არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღმერთი მოწყალე იყო ჩემ მიმართ

ღმერთი მოწყალე იყო ჩემ მიმართ

ღმერთი მოწყალე იყო ჩემ მიმართ

მოგვითხრო ბოლფენკ მოჩნიკმა

„გამაგრდი!“ — გამამხნევა დედამ და გადამეხვია. პოლიციელმა ერთმანეთს დაგვაშორა და სასამართლო პროცესიც დაიწყო. ბოლოს განაჩენიც გამომიცხადეს და ხუთი წლით პატიმრობა მომისაჯეს. ბევრს ამის მოსმენა გაანადგურებდა, მაგრამ მე, როგორც იქნა, შინაგანი სიმშვიდე ვიგრძენი. მინდა მოგითხროთ, რა მოხდა.

ეს ამბავი სლოვენიაში 1952 წელს მოხდა *. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ორ ათეულზე მეტი წლის წინ, 1930 წელს, დაიწყო. ბიბლიის მკვლევარებმა (ასე უწოდებდნენ მაშინ იეჰოვას მოწმეებს) ჩემს ქვეყანაში პირველად ჩაატარეს ჯგუფური ნათლობა. მონათლულთა შორის იყვნენ ჩემი მშობლებიც — ბეტა და ფრენც მოჩნიკები. მაშინ მე ექვსი წლის ვიყავი, ჩემი და მიდა კი — ოთხის. ჩვენი სახლი მარიბორში ქრისტიანული საქმიანობის ცენტრი გახდა.

1933 წელს ადოლფ ჰიტლერმა აიღო ხელში ძალაუფლება; მან იეჰოვას მოწმეების დევნა დაიწყო. მრავალი გერმანელი მოწმე იუგოსლავიაში გადმოვიდა, რათა აქაურებს სამქადაგებლო საქმიანობაში დახმარებოდა. ჩემს მშობლებს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა ასეთი ერთგული სტუმრების მასპინძლობა. ძალიან კარგად დამამახსოვრდა ერთ-ერთი სტუმარი, მარტინ პოეტზინგერი, რომელმაც მოგვიანებით სხვადასხვა ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში ცხრა წელი გაატარა. 1977 წლიდან სიკვდილამდე, 1988 წლამდე, ის იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი იყო.

ჩვენთან სტუმრობისას მარტინს ყოველთვის ჩემს საწოლში ეძინა, მე და ჩემს დას კი — მშობლების საძინებელ ოთახში. მას თან ჰქონდა პატარა დასურათებული ჯიბის ენციკლოპედია, რომელიც ძალიან მომწონდა. მიყვარდა ამ წიგნის ფურცვლა.

დიდი განსაცდელები

1936 წელს, როდესაც ჰიტლერი უფრო და უფრო მეტ ძალაუფლებას იკრებდა, ჩემი მშობლები ლუცერნში (შვეიცარია) მნიშვნელოვან საერთაშორისო კონგრესს დაესწრნენ. იქ მამას ბიბლიური ქადაგების აუდიო-ჩანაწერის გაკეთება სთხოვეს, რადგან კარგი ბარიტონი ჰქონდა; მოგვიანებით ამ ჩანაწერს კარდაკარ ქადაგებისას მთელ სლოვენიაში ისმენდნენ. მალევე ამ მნიშვნელოვანი კონგრესის შემდეგ ევროპაში მოწმეების საშინელი დევნა დაიწყო. მრავალმა ამ დევნის გამო საშინელებები გამოიარა; ბევრი კი ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპა.

1939 წლის სექტემბერში II მსოფლიო ომი დაიწყო; 1941 წლის აპრილში კი გერმანელთა ჯარმა იუგოსლავიის გარკვეული ნაწილი დაიპყრო. სლოვენური სკოლები დაიხურა. ქუჩაში მშობლიურ ენაზე ლაპარაკი გვეკრძალებოდა. იეჰოვას მოწმეები ნებისმიერ პოლიტიკურ კონფლიქტში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ; ამიტომ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს *. შედეგად, მრავალი მოწმე დააპატიმრეს, ზოგი კი სიკვდილით დასაჯეს; სიკვდილით დასჯილთა შორის იყო ახალგაზრდა ფრანც დოზგი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი. სიკვდილმისჯილებს ნაცისტები ჩვენი სახლიდან არც ისე შორს ხვრეტდნენ. დღესაც თვალწინ მიდგას, როგორ კიდებდა დედა ნაჭერს ხელს და ყურებზე იფარებდა, რათა სროლის ხმა არ გაეგონა. გამოსამშვიდობებელ წერილში ფრანცის უკანასკნელი სიტყვები იყო: „შევხვდებით ღვთის სამეფოში“.

სანანებლად გავიხადე საქმე

მაშინ 19 წელი შემისრულდა. მართალია, ფრანცის სიმტკიცით აღფრთოვანებული ვიყავი, მაგრამ ძალიან მეშინოდა იმის, რომ მეც მომკლავდნენ. ჩემი რწმენა სუსტი იყო და იეჰოვა ღმერთთან ზედაპირული ურთიერთობა მქონდა. სწორედ ამ დროს ჯარში გამიწვიეს. შიშის გრძნობა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე რწმენა; ჯარშიც ამიტომ წავედი.

რუსეთის ფრონტზე გამგზავნეს. მალე თანამებრძოლების ხოცვის მოწმე გავხდი. ომი საშინელი და სასტიკი იყო. სინდისი უფრო და უფრო მაწუხებდა. ლოცვაში იეჰოვას პატიებას ვთხოვდი და ვევედრებოდი, სწორად მოქმედების ძალა მოეცა. ერთი სასტიკი შეტევის დროს დიდი არეულობით ვისარგებლე და გავიქეცი.

ვიცოდი, რომ თუ დამიჭერდნენ, სიკვდილით დასჯა არ ამცდებოდა. მომდევნო შვიდი თვის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას ვიმალებოდი. ერთხელ მიდასთვის წერილის გაგზავნაც მოვახერხე. მას ვწერდი: „შევწყვიტე ძველ დამსაქმებელთან მუშაობა და ახლა სხვასთან ვარ“. ამ სიტყვებით იმის თქმა მსურდა, რომ ახლა იეჰოვას ნების შესრულებას ვაპირებდი, მაგრამ ვიდრე პირობას შევასრულებდი, წლები გავიდა.

1945 წლის აგვისტოში, მოკავშირეთა ძალების მიერ გერმანიის ოკუპაციიდან სამი თვის შემდეგ, მარიბორში დაბრუნება შევძელი. საოცარია, მაგრამ ჩემი ოჯახის სამივე წევრი — მამა, დედა და და — ცოცხალი გადაურჩა ომის საშინელებას. იმ დროს ხელისუფლების სათავეში კომუნისტები იყვნენ, რომლებიც იეჰოვას მოწმეებს დევნიდნენ. ქადაგება ოფიციალურად აკრძალული იყო, მაგრამ მოწმეები იატაკქვეშ მაინც განაგრძობდნენ თავიანთ საქმიანობას.

1947 წლის თებერვალში სამ ერთგულ მოწმეს — როდოლფ კელეს, დიუსან მიკიჩსა და ედმუნდ სტროპკინს — სიკვდილი მიუსაჯეს. მოგვიანებით მათ სასჯელი 20 წლის პატიმრობით შეუცვალეს. ახალ ამბებში ეს ყველაფერი დაწვრილებით გააშუქეს; ამ დროს მრავალმა გაიგო, რომ იეჰოვას მოწმეებს უსამართლოდ ეპყრობოდნენ. გული მეკუმშებოდა, როცა ახალ ამბებს ვეცნობოდი. უკვე ვიცოდი, რას გავაკეთებდი.

სულიერად ვძლიერდები

გული მტკიოდა, რადგან მესმოდა, რომ ბიბლიური ჭეშმარიტების მხარეს მტკიცედ ვერ დავდექი; ამიტომ აკრძალვის პერიოდში აქტიურად ჩავები იეჰოვას მოწმეთა საქმიანობაში. გულმოდგინედ დავიწყე ბიბლიის კითხვა, რის შედეგადაც სულიერად გავძლიერდი; მივატოვე ცუდი ჩვევები, მაგალითად, თავი დავანებე სიგარეტს.

1951 წელს ღმერთს თავი მივუძღვენი და მოვინათლე; დავუბრუნდი ძველი ცხოვრების წესს, რომელიც დაახლოებით 10 წლის წინ მივატოვე. ბოლოს უკვე იეჰოვა ჩემი ჭეშმარიტი მამა გახდა — ერთგული და მოსიყვარულე. სიყმაწვილეში არაერთი არაგონივრული გადაწყვეტილება მიმიღია, მაგრამ ჩემზე დიდი გავლენა იქონია ბიბლიის სიტყვებმა იმის შესახებ, რომ ღმერთი მიმტევებელია. ღმერთი, როგორც მოსიყვარულე მამა, „სიყვარულის თასმებით“ მიზიდავდა (ოსია 11:4).

იმ რთულ დროში ქრისტიანული შეხვედრები საიდუმლოდ ტარდებოდა რამდენიმე მოწმის სახლში და ქადაგებაც არაოფიციალურად მიმდინარეობდა. მონათვლიდან ერთი წელიც არ იყო გასული, როცა დამაპატიმრეს. დედა სასამართლოს დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოვიდა და ცოტა ხნით ერთმანეთი ვნახეთ. როგორც სტატიის დასაწყისში მოვიხსენიე, ის გადამეხვია და მითხრა: „გამაგრდი!“ როდესაც ხუთი წლით პატიმრობა მომისაჯეს, მშვიდად და მტკიცედ ვიყავი.

ერთ პატარა საკანში ჩამსვეს, სადაც ჩემ გარდა კიდევ სამი პატიმარი იჯდა. მათთვის ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარების შესაძლებლობა მომეცა; ციხე რომ არა, მათ ვერასდროს ვუქადაგებდი. თან არც ბიბლია მქონდა და არც ბიბლიური ლიტერატურა, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, გამახსენდა ბიბლიური მუხლებიცა და მათი ახსნაც; ეს კი პირადი შესწავლის დამსახურება იყო. ციხეში ხუთი წელიც რომ ვმჯდარიყავი, იეჰოვა მომცემდა ძალას, პატიმრებთან ქადაგების გასაგრძელებლად, მაგრამ იეჰოვამ საპატიმროს კარი უფრო ადრე გამიღო. და, თუ იეჰოვამ გამიღო კარი, ვინღა შეძლებდა მის დახურვას?!

გარკვეული თავისუფლება

1953 წლის ნოემბერში მთავრობამ ამნისტია გამოაცხადა და ციხიდან ყველა იეჰოვას მოწმე გაგვათავისუფლა. მაშინ გავიგე, რომ ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის აკრძალვა ორი თვის წინ გაუქმებულა. მაშინვე შევუდექით კრებებისა და სამქადაგებლო საქმიანობის რეორგანიზებას. შეხვედრებისთვის ადგილი მარიბორის ცენტრში, ერთი შენობის სარდაფში გამოვნახეთ. გარეთ კედელზე გავაკარით წარწერა: „იეჰოვას მოწმეები — მარიბორის კრება“. თავისუფლად, აკრძალვის გარეშე, იეჰოვას მსახურება გულს სიხარულითა და მადლიერებით გვივსებდა.

1961 წლის დასაწყისში სრული დროით — პიონერად დავიწყე მსახურება. დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ იუგოსლავიაში იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მიმიწვიეს. ის ზაგრებში (ხორვატია) მდებარეობდა. მაშინ ფილიალი სულ ერთი პატარა ოთახი იყო, სადაც სამი კაცი მუშაობდა. დღის განმავლობაში მეზობლად მცხოვრები თანაქრისტიანები მოდიოდნენ და ადგილობრივ ენაზე „საგუშაგო კოშკის“ გამოცემაში გვეხმარებოდნენ.

დამხმარეთა შორის იყვნენ მეზობლად მცხოვრები ქრისტიანი დებიც. სხვა საქმეებთან ერთად, ისინი ჟურნალის ფურცლებსაც კინძავდნენ. მე სხვადასხვა საქმეს ვაკეთებდი — კორექტორად ვმუშაობდი, ვთარგმნიდი, კურიერის მოვალეობას ვასრულებდი და ანგარიშებსაც ვაწარმოებდი.

სხვა სახის მსახურება

1964 წელს მიმომსვლელ ზედამხედველად დამნიშნეს. რეგულარულად უნდა მომენახულებინა იეჰოვას მოწმეთა კრებები და სულიერად გამეძლიერებინა. ძალიან მომწონდა მსახურების ეს ფორმა. დროის უმეტეს ნაწილს ერთი კრებიდან მეორეში ავტობუსით ან მატარებლით მგზავრობაში ვატარებდი; პატარა სოფლებში კი, ზოგჯერ მუხლებამდე ტალახში, ველოსიპედით ან ფეხით დავდიოდი.

დროდადრო სასაცილო მდგომარეობაშიც ვვარდებოდი. ერთხელ ერთმა ქრისტიანმა ძმამ სხვა კრებაში ცხენშებმული ორთვალათი წამიყვანა. ატალახებულ გზას რომ დავადექით, ურემს ერთი თვალი გასძვრა და ორივე ტალახში აღმოვჩნდით. ზემოდან ცხენი თითქოს გაფართოებული თვალებით გაოცებული დაგვცქეროდა. მას შემდეგ არაერთი წელი გავიდა, მაგრამ, როცა ამ ამბავს ვიხსენებ, ყოველთვის გულიანად ვიცინი. დღემდე განსაკუთრებული სითბოთი ვიხსენებ სოფლებში მცხოვრები საყვარელი თანაქრისტიანების უანგარო სიყვარულს.

ქალაქ ნოვი-სადში ერთი პიონერი და მარიკა გავიცანი. ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი მისმა სიყვარულმა და მსახურებაში გამოვლენილმა გულმოდგინებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გადავწყვიტე მასზე დავქორწინებულიყავი. გარკვეული დროის შემდეგ დავქორწინდით კიდეც, ერთად დავიწყეთ მსახურება და კრებების მონახულება.

აკრძალვის დროს სირთულეები არც ჩემს ოჯახს მოჰკლებია. მამას ცილი დასწამეს და ომის დროს მტრის მოკავშირეობაში დასდეს ბრალი, რის გამოც სამსახურიდან დაითხოვეს. ის დიდხანს ცდილობდა თავისი სიმართლის დამტკიცებას და სამსახურში დაბრუნებას, მაგრამ ამაოდ, რამაც გული გაუტეხა. ამ პერიოდში მამას რწმენა შეერყა, მაგრამ სიკვდილის წინ ისევ გაძლიერდა სულიერად. 1984 წელს, როდესაც გარდაიცვალა, ის აქტიურად მსახურობდა თავის კრებაში. ჩემი თავმდაბალი და ერთგული დედა შედარებით ადრე, 1965 წელს დაიღუპა. მიდა დღემდე მსახურობს მარიბორის კრებაში.

ავსტრიაში მსახურება

1972 წელს მე და მარიკას ავსტრიაში გამგზავრება და იუგოსლავიელ ემიგრანტებთან ქადაგება შემოგვთავაზეს. როცა დედაქალაქში — ვენაში ჩავედით, ვერც კი წარმოგვედგინა, რომ აქედან აღარსად წავიდოდით. დროთა განმავლობაში იუგოსლავიელი ემიგრანტებისგან შემდგარი კრებები და ჯგუფები მთელ ავსტრიაში ჩამოყალიბდა.

გავიდა დრო და მიმომსვლელ ზედამხედველად დავიწყე მსახურება და კრებების მონახულება, რომელთა რიცხვიც დღითი დღე იზრდებოდა. მოგვიანებით გვთხოვეს გერმანიასა და შვეიცარიაშიც მოგვენახულებინა იუგოსლავიელი ემიგრანტებისგან შემდგარი კრებები. ამ ქვეყნებში მრავალი დიდი და პატარა კონგრესის ორგანიზებაში მივიღე მონაწილეობა.

ერთხელ ერთ ასეთ დიდ კონგრესზე ხელმძღვანელი საბჭოს წევრებიც ჩამოვიდნენ და მარტინ პოეტზგინგერთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა. გავიხსენეთ დაახლოებით 40 წლის წინანდელი, ანუ იმ დროინდელი შემთხვევები, როცა ის ხშირად სტუმრობდა ჩვენს სახლს. მარტინს ვკითხე: „გახსოვს, როგორ მიყვარდა შენი ჯიბის ენციკლოპედიის ფურცვლა?“

„ერთი წუთით“, — მიპასუხა მან და ოთახიდან გავიდა. მალე წიგნით ხელში დაბრუნდა და მითხრა: „აიღე, ჩემგან საჩუქრად გქონდეს“. ეს წიგნი დღემდე ჩემს ბიბლიოთეკაში მაქვს და ძალიან მიყვარს.

ავადმყოფობის მიუხედავად, მაინც აქტიური

1983 წელს კიბოს დიაგნოზი დამისვეს და მალევე მითხრეს, რომ დიდხანს ვერ ვიცოცხლებდი. ეს პერიოდი ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით კი მარიკასთვის, მაგრამ მისი მზრუნველობითა და მრავალი ქრისტიანი ძმის დახმარებით დღემდე სრულფასოვანი ცხოვრებით ვცხოვრობ.

მე და მარიკა დღემდე ვენაში ვმსახურობთ სრული დროით. დილაობით ფილიალში მივდივარ და მთარგმნელობით განყოფილებაში ვმუშაობ, მარიკა კი ქალაქში ქადაგებს. გულს სიხარულით მივსებს იმის დანახვა, რომ ავსტრიაში იმ იუგოსლავიელ იმიგრანტთა რიცხვმა, რომლებიც მოწმეები გახდნენ, 1 300-ს გადააჭარბა. მე და მარიკა მრავალ მათგანს დავეხმარეთ ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებაში.

გასულ წლებში მონაწილეობა მივიღე იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკებში ფილიალების მიძღვნის პროგრამაში: 1999 წელს — ხორვატიაში, ხოლო 2006 წელს — სლოვენიაში. როგორც დიდი ხნის მოწმეს, მთხოვდნენ მომეთხრო, როგორ დაიწყო ამ ქვეყნებში სამქადაგებლო საქმიანობა დაახლოებით 70 წლის წინ.

იეჰოვა მართლაც მოსიყვარულე მამაა, რომელიც მზად არის, გვაპატიოს შეცდომები. მადლიერი ვარ, რომ იეჰოვა დანაშაულს არ აკვირდება! (ფსალმუნი 130:3). ის ჩემ მიმართ ნამდვილად კეთილი და გულმოწყალე იყო *.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 მაშინ იუგოსლავიის შემადგენლობაში ექვსი რესპუბლიკა (მათ შორის სლოვენია) შედიოდა.

^ აბზ. 9 იმის ბიბლიური მიზეზი, თუ რატომ არ იღებენ მონაწილეობას იეჰოვას მოწმეები ომებში, შეგიძლიათ იხილოთ ამავე ჟურნალის 22-ე გვერდზე რუბრიკაში „მკითხველები გვეკითხებიან“.

^ აბზ. 39 2008 წლის 11 აპრილს, ვიდრე ეს სტატია მზადდებოდა, ბოლფენკ მოჩნიკი გარდაიცვალა.

[სურათი 27 გვერდზე]

მარცხნიდან მარჯვნივ: ჩემი მშობლები, ბეტა და ფრენც მოჩნიკები, მიდა და მე მარიბორში (სლოვენია), 1940-იანი წლები.

[სურათი 29 გვერდზე]

მეუღლესთან, მარიკასთან ერთად