არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავისუფლად ლაპარაკობ „სუფთა ენაზე“?

თავისუფლად ლაპარაკობ „სუფთა ენაზე“?

თავისუფლად ლაპარაკობ „სუფთა ენაზე“?

„მივცემ ხალხებს სუფთა ენას, რათა მოუხმონ იეჰოვას სახელს“ (სოფ. 3:9).

1. რა ძღვენი გვიბოძა იეჰოვამ?

ენა, რომელზეც ვმეტყველებთ, შემოქმედისგან, იეჰოვა ღმერთისგან ბოძებული ძღვენია (გამ. 4:11, 12). მან პირველი ადამიანი, ადამი, არა მხოლოდ მეტყველების, არამედ ახალი სიტყვების შექმნის უნარითაც დააჯილდოვა და, შესაბამისად, ლექსიკის გამდიდრების საშუალებაც მისცა (დაბ. 2:19, 20, 23). ენა მართლაც საოცარი ძღვენია! ენის მეშვეობით ზეციერ მამასთან ურთიერთობისა და მისი სახელის განდიდების საშუალება გვეძლევა.

2. რატომ არ ვლაპარაკობთ დღეს ერთ ენაზე?

2 ადამიანის შექმნიდან პირველი 17 საუკუნის განმავლობაში ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ და „ერთნაირად მეტყველებდნენ“ (დაბ. 11:1). მაგრამ ნიმროდის დროს ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. ურჩი ადამიანები იეჰოვას წინააღმდეგ წავიდნენ და გადაწყვიტეს, ერთად დასახლებულიყვნენ იმ ადგილზე, რომელსაც მოგვიანებით ბაბელი ეწოდა. მათ უზარმაზარი კოშკის აგება დაიწყეს, მაგრამ არა იეჰოვას განსადიდებლად, არამედ იმისათვის, რომ თავად ‘გაეთქვათ სახელი’. ამიტომ, იეჰოვამ ‘ენა აურია’ მათ და სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა. ამის შედეგად ისინი მთელ დედამიწაზე გაიფანტნენ (წაიკითხეთ დაბადების 11:4—8).

3. რა მოხდა, როდესაც იეჰოვამ ბაბელში ენა აურია თავის მოწინააღმდეგეებს?

3 როგორც ამბობენ, დღეს 6 800-ზე მეტი ენა არსებობს. თითოეულ მათგანს თავისი ლოგიკა აქვს. როდესაც იეჰოვა ღმერთმა თავის მოწინააღმდეგეებს ენა აურია, როგორც ჩანს, თავდაპირველი ენა დაავიწყა. სამაგიეროდ, მისცა არა მხოლოდ ახალი ლექსიკა და გრამატიკა, არამედ თავ-თავიანთ ენებზე აზრების თავისებურად ჩამოყალიბების უნარიც. ამიტომ გასაკვირი არ არის, თუ რატომ ეწოდა იმ ადგილს ბაბელი, რაც „არევ-დარევას“ ნიშნავს (დაბ. 11:9, სქოლ.). აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ბიბლია იძლევა დამაკმაყოფილებელ პასუხს, თუ რატომ არსებობს ამდენი ენა.

ახალი, „სუფთა ენა“

4. იეჰოვას წინასწარმეტყველების თანახმად, რა უნდა მომხდარიყო ჩვენს დროში?

4 მართალია, საინტერესოა ის, რასაც ბიბლიაში ვკითხულობთ ღვთის მიერ ბაბელში ენების არევის შესახებ, მაგრამ გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვანია ის, რაც ჩვენს დროში იეჰოვამ გააკეთა. წინასწარმეტყველ სოფონიას პირით იეჰოვამ იწინასწარმეტყველა: „მაშინ მივცემ ხალხებს სუფთა ენას, რათა მოუხმონ იეჰოვას სახელს და მხარდამხარ ემსახურონ მას“ (სოფ. 3:9). რა არის ეს „სუფთა ენა“ და როგორ ვილაპარაკოთ ამ ენაზე თავისუფლად?

5. რა არის „სუფთა ენა“ და რატომ მოგვცა ღმერთმა ეს ენა?

5 „სუფთა ენა“ არის ჭეშმარიტება იეჰოვა ღმერთისა და მისი განზრახვების შესახებ. ამ ენაზე რომ ვილაპარაკოთ, საჭიროა ვიცოდეთ ჭეშმარიტება ღვთის სამეფოს შესახებ, აგრეთვე ის, თუ როგორ განწმენდს ეს სამეფო იეჰოვას სახელს, როგორ დაამტკიცებს მის უზენაესობას და როგორ მოუტანს კურთხევებს ღვთის ერთგულ მსახურებს. რატომ მოგვცა ღმერთმა „სუფთა ენა“? როგორც ზემოთ მოხსენიებული მუხლიდან ვხედავთ, ხალხი ‘მოუხმობს იეჰოვას სახელს და მხარდამხარ ემსახურება მას’. ბაბელში ენის არევამ ხალხის დაქსაქსვა გამოიწვია, „სუფთა ენამ“ კი იეჰოვას განდიდება და მისი ხალხის გაერთიანება გახადა შესაძლებელი.

როგორ ვისწავლოთ „სუფთა ენა“?

6, 7. ა) რა არის საჭირო უცხო ენის შესასწავლად და რა დაგვეხმარება „სუფთა ენის“ შესწავლაში? ბ) რას განვიხილავთ?

6 უცხო ენის შესასწავლად მხოლოდ სიტყვების დაზეპირება არ კმარა. ამისათვის უნდა ისწავლო ამ ენაზე აზროვნება და, შესაბამისად, აზრების ჩამოყალიბება. მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ ყველა ენას განსხვავებული ლოგიკა და იუმორი აქვს. ახალი ბგერების წარმოსათქმელად საჭიროა სამეტყველო ორგანოების, მათ შორის ენის, სხვაგვარად გამოყენება. იმავეს თქმა შეიძლება „სუფთა ენის“ სწავლაზეც. საკმარისი არ არის მხოლოდ ძირითადი ბიბლიური საკითხების გაგება. ამ ენას რომ დავეუფლოთ, აუცილებელია აზროვნების შეცვლა და გონების გარდაქმნა (წაიკითხეთ რომაელების 12:2; ეფესოელების 4:23).

7 რა დაგვეხმარება, რომ გვესმოდეს ეს ენა და თავისუფლადაც ვლაპარაკობდეთ? არსებობს როგორც ნებისმიერი უცხო ენის, ისე „სუფთა ენის“ შესწავლის მეთოდები. ვნახოთ, რა ძირითად მეთოდებს მიმართავენ უცხო ენის შესასწავლად და შემდეგ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ დაგვეხმარება ეს მეთოდები „სუფთა ენის“ შესწავლაში.

როგორ ვილაპარაკოთ „სუფთა ენაზე“ თავისუფლად?

8, 9. როგორ უნდა ვისწავლოთ „სუფთა ენა“ და რატომ არის მისი სწავლა მნიშვნელოვანი?

8 ყურადღებით უსმინე. თავდაპირველად უცხო ენა ჩვენთვის შეიძლება სრულიად გაუგებარი იყოს (ეს. 33:19). მაგრამ, თუ ყურადღებით მოვისმენთ, დროთა განმავლობაში არა მხოლოდ სიტყვების გარჩევას დავიწყებთ, არამედ იმ სიტყვებსაც დავიმახსოვრებთ, რომლებიც ენაში ხშირად მეორდება. ბიბლია მოგვიწოდებს: „საჭიროა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მოსმენილს, რათა გზას არ ავცდეთ“ (ებრ. 2:1). იესომაც რამდენჯერმე მისცა მსგავსი მითითება თავის მიმდევრებს: „ვისაც ყური აქვს, მოისმინოს“ (მათ. 11:15; 13:43; მარ. 4:23; ლუკ. 14:35). აუცილებელია ჩვენც ‘მოვისმინოთ და ჩავწვდეთ ნათქვამის აზრს’, რათა უკეთ გვესმოდეს „სუფთა ენა“ (მათ. 15:10; მარ. 7:14).

9 მოსმენის დროს საჭიროა ყურადღების მოკრება, რაც კარგ შედეგს გამოიღებს (ლუკ. 8:18). ყურადღებით ისმენ ქრისტიანულ შეხვედრებზე პროგრამას, თუ სხვა რამეზე ფიქრობ? მართლაც მნიშვნელოვანია, მთელი ყურადღებით მოვისმინოთ პროგრამა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ყურმძიმენი გავხდეთ (ებრ. 5:11).

10, 11. ა) ყურადღებით მოსმენის გარდა კიდევ რა არის საჭირო? ბ) კიდევ რას გულისხმობს „სუფთა ენაზე“ საუბარი?

10 მიჰბაძე მათ, ვინც თავისუფლად მეტყველებს. უცხო ენა რომ ვისწავლოთ, საჭიროა, არა მხოლოდ ყურადღებით ვუსმინოთ მათ, ვინც თავისუფლად მეტყველებს, არამედ დავუკვირდეთ კიდეც, როგორ გამოთქვამენ სიტყვებს და როგორ აწყობენ წინადადებებს. ეს დაგვეხმარება, რომ არ გვქონდეს მეტისმეტად შესამჩნევი აქცენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაგვიჭირდეს ურთიერთობა. მსგავსად ამისა, უნდა დავაკვირდეთ მათ, ვინც „სუფთა ენის“ სწავლების ხელოვნებას ფლობს (2 ტიმ. 4:2). ითხოვე დახმარება და თუკი შეცდომაზე მიგითითებენ, მზად იყავი, გამოასწორო (წაიკითხეთ ებრაელების 12:5, 6, 11).

11 „სუფთა ენაზე“ რომ ვილაპარაკოთ, საჭიროა, არა მარტო ვიცოდეთ ჭეშმარიტება და სხვებსაც ვასწავლოთ, არამედ ღვთის კანონებისა და პრინციპების თანახმად ვიცხოვროთ. ამისათვის უნდა მივბაძოთ მათ, ვინც სამაგალითოა. ეს გულისხმობს ისეთივე რწმენის განვითარებას, როგორიც სამაგალითო ქრისტიანებს აქვთ, და აგრეთვე მათ მსგავსად გულმოდგინედ მსახურებას. ეს იმასაც გულისხმობს, რომ ყველაფერში მივბაძოთ იესოს (1 კორ. 11:1; ებრ. 12:2; 13:7). ეს ხელს შეუწყობს ღვთის ხალხის ერთიანობას და საშუალებას მისცემს მათ, რომ უაქცენტოდ ილაპარაკონ „სუფთა ენაზე“ (1 კორ. 4:16, 17).

12. რა როლს ასრულებს უცხო ენის სწავლაში ახალი სიტყვებისა და ფრაზების დამახსოვრება?

12 დაიმახსოვრე. უცხო ენის შესასწავლად აგრეთვე საჭიროა ახალი სიტყვებისა და ფრაზების დამახსოვრება. ეს შესანიშნავი მეთოდია იმისათვის, რომ ქრისტიანი „სუფთა ენას“ დაეუფლოს. კარგი იქნება, თუ დავიმახსოვრებთ ბიბლიის წიგნების თანმიმდევრობას. ზოგმა ზეპირად ისწავლა ბიბლიური მუხლები, ზოგმა სამეფოს სიმღერები, ზოგმა ისრაელის ტომებისა და 12 მოციქულის სახელები, ზოგმა კი დაიმახსოვრა ის თვისებები, რომლებიც სულის ნაყოფს შეადგენს. მაგალითად, ისრაელები ხშირად ზეპირად სწავლობდნენ ფსალმუნებს. ჩვენს დროში კი ერთმა ბავშვმა 6 წლის ასაკში უკვე ზეპირად იცოდა 80-ზე მეტი ბიბლიური მუხლი. ჩვენც შევეცადოთ უკეთ გამოვიყენოთ მახსოვრობის უნარი.

13. რატომაა გამეორება მნიშვნელოვანი?

13 გამეორება ცოდნის დედაა. შეხსენებების გარეშე ბიბლიის საფუძვლიან ცოდნას ვერ მივიღებთ. „ყოველთვის შეგახსენებთ ამის შესახებ, თუმცა იცით ეს და მტკიცედ დგახართ კიდეც ჭეშმარიტებაში, რომელიც არის თქვენში“, — დაწერა მოციქულმა პეტრემ (2 პეტ. 1:12). რატომ არის საჭირო შეხსენებები? შეხსენებები ცოდნას გვიღრმავებს, თვალსაწიერს გვიფართოებს და აღგვძრავს, რომ ბოლომდე ღვთის მორჩილები ვიყოთ (ფსალმ. 119:129). თუ გამუდმებით შევახსენებთ საკუთარ თავს ღვთის კანონებსა და პრინციპებს, ეს დაგვეხმარება, რომ შევამოწმოთ ჩვენი გული და, ამავე დროს, არ გავხდეთ ‘გულმავიწყი მსმენელები’ (იაკ. 1:22—25). თუ ამას არ გავაკეთებთ, შეიძლება სხვა რამემ იმოქმედოს ჩვენს გულზე და ვეღარ შევძლოთ თავისუფლად მეტყველება „სუფთა ენაზე“.

14. კიდევ რა დაგვეხმარება „სუფთა ენის“ შესწავლაში?

14 იკითხე ხმამაღლა (გამოცხ. 1:3). ზოგი, როცა უცხო ენას სწავლობს, ჩუმად კითხულობს. ასეთ მეთოდს საუკეთესო შედეგები ნამდვილად არ მოაქვს. „სუფთა ენა“ რომ ვისწავლოთ, საჭიროა ხმამაღლა კითხვა. ხმამაღლა კითხვისას ყურადღება ნაკლებად გვეფანტება და წაკითხული უფრო ღრმად გვებეჭდება გონებაში (წაიკითხეთ ფსალმუნის 1:1, 2). ებრაული სიტყვა, რომელიც ფსალმუნის 1:2-ში ნათარგმნია, როგორც „კითხულობს“, ფიქრსაც ნიშნავს. როგორც საჭმლის გადამუშავებაა ორგანიზმისთვის აუცილებელი, ისე ფიქრია საჭირო წაკითხულის ასათვისებლად. საკმარის დროს ვუთმობთ იმაზე ფიქრს, რასაც ვკითხულობთ? ბიბლიის რომელიმე მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ კარგად უნდა გავაანალიზოთ ის, რაც წავიკითხეთ.

15. როგორ ვისწავლოთ „სუფთა ენის გრამატიკა“?

15 ისწავლე გრამატიკა. თუ გინდა, რომ უცხო ენა შეისწავლო, საჭიროა იცოდე გრამატიკული წესები, მათ შორის ის, თუ როგორი უნდა იყოს წინადადების წყობა. ენის სტრუქტურის ცოდნა გაგვიადვილებს სწორად მეტყველებას. ყველა ენას სიტყვების თავისებური წყობა აქვს. „სუფთა ენასაც“ აქვს თავისებური, „ჯანსაღი სიტყვების ნიმუში“ (2 ტიმ. 1:13). ჩვენ უნდა მივყვეთ ამ „ნიმუშს“.

16. რა საშიშროება უნდა ავირიდოთ თავიდან და როგორ?

16 დახვეწე ენა. ზოგმა შეიძლება მხოლოდ სალაპარაკო ენა ისწავლოს და ამით დაკმაყოფილდეს. ადამიანი შეიძლება „სუფთა ენის“ სწავლის დროსაც მხოლოდ საწყისებით შემოიფარგლოს (წაიკითხეთ ებრაელების 5:11—14). როგორ ავირიდოთ თავიდან ეს საშიშროება? გაიმდიდრე „სუფთა ენის“ სიტყვათა მარაგი. „რადგან დავტოვეთ ქრისტეს შესახებ სწავლების საწყისები, ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ და ხელახლა ნუღარ დავიწყებთ საფუძვლის ჩაყრას: მკვდარი საქმეების მონანიებას, ღვთისადმი რწმენას, სწავლებას სხვადასხვა ნათლობის, ხელების დადების, მკვდრეთით აღდგომისა და მარადიული გასამართლების შესახებ“ (ებრ. 6:1, 2).

17. ახსენი, თუ რატომაა აუცილებელი სისტემატურად მეცადინეობა.

17 გამოყავი კონკრეტული დრო. უკეთესია მეცადინეობა ცოტა ხნით და სისტემატურად, ვიდრე დიდი ხნით და იშვიათად. იმეცადინე მაშინ, როდესაც გონება დასვენებული გექნება და ყურადღება ნაკლებად გაგეფანტება. უცხო ენის შესწავლა ჰგავს ჯუნგლებში გზის გაკვალვას. რაც უფრო ბევრჯერ გაივლი, ბილიკი მით უკეთ გაიკვალება. მაგრამ თუ აღარ ივლი ამ ბილიკით, მალე მას ისევ დასჭირდება გაკვალვა. როგორც ვხედავთ, აუცილებელია გულმოდგინება და სისტემატურად მეცადინეობა (დან. 6:16, 20). ამიტომ, როდესაც ჭეშმარიტების „სუფთა ენას“ ეუფლები, ‘განუწყვეტლივ იფხიზლე’ და ილოცე (ეფეს. 6:18).

18. რატომ არ უნდა გავუშვათ ხელიდან „სუფთა ენაზე“ ლაპარაკის შესაძლებლობა?

18 ხშირად ილაპარაკე. ზოგი, ვინც უცხო ენას სწავლობს, თავს იკავებს ლაპარაკისგან, რადგან მორიდებულია ან ეშინია, რომ შეცდომას დაუშვებს. სინამდვილეში ეს ხელს უშლით ენის დახვეწაში. უცხო ენის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ხშირად ლაპარაკი. რაც უფრო ხშირად ლაპარაკობ უცხო ენაზე, მით უფრო თავისუფლად აყალიბებ აზრებს. იმავეს თქმა შეიძლება „სუფთა ენაზეც“. არ უნდა გავუშვათ ხელიდან ამ ენაზე ლაპარაკის შესაძლებლობა. „გულით სწამთ სიმართლის მისაღწევად, პირით კი სახალხოდ აღიარებენ გადასარჩენად“, — დაწერა მოციქულმა პავლემ (რომ. 10:10). ჩვენ ამას არა მხოლოდ მონათვლის დროს ვაკეთებთ, არამედ მაშინაც, როდესაც იეჰოვას განდიდების შესაძლებლობა გვეძლევა, მაგალითად, სამქადაგებლო მსახურების დროს (მათ. 28:19, 20; ებრ. 13:15). კრების შეხვედრები გვეხმარება, რომ „სუფთა ენაზე“ ლაკონურად და გასაგებად ვილაპარაკოთ (წაიკითხეთ ებრაელების 10:23—25).

ყველამ ერთად განვადიდოთ იეჰოვა „სუფთა ენით“

19, 20. ა) რა საოცარი მოვლენის მომსწრენი ვართ? ბ) რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი?

19 წარმოიდგინე, რომ ახ. წ. 33 წელს, 6 სივანს, კვირა დილით იერუსალიმში, ერთ-ერთი სახლის ზემოთა ოთახში შეკრებილ ხალხს შორის ხარ. იმ დილით, ჯერ არ იქნებოდა 9 საათი, როდესაც იქ შეკრებილებმა სასწაულებრივად „დაიწყეს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი“ (საქ. 2:4). დღეს ღვთის მსახურებს ენებზე ლაპარაკის ძღვენი არა აქვთ (1 კორ. 13:8). ამის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ 430-ზე მეტ ენაზე აუწყებენ.

20 რაოდენ სასიამოვნოა, რომ რა ენაზეც არ უნდა ვლაპარაკობდეთ, ყველანი ჭეშმარიტების „სუფთა ენით“ ვმეტყველებთ! ეს სრულიად საპირისპიროა იმისა, რაც ბაბელში მოხდა. იეჰოვას ხალხი ერთი ენით განადიდებს თავის შემოქმედს (1 კორ. 1:10). კვლავაც ვიმსახუროთ ჩვენი და-ძმების მხარდამხარ და ყოველმხრივ ვეცადოთ, რომ ამ ენაზე უფრო თავისუფლად ვილაპარაკოთ ჩვენი ზეციერი მამის, იეჰოვას განსადიდებლად (წაიკითხეთ ფსალმუნის 150:1—6).

როგორ უპასუხებ?

• რა არის „სუფთა ენა“?

• რას გულისხმობს „სუფთა ენის“ ცოდნა?

• რა დაგვეხმარება, რომ თავისუფლად ვილაპარაკოთ „სუფთა ენაზე“?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო 23 გვერდზე]

როგორ ვილაპარაკოთ „სუფთა ენაზე“ თავისუფლად?

ყურადღებით უსმინე

(ლუკ. 8:18; ებრ. 2:1).

მიჰბაძე მათ, ვინც თავისუფლად მეტყველებს

(1 კორ. 11:1; ებრ. 13:7).

დაიმახსოვრე, გაიმეორე

(იაკ. 1:22—25; 2 პეტ. 1:12).

იკითხე ხმამაღლა

(ფსალმ. 1:1, 2; გამოცხ. 1:3).

ისწავლე გრამატიკა

(2 ტიმ. 1:13).

დახვეწე ენა

(ებრ. 5:11—14; 6:1, 2).

გამოყავი კონკრეტული დრო

(დან. 6:16, 20; ეფეს. 6:18).

ხშირად ილაპარაკე

(რომ. 10:10; ებრ. 10:23—25).

[სურათები 24 გვერდზე]

იეჰოვას ხალხი „სუფთა ენით“ ლაპარაკობს