არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რატომ ღირდა ასე ძვირი მარიამის მიერ გამოყენებული ნელსაცხებელი?

იესოს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მასთან მივიდა მარიამი, ლაზარეს და, „რომელსაც ალაბასტრონის ჭურჭელში სუფთა ნარდის ძალიან ძვირფასი ნელსაცხებელი ჰქონდა“, და იესოს თავზე მოასხა (მარკოზი 14:3—5; მათე 26:6, 7; იოანე 12:3—5). მარკოზისა და იოანეს სახარებებიდან ვიგებთ, რომ ნელსაცხებლის ღირებულება იყო 300 დინარი, რაც დაახლოებით მუშის ერთი წლის გასამრჯელოს უდრიდა.

სად დაიწყეს პირველად ამ ნელსაცხებლის დამზადება? პატარა სურნელოვანი მცენარე (Nardostachys jatamansi), რომლისგანაც ბიბლიაში მოხსენიებულ ნარდის ნელსაცხებელს ამზადებდნენ, ჰიმალაის მთებში იზრდებოდა. ძვირადღირებულ ნარდს ხშირად იაფფასიან ინგრედიენტს ურევდნენ ან მას სულაც სხვა მასალისგან ამზადებდნენ და სუფთა ნარდად ასაღებდნენ. მაგრამ, მარკოზისა და იოანეს სახარებაში გამოყენებულია გამოთქმა „სუფთა ნარდი“. როგორც ჩანს, ეს ნელსაცხებელი ასეთი ძვირი იმიტომ ღირდა, რომ ის შორეული ინდოეთიდან იყო შემოტანილი.

რატომ არის მარკოზის სახარებაში ნათქვამი, რომ მარიამმა „გატეხა ალაბასტრონის ჭურჭელი“? ალაბასტრონის ჭურჭელს ჩვეულებრივ ვიწრო ყელი ჰქონდა, რათა თავი კარგად დაეხურათ, რომ სასიამოვნო სურნელი არ დაეკარგა. ალან მილარდი თავის წიგნში ამბობს: „რთული არაა იმის წარმოდგენა, თუ როგორ გატეხდა აღელვებული ქალი [ჭურჭლის ყელს], არ დაუწყებდა სახურავს მოხსნას, და მთელ ნელსაცხებელს ერთნაირად გადმოღვრიდა“ („Discoveries From the Time of Jesus“). სწორედ ამით აიხსნება ის, რომ „სახლი ნელსაცხებლის სურნელებით აივსო“ (იოანე 12:3). ეს მართლაც ძალიან ძვირადღირებული ძღვენი იყო, მაგრამ ის სათანადო სახით იქნა გამოყენებული. რატომ? ამ ქალმა მადლიერება გამოხატა იმისთვის, რომ იესომ მას საყვარელი ძმა, ლაზარე, მკვდრეთით აღუდგინა (იოანე 11:32—45).

ერთ ქალაქს ერქვა იერიხონი თუ ორს?

მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებიდან ვიგებთ, რომ იესომ ერთ-ერთი სასწაული იერიხონის მახლობლად მოახდინა (მათე 20:29—34; მარკოზი 10:46—52; ლუკა 18:35—43). მათემ და მარკოზმა დაწერეს, რომ იესომ ეს სასწაული მოახდინა მაშინ, როცა ის იერიხონიდან „გამოდიოდა“. მაგრამ, ლუკა ამბობს, რომ ეს მაშინ მოხდა, როცა იესო იერიხონს „უახლოვდებოდა“.

იესოს დროს, ერთ ქალაქს ერქვა იერიხონი თუ ორს? ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია: „ახალი აღთქმის დაწერის პერიოდისთვის იერიხონი ძველი ქალაქის სამხრეთით 1,6 კილომეტრის მოშორებით იყო აღდგენილი. იქ ჰეროდე დიდმა ზამთრის სასახლე ააგო“ („Bible Then & Now“). ამ აზრს მხარს უჭერს წიგნი „არქეოლოგია და ბიბლიური ისტორია“, რომელშიც ნათქვამია: „იესოს დროს ორი იერიხონი იყო . . . ძველი ებრაული ქალაქი 1,6 კილომეტრით იყო დაშორებული რომაული ქალაქისგან“.

ამგვარად, იესომ შესაძლოა სასწაული მაშინ მოახდინა, როცა ებრაული ქალაქიდან გადიოდა და რომაულ ქალაქს უახლოვდებოდა ან პირიქით. აშკარაა, რომ იმის ცოდნა, თუ რა ვითარება იყო მაშინ, როცა ბიბლიის ესა თუ ის მონაკვეთი დაიწერა, გვეხმარება ერთი შეხედვით საწინააღმდეგო აზრების ახსნაში.

[სურათი 31 გვერდზე]

ალაბასტრონის ჭურჭელი, რომელშიც ნელსაცხებელი ინახებოდა

[საავტორო უფლება]

© Réunion des Musées Nationaux/Art Resource, NY