არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დახმარება აღმოუჩინე მათ, ვინც ფარას ჩამოსცილდა

დახმარება აღმოუჩინე მათ, ვინც ფარას ჩამოსცილდა

დახმარება აღმოუჩინე მათ, ვინც ფარას ჩამოსცილდა

„იხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვე“ (ლუკ. 15:6).

1. რით დაამტკიცა იესომ, რომ მზრუნველი მწყემსი იყო?

იეჰოვას მხოლოდშობილ ძეს, იესო ქრისტეს ბიბლიაში „დიდებული მწყემსი“ ეწოდება (ებრ. 13:20). წმინდა წერილებში მის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ დედამიწას მოევლინებოდა; ის იქნებოდა მზრუნველი მწყემსი, რომელიც ისრაელის „დაკარგულ ცხვრებს“ მოძებნიდა (მათ. 2:1—6; 15:24). როგორც მწყემსმა შეიძლება გასწიროს თავი ცხვრის დასაცავად, ისე იესომ გასწირა თავი და გამოსასყიდი გაიღო იმ ცხვრისმაგვარი ადამიანების სახსნელად, რომლებიც ირწმუნებდნენ, რომ მის მსხვერპლს ხსნის ძალა ჰქონდა (იოან. 10:11, 15; 1 იოან. 2:1, 2).

2. რატომ ჩამოსცილდა ზოგი ქრისტიანი ღვთის ფარას?

2 სამწუხაროდ, ზოგს, ვინც ერთ დროს აფასებდა იესოს მსხვერპლს და ღმერთს თავიც მიუძღვნა, დღეს აღარ აქვს ქრისტიანულ კრებასთან ურთიერთობა. შესაძლოა გულგატეხილობის, ჯანმრთელობის გაუარესების თუ სხვა პრობლემების გამო გაუნელდათ ენთუზიაზმი და ამიტომ გახდნენ არააქტიურები. ისინი შინაგან სიმშვიდესა და სიხარულს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბრუნებენ, თუ კვლავ ღვთის ფარასთან ერთად იქნებიან. ეს კარგად ჩანს 23-ე ფსალმუნიდან. დავითმა დაწერა: „იეჰოვაა ჩემი მწყემსი, არაფერი მომაკლდება“ (ფსალმ. 23:1). ვინც ღვთის ფარაშია, სულიერი გაგებით მართლაც არაფერი აკლია, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მათზე, ვინც ამ ფარას ჩამოსცილდა. ვის შეუძლია მათი დახმარება და როგორ? რისი გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ ისინი ღვთის სამწყსოს დაუბრუნდნენ?

ვის შეუძლია დახმარება?

3. როგორ დაგვანახვა იესომ, რომ ღვთის ‘საძოვრის დაკარგული ცხვრის’ გადასარჩენად დიდი ძალისხმევაა საჭირო?

3 ღვთის ‘საძოვრის დაკარგული ცხვრის’ გადასარჩენად დიდი ძალისხმევაა საჭირო (ფსალმ. 100:3). ეს რომ თვალნათლივ დაენახვებინა მოწაფეებისთვის, იესომ ასეთი მაგალითი მოიყვანა: „კაცს ასი ცხვარი რომ ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას, არ მიატოვებს მთაში ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა იმ ერთი გზააბნეულის საძებრად? და თუ იპოვა, ჭეშმარიტებას გეუბნებით, მას უფრო მეტად შეხარის, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტს, რომლებსაც გზა არ აბნევიათ. ასევე არ სურს ჩემს ზეციერ მამას ერთი ამ მცირეთაგანის დაღუპვა“ (მათ. 18:12—14). ვის შეუძლია დაეხმაროს იმ ცხვრისმაგვარ ადამიანებს, რომლებიც ღვთის ფარას ჩამოშორდნენ?

4, 5. როგორ უნდა ეპყრობოდნენ უხუცესები ღვთის ფარას?

4 უხუცესებმა მათი დახმარება რომ შეძლონ, პირველ რიგში, უნდა ახსოვდეთ, რომ ღვთის ფარა არის იეჰოვასთვის მიძღვნილი ხალხის კრება, ‘ღვთის საძოვრის ძვირფასი ფარა’ (ფსალმ. 79:13). მათ სათუთი მზრუნველობა სჭირდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსიყვარულე მწყემსები პირადად უნდა დაინტერესდნენ თითოეული მათგანით. სამწყემსო მონახულების დროს მეგობრულმა საუბარმა შეიძლება კარგი შედეგები გამოიღოს. თუ დაკარგული ცხვარი იგრძნობს მწყემსის სიყვარულს, ამან შეიძლება სასიკეთოდ იმოქმედოს მასზე და ფარაში დაბრუნების სურვილი გაუღვივოს (1 კორ. 8:1).

5 ღვთის ფარის მწყემსების მოვალეობაა დაკარგული ცხვრების მოძებნა და მათთვის დახმარების აღმოჩენა. პავლე მოციქულმა ეფესოელ ქრისტიან უხუცესებს შეახსენა: „ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს და მთელ სამწყსოს, რომლის ზედამხედველებადაც წმინდა სულმა დაგნიშნათ, რათა დამწყემსოთ ღვთის კრება, რომელიც მან საკუთარი ძის სისხლით შეიძინა“ (საქ. 20:28). მსგავსი მითითება სულითცხებულ ძმებს პეტრე მოციქულმაც მისცა: „მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო, ოღონდ არა იძულებით, არამედ ხალისით, არა უპატიოსნო შემოსავლის სიყვარულით, არამედ გულმოდგინებით. ნუ იბატონებთ მათზე, ვინც ღვთის საკუთრებაა, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის“ (1 პეტ. 5:1—3).

6. განსაკუთრებით დღეს რატომ საჭიროებს ღვთის ცხვარი მწყემსების მზრუნველობას?

6 ქრისტიანმა უხუცესებმა „კარგ მწყემსს“, იესოს უნდა მიჰბაძონ (იოან. 10:11). მას აღელვებდა ღვთის ფარის მდგომარეობა. როდესაც სიმონ-პეტრეს უთხრა, აძოვე ჩემი ბატკნებიო, ამით იესომ ხაზი გაუსვა ღვთის ფარაზე ზრუნვის აუცილებლობას (წაიკითხეთ იოანეს 21:15—17). ღვთის ცხვარი განსაკუთრებით დღეს საჭიროებს უხუცესთა მზრუნველ ხელს, ვინაიდან სატანა გააფთრებით ცდილობს ღვთის მსახურთა ერთგულების შერყევას. ის მათი სისუსტეებით სარგებლობს და ცდილობს, რომ იეჰოვას ცხვარი ქვეყნიერების გავლენაში მოაქციოს და ცოდვაში გახვიოს (1 იოან. 2:15—17; 5:19). სატანის მსხვერპლი განსაკუთრებით არააქტიურები შეიძლება გახდნენ. ამიტომაც სჭირდებათ მათ დახმარება, რომ ‘სულით იარონ’ (გალ. 5:16—21, 25). მათთვის დახმარების გაწევა შესაძლებელია მხოლოდ ლოცვით, ღმერთზე მინდობით, წმინდა სულის ხელმძღვანელობითა და ბიბლიის მიზანმიმართული გამოყენებით (იგავ. 3:5, 6; ლუკ. 11:13; ებრ. 4:12).

7. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უხუცესებმა მწყემსონ მათთვის მიბარებული ფარა?

7 ძველად ისრაელში მწყემსები ცხვრის დასამწყემსად გრძელ სახრეს ხმარობდნენ. ფარეხში შესვლისა თუ იქიდან გამოსვლის დროს ცხვარს ‘სახრის ქვეშ უნდა გაევლო’. ასე ითვლიდა მწყემსი ცხვარს, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩენოდა უყურადღებოდ (ლევ. 27:32; მიქ. 2:12; 7:14). ქრისტიანი მწყემსებიც ყურადღებით უნდა მოეკიდონ ღვთის სამწყსოს თითოეულ წევრს, რომელიც ღმერთმა მათ ჩააბარა (შეადარეთ იგავების 27:23). სწორედ სამწყემსო მონახულებებია უხუცესთა საბჭოს განხილვის ერთ-ერთი უმთავრესი საგანი. ისინი მსჯელობენ, თუ რა სახით შეიძლება გაეწიოს დახმარება მათ, ვინც ღვთის ფარას ჩამოშორდა. როგორც ბიბლიაში წერია, იეჰოვა მოძებნის თავის ცხვარს და იზრუნებს მათზე (ეზეკ. 34:11). ღმერთს სიამოვნებს, როდესაც უხუცესები უყურადღებოდ არ ტოვებენ გზააბნეულ ცხვარს და ფარაში აბრუნებენ.

8. რა და რა სახის დახმარების გაწევა შეუძლიათ უხუცესებს სულიერად დასუსტებული და-ძმებისთვის?

8 როდესაც უხუცესი ავადმყოფ და-ძმებს ინახულებს, ეს მათ სიხარულსა და მხნეობას მატებს. იგივე შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაზეც, როდესაც უხუცესები პირადად ინტერესდებიან სულიერად დასუსტებული თანამორწმუნის მდგომარეობით. მასთან მისულმა უხუცესებმა შეიძლება წაიკითხონ ბიბლიიდან რომელიმე მუხლი, მასთან ერთად განიხილონ რომელიმე სტატია, ძირითადი აზრები კრების შეხვედრებიდან, ილოცონ მასთან ერთად და ასე შემდეგ. უხუცესებს შეუძლიათ ისიც აღნიშნონ, თუ როგორ გაუხარდებოდათ და-ძმებს მათი დანახვა კრების შეხვედრებზე (2 კორ. 1:3—7; იაკ. 5:13—15). სულ რაღაც ერთმა მონახულებამ, ერთმა სატელეფონო ზარმა თუ ერთმა წერილმაც კი შეიძლება კარგი შედეგი გამოიღოს. გარდა ამისა, ღვთის ფარას ჩამოშორებული თანაქრისტიანის დახმარება თავად უხუცესსაც მოუტანს სიხარულს.

ერთიანი ძალისხმევა

9, 10. უხუცესების გარდა, კიდევ ვინ უნდა დაინტერესდეს სულიერად დასუსტებული და-ძმების მდგომარეობით?

9 ცხოვრების რიტმი დღეს იმდენად სწრაფია და დროც იმდენად დაძაბულია, რომ ჩვენ შესაძლოა ვერც კი შევნიშნოთ, თუ როგორ შორდება თანამორწმუნე კრებას (ებრ. 2:1). მაგრამ იეჰოვას არც ერთი ცხვარი არ რჩება უყურადღებოდ. თითოეული მათგანი ისევე ძვირფასია, როგორც სხეულის თითოეული ნაწილი. ამიტომ ყველანი უნდა დავინტერესდეთ ჩვენი და-ძმების მდგომარეობით და ვიზრუნოთ ერთმანეთზე (1 კორ. 12:25). შენ თუ გაქვს და-ძმების მიმართ ასეთი დამოკიდებულება?

10 მართალია, ძირითადად, უხუცესების პასუხისმგებლობაა დაკარგული ცხვრების მოძებნა და დახმარება, მაგრამ კრების სხვა წევრებსაც შეუძლიათ მათთვის ყურადღების მიქცევა და ასეთი სახით უხუცესების მხარდაჭერა. ჩვენი მოვალეობაა, რომ გავამხნეოთ სულიერად დასუსტებული და-ძმები და დავეხმაროთ, რომ კრებას დაუბრუნდნენ. რა სახის დახმარება შეიძლება გაეწიოთ მათ?

11, 12. რა შეიძლება დაგევალოს სულიერად დასუსტებული და-ძმების დასახმარებლად?

11 ზოგჯერ უხუცესებმა შეიძლება რომელიმე გამოცდილ მაუწყებელს დაავალონ, რომ ბიბლიის შესწავლა ჩაუტაროს არააქტიურ ძმას ან დას, რომელსაც დახმარება სურს. ამის მიზანი ის არის, რომ მათ „თავდაპირველი სიყვარული“ განიახლონ (გამოცხ. 2:1, 4). თუ მაუწყებელი მასთან ერთად განიხილავს იმ მასალას, რომელიც მისი არყოფნის დროს განიხილებოდა კრების შეხვედრებზე, არააქტიური ქრისტიანი სულიერად გამხნევდება.

12 თუ უხუცესები გთხოვენ, რომ შესწავლა ჩაუტარო არააქტიურ მაუწყებელს, სთხოვე იეჰოვას, რომ გიხელმძღვანელოს და შენი ძალისხმევა აკურთხოს. „შენი საქმეები იეჰოვას მიანდე და შენი გეგმები განმტკიცდება“, — ვკითხულობთ ბიბლიაში (იგავ. 16:3). წინასწარ იფიქრე, რომელ ბიბლიურ მუხლებსა და გამამხნევებელ აზრებს განიხილავ მათთან. მიჰბაძე პავლე მოციქულს (წაიკითხეთ რომაელების 1:11, 12). პავლეს ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა რომაელ ქრისტიანებს, რათა მათთვის ‘სულიერი ძღვენი ეწილადებინა’, განემტკიცებინა ისინი და თავადაც გამხნევებულიყო. განა ჩვენც ასეთი განწყობით არ უნდა ვეხმარებოდეთ ღვთის ფარას ჩამოშორებულ ცხვრებს?

13. რაზე შეიძლება ისაუბროთ შესწავლის დროს?

13 შესწავლის დროს შეგიძლია ჰკითხო, თუ როგორ გაიგო ჭეშმარიტება. აღძარი, რომ გაიხსენოს წარსულის ის სასიამოვნო მოგონებები, რომლებიც მას კრების შეხვედრებთან, სამქადაგებლო მსახურებასთან თუ კონგრესებთან აკავშირებს. თუ ერთად გიმსახურიათ და საინტერესო შემთხვევა გქონიათ, გაახსენე. გაუზიარე ის სიხარული, რომელიც შენთვის იეჰოვასთან დაახლოებას მოაქვს (იაკ. 4:8). დაანახვე, რამდენად მადლიერი ხარ იმისათვის, რასაც იეჰოვა თავისი მსახურებისთვის აკეთებს, განსაკუთრებით კი იმისთვის, რომ განსაცდელების დროს გვანუგეშებს და იმედს გვაძლევს (რომ. 15:4; 2 კორ. 1:3, 4).

14, 15. როგორ დაეხმარება არააქტიურებს იმ კურთხევების გახსენება, ერთ დროს რომ ჰქონდათ?

14 კარგი იქნება, თუ გაახსენებ მას იმ კურთხევებს, რომლებიც კრებასთან მჭიდრო თანამშრომლობის დროს ჰქონდა, მაგალითად, როგორ იზრდებოდა სულიერად, როდესაც ღვთის სიტყვას და მის განზრახვებს ეცნობოდა (იგავ. 4:18). როდესაც ‘სულით დადიოდა’, გაცილებით იოლად უმკლავდებოდა ცოდვის ჩადენის ცდუნებას (გალ. 5:22—26). სუფთა სინდისი კი საშუალებას აძლევდა, რომ იეჰოვასთვის მიემართა ლოცვით და ჰქონოდა ‘ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება და იცავს გულებსა და გონებას’ (ფილ. 4:6, 7). გაითვალისწინე ეს მხარეები, გამოავლინე გულწრფელი ინტერესი და ყოველმხრივ ეცადე, რომ შენი სულიერი ძმა იქნება თუ და, სიყვარულით წაახალისო, რათა ღვთის ფარას დაუბრუნდეს (წაიკითხეთ ფილიპელების 2:4).

15 დავუშვათ, უხუცესი ინახულებს არააქტიურ ცოლ-ქმარს და ახსენებს იმ დროს, როდესაც მათ ღვთის სიტყვიდან პირველად გაიგეს ჭეშმარიტება. მაშინ მათ დიდი სიხარული იგრძნეს, დაინახეს, რამხელა სიბრძნე იდო ჭეშმარიტებაში და ცრუ რელიგიის ტყვეობისგან გათავისუფლდნენ (იოან. 8:32). გულები მადლიერებით ევსებოდათ, როდესაც უფრო ახლოს ეცნობოდნენ იეჰოვას, ხედავდნენ, რამდენად მოსიყვარულე ღმერთია და რაოდენ დიდებული განზრახვები აქვს (შეადარეთ ლუკას 24:32). შეახსენე მათ, რომ იმ ქრისტიანებს, რომლებიც ღვთისთვის მიძღვნის თანახმად ცხოვრობენ, იეჰოვასთან ახლო ურთიერთობისა და ლოცვის ბრწყინვალე შესაძლებლობა აქვთ. გულთბილად წაახალისე ისინი, რომ კვლავ გამოეხმაურონ „ბედნიერი ღვთის [იეჰოვას] დიდებულ სასიხარულო ცნობას“ (1 ტიმ. 1:11).

კვლავაც აგრძნობინე სიყვარული

16. მოჰყევით შემთხვევას, რომელიც აჩვენებს, რომ სულიერად დასუსტებულის დახმარებას კარგი შედეგები მოაქვს.

16 პრაქტიკულია ეს რჩევები? რასაკვირველია. ერთი ქრისტიანი, რომელიც 12 წლის იყო, როცა სამეფოს შესახებ მაუწყებლად დაიწყო მსახურება, 15 წლის ასაკში არააქტიური გახდა. მოგვიანებით მსახურებაში კვლავ აქტიურად ჩაება და ახლა უკვე 30 წელიწადზე მეტია, რაც სრული დროით მსახურობს. მის სულიერ გამოჯანმრთელებას დიდად შეუწყო ხელი ერთი ქრისტიანი უხუცესის მხარდაჭერამ. რამდენად მადლიერი იქნებოდა იგი ამისათვის!

17, 18. რომელი თვისებებია საჭირო მათ დასახმარებლად, ვინც ღვთის ფარას ჩამოსცილდა?

17 ქრისტიანებს სიყვარული აღძრავს, რომ დაეხმარონ არააქტიურებს და კრებაში დააბრუნონ. თავის მიმდევრებს იესომ მოუწოდა: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:34, 35). ჭეშმარიტი ქრისტიანები სიყვარულით გამოირჩევიან. განა ეს სიყვარული იმ მონათლულმა ქრისტიანებმაც არ უნდა იგრძნონ, რომლებიც შეიძლება არააქტიურები გახდნენ? რა თქმა უნდა. თუმცა მათ დასახმარებლად სხვა ქრისტიანული თვისებებიცაა საჭირო.

18 მაინც რომელი თვისებები? ესენია: თანაგრძნობა, სულგრძელობა, სიკეთე და რბილი ხასიათი. ზოგჯერ შეიძლება პატიებაც გახდეს საჭირო. პავლე მოციქულმა დაწერა: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით . . . მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს. გარდა ამისა, შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლ. 3:12—14).

19. რატომ არ იქნება ფუჭი ჩვენი ძალისხმევა, თუ ყველანაირად დავეხმარებით არააქტიურ და-ძმებს, რომ ღვთის სამწყსოს დაუბრუნდნენ?

19 მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, თუ რა მიზეზების გამო შეიძლება ჩამოსცილდეს ქრისტიანი ღვთის სამწყსოს. განვიხილავთ იმასაც, თუ როგორ უნდა მივიღოთ კრებაში ასეთი და-ძმები. აგრეთვე დავინახავთ, რომ მათ დასახმარებლად გაწეული ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის. დღეს ბევრი მთელ თავის სიცოცხლეს სიმდიდრის დაგროვებას უძღვნის, მაგრამ ერთი ადამიანის სიცოცხლეც კი გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე მთელი ქვეყნიერების სიმდიდრე. ამის ხაზგასასმელად იესომ დაკარგული ცხვრის მაგალითი მოიყვანა (მათ. 18:12—14). ღრმად ჩაიბეჭდეთ გონებაში ეს აზრი და ყველანაირად ეცადეთ, რომ დროული დახმარება აღმოუჩინოთ იეჰოვას ძვირფას ცხვარს.

როგორ უპასუხებთ?

• როგორ უნდა დაეხმარონ ქრისტიანი უხუცესები მათ, ვინც ღვთის ფარას ჩამოშორდა?

• შენ რით შეგიძლია დაეხმარო მათ, ვისაც დღეს ქრისტიანულ კრებასთან აღარ აქვს ურთიერთობა?

• რომელი თვისებებია საჭირო მათ დასახმარებლად?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 10 გვერდზე]

ქრისტიანი უხუცესები სიყვარულით ეხმარებიან მათ, ვინც ღვთის ფარას ჩამოსცილდა