზების მშენებლობის ჯგუფები. ქვემოთ ჩამოთვლილია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა, სადაც ამ ჯგუფის წევრები დიდი სიხარულით იღებენ მონაწილეობას სამეფო დარბაზების მშენებლობაში:

ანგოლა, ბოლივია, განა, დომინიკელთა რესპუბლიკა, ეთიოპია, ვენესუელა, ზამბია, იამაიკა, ინდოეთი, ლიბერია, მოლდოვა, ნიგერია, პაპუა-ახალი გვინეა, რუანდა, საქართველო, ტუვალუ, უკრაინა, ფიჯი, ყაზახეთი, ხორვატია, ჰონკონგი.

[სურათები]

სამეფო დარბაზი აკაპულკოში, მექსიკა

მექსიკის სამეფო დარბაზების მშენებლობის ერთ-ერთი ჯგუფის წევრები

[სურათი 23 გვერდზე]

სამეფო დარბაზი ტლასკალაში, მექსიკა