არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ უნდა მოვექცეთ სხვებს?

როგორ უნდა მოვექცეთ სხვებს?

როგორ უნდა მოვექცეთ სხვებს?

„როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკ. 6:31).

1, 2. ა) რის შესახებ იქადაგა მთაზე იესომ? ბ) რა იქნება განხილული ამ და მომდევნო სტატიაში?

იესო ქრისტე უდავოდ დიდებული მასწავლებელი იყო. როდესაც მტრებმა მის დასაპატიმრებლად ჯარისკაცები გაგზავნეს, ისინი იესოს გარეშე დაბრუნდნენ და თქვეს: „მის მსგავსად ჯერ არავის ულაპარაკია“ (იოან. 7:32, 45, 46). იესოს ერთ-ერთი ცნობილი ქადაგება მთაზე ქადაგებაა. ეს ქადაგება ჩაწერილია მათეს სახარების მე-5—7 თავებში და ლუკას 6:20—49-ში *.

2 მთაზე ქადაგების დროს წარმოთქმულ ყველაზე ცნობილ გამონათქვამად შეიძლება ჩაითვალოს ის სიტყვები, რომლებსაც ოქროს წესს უწოდებენ. იგი ეხება ადამიანებთან ურთიერთობას. აი, რა თქვა იესომ: „როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკა 6:31). გაიხსენეთ, რამდენი სიკეთე გაუკეთებია თავად იესოს! იგი კურნავდა ავადმყოფებს და მკვდრებსაც კი აღადგენდა. ვინც ეხმაურებოდა სასიხარულო ცნობას, რომელსაც იესო ქადაგებდა, განსაკუთრებით კურთხეულები იყვნენ (წაიკითხეთ ლუკას 7:20—22). სასიხარულოა, რომ ჩვენ, იეჰოვას მოწმეებიც ვქადაგებთ ცნობას სამეფოს შესახებ (მათ. 24:14; 28:19, 20). ამ და მომდევნო სტატიაში განხილული იქნება იესოს სიტყვები, რომელიც დაგვეხმარება როგორც უშუალოდ ქადაგების, ისე ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობის დროს.

იყავით რბილი ხასიათისანი

3. რა არის რბილი ხასიათი?

3 იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათ. 5:5). როგორც ბიბლიიდან ჩანს, რბილი ხასიათი არ არის სისუსტის მაჩვენებელი. სწორედ რბილი ხასიათი გვეხმარება ღვთის მოთხოვნების შესრულებაში. იგი ვლინდება ადამიანებთან დამოკიდებულებაში. მაგალითად, ჩვენ ‘არავის ვუხდით სამაგიეროს’ (რომ. 12:17—19).

4. რატომ არიან რბილი ხასიათისანი ბედნიერნი?

4 რბილი ხასიათის ადამიანები ბედნიერები არიან, რადგან „ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“. იესო, რომელიც „რბილი და გულით თავმდაბალი“ იყო, „ყოვლის მემკვიდრეა“, ანუ მთავარი მემკვიდრე, რომლის საკუთრებაც დედამიწა გახდა (მათ. 11:29; ებრ. 1:2; ფსალმ. 2:8). წინასწარმეტყველების მიხედვით, „კაცის ძესთან“ ანუ მესიასთან ერთად ზეციერ სამეფოში სხვებსაც უნდა ემეფათ (დან. 7:13, 14, 21, 22, 27). ამიტომ დედამიწა მემკვიდრეობად 144 000 სულითცხებულს, „ქრისტეს თანამემკვიდრეებსაც“ ერგოთ, რომელთაც აგრეთვე რბილი ხასიათი აქვთ (რომ. 8:16, 17; გამოცხ. 14:1). სხვა რბილი ხასიათის ადამიანები კი მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე, რომელზეც მმართველობას ღვთის ზეციერი სამეფო განახორციელებს (ფსალმ. 37:11).

5. რაში დაგვეხმარება რბილი ხასიათი?

5 უხეში ადამიანი სცდის სხვების მოთმინებას. ასეთ ადამიანთან ურთიერთობა არავის არ სიამოვნებს. თუ ქრისტეს მსგავსად ჩვენც გვექნება რბილი ხასიათი, კრების წევრები ჩვენთან კარგად იგრძნობენ თავს და გამხნევდებიან. რბილი ხასიათი ღვთის სულის ერთ-ერთი ნაყოფია, რომელსაც ღვთის მოქმედი ძალის დახმარებით იმ შემთხვევაში გამოვიმუშავებთ, თუ ‘სულით ვიცოცხლებთ და სულითვე ვივლით’ (წაიკითხეთ გალატელების 5:22—25). თითოეული ჩვენგანის სურვილია, რომ იმ რბილი ხასიათის ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნებოდეთ, რომლებსაც იეჰოვას წმინდა სული ხელმძღვანელობს.

ბედნიერნი არიან გულმოწყალენი

6. რა თვისებები ახასიათებს გულმოწყალე ადამიანს?

6 მთაზე ქადაგების დროს იესომ აგრეთვე აღნიშნა: „ბედნიერნი არიან გულმოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებული იქნებიან“ (მათ. 5:7). გულმოწყალე ადამიანი თანამგრძნობია, შემბრალეა და გასაჭირში მყოფთ დახმარების ხელს უწვდის. მაგალითად, იესო სასწაულებრივად კურნავდა ავადმყოფებს, რადგან ‘გული ეწვოდა’ მათ გამო (მათ. 14:14; 20:34). ჩვენც სიბრალულმა და თანაგრძნობამ უნდა აღგვძრას, რომ გულმოწყალენი ვიყოთ (იაკ. 2:13).

7. რისკენ აღძრავდა იესოს სიბრალული?

7 ერთხელ იესო დასვენების მიზნით უკაცრიელ ადგილას მიდიოდა. გზად ხალხი რომ შეხვდა, „გული დაეწვა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და ბევრ რამეს ასწავლიდა“ (მარ. 6:34). ჩვენ დიდ სიხარულს განვიცდით, როდესაც იესოს მსგავსად ხალხს სამეფოს შესახებ ცნობას ვუზიარებთ და ღვთის გულმოწყალების შესახებ მოვუთხრობთ.

8. რატომ არიან გულმოწყალენი ბედნიერნი?

8 გულმოწყალენი ბედნიერნი იმიტომ არიან, რომ „შეწყალებულნი იქნებიან“. თუ გულმოწყალენი ვიქნებით სხვების მიმართ, ისინიც გულმოწყალენი იქნებიან ჩვენ მიმართ (ლუკ. 6:38). იესომ თქვა: „თუ თქვენ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, თქვენც გაპატიებთ თქვენი ზეციერი მამა“ (მათ. 6:14). გულმოწყალე ადამიანი ბედნიერია, რადგან ღმერთი პატიობს ცოდვებს და ამგვარად იგი მის მოწონებას იმსახურებს.

რატომ არიან მშვიდობისმყოფელნი ბედნიერნი?

9. როგორ უნდა იქცეოდეს მშვიდობისმყოფელი ადამიანი?

9 იესომ ბედნიერების კიდევ ერთი მიზეზი დაასახელა: „ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან მათ ღვთის შვილები დაერქმევათ“ (მათ. 5:9). თუ მშვიდობისმყოფელნი ვართ, თვალს არ დავხუჭავთ იმაზე, რაც ‘ახლობლებს აშორებს’, მაგალითად ცილისმწამებლურ საუბრებზე (იგავ. 16:28). ჩვენ სიტყვითა თუ საქმით მშვიდობას შევუწყობთ ხელს როგორც ქრისტიანულ კრებაში, ისე ქრისტიანული კრების გარეთ (ებრ. 12:14). განსაკუთრებით კი უნდა ვეცადოთ, რომ იეჰოვა ღმერთთან გვქონდეს მშვიდობიანი ურთიერთობა (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:10—12).

10. რატომ არიან მშვიდობისმყოფელნი ბედნიერნი?

10 როგორც უკვე აღვნიშნეთ, იესომ თქვა, რომ ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი, „რადგან მათ ღვთის შვილები დაერქმევათ“. სულითცხებულმა ქრისტიანებმა ირწმუნეს, რომ იესო მესია იყო, და „ღვთის შვილებად გახდომის უფლება“ მიიღეს (იოან. 1:12; 1 პეტ. 2:24). რას ვიტყოდით იესოს მშვიდობისმყოფელ „სხვა ცხვარზე“? თავის თანამემკვიდრეებთან ერთად ათასწლიანი მმართველობის დროს იესო მათი „მარადიული მამა“ იქნება (იოან. 10:14, 16; ეს. 9:6; გამოცხ. 20:6). ათასწლიანი მმართველობის ბოლოს კი ეს მშვიდობისმყოფელი ადამიანები ღვთის მიწიერი შვილები გახდებიან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით (1 კორ. 15:27, 28).

11. როგორი ურთიერთობა გვექნება სხვებთან, თუ „ზემოდან მომავალი სიბრძნით“ ვიხელმძღვანელებთ?

11 „მშვიდობის ღმერთთან“, იეჰოვასთან, ახლო ურთიერთობა რომ გვქონდეს, ჩვენც ისეთივე თვისებები უნდა განვივითაროთ, როგორიც მას აქვს. ერთ-ერთი მათგანია მშვიდობისმყოფელობა (ფილ. 4:9). თუ „ზემოდან მომავალი სიბრძნით“ ვიხელმძღვანელებთ, სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობა გვექნება (იაკ. 3:17). მშვიდობისმყოფელობა მართლაც მოგვიტანს ბედნიერებას.

„თქვენი სინათლეც ანათებდეს“

12. ა) რა აღნიშნა იესომ სულიერ სინათლესთან დაკავშირებით? ბ) როგორ უნდა „ვანათებდეთ“?

12 ადამიანებს საუკეთესო დახმარებას იმ შემთხვევაში გავუწევთ, თუ ღვთის სულიერ სინათლეს ვაზიარებთ (ფსალმ. 43:3). იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ისინი იყვნენ „ქვეყნიერების სინათლე“, და მოუწოდა, ისე „ენათებინათ“, რომ ხალხს მათი „კარგი საქმეები“ დაენახა. ისინი სულიერი მნათობები უნდა ყოფილიყვნენ „ადამიანთა წინაშე“ მათივე საკეთილდღეოდ (წაიკითხეთ მათეს 5:14—16). დღეს ჩვენ იმ გაგებით ვანათებთ, რომ სიკეთეს ვუკეთებთ მოყვასს და სასიხარულო ცნობას ვუქადაგებთ „მთელ ქვეყნიერებას“, ანუ „ყველა ხალხს“ (მათ. 26:13; მარ. 13:10). მართლაც რომ დიდი პატივი გვხვდა წილად!

13. რით გვცნობს ხალხი და რა არ რჩებათ შეუმჩნეველი?

13 „მთაზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება“, — თქვა იესომ. მთაზე აშენებული ქალაქი კარგად ჩანს. მსგავსად ამისა, როდესაც ვქადაგებთ, ადვილად გვცნობენ; ხალხს შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენი კარგი საქმეები, თავშეკავებულობა და პატიოსნება (ტიტ. 2:1—14).

14. ა) რა დანიშნულება ჰქონდა ლამპარს პირველ საუკუნეში? ბ) რა გაგებით არ უნდა დაჩრდილოს „საწყაომ“ ჩვენი სულიერი სინათლე?

14 იესომ აგრეთვე მოიხსენია ლამპარი, რომელსაც დებენ არა საწყაოს ქვეშ, არამედ სალამპრეზე, რათა ოთახში ყველას უნათებდეს. პირველ საუკუნეში თიხისგან დამზადებულ ლამპარს იყენებდნენ; მას ჰქონდა პატრუქი, რომელიც სითხით (როგორც წესი, ეს იყო ზეითუნის ზეთი) იჟღინთებოდა, რომ არ ჩამქრალიყო. ხშირად ლამპარს ხის ან ლითონის სალამპრეზე დგამდნენ, რათა ‘სახლში ყველასთვის გაენათებინა’. ანთებულ ლამპარს არასდროს დგამდნენ „საწყაოს ქვეშ“, რომელიც დაახლოებით ათლიტრიანი ჭურჭელი იყო. იესოს არ უნდოდა, რომ მისი მოწაფეების სულიერი სინათლე „საწყაოს“ დაეჩრდილა. ასე რომ, ჩვენ ყოველთვის უნდა „ვანათოთ“, და დევნისა თუ წინააღმდეგობის გამო თავი არ უნდა შევიკავოთ ჭეშმარიტების გაცხადებისგან.

15. რა გავლენას ახდენს ჩვენი კარგი საქმეები ზოგიერთ ადამიანზე?

15 ლამპრის მაგალითის მოყვანის შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას“. როდესაც ხალხი ჩვენს კარგ საქმეებს ხედავს, ზოგი მათგანი ღვთის მსახური ხდება და ღმერთს განადიდებს. ეს კი სტიმულს გვაძლევს, რომ კვლავაც ვანათებდეთ, „როგორც მნათობები ქვეყნიერებაში“ (ფილ. 2:15).

16. რა არის საჭირო იმისათვის, რომ „ქვეყნიერების სინათლე“ ვიყოთ?

16 „ქვეყნიერების სინათლე“ რომ ვიყოთ, საჭიროა, ვიქადაგოთ სამეფოს შესახებ და მოვამზადოთ მოწაფეები. მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. პავლე მოციქულმა დაწერა: „იარეთ, როგორც სინათლის შვილებმა, რადგან სინათლის ნაყოფია ყოველივე კარგი, სიმართლე და ჭეშმარიტება“ (ეფეს. 5:8, 9). ჩვენ ღვთისმოსაწონად უნდა ვიქცეოდეთ, რითაც სხვებს კარგ მაგალითს მივცემთ. გავითვალისწინოთ პეტრე მოციქულის რჩევა: „კვლავაც კარგად მოიქეცით ქვეყნიერებაში, რათა, რაშიც გძრახავენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კარგი საქმეები და განადიდონ ღმერთი შემოწმების დღეს“ (1 პეტ. 2:12). მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენსა და თანამორწმუნეს შორის ურთიერთობა დაიძაბა?

„ჯერ შენს ძმას შეურიგდი“

17—19. ა) რა „ძღვენზეა“ საუბარი მათეს 5:23, 24-ში? ბ) რამდენად მნიშვნელოვანია ძმასთან შერიგება, და როგორ დაგვანახვა ეს იესომ?

17 მთაზე ქადაგების დროს იესომ თავისი მოწაფეები გააფრთხილა, რომ ძმის მიმართ ბრაზი და სიძულვილი არ ჩაეტოვებინათ გულში. პირიქით, მათ დაუყოვნებლივ უნდა აღედგინათ განაწყენებულ ძმასთან მშვიდობიანი ურთიერთობა (წაიკითხეთ მათეს 5:21—25). წარმოიდგინე, რომ ძველ ისრაელში ცხოვრობ, ძღვენი მიგაქვს სამსხვერპლოზე და იქ გახსენდება, რომ შენს ძმას რაღაც აქვს შენ წინააღმდეგ. როგორ უნდა მოიქცე? უნდა დატოვო ძღვენი სამსხვერპლოს წინ, წახვიდე და ძმას შეურიგდე. შემდეგ შეგიძლია დაბრუნდე და შესწირო ძღვენი.

18 „ძღვენი“ იყო შესაწირავი, რომელიც ღვთის მსახურს იეჰოვას ტაძარში უნდა მიეტანა. მოსეს კანონის მიხედვით ცხოველების შეწირვა ისრაელებისთვის თაყვანისმცემლობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო, რადგან ამას ღმერთი მოითხოვდა მათგან. მაგრამ, თუ ებრაელს გაახსენდებოდა, რომ მის ძმას რაღაც ჰქონდა მის წინააღმდეგ, პირველ რიგში, ძმასთან ურთიერთობა უნდა აღედგინა და შემდეგ შეეწირა მსხვერპლი. იესომ თქვა: „დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი და, როცა დაბრუნდები, მერე შესწირე შენი ძღვენი“. როგორც ვხედავთ, ძმასთან შერიგება მოსეს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულებაზე მნიშვნელოვანი იყო.

19 იესოს არ მოუხსენიებია რომელიმე კონკრეტული შესაწირავი ან კონკრეტული ცოდვა. ამიტომ ებრაელს ნებისმიერი მსხვერპლის შეწირვა უნდა გადაედო, როცა გაახსენდებოდა, რომ ძმას რაღაც ჰქონდა მის წინააღმდეგ. მაგალითად, შესაწირავი ცხოველი დასაწვავი შესაწირავის „სამსხვერპლოს წინ“ უნდა დაეტოვებინა, ტაძრის შიდა ეზოში, სადაც მღვდლები მსხვერპლს სწირავდნენ. მხოლოდ ძმასთან შერიგების შემდეგ შეეძლო მწყენინებელს დაბრუნებულიყო და მსხვერპლი შეეწირა.

20. დაუყოვნებლივ რატომ უნდა აღვადგინოთ ძმასთან ურთიერთობა?

20 ღვთის თვალსაზრისით, ძმებთან ურთიერთობა ჩვენი თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილია. თუ შემწირველი მოყვასს ცუდად მოექცეოდა, მის მიერ გაღებულ შესაწირავს იეჰოვას თვალში ფასი დაეკარგებოდა (მიქ. 6:6—8). ამიტომ მოუწოდა იესომ თავის მოწაფეებს, რომ ‘სასწრაფოდ მოეგვარებინათ საქმე’ (მათ. 5:25). მსგავსი რამ პავლე მოციქულმაც დაწერა: „განრისხებისას ნუ შესცოდავთ. მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ; ადგილი არ მისცეთ ეშმაკს“ (ეფეს. 4:26, 27). შეიძლება სამართლიანად განვრისხდეთ ვინმეზე, მაგრამ დაუყოვნებლივ უნდა გამოვასწოროთ მდგომარეობა, რათა ბრაზი გულში არ ჩავიტოვოთ და სატანის მახეში არ აღმოვჩნდეთ (ლუკ. 17:3, 4).

ყოველთვის პატივისცემით მოექეცით სხვებს

21, 22. ა) რაში გვეხმარება იესოს რჩევები, რომელიც ზემოთ განვიხილეთ? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

21 იესოს რჩევები, რომელიც მან მთაზე ქადაგების დროს წარმოთქვა, გვეხმარება, რომ სხვებს კეთილად და პატივისცემით მოვექცეთ. მართალია არასრულყოფილები ვართ, მაგრამ იესოს რჩევის გათვალისწინება შესაძლებელია, რადგან არც იესო და არც ჩვენი ზეციერი მამა იმაზე მეტის გაკეთებას არ მოითხოვენ ჩვენგან, ვიდრე შეგვიძლია. ლოცვით, მონდომებითა და ღვთის მხარდაჭერით რბილი ხასიათისანი, გულმოწყალენი და მშვიდობისმყოფელნი ვიქნებით. ამგვარად, ჩვენ შევძლებთ, რომ „ვანათოთ“ და განვადიდოთ იეჰოვა. ეს თვისებები აგრეთვე დაგვეხმარება ძმასთან მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენაში.

22 იეჰოვასთვის ჩვენი თაყვანისმცემლობა მისაღები რომ იყოს, მოყვასსაც კარგად უნდა ვექცეოდეთ (მარ. 12:31). მომდევნო სტატიაში განვიხილავთ მთაზე ქადაგების სხვა მონაკვეთებს, რაც დაგვეხმარება, სხვებს კარგად მოვექცეთ. იესოს რჩევების განხილვის შემდეგ ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორ ვექცევი სხვებს?

[სქოლიო]

^ აბზ. 1 კარგი იქნება, თუ ამ და მომდევნო სტატიის მომზადებამდე მითითებულ მუხლებს წაიკითხავთ.

როგორ უპასუხებთ?

• რა არის რბილი ხასიათი?

• რატომ არიან გულმოწყალენი ბედნიერნი?

• როგორ უნდა „ვანათებდეთ“?

• უმალვე რატომ უნდა ‘შევურიგდეთ ჩვენს ძმას’?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 4 გვერდზე]

სულიერი მნათობები რომ ვიყოთ, აუცილებელია ღვთის სამეფოს შესახებ ვიქადაგოთ

[სურათი 5 გვერდზე]

ქრისტიანები ღვთისმოსაწონად უნდა იქცეოდნენ

[სურათი 6 გვერდზე]

ყოველმხრივ ეცადეთ, რომ ძმასთან მშვიდობიანი ურთიერთობა აღადგინოთ