არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდე ‘შენი ბოლო’

იცოდე ‘შენი ბოლო’

იცოდე ‘შენი ბოლო’

ცხოვრების გზაზე სიარულისას მრავალი არჩევნის გაკეთება გვიწევს. სანამ ცხოვრებაში რომელიმე გზას დავადგებით, გონივრულია, დავფიქრდეთ, სად მიგვიყვანს ეს გზა. ზოგმა არაგონივრული გადაწყვეტილებები მიიღო და მწარე შედეგებიც მოიმკა. შესაძლოა თქვენც გითქვამთ: „რომ მცოდნოდა, ასე დასრულდებოდა ყველაფერი, ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი“.

გამგზავრებამდე გამოცდილი მოგზაური რუკის მეშვეობით კარგად გაეცნობა გზის მარშრუტს. ის გაესაუბრება მათ, ვისთვისაც უკვე კარგად ცნობილია ის ტერიტორია. გარდა ამისა, მგზავრობის დროს ის, რასაკვირველია, კარგად დააკვირდება საგზაო ნიშნებს. მაგრამ, ცხოვრების გზაზე სიარულისას როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომელი გზა მიდის სწორი მიმართულებით? ერთხელ ღმერთმა მოსეს მეშვეობით ასეთი რამ თქვა ძველ დროში მცხოვრებ ისრაელებზე: „ნეტავ ბრძენნი ყოფილიყვნენ! მაშინ დაუფიქრდებოდნენ ამას, მაშინ ეცოდინებოდათ თავიანთი ბოლო“ (კანონი 32:29).

ვინ მოგვცემს საუკეთესო რჩევას?

ჩვენ თავს არ უნდა ვიტეხდეთ იმაზე ფიქრით, რომელი გზის „ბოლოა“ სწორი და რომელი არა. ამის განსაზღვრა მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ის საუკეთესო რჩევას აძლევს ცხოვრების გზაზე მავალ ადამიანებს, თუ რომელი მიმართულებით იარონ. მან კარგად იცის ადამიანთა გზები და მათი შედეგებიც. ბიბლიაში ნათქვამია: „კაცის გზები ხომ იეჰოვას თვალწინაა და ის აკვირდება მის ბილიკებს“ (იგავები 5:21).

იეჰოვა ზრუნავს ყველაზე, ვისაც უყვარს ის. თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით ის საუკეთესო გზის დანახვაში ეხმარება თავის ხალხს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „წვდომის უნარს მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო; რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე“. სანამ რაიმე გზას დაადგებით, გონივრული იქნებოდა ძველი ისრაელის მეფის დავითის მსგავსად იეჰოვასთვის მიგემართათ რჩევისთვის. ის ლოცულობდა: „გამაგებინე, რომელი გზით ვიარო“ (ფსალმუნი 32:8; 143:8).

როდესაც გამოცდილი მოგზაურის მიერ მოცემულ მითითებებს მიჰყვებით, თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობთ. თქვენ არც იმაზე წუხხართ, სად მიგიყვანთ ეს გზა. დავითი იეჰოვას მიმართავდა ხელმძღვანელობისთვის და მიჰყვებოდა კიდეც მას. შედეგად, მან სულის სიმშვიდე პოვა, რაც 23-ე ფსალმუნში პოეტური ენით არის გადმოცემული. დავითი წერდა: „იეჰოვაა ჩემი მწყემსი, არაფერი მომაკლდება. აბიბინებულ საძოვრებზე მასვენებს, წყალუხვი მოსასვენებელი ადგილებისკენ მიმიძღვის. სულს მიცოცხლებს. სიმართლის ბილიკებით მივყავარ თავისი სახელის გულისთვის. უკუნი სიბნელით მოცულ ხევში დავაბიჯებ, მაგრამ ბოროტება არ მაშინებს“ (ფსალმუნი 23:1—4).

რა მომავალი ელით მათ?

ცხოვრების გზაზე მავალმა ერთმა კაცმა, რომელიც შეიძლება ასაფი ან ერთ-ერთი მისი შთამომავალი იყო, თავის მიერ დაწერილ ფსალმუნში აღიარა, რომ ‘კინაღამ გადაუხვია სწორი გზიდან’. რა შეემთხვა მას? ის ხედავდა, როგორ ხარობდნენ უპატიოსნო და მოძალადე ადამიანები და მას შეშურდა, რომ „მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ბოროტები“. მისი აზრით, ისინი „უდარდელად“ იყვნენ. უფრო ცუდი კი ის იყო, რომ ფსალმუნმომღერალს ეჭვი შეეპარა იმაში, თუ რამდენად ღირდა მის მიერ არჩეული სამართლიანი გზით სიარული (ფსალმუნი 73:2, 3, 6, 12, 13).

შემდეგ ფსალმუნმომღერალი იეჰოვას საწმინდარში შევიდა და მხურვალედ ილოცა. ის დაფიქრდა იმაზე, თუ რა მომავალი ელოდა ბოროტებს. „მინდოდა გამეგო მათი მომავალი“, — თქვა მან. ფსალმუნმომღერალმა გააანალიზა, თუ რა ელოდა მათ, ვისიც მას შეშურდა. მან ასევე გააცნობიერა, რომ ასეთი ადამიანები „მოლიპულ მიწაზე“ იდგნენ და ‘განადგურდებოდნენ უეცარი შიშით’. რას მოუტანდა ფსალმუნმომღერალს იმ გზით სიარული, რომელიც მან თავად აირჩია? მან თქვა: „[იეჰოვა] დიდებამდეც კი მიმიყვან“ (ფსალმუნი 73:17—19, 24).

როცა ფსალმუნმომღერალი დაფიქრდა იმ ადამიანთა საქმეების შედეგებზე, რომლებმაც ცბიერებითა და უკანონო გზით მოიხვეჭეს სიმდიდრე, ის საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სწორ გზას ადგა. მან დასძინა: „ჩემთვის კი კარგია ღმერთთან დაახლოება“. იეჰოვა ღმერთთან ახლო ურთიერთობას მარადიული კურთხევები მოაქვს (ფსალმუნი 73:28).

„იცოდე, საით მიემართები“

დღეს ჩვენც შეიძლება არჩევნის წინაშე დავდგეთ. თქვენ შესაძლოა შემოგთავაზონ რაიმე საქმიანი წინადადება, სამსახურში დაწინაურება ან მომგებიან ბიზნესში თანამშრომლობა. ცხადია, ყოველი ახალი საქმის წამოწყება გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ვიდრე მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებთ, განა გონივრული არ იქნება, დაფიქრდეთ, სადამდე მიგიყვანთ ეს ყოველივე?! სამსახურის გამო ხშირად ხომ არ მოგიწევთ ოჯახისგან შორს ყოფნა, რამაც შეიძლება ოჯახში პრობლემები წარმოშვას? აარიდებთ თავს იმ უარყოფით გავლენას, რაც შეიძლება თქვენს ბიზნეს-პარტნიორებთან თუ თანამშრომლებთან ურთიერთობას მოყვეს? გამჭრიახობა დაგეხმარებათ, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღოთ. ყურად იღეთ სოლომონის რჩევა: „იცოდე, საით მიემართები“ (იგავები 4:26, „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“).

ეს რჩევა ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა. ერთმა ბიჭმა ვიდეოთეკიდან გამოიტანა ისეთი ვიდეოკასეტა, რომელზეც უზნეობის ამსახველი სცენები იყო ჩაწერილი. მან მოგვიანებით აღნიშნა, რომ ამ ვიდეოფილმის ყურების შემდეგ იმდენად აღეძრა სექსუალური სურვილები, რომ წავიდა მეძავთან, რომელიც მის სახლთან ახლოს ცხოვრობდა. უზნეობის ჩადენის შემდეგ ის თავს საშინლად გრძნობდა. მას სინდისი მსჯავრს სდებდა. გარდა ამისა, ის იმაზეც წუხდა, რაიმე დაავადება ხომ არ შეხვდა. ამ ახალგაზრდის შემთხვევა ზუსტად ჰგავს იმას, რაც ბიბლიაშია აღწერილი: „ისიც მაშინვე გაჰყვა მას, როგორც დასაკლავი ხარი“. განა მოიმკიდა ის ასეთ შედეგებს, თუ დაფიქრდებოდა, რას მოუტანდა მას ასეთი საქციელი?! (იგავები 7:22, 23).

დაუკვირდით საგზაო ნიშნებს

უმრავლესობა დაეთანხმება იმ აზრს, რომ საგზაო ნიშნების უგულებელყოფა უგუნურებაა. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგი ცხოვრების გზაზე სიარულისას სწორედ ასე იქცევა, როდესაც გამაფრთხილებელ მითითებებს ყურს არ უგდებს. განვიხილოთ იერემიას დროს მცხოვრები ისრაელების მაგალითი. ისრაელებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ. იეჰოვა ღმერთმა მათ შემდეგი რჩევა მისცა: „გამოიკითხეთ ძველი გზები, სად არის კარგი გზა; იარეთ მასზე“. მაგრამ ხალხი ჯიუტად ამბობდა, რომ ამ გზით ‘არ ივლიდნენ’ (იერემია 6:16). რა იყო იმ ისრაელების „ბოლო“, რომლებიც შეგნებულად უპირისპირდებოდნენ ღმერთს? ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებმა იერუსალიმი მთლიანად გაანადგურეს და მისი მკვიდრნი ტყვედ წაასხეს.

ღვთის მიერ მოცემული მითითებების უგულებელყოფა არასოდეს მოგვიტანს კარგ შედეგებს. ბიბლიაში ნათქვამია: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავები 3:5, 6).

ღვთის ზოგი გაფრთხილება ამკრძალავი საგზაო ნიშნების მსგავსია. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი გაფრთხილების შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „უღმერთოთა ბილიკს ნუ დაადგები და ბოროტთა გზისკენ ნუ წახვალ“ (იგავები 4:14). ერთ-ერთი სახიფათო გზის შესახებ, რომელსაც უნდა მოვერიდოთ, საუბარია იგავების 5:3, 4-ში. მასში ვკითხულობთ: „როგორც ფიჭას, ისე სდის უზნეო ქალს ბაგეებიდან თაფლი, და გაზეთილი აქვს სასა, შედეგი კი აბზინდასავით მწარე იქნება, ორლესული მახვილივით ბასრი“. ზოგისთვის უკანონო სქესობრივი კავშირი — იქნება ეს მეძავთან თუ სხვა ვინმესთან — მიმზიდველი ჩანს. მაგრამ ამ საკითხში ღვთის გაფრთხილებების უგულებელყოფა სავალალო შედეგების მომტანია.

სანამ ისეთ ნაბიჯს გადადგამთ, რაც უზნეობის ჩადენამდე მიგიყვანთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „სადამდე მიმიყვანს ეს?“ მხოლოდ ცოტა ხნით დაფიქრებაც კი იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს თქვენი მოქმედების „ბოლო“, დაგეხმარებათ, არ გააკეთოთ ის, რაც სამწუხარო შედეგებს გამოიღებდა. შიდს-ი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, არასასურველი ორსულობა, აბორტი, გაფუჭებული ურთიერთობები და სინდისის ქენჯნა — ამ ყოველივეს იმკიან ისინი, რომლებიც ღვთის რჩევებს უგულებელყოფენ და არასწორი გზით დადიან. პავლე კარგად გვიჩვენებს, თუ როგორ დაასრულებენ თავიანთი ცხოვრების გზას ის ადამიანები, რომლებიც უზნეობას სჩადიან. მოციქული წერს, რომ ისინი „ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“ (1 კორინთელები 6:9, 10).

„ეს არის გზა“

ზოგჯერ რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა შედეგებამდე მიგვიყვანს ამა თუ იმ გზაზე სიარული. ამიტომ, მართლაც რომ მადლიერები უნდა ვიყოთ იეჰოვასი, რომ ის სიყვარულით ზრუნავს ჩვენზე და ნათელ ხელმძღვანელობას გვიწევს! „ეს არის გზა, — გვეუბნება იეჰოვა. — იარეთ მასზე“ (ესაია 30:21). რა არის იმ გზის „ბოლო“, რომელსაც იეჰოვა გვიჩვენებს? მართალია, ეს გზა ვიწროა და მასზე სიარული რთულია, მაგრამ იესომ თქვა, რომ ეს გზა მარადიულ სიცოცხლემდეა მიმყვანი (მათე 7:14).

ერთი წუთით დაფიქრდით იმაზე, თუ რომელ გზას ადგახართ. სწორი გზა გაქვთ არჩეული? სად მიგიყვანთ ეს გზა? ლოცვაში იეჰოვას ხელმძღვანელობა სთხოვეთ. გამოიყენეთ „საგზაო რუკა“, ბიბლია. შეიძლება თქვენთვის საჭიროც კი გახდეს, რომ რჩევისთვის მიმართოთ გამოცდილ „მოგზაურს“, რომელიც ღვთის გზით დადის. თუ ამჩნევთ, რომ მიმართულების შეცვლა გჭირდებათ, ნუ დააყოვნებთ ამის გაკეთებას.

მოგზაური მშვიდად გრძნობს თავს, როცა ხედავს ისეთ საგზაო ნიშნებს, რომლებიც მიუთითებს, რომ სწორ გზას ადგას. თუ გამოიკვლიეთ და დაინახეთ, რომ სწორი გზით მიდიხართ, არ გადაუხვიოთ ამ გზიდან. ამ გზით სიარულისთვის ყველაზე საუკეთესო ჯილდოს ახლო მომავალში მიიღებთ! (2 პეტრე 3:13).

ყველა გზა სადღაც მიდის. როდესაც თქვენ მიერ არჩეული გზის ბოლოში გახვალთ, სად აღმოჩნდებით? შემდეგ თქვენ შეიძლება თქვათ: „ეჰ, ნეტავ სხვა გზა ამერჩია!“, მაგრამ სინანული ვეღარაფერს გიშველით. ასე რომ, სანამ შემდეგ ნაბიჯს გადადგამთ ცხოვრების იმ გზაზე, რომელზეც დგახართ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: «სად მიმიყვანს ეს გზა „ბოლოს“?»

[ჩარჩო⁄სურათები 10 გვერდზე]

რა იქნება ‘შენი ბოლო’

ახალგაზრდები ხშირად ცდუნების წინაშე დგებიან და, ამავე დროს, გავლენის ქვეშ ექცევიან, რომ აკეთონ ის, რაც პოპულარულია. ამ მხრივ გამონაკლისს ალბათ არც შენ წარმოადგენ. ქვემოთ მოყვანილია ზოგი სიტუაცია, რომლებშიც შეიძლება მოხვდე.

ვიღაც გთავაზობს სიგარეტს.

კარგი აღძვრებიდან გამომდინარე მასწავლებელი გირჩევს, რომ უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა.

ისეთ ადგილზე დაგპატიჟეს, სადაც ალკოჰოლის და შესაძლოა ნარკოტიკების გამოყენებაც კი იქნება შესაძლებელი.

ნაცნობი გეუბნება: „განათავსე შენი სურათები და ინფორმაცია შენ შესახებ ინტერნეტში, რომ ბევრმა გაგიცნოს“.

მეგობარი გეპატიჟება ფილმის საყურებლად, სადაც ძალადობისა და უზნეობის სცენები იქნება ასახული.

თუ რომელიმე სიტუაციაში მოხვდები, რას გააკეთებ? აჰყვები ცდუნებას თუ დაფიქრდები, რა იქნება ამ ყოველივეს „ბოლო“? გონივრული იქნებოდა, შემდეგ მუხლებში მოცემულ კითხვებზე დაფიქრებულიყავი: „განა ჩაიდებს კაცი უბეში ნაკვერჩხლებს ტანსაცმლის დაუწველად?! განა გაივლის ნაკვერჩხლებზე ისე, რომ ფეხები არ დაიწვას?!“ (იგავები 6:27, 28).