არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წინააღმდეგობა გაუწიეთ „ქვეყნიერების სულს“

წინააღმდეგობა გაუწიეთ „ქვეყნიერების სულს“

წინააღმდეგობა გაუწიეთ „ქვეყნიერების სულს“

„ჩვენ მივიღეთ არა ამ ქვეყნიერების სული, არამედ სული ღვთისგან“ (1 კორ. 2:12).

1, 2. ა) რატომ ჰყავდათ ბრიტანეთის მაღაროებში კანარის ჩიტები? ბ) რა სახიფათო გარემოში არიან ქრისტიანები?

მეშახტეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით 1911 წელს ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომ თითოეულ მაღაროში კანარის ორი ჩიტი ჰყოლოდათ. რა მიზნით? თუ შახტში ხანძარი გაჩნდებოდა, მშველელები თან ჩაიყვანდნენ ჩიტებს. ეს პატარა ჩიტები ძალიან მგრძნობიარენი არიან მომწამვლელი აირების, მაგალითად, ნახშირბადის მონოქსიდის, მიმართ. თუ ჰაერში მომწამვლელი აირები იყო, ჩიტები მაშინვე რეაგირებდნენ, შეიძლებოდა დაბლაც ჩამოვარდნილიყვნენ. ამ ნიშნისთვის ყურადღების მიქცევა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ნახშირბადის მონოქსიდი უფერო, უსუნო აირია, რომელიც სისხლის წითელ უჯრედებს ჟანგბადის ტრანსპორტირებაში უშლის ხელს. თუ ამ ნიშანს ყურადღებას არ მიაქცევდნენ, მშველელები ჯერ გონებას დაკარგავდნენ, მერე კი ისე დაიხოცებოდნენ, ვერც მიხვდებოდნენ, რომ იწამლებოდნენ.

2 სულიერი გაგებით, ქრისტიანებიც მეშახტეების მსგავს მდგომარეობაში არიან. როგორ? როცა იესომ მოწაფეებს მთელ მსოფლიოში სასიხარულო ცნობის ქადაგება დაავალა, იცოდა, რომ მათ სახიფათო გარემოში გზავნიდა, იქ, სადაც სატანისა და ქვეყნიერების სული ბატონობდა (მათ. 10:16; 1 იოან. 5:19). იესო იმდენად წუხდა თავის მოწაფეებზე, რომ სიკვდილის წინა ღამეს მამას ევედრებოდა: „იმას კი არ გთხოვ, ქვეყნიერებიდან წაიყვანო ისინი, არამედ იმას, რომ ბოროტისგან დაიცვა“ (იოან. 17:15).

3, 4. რა გაფრთხილება მისცა იესომ მოწაფეებს და რატომ უნდა დავინტერესდეთ ამით?

3 იესომ თავისი მიმდევრები გააფრთხილა, საშიშროების შესახებ, რასაც შეიძლება მათი სულიერი სიკვდილი მოჰყოლოდა. მისი სიტყვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამ ქვეყნიერების აღსასრულის დროს მცხოვრებთათვის. იესომ მოწაფეებს მოუწოდა: „იფხიზლეთ . . . რომ თავი დააღწიოთ მოსახდენს და წარსდგეთ კაცის ძის წინაშე“ (ლუკ. 21:34—36). საბედნიეროდ, იესომ მოწაფეებს ისიც უთხრა, რომ მამა ნასწავლის გასახსენებლად, სიფხიზლის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად წმინდა სულს გამოუგზავნიდა (იოან. 14:26).

4 რა შეიძლება ითქვას ჩვენზე დღეს? იმავე წმინდა სულით გვეხმარება ღმერთი ჩვენც? თუ დიახ, რა უნდა გავაკეთოთ მის მისაღებად? რა არის ქვეყნიერების სული და როგორ მოქმედებს ის? როგორ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ ქვეყნიერების სულს? (წაიკითხეთ 1 კორინთელების 2:12).

წმინდა სული თუ ქვეყნიერების სული?

5, 6. რის გაკეთება შეუძლია წმინდა სულს ჩვენთვის და რა უნდა გავაკეთოთ მის მისაღებად?

5 წმინდა სულს ღმერთი მხოლოდ პირველ საუკუნეში მცხოვრებთ როდი აძლევდა. ღმერთი დღესაც გვაძლიერებს წმინდა სულით, რათა სწორად მოვიქცეთ და ვემსახუროთ მას (რომ. 12:11; ფილ. 4:13). ის ისეთ თვისებებს გვივითარებს, როგორიცაა სიყვარული, სიკეთე და ყოველივე კარგი, რაც „სულის ნაყოფია“ (გალ. 5:22, 23). მაგრამ იეჰოვა ღმერთი ძალით არავის აძლევს წმინდა სულს.

6 ამიტომ გონივრული იქნებოდა საკუთარი თავისთვის დაგვესვა კითხვა: რა უნდა გავაკეთო წმინდა სულის მისაღებად? ბიბლია ცხადყოფს, რომ ამისათვის რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. უპირველესად ღმერთს პირდაპირ უნდა ვთხოვოთ წმინდა სული (წაიკითხეთ ლუკას 11:13). მეორე ნაბიჯი ღვთის შთაგონებით დაწერილი ბიბლიის შესწავლა და მასში მოცემული რჩევების გათვალისწინებაა (2 ტიმ. 3:16). ცხადია, ყველა, ვინც ბიბლიას კითხულობს, არ იღებს ღვთის წმინდა სულს. გულწრფელი ქრისტიანი როცა სწავლობს ღვთის სიტყვას, ის ითავისებს მასში მოცემულ გრძნობებსა და შეხედულებებს. ამასთანავე მნიშვნელოვანია, იესო იეჰოვას დანიშნულ წარმომადგენლად მივიჩნიოთ, რომლის მეშვეობითაც ღმერთი თავის სულს გვაძლევს (კოლ. 2:6). ამიტომ საჭიროა მივყვეთ იესოს მაგალითს და მისი სწავლების თანახმად ვიცხოვროთ (1 პეტ. 2:21). რაც უფრო მეტად შევეცდებით ქრისტეს მიბაძვას, მით უფრო მეტად მივიღებთ წმინდა სულს.

7. რა გავლენას ახდენს ქვეყნიერების სული ხალხზე?

7 ამის საპირისპიროდ, ქვეყნიერების სული ხალხს სატანის თვისებებს უვითარებს (წაიკითხეთ ეფესოელების 2:1—3). ქვეყნიერების სული სხვადასხვა სახით მოქმედებს. ცხადია, რომ ირგვლივ გაბატონებული სული ღვთის ნორმების გაუთვალისწინებლობისკენ აღძრავს ხალხს. ეს სული აღვივებს „ხორცის სურვილს, თვალთა სურვილსა და ქონებით ტრაბახის“ სურვილს (1 იოან. 2:16). ის არის ხორციელი საქმეების, მაგალითად, კერპთაყვანისმცემლობის, სპირიტიზმის, ეჭვიანობის, განრისხებისა და გადამეტებული სმის საფუძველი (გალ. 5:19—21). ქვეყნიერების სული ხელს უწყობს წმინდის შემბღალავ უშინაარსო ლაპარაკს (2 ტიმ. 2:14—18). კაცი, რაც უფრო მეტად აძლევს ქვეყნიერების სულს მასზე მოქმედების საშუალებას, მით უფრო მეტად ირეკლავს სატანის თვისებებს.

8. რა არჩევნის წინაშე დგას თითოეული ჩვენგანი?

8 შეუძლებელია ადამიანზე არ იქონიოს გავლენა გარე ფაქტორებმა. ამიტომ თითოეულმა თვითონ უნდა აირჩიოს, რას მისცემს თავის ცხოვრებაზე ზემოქმედების საშუალებას — წმინდა სულს თუ ქვეყნიერების სულს. მათ, ვისზეც ქვეყნიერების სული ბატონობს, შეუძლიათ, გათავისუფლდნენ მისი გავლენისგან და წმინდა სულის გავლენას დაუმორჩილონ თავი. მაგრამ საპირისპიროც შეიძლება მოხდეს — ერთ დროს წმინდა სულს დამორჩილებული შეიძლება ქვეყნიერების სულმა დაატყვევოს (ფილ. 3:18, 19). განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ ქვეყნიერების სულს.

გამაფრთხილებელი ნიშნების ამოცნობა

9—11. რა მეტყველებს იმაზე, რომ შეიძლება ჩვენზე ქვეყნიერების სული ახდენდეს გავლენას?

9 სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ბრიტანელი მეშახტეები კანარის ჩიტების დახმარებით იგებდნენ ჰაერში მომწამვლელი აირების არსებობას. თუ ჩიტი დაბლა ვარდებოდა, მეშახტემ იცოდა, რომ დაუყოვნებლად უნდა ემოქმედა. სულიერი გაგებით, რა არის ჩვენზე ქვეყნიერების გავლენის პირველი ნიშნები?

10 ღვთის სიტყვიდან ჭეშმარიტების გაგებისა და იეჰოვასთვის თავის მიძღვნის შემდეგ, ალბათ, გულმოდგინედ ვკითხულობდით ბიბლიას და ხშირად მხურვალედ ვლოცულობდით. სიამოვნებით ვესწრებოდით კრების შეხვედრებს, და ჩვენთვის თითოეული მათგანი სულიერი წყურვილის დაკმაყოფილების საშუალება იყო. ამგვარად ცხოვრებამ ქვეყნიერების სულისგან გაგვათავისუფლა, მას შემდეგ კი ამ სულის გავლენისგან გვიცავს.

11 ვცდილობთ ახლაც ყოველდღე ვიკითხოთ ბიბლია? (ფსალმ. 1:2). ისევ ვლოცულობთ მხურვალედ და მთელი გულით? გვიყვარს ქრისტიანული შეხვედრები და ვავლენთ ამ სიყვარულს ყოველკვირა ყველა შეხვედრაზე დასწრებით? (ფსალმ. 84:10). ამ კეთილ ჩვევათაგან რომელიმეს ხომ არ გადავეჩვიეთ? შეიძლება მრავალი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რაც ჩვენგან დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს, და ამიტომ გვიჭირს სულიერი კეთილდღეობისთვის აუცილებელი გეგმის მიყოლა. თუ ვხედავთ, რომ ბევრი კარგი ჩვევა აღარ გვაქვს, იმიტომ ხომ არა, რომ ქვეყნიერების სული ახდენს ჩვენზე გავლენას?! მთელი გულით შევეცდებით იმის დაბრუნებას, რაც ერთ დროს გვქონდა?

„გული არ დაგიმძიმდეთ“

12. იესოს სიტყვების თანახმად, ვის უნდა დაკვირვებოდნენ მოწაფეები და რატომ?

12 კიდევ რის გაკეთება გვმართებს ქვეყნიერების სულისთვის წინააღმდეგობის გასაწევად? როცა იესომ მოწაფეებს სიფხიზლისკენ მოუწოდა, ისინი კონკრეტული საშიშროებების შესახებ გააფრთხილა: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე როგორც მახე“ (ლუკ. 21:34, 35).

13, 14. რომელი კითხვები დაგვეხმარება ჭამა-სმის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების განსაზღვრაში?

13 იფიქრეთ ამ გაფრთხილებაზე. განსჯიდა იესო ჭამა-სმას? არა. მან კარგად იცოდა, რა თქვა სოლომონმა: „არაფერია მათთვის იმაზე უკეთესი, რომ გაიხარონ და სიკეთე აკეთონ მთელი სიცოცხლე; ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია“ (ეკლ. 3:12, 13). მაგრამ ისიც იცოდა, რომ ქვეყნიერების სული ადამიანებს თავშეკავებას აკარგვინებდა.

14 როგორი დამოკიდებულება გვაქვს ჭამა-სმის მიმართ, ხომ არ გვწამლავს ქვეყნიერების სული? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად დავფიქრდეთ: როგორ ვრეაგირებ, როდესაც ბიბლიაში ან ჩვენს პუბლიკაციებში გადამეტებულ ჭამაზე რჩევას ვკითხულობ? * ვფიქრობ, რომ მე არ მეხება ეს რჩევა ან მეტისმეტად ვიზღუდები, ან თავის მართლებას ვიწყებ? როგორ ვრეაგირებ, როცა ვისმენ რჩევას ალკოჰოლის ზომიერად სმასთან, საერთოდ არ დალევასა და „გადამეტებულ სმასთან“ დაკავშირებით? ხომ არ წავუყრუებ ხოლმე და ხომ არ ვფიქრობ, რომ ის ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩემთვის და მე არ მეხება? თავს ხომ არ ვიმართლებ ან ხომ არ ვბრაზდები, როცა სხვები მეუბნებიან, რომ ჩემთვის დალევა არ შეიძლება? ხომ არ მოვუწოდებ სხვებს, რომ ასეთ ბიბლიურ რჩევებს ყურადღება არ მიაქციონ? ამ საკითხების მიმართ დამოკიდებულებით შეიძლება იმის განსაზღვრა, ახდენს თუ არა გავლენას ქვეყნიერების სული კაცზე (შეადარეთ რომაელების 13:11—14).

საზრუნავმა არ „მოგაშთოთ“

15. ჩვენი არასრულყოფილების გამო რა გვირჩია იესომ?

15 ქვეყნიერების სულს წინააღმდეგობა რომ გავუწიოთ, კიდევ ერთი რამ არის საჭირო — ემოციების კონტროლი. იესომ იცოდა, რომ არასრულყოფილების გამო ხშირად, გვინდა თუ არ გვინდა, მეტისმეტად ვნერვიულობთ. მან სიყვარულით უთხრა თავის მოწაფეებს: „ნუღარ წუხხართ“ (მათ. 6:25). არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მნიშვნელოვანი საკითხები გვაღელვებდეს, მაგალითად, ვასიამოვნოთ ღმერთს, შევასრულოთ ქრისტიანული პასუხისმგებლობები და ვიზრუნოთ ოჯახის მოთხოვნილებებზე (1 კორ. 7:32—34). მაშ, რას ვსწავლობთ იესოს სიტყვებიდან?

16. რა გავლენას ახდენს მრავალზე ქვეყნიერების სული?

16 ქვეყნიერების სული, რომელიც ქონებით ტრაბახშიც ვლინდება, ბევრზე ახდენს გავლენას, და თან ბევრ სანერვიულოს უჩენს. ქვეყნიერება ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ უსაფრთხოება ფულს მოაქვს და ადამიანი ქრისტიანული თვისებებით კი არა, ქონების სიუხვით ფასდება. მსგავსი შეხედულებების გამზიარებლები სიმდიდრის მონები ხდებიან, და გამუდმებით იმაზე ფიქრობენ, როგორ შეიძინონ უახლესი, უდიდესი და საუკეთესო მოდელის ნივთები (იგავ. 18:11). მატერიალური ნივთებისადმი მსგავსი გაუკუღმართებული დამოკიდებულება სანერვიულოს მატებს კაცს და მის სულიერ განვითარებას უშლის ხელს (წაიკითხეთ მათეს 13:18, 22).

17. რა უნდა გავაკეთოთ, რომ საზრუნავმა არ „მოგვაშთოს“?

17 საზრუნავი ვერ „მოგვაშთობს“, თუ ვემორჩილებით იესოს მითითებას: „უპირველესად ეძებეთ სამეფო და [ღვთის] სიმართლე“. იესო გვარწმუნებს, რომ თუ ასე მოვიქცევით, ყველაფერი გვექნება, რაც უსათუოდ გვჭირდება (მათ. 6:33). როგორ ცხადვყოფთ, რომ გვჯერა ამ დანაპირების? პირველ რიგში იმით, რომ ვეძებთ ღვთის სიმართლეს და ღვთის ნორმების თანახმად ვმოქმედებთ მაშინაც, როცა საქმე ფულს ეხება. მაგალითად, არ დავმალავთ ჩვენს შემოსავალს, რათა ნაკლები გადასახადი გადავიხადოთ, და საქმიანი გარიგების დროს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ტყუილსაც კი მოვერიდებით. როცა საქმე ვალის გასტუმრებას ეხება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი „დიახ იყოს დიახ“ (მათ. 5:37; ფსალმ. 37:21). ასეთი პატიოსნება კაცს არ გაამდიდრებს, მაგრამ ღვთისთვის მოსაწონს გახდის; სინდისი სუფთა ექნება და სანერვიულოც — ნაკლები.

18. რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ და რას მივიღებთ, თუ მივბაძავთ მას?

18 „უპირველესად ეძებეთ სამეფო“ ნიშნავს, ვიცოდეთ, რა დავაყენოთ ცხოვრებაში პირველ ადგილზე. განვიხილოთ იესოს მაგალითი. მას კარგი, ხარისხიანი სამოსი ჰქონდა (იოან. 19:23); კარგი მეგობრების გვერდით სიამოვნებით „ჭამდა და სვამდა“ (მათ. 11:18, 19). გართობა და ის, რაც ჰქონდა, მისთვის მხოლოდ „სანელებლები“ იყო, რაც „აგემრიელებდა“ მის ცხოვრებას, და არა ძირითადი „საჭმელი“. მისი „საჭმელი“ იეჰოვას ნების შესრულება იყო (იოან. 4:34—36). თუ იესოს მაგალითს მივყვებით, ბევრ კურთხევას მივიღებთ! სასიამოვნოა გულდამძიმებულთა ნუგეშისცემა ბიბლიით, კრების წევრების სიყვარულისა და მხარდაჭერის განცდა და იეჰოვასთვის გულის გახარება. როცა პირველ ადგილზე ვაყენებთ იმას, რაც უმნიშვნელოვანესია, სიმდიდრე და სიამოვნება ჩვენი „ბატონი“ კი არ არის, არამედ „მსახური“, რომელიც იეჰოვას თაყვანისცემაში გვეხმარება. რაც უფრო აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ ღვთის საქმეში, მით უფრო ნაკლებად გვერევა ქვეყნიერების სული.

იარეთ სულით!

19—21. როგორ და რატომ უნდა ვიაროთ სულით?

19 ჩვეულებრივ, ვიდრე რამეს გავაკეთებდეთ, ვფიქრობთ. ხშირად დაუფიქრებლად მაშინ ვმოქმედებთ, როცა „ხორცისაზე ვფიქრობთ“. ამიტომ შეგვახსენებს მოციქული პავლე, რომ ფიქრები ვაკონტროლოთ. მან დაწერა: „ხორცით მავალნი ხორცისაზე ფიქრობენ, ხოლო სულით მავალნი — სულისაზე“ (რომ. 8:5).

20 რის გაკეთება შეგვიძლია იმისათვის, რომ ჩვენს ფიქრებზე, და მერე მოქმედებებზე, ქვეყნიერების სულმა არ იმოქმედოს? ფიქრების კონტროლით მაქსიმალურად შევძლებთ ჩვენი გონების დაცვას და ქვეყნიერების პროპაგანდისგან დავიცავთ თავს. მაგალითად, გართობის მიზნით არ ვუყურებთ ისეთ პროგრამებს, რომლებშიც ძალადობა და სექსი დადებითად არის წარმოდგენილი, და ამით გონებას არ წავიბილწავთ. ვიცით, რომ წაბილწულ გონებაში წმინდა სული არ „დამკვიდრდება“ (ფსალმ. 11:5; 2 კორ. 6:15—18). თუ ბიბლიას რეგულარულად ვკითხულობთ, ვლოცულობთ, წაკითხულზე ვფიქრობთ და კრების შეხვედრებს ვესწრებით, ღვთის სულს ჩვენს გონებაზე მოქმედების საშუალებას ვაძლევთ. ღვთის სული ჩვენთან არის, როცა რეგულარულად ვმონაწილეობთ სამქადაგებლო საქმიანობაში.

21 ცხადია, წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ქვეყნიერების სულს და ხორციელ სურვილებს, რასაც ქვეყნიერების სული აღძრავს. თავი არ უნდა დავზოგოთ და ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ შევეწინააღმდეგოთ ამ ქვეყნიერების სულს, რადგან პავლეს სიტყვების თანახმად, „ხორცისაზე ფიქრი სიკვდილს ნიშნავს, სულისაზე ფიქრი კი — სიცოცხლესა და მშვიდობას“ (რომ. 8:6).

[სქოლიო]

^ აბზ. 14 უზომოდ მჭამელი კაცი ხარბია და თავშეუკავებელი, რაც მისი აზროვნების მაჩვენებელია. ასე რომ, ჭამაში ზომიერებას ადამიანის წონა კი არ განსაზღვრავს, არამედ საჭმლისადმი დამოკიდებულება. შეიძლება კაცი საშუალო წონისა ან გამხდარიც კი იყოს, მაგრამ უზომოდ მჭამელი. შეიძლება ზოგის ჭარბი წონა ავადმყოფობით ან გენეტიკური ფაქტორებით იყოს განპირობებული. მთავარია საკვების მიმართ კაცის დამოკიდებულება და არა მისი წონა (იხილეთ 2004 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ მკითხველთა შეკითხვები).

გახსოვთ თუ არა?

• რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ წმინდა სული მივიღოთ?

• როგორ ახდენს ჩვენზე გავლენას ქვეყნიერების სული?

• როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა ქვეყნიერების სულს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 21 გვერდზე]

სამსახურში ან სკოლაში წასვლამდე ილოცეთ, რომ ღმერთმა წმინდა სული მოგცეთ

[სურათები 23 გვერდზე]

საჭიროა გონების წმინდად დაცვა, საქმიან ურთიერთობებში პატიოსნების გამოვლენა და ზომიერება