არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დედობრივ სიყვარულში არეკლილი ღვთის სიყვარული

დედობრივ სიყვარულში არეკლილი ღვთის სიყვარული

დედობრივ სიყვარულში არეკლილი ღვთის სიყვარული

„განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს და განა არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს?! მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ“ (ესაია 49:15).

ახალდაბადებული ბავშვი მზრუნველ დედას გულში ჰყავს ჩახუტებული. ეს სურათი სინაზისა და სიყვარულის ნამდვილი გამოხატულებაა. „როდესაც ჩემი პატარა პირველად ავიყვანე ხელში, — ამბობს ერთი დედა, სახელად პემი, — ბავშვისადმი ენით აუწერელი სიყვარული და, ამავე დროს, პასუხისმგებლობა ვიგრძენი“.

დედის სიყვარული დიდ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე, რასაც მკვლევარებიც ადასტურებენ. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცემულ ერთ დოკუმენტში ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ნათქვამია: „გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ის ბავშვები, რომლებიც დედებისგან მიტოვებულები არიან ან მათგან ცალკე იზრდებიან, ბედნიერები არ არიან და დეპრესიაში ან ზოგჯერ პანიკაშიც კი ვარდებიან“. იმავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გამოკვლევების თანახმად ბავშვები, რომლებიც ადრეულ ასაკში სიყვარულსა და ყურადღებას გრძნობენ, გონებრივად უფრო მეტად არიან განვითარებულები, ვიდრე ისინი, რომლებიც ამ ყოველივეს მოკლებულნი არიან.

ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა დედის სიყვარული იგრძნოს, კალიფორნიის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქიატრი ალენ შორი ამბობს: „ბავშვის პირველი ურთიერთობა დედასთან იმის წინაპირობაა, თუ როგორ ჩამოყალიბდება ბავშვი და მომავალში როგორი ემოციური მდგომარეობა ექნება“.

სამწუხაროდ, დეპრესიის, ავადმყოფობისა თუ სხვა მიზეზების გამო დედამ შეიძლება უყურადღებოდ დატოვოს შვილი ან ‘დაივიწყოს კიდეც თავისი ძუძუთა ბავშვი’ (ესაია 49:15). მაგრამ, ასეთი შემთხვევები იშვიათად ხდება. ფაქტობრივად, დედებს თავიანთი შვილები, შეიძლება ითქვას, რომ ავტომატურად უყვარდებათ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მშობიარობის დროს დედის ორგანიზმში მატულობს გარკვეული რაოდენობის ჰორმონი, რომელსაც ოქსიტოცინი ეწოდება. ოქსიტოცინი იწვევს საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვას და მოგვიანებით ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლებიდან რძის გამოყოფას. მკვლევარების აზრით, აღნიშნული ჰორმონი, რომელიც წარმოიქმნება როგორც კაცის, ისე ქალის ორგანიზმში, აგრეთვე დიდ როლს თამაშობს იმაში, რომ დედა სიყვარულით მოეპყროს შვილს და უანგაროდ იზრუნოს მასზე.

როგორ მიეცა დასაბამი სიყვარულს?

მათ, ვისაც ევოლუციის სჯერა, მიაჩნიათ, რომ უანგარო სიყვარული, ისეთი, როგორიც, მაგალითად დედა-შვილს შორის არსებობს, შემთხვევით წარმოიშვა და ბუნებრივი გადარჩევის წყალობით შენარჩუნდა, რადგან მას სარგებლობა მოაქვს ადამიანებისთვის. მაგალითად, ერთ-ერთ ინტერნეტ-ჟურნალში ნათქვამია: „ჩვენი ტვინის პირველ ნაწილში, რომელიც ქვეწარმავლებისგან მემკვიდრეობით გვერგო, დამატებით განვითარდა ტვინის ის უბანი, რომელსაც ლიმბური სისტემა ჰქვია და რაც ადამიანში ემოციებს იწვევს. ეს სწორედ ტვინის ის უბანია, რომელიც დედასა და შვილს შორის ახლო ურთიერთობას ავითარებს“ („Mothering Magazine“).

დიახ, როგორც მკვლევარები ამბობენ, ლიმბური სისტემა დიდ როლს თამაშობს ჩვენი ემოციების წარმოქმნაში. მაგრამ, გონივრულად გეჩვენებათ იმის მტკიცება, რომ შვილისადმი დედის სიყვარული ქვეწარმავლების ტვინის შემთხვევითი განვითარების ნაყოფია?

მოდი ახლა ამ საკითხს სხვა კუთხით შევხედოთ. ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთმა ადამიანი თავის ანარეკლად შექმნა, ანუ იმის უნარი მისცა, რომ მან ღვთის თვისებები აირეკლოს (დაბადება 1:27). ღვთის ძირითადი თვისება სიყვარულია. „ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს“, — დაწერა მოციქულმა იოანემ. რატომ თქვა მან ასეთი სიტყვები? „რადგან ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს ბიბლიური მუხლი არ ამბობს, რომ ღმერთს აქვს სიყვარული, არამედ მასში ნათქვამია, რომ ღმერთი არის სიყვარული. სიყვარული ღვთისგან იღებს სათავეს.

ბიბლია სიყვარულს შემდეგნაირად აღწერს: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, უმართლობით არ ხარობს, არამედ ჭეშმარიტება ახარებს, ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 კორინთელები 13:4—8). გონივრულია გვჯეროდეს, რომ ეს ყველაზე აღმატებული თვისება ბრმა შემთხვევითობის წყალობით წარმოიშვა?

როგორ მოქმედებს ეს თქვენზე?

როდესაც წინა აბზაცში წაიკითხეთ ის, თუ როგორ არის სიყვარული აღწერილი, განა არ გაგიჩნდათ იმის სურვილი, რომ ვინმე თქვენ მიმართ ავლენდეს ასეთ სიყვარულს?! სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთი სურვილი გქონდეთ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ „ღვთის მოდგმა ვართ“ (საქმეები 17:29). ადამიანები ისე ვართ შექმნილი, რომ გვსურს, ჩვენ მიმართ ავლენდნენ ასეთ სიყვარულს და ჩვენც ასეთივე სიყვარულს ვავლენდეთ სხვებისადმი. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთს ძალიან ვუყვარვართ (იოანე 3:16; 1 პეტრე 5:6, 7). ამ სტატიის დასაწყისში ციტირებული მუხლი გვიჩვენებს, რომ ღვთის სიყვარული დედობრივ სიყვარულზე ძლიერი და ხანგრძლივია!

მაგრამ, შეიძლება დაგებადოთ კითხვები: „თუ ღმერთი ბრძენი, ძლიერი და მოსიყვარულეა, რატომ არ უღებს ბოლოს ადამიანთა ტანჯვას? რატომ უშვებს ის ბავშვების სიკვდილს, ადამიანების ჩაგვრას და იმას, რომ დედამიწა ზიანდება, რაც განპირობებულია ადამიანთა სიხარბითა და გარემოსადმი უდიერი მოპყრობით? ეს მნიშვნელოვანი კითხვებია, რომლებიც გონივრული პასუხების გაცემას მოითხოვს.

იმის მიუხედავად, რაც არ უნდა თქვან აგნოსტიკოსებმა, ნამდვილად შესაძლებელია, რომ ამ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები მიიღოთ. ასობით ქვეყანაში მილიონობით ადამიანმა გაიგო პასუხები ამ კითხვებზე იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის წყალობით. ამ ჟურნალის გამომცემლები მოგიწოდებენ, რომ თქვენც იგივე გააკეთოთ. რაც უფრო მეტ ცოდნას შეიძენთ ღვთის შესახებ მისი სიტყვის შესწავლითა და მის შემოქმედებაზე დაკვირვებით, მით უფრო მეტად დაინახავთ, რომ ღმერთი მიუწვდომელი და ამოუცნობი არ არის. თქვენ დარწმუნდებით, რომ ღმერთი „შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქმეები 17:27).

[ჩანართი 8 გვერდზე]

ღვთის სიყვარული დედობრივ სიყვარულზე უფრო ხანგრძლივია!