არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“

„ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“

დაუახლოვდით ღმერთს

„ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“

(საქმეები 17:24—27).

უკიდეგანო სამყაროსთან შედარებით ადამიანები ძალიან პატარები ვართ. ამიტომ შეიძლება დავფიქრდეთ, მართლა შეუძლია უბრალო ადამიანს ყოვლისშემძლე ღმერთთან დაახლოება? ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დაგვიახლოებს ღმერთი, რომლის სახელიც იეჰოვაა. სურს ღმერთს ჩვენი დაახლოება? მანუგეშებელი პასუხი საქმეების 17:24—27-შია ჩაწერილი. პავლე შთამბეჭდავი სიტყვებით მიმართავს ათენელ განათლებულ ადამიანებს. მან ოთხი რამ აღნიშნა იეჰოვას შესახებ.

პირველი, პავლე ამბობს, რომ ღმერთმა „შექმნა სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია“ (მუხლი 24). დედამიწაზე არსებულ ცოცხალ ქმნილებათა მრავალფეროვნება და სილამაზე ჩვენი შემოქმედის მზრუნველობასა და სიყვარულზე მეტყველებს (რომაელები 1:20). უგუნურება იქნებოდა გვეფიქრა, რომ ასეთი ღმერთი თავისი საყვარელი ქმნილებებისგან შორს ყოფნას არჩევდა.

მეორე, იეჰოვა „აძლევს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვასა და ყოველივეს“ (მუხლი 25). ჩვენ იეჰოვას წყალობით ვცოცხლობთ (ფსალმუნი 36:9). სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰაერი, წყალი და საკვები შემოქმედის საჩუქარია (იაკობი 1:17). განა გონივრულია, გვჯეროდეს, რომ ჩვენი გულუხვი ღმერთი შორს იქნებოდა ჩვენგან, თავს არ გაგვაცნობდა და არ დაგვიახლოებდა?!

მესამე, ღმერთმა „ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი“ (მუხლი 26). იეჰოვა მიუკერძოებელია და არავის მიმართ აქვს წინასწარშექმნილი ცუდი აზრი (საქმეები 10:34). სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო! მან შექმნა „ერთი ადამიანი“ — ადამი, რომლისგანაც ყველა ერი და რასა წარმოიშვა. ღვთის „ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს“ (1 ტიმოთე 2:4). ასე რომ, კანის ფერის, ეროვნებისა თუ ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად, ყველას გვაქვს ღმერთთან დაახლოების შესაძლებლობა.

დაბოლოს, პავლე ყველაზე დამაიმედებელ და უტყუარ სიტყვებს ამბობს: „[იეჰოვა] შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (მუხლი 27). მართალია, იეჰოვა უზენაესია, მაგრამ გულწრფელ ადამიანებს ყოველთვის აძლევს შესაძლებლობას, დაუახლოვდნენ მას. მისი სიტყვა გვარწმუნებს, რომ ის შორს არ არის, არამედ „ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს“ (ფსალმუნი 145:18).

პავლეს სიტყვებიდან აშკარად ჩანს, რომ ღმერთს სურს, დავუახლოვდეთ. მაგრამ მისი სიტყვების თანახმად, ღმერთი ამის საშუალებას მხოლოდ მათ აძლევს, ვინც „ეძებს“ მას და ცდილობს „როგორმე იგრძნოს“ ის (მუხლი 27). ბიბლიის მთარგმნელთათვის განკუთვნილ ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ ამ მუხლში გამოყენებული ორივე ზმნა ისეთ სურვილს გამოხატავს, რომლის შესრულებაც შესაძლებელია. მოვიყვანოთ მაგალითი — ღამით, ბნელ ნაცნობ ოთახში შუქის ასანთებად ხელის ცეცებით ეძებთ ჩამრთველს ან ეძებთ გასასვლელ კარს და დარწმუნებული ხართ, რომ იპოვით. ამის მსგავსად, თუ გულწრფელად ვეძებთ და ვცდილობთ, როგორმე ვიგრძნოთ ღმერთი, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი მცდელობა დაჯილდოვდება. პავლე გვარწმუნებს, რომ ვიპოვით ღმერთს (მუხლი 27).

გსურთ, დაუახლოვდეთ ღმერთს? იმედი არ გაგიცრუვდებათ, თუ რწმენით ეძებთ მას და ცდილობთ, როგორმე იგრძნოთ ის. იეჰოვას პოვნა ძნელი როდია, რადგან „შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“.