არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სამეფო

ღვთის სამეფო

რას ვსწავლობთ იესოსგან?

ღვთის სამეფო

რა არის ღვთის სამეფო?

ღვთის სამეფო არის ხელისუფლება, რომელიც იმმართველებს მთელ დედამიწაზე. იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ ელოცათ: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:9, 10; დანიელი 2:44).

ვინ იქნებიან ღვთის სამეფოს მმართველები?

იესო იმიტომ დაიბადა, რომ ღვთის სამეფოს მმართველი გამხდარიყო. ანგელოზმა იესოს დედას უთხრა: „იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს და ის . . . იმეფებს“ (ლუკა 1:30—33). გარდა ამისა, იესომ თავისი მიმდევრებიდან ზოგი იმისთვის აირჩია, რომ მასთან ერთად ემმართველათ. მან თავის მოციქულებს უთხრა: „თქვენ ჩემთან ერთად დარჩით განსაცდელში და შეთანხმებას გიდებთ სამეფოსთვის, როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება“ (ლუკა 22:28, 29; დანიელი 7:27). იესოს იმ მიმდევრების რიცხვი, რომლებიც მასთან ერთად იმმართველებენ, 144 000-ია (გამოცხადება 5:9, 10; 14:1).

საიდან იმმართველებს ღვთის სამეფო?

ღვთის სამეფო იმმართველებს ზეციდან. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თუ წავალ და ადგილს მოგიმზადებთ [ზეცაში], კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა თქვენც იქ იყოთ, სადაც მე ვარ . . . მე მამასთან მივდივარ“ (იოანე 14:2, 3, 12; დანიელი 7:13, 14).

რას მოიმოქმედებს ღვთის სამეფო ბოროტების წინააღმდეგ?

იესო დედამიწას ბოროტი ადამიანებისგან განწმენდს. მან თქვა: „როცა მოვა კაცის ძე [იესო] ანგელოზებთან ერთად თავისი დიდებით, მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება. შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი და გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან . . . და ესენი [ბოროტები] მარადიულად მოიკვეთებიან, მართლები კი მარადიულად იცოცხლებენ“ (მათე 25:31—34, 46).

ვინ იქნებიან ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები, რომლებიც დედამიწაზე იცხოვრებენ?

იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5; ფსალმუნი 37:29; 72:8). დედამიწაზე ის ადამიანები იცხოვრებენ, რომლებიც სწავლობენ ერთმანეთის სიყვარულს. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:34, 35).

რას გააკეთებს ღვთის სამეფო დედამიწაზე მცხოვრები ადამიანებისთვის?

იესო განკურნავს ადამიანებს დაავადებებისგან. როდესაც იესო დედამიწაზე იყო, ის ხალხს „ღვთის სამეფოზე ელაპარაკებოდა, ხოლო ვისაც განკურნება სჭირდებოდა, კურნავდა“ (ლუკა 9:11). მას შემდეგ, რაც მოციქულმა იოანემ ხილვაში მკვდრეთით აღმდგარი იესო ნახა, მან თქვა: «ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა . . . გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა . . . მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი“» (გამოცხადება 21:1—4).

ღვთის სამეფო დედამიწაზე სამოთხეს აღადგენს. იმ ბოროტმოქმედმა, რომელიც იესოსთან ერთად აწამეს, თქვა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“. იესომ მას მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:42, 43; ესაია 11:4—9).

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ *, თავი 8.

[სქოლიო]

^ აბზ. 16 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.