არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიური თვალსაზრისი ჯანმრთელობაზე

ბიბლიური თვალსაზრისი ჯანმრთელობაზე

ბიბლიური თვალსაზრისი ჯანმრთელობაზე

„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი . . . მთელი გონებით და მთელი ძალით“ (მარ. 12:30).

1. თავდაპირველად რა განზრახვა ჰქონდა ღმერთს?

იეჰოვა ღმერთის თავდაპირველ განზრახვაში შედიოდა ის, რომ არავინ გამხდარიყო ავად და არავინ მომკვდარიყო. ადამი და ევა მან ედემის ბაღში დაასახლა, რომ „დაემუშავებინათ იგი და ეზრუნათ მასზე“, ოღონდ არა 70-80 წლის განმავლობაში, არამედ მარადიულად (დაბ. 2:8, 15; ფსალმ. 90:10). თუ პირველი ცოლ-ქმარი იეჰოვას ერთგული დარჩებოდა და მთელი გულით დაემორჩილებოდა უზენაეს ღმერთს, ჯანმრთელობაც სრულყოფილი ექნებოდათ, არც დაუძლურდებოდნენ და არც მოკვდებოდნენ.

2, 3. ა) როგორ აღწერს ეკლესიასტეს წიგნი მოხუცებულობას? ბ) ვისი ბრალია, რომ ვკვდებით, და როგორ მოეღება ბოლო სიკვდილს?

2 ეკლესიასტეს მე-12 თავში მხატვრულად არის აღწერილი ის „დამამწუხრებელი დღეები“, რომელიც თან ახლავს სიბერეს (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 12:1—7). თეთრი თმა შედარებულია აყვავებულ ნუშთან, ფეხები — ერთ დროს „ძალ-ღონით სავსე კაცებთან“, რომლებიც წელში იხრებიან და ბარბაცით დადიან, დაქვეითებული მხედველობა —„სარკმლიდან მომზირალ ქალებთან“, რომლებიც სიბნელის მეტს ვერაფერს ხედავენ, კბილები კი — ‘დამფქველ ქალებთან, რომლებიც წყვეტენ მუშაობას, რადგან ცოტავდებიან’.

3 ღმერთს ნამდვილად არ ჰქონია განზრახული, რომ ადამიანს ფეხებში ძალა გამოსცლოდა, მხედველობა დაჰქვეითებოდა ან კბილები დასცვენოდა. ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული სიკვდილიც ერთ-ერთია ‘ეშმაკის იმ საქმეებიდან’, რომლებსაც ღვთის ძე სამეფოს მეშვეობით თავის დროზე მოუღებს ბოლოს. იოანე მოციქულმა დაწერა: „ღვთის ძე სწორედ იმიტომ გამოჩნდა, რომ დაემსხვრია ეშმაკის საქმეები“ (1 იოან. 3:8).

ჯანმრთელობაზე ზომიერი ზრუნვა

4. რატომ ვზრუნავთ იეჰოვას მოწმეები ჯანმრთელობაზე ზომიერად, მაგრამ, ამავე დროს, რას ვაცნობიერებთ?

4 როგორც ყველას, ისე იეჰოვას მოწმეებსაც გვაქვს ჯანმრთელობის გაუარესებით თუ ხანდაზმულობით გამოწვეული პრობლემები. ამიტომ ზომიერი ზრუნვა ჯანმრთელობაზე ბუნებრივია და სასარგებლოც. ჩვენ გვინდა, რომ „მთელი ძალით“ ვემსახუროთ იეჰოვას (მარ. 12:30). მართალია, უნდა ვეცადოთ, რომ მეტ-ნაკლებად ჯანმრთელები ვიყოთ, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი არაფერი შეგვიძლია ყველა დაავადების თავიდან ასაცილებლად თუ სიბერის პროცესის შესანელებლად.

5. რას ვსწავლობთ ღვთის ერთგული მსახურების მაგალითებიდან?

5 ძველად იეჰოვას ერთგულ მსახურებსაც ჰქონდათ ჯანმრთელობის გაუარესებით გამოწვეული პრობლემები, მაგალითად, ეპაფროდიტეს (ფილ. 2:25—27). გამონაკლისი არც პავლეს ერთგული თანამსახური, ტიმოთე იყო. მას კუჭი აწუხებდა, რისთვისაც პავლემ ურჩია, რომ ‘ცოტა ღვინო დაელია’ (1 ტიმ. 5:23). პავლეც უძლებდა ‘სხეულში ეკალს’. როგორც ჩანს, მას ან მხედველობა ჰქონდა დაქვეითებული, ან ისეთი დაავადება ჰქონდა, რომელიც იმ დროისათვის არ იკურნებოდა (2 კორ. 12:7; გალ. 4:15; 6:11). იგი ევედრებოდა იეჰოვას, რომ მოეშორებინა მისთვის ‘სხეულში ეკალი’ (წაიკითხეთ 2 კორინთელების 12:8—10). მაგრამ ღმერთს სასწაულებრივად არ განუკურნავს პავლე, თუმცა მისცა მოთმინებისთვის საჭირო ძალები. როგორც ვხედავთ, იეჰოვას ძალა პავლეს სისუსტეში გამოჩნდა. რას ვსწავლობთ აქედან?

არ ღირს მეტისმეტი წუხილი

6, 7. რატომ არ უნდა გადავიტანოთ მთელი ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობაზე?

6 იეჰოვას მოწმეები უარს არ ამბობენ სამედიცინო დახმარებასა და სხვადასხვა მეთოდით მკურნალობაზე. ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში ხშირად იბეჭდება სტატიები ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. მართალია, ჩვენ რეკომენდაციას არ ვუწევთ მკურნალობის რომელიმე მეთოდს, მაგრამ ვაფასებთ მედიკოსთა დახმარებასა და თანამშრომლობას. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ სრულყოფილი ჯანმრთელობა ჯერჯერობით ვერ გვექნება. ამიტომ არ ღირს გამუდმებით წუხილი ჯანმრთელობაზე. სხვაობა უნდა ჩანდეს ჩვენსა და მათ შორის, ვინც „უიმედოა“, ვინც მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს და მზად არის, ნებისმიერი მეთოდით იმკურნალოს, ოღონდაც განიკურნოს (ეფეს. 2:2, 12). ჩვენ არ გვინდა იეჰოვას კეთილგანწყობის დაკარგვის ხარჯზე შევინარჩუნოთ სიცოცხლე, რადგან ვიცით, რომ თუ ღვთის ერთგულები დავრჩებით, ‘მტკიცედ ჩავეჭიდებით ჭეშმარიტ სიცოცხლეს’, ანუ მარადიულ სიცოცხლეს დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში (1 ტიმ. 6:12, 19; 2 პეტ. 3:13).

7 არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ვერიდებით ჯანმრთელობაზე გადამეტებით წუხილს. თუ მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე ვფიქრობთ, ადვილი შესაძლებელია, ეგოისტები გავხდეთ. სწორედ ამ საშიშროების შესახებ გააფრთხილა პავლემ ფილიპელი ქრისტიანები, როცა მისწერა: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილ. 2:4). გონივრულია, თუ ზომიერად ვიზრუნებთ საკუთარ თავზე, მაგრამ მთელი ყურადღება ჩვენს ჯანმრთელობაზე რომ არ გადავიტანოთ, ამაში დაგვეხმარება ჩვენი და-ძმებისა და იმ ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა, ვისაც ‘სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას’ ვუქადაგებთ (მათ. 24:14).

8. რისკენ შეიძლება გვიბიძგოს ჯანმრთელობაზე გადამეტებულმა ზრუნვამ?

8 არსებობს იმის საშიშროებაც, რომ ქრისტიანმა საკუთარი ჯანმრთელობა ღვთის სამეფოზე წინ დააყენოს. ჯანმრთელობაზე გადამეტებულმა ზრუნვამ შეიძლება გვიბიძგოს იმისკენ, რომ სხვებს საკუთარი აზრი მოვახვიოთ ამა თუ იმ დიეტის, მკურნალობისა თუ საკვები დანამატების უპირატესობის შესახებ. გავითვალისწინოთ ის პრინციპი, რომელიც პავლე მოციქულის შემდეგი სიტყვებიდან ჩანს: ‘დარწმუნდით, რა უფრო მნიშვნელოვანია, რომ უმწიკვლონი იყოთ და არ დააბრკოლოთ სხვები ქრისტეს დღემდე’ (ფილ. 1:10).

რა უფრო მნიშვნელოვანია?

9. რა არის უფრო მნიშვნელოვანი, რაც არ უნდა უგულებელვყოთ, და რატომ?

9 თუ ვრწმუნდებით, რა უფრო მნიშვნელოვანია, ეს დაგვეხმარება, რომ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ სულიერი განკურნების საქმეში. ეს შესაძლებელია ღვთის სიტყვის ქადაგებითა და სწავლებით. ამას სიხარული მოაქვს და სასარგებლოა როგორც ჩვენთვის, ისე მათთვის, ვისაც ვასწავლით (იგავ. 17:22; 1 ტიმ. 4:15, 16). ჟურნალ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში დროდადრო იბეჭდება სტატიები იმ და-ძმების შესახებ, რომლებსაც სერიოზული დაავადებები აქვთ *. ისინი გვიამბობენ ხოლმე, თუ როგორ ქადაგებენ იეჰოვასა და მისი საოცარი განზრახვების შესახებ, რაც ეხმარებათ, რომ გაუძლონ პრობლემებს და ზოგჯერ დაივიწყონ კიდეც.

10. რატომ არ არის იეჰოვასთვის სულერთი, მკურნალობის რომელ მეთოდს ავირჩევთ?

10 თუ ქრისტიანს ჯანმრთელობა გაუუარესდება, მან ‘თვითონ უნდა ატაროს თავისი სატარებელი’, ანუ თვითონ აირჩიოს მკურნალობის მეთოდი (გალ. 6:5). მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვასთვის სულერთი არ არის, მკურნალობის რომელ მეთოდს ავირჩევთ. თუ ღვთის სიტყვის სიყვარული იმისკენ აღგვძრავს, რომ ‘მოვერიდოთ სისხლს’, იმისკენაც უნდა აღგვძრას, რომ მოვერიდოთ მკურნალობის იმ მეთოდებს, რომლებიც ჩვენს სულიერობას შეუქმნის საფრთხეს და იეჰოვასთან ურთიერთობას გაგვიფუჭებს (საქ. 15:20). მაგალითად, ზოგიერთი დიაგნოსტიკური თუ სამკურნალო მეთოდი სპირიტიზმის ელემენტებს შეიცავს. თავის დროზე იეჰოვამ დაგმო განდგომილი ისრაელების საქციელი, რომლებიც „ჯადოქრობას“ ანუ სპირიტიზმს მიმართავდნენ. მან უთხრა მათ: „ნუღარ მომიტანთ მაგ უსარგებლო მარცვლეულ შესაწირავს. საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის. თქვენ იცავთ ახალმთვარობებსა და შაბათებს და მართავთ შეკრებებს. ვერ ვიტან თქვენს ჯადოქრობას თქვენი საზეიმო შეკრების დროს“ (ეს. 1:13). განსაკუთრებით ავადმყოფობის დროს არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც ლოცვას დაგვიბრკოლებს და ღმერთთან ურთიერთობას გაგვიფუჭებს (გოდ. 3:44).

აუცილებელია საღი აზრი

11, 12. რატომ უნდა მოვუხმოთ საღ აზრს მკურნალობის შესაფერისი მეთოდის არჩევისას?

11 ავადმყოფობის დროს არ უნდა მოველოდეთ, რომ იეჰოვა სასწაულებრივად განგვკურნავს, თუმცა შეგვიძლია სიბრძნე ვთხოვოთ ღმერთს მკურნალობის შესაფერისი მეთოდის ასარჩევად. ამ დროს უნდა ვიხელმძღვანელოთ ბიბლიური პრინციპებით და საღ აზრს მოვუხმოთ. თუ დაავადება სერიოზულია, შეიძლება ჯობდეს, რომ ერთზე მეტი ექიმისგან მივიღოთ კონსულტაცია, თუ ეს შესაძლებელია. იგავების 15:22-ში ვკითხულობთ: „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება; სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“. პავლე მოციქულმა თანამორწმუნეებს მოუწოდა, რომ „ახლანდელ ქვეყნიერებაში აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით“ ეცხოვრათ (ტიტ. 2:12).

12 დღეს ბევრია ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც იესოს დროს ერთი ავადმყოფი ქალი იყო. მარკოზის 5:25, 26-ში ვკითხულობთ: „მათ შორის იყო ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლდენით იტანჯებოდა. ექიმებისგან ბევრი ტკივილი ჰქონდა გადატანილი, მთელი სახსრები დახარჯა, მაგრამ არაფერმა უშველა და უარეს დღეში ჩავარდა“. იესომ განკურნა ეს ქალი და შემდეგ თანაგრძნობით დაელაპარაკა (მარ. 5:27—34). სასოწარკვეთილებაში მყოფმა ზოგიერთმა ქრისტიანმა ისეთ დიაგნოსტიკურ თუ სამკურნალო მეთოდებს მიმართა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ბიბლიურ პრინციპებს.

13, 14. ა) როგორ ცდილობს სატანა თავისი მიზნის მიღწევას, როცა საქმე მკურნალობის მეთოდის არჩევას ეხება? ბ) რატომ უნდა მოვერიდოთ იმასაც კი, რაც სპირიტიზმთან ახლოს არის?

13 სატანა ყველანაირად ეცდება, რომ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ჩამოგვაშოროს. იგი ამ მიზნის მისაღწევად როგორც მატერიალიზმსა და უზნეობას, ისე მკურნალობის იმ მეთოდებს იყენებს, რომლებიც ოკულტიზმისა და სპირიტიზმის ელემენტებს შეიცავს. უნდა ვილოცოთ, რომ იეჰოვამ „გვიხსნას ბოროტისგან“ და „ყოველგვარი უკანონობისგან“. ამიტომ, სატანის წისქვილზე რომ არ დავასხათ წყალი, არ უნდა მივმართოთ იმ მეთოდებს, რომლებიც ახლოს არის სპირიტიზმთან (მათ. 6:13; ტიტ. 2:14).

14 იეჰოვა უკრძალავდა ისრაელებს მკითხაობასა და ჯადოქრობას (კან. 18:10—12). პავლე მოციქულმა სპირიტიზმი „ხორცის საქმეებს“ შორის მოიხსენია (გალ. 5:19, 20). გარდა ამისა, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, „სპირიტიზმის მიმდევრები“ ვერ დაიმკვიდრებენ ახალ ქვეყნიერებას (გამოცხ. 21:8). ნათელია, რომ იეჰოვას სძულს ყველაფერი, რაც სპირიტიზმს უკავშირდება.

„ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“

15, 16. რატომ უნდა გამოვავლინოთ სიბრძნე მკურნალობის მეთოდის არჩევისას და რა გონივრული რჩევა მისცა პირველი საუკუნის ქრისტიანებს ხელმძღვანელმა საბჭომ?

15 თუ ეჭვი გვეპარება იმაში, რომ დიაგნოსტიკურ თუ მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს სპირიტიზმთან აქვს კავშირი, გონივრული იქნება, საერთოდ უარი ვთქვათ მასზე. რასაკვირველია, თუ ჩვენთვის უცნობია, რა პრინციპი უდევს საფუძვლად მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მეთოდი სპირიტიზმთან არის კავშირში. ჯანმრთელობაზე ზრუნვის დროს ბიბლიური პრინციპები რომ არ გამოგვრჩეს მხედველობიდან, საჭიროა ღვთიური სიბრძნე და განსჯის უნარი. იგავების მესამე თავში ვკითხულობთ: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს . . . შეინარჩუნე სიბრძნე და ჭკუა. სიცოცხლე იქნება ეს შენი სულისთვის“ (იგავ. 3:5, 6, 21, 22).

16 მართალია ვცდილობთ, რომ მეტ-ნაკლებად ჯანმრთელები ვიყოთ, მაგრამ წინდახედულობაა საჭირო, რომ ღვთის კეთილგანწყობის დაკარგვის ხარჯზე არ ვეცადოთ ავადმყოფობითა თუ სიბერით გამოწვეული პრობლემების გადაჭრას. როგორც სხვა საკითხებში, ისე ჯანმრთელობაზე ზრუნვის საკითხშიც ბიბლიური პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ამგვარად, ‘ყველასთვის ცნობილი გავხადოთ ჩვენი კეთილგონიერება’ (ფილ. 4:5). პირველ საუკუნეში ხელმძღვანელმა საბჭომ ქრისტიანებს მნიშვნელოვანი წერილი მისწერა და მოუწოდა, რომ მორიდებოდნენ კერპთაყვანისმცემლობას, სისხლს და სიძვას. წერილში აგრეთვე ეწერა: „თუ ამისგან დაიცავთ თავს, წარმატებული იქნებით“ (საქ. 15:28, 29). რა გაგებით?

სრულყოფილი ჯანმრთელობის მოლოდინში

17. როგორ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე ბიბლიური პრინციპების დაცვა?

17 თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: თუ ვხედავ, რა დადებითი შედეგები მოაქვს იმას, რომ მტკიცედ ვიცავ იმ ბიბლიურ პრინციპებს, რომელიც კრძალავს სისხლის გადასხმას და მრუშობას? დაფიქრდით აგრეთვე იმაზე, თუ რამდენად სასარგებლოა, რომ ‘განვიწმინდეთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს’ (2 კორ. 7:1). ბიბლიურ პრინციპებს რომ ვითვალისწინებთ და ვიცავთ ჰიგიენის ნორმებს, მრავალ დაავადებას ვირიდებთ თავიდან. ვინაიდან არ ვეწევით თამბაქოს და ბოროტად არ ვიყენებთ ნარკოტიკებს, დაცულები ვართ ხორცისა და სულის სიბილწისგან. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზომიერი ჭამა-სმაც კარგად მოქმედებს (წაიკითხეთ იგავების 23:20; ტიტეს 2:2, 3). მართალია, დასვენება და ვარჯიშიც შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ ჩვენს სულიერ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას განსაკუთრებით ბიბლიური პრინციპების დაცვა უწყობს ხელს.

18. ყველაზე მეტად რა უნდა გვაღელვებდეს და რომელი წინასწარმეტყველების შესრულებას მოველით მოუთმენლად?

18 ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენს სულიერ ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ და კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ზეციერ მამას, „სიცოცხლის წყაროს“, რომელიც ახლაც გვაძლევს სიცოცხლეს და ახალ ქვეყნიერებაშიც მოგვცემს (1 ტიმ. 4:8; ფსალმ. 36:9). იმ დროს სულიერად და ფიზიკურად სრულიად განვიკურნებით, რადგან იესოს გამოსასყიდის საფუძველზე მოგვეტევება ცოდვები. ღვთის კრავი, იესო ქრისტე „სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ“ წაგვიძღვება და მოგვწმენდს ღმერთი ყოველგვარ ცრემლს თვალებიდან (გამოცხ. 7:14—17; 22:1, 2). მაშინ თითოეული ჩვენგანი გახდება იმ აღმაფრთოვანებელი წინასწარმეტყველების შესრულების მოწმე, რომელიც ესაიას 33:24-ში წერია: „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“.

19. რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი?

19 ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ჩვენი ხსნა ახლოსაა. ერთი სული გვაქვს, როდის დადგება ის დღე, როცა იეჰოვა ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ავადმყოფობასა და სიკვდილს. მანამდე კი, ჩვენი მოსიყვარულე მამა დაგვეხმარება, რომ ავიტანოთ ავადმყოფობით გამოწვეული ტკივილი, რადგან, როგორც ბიბლიაში წერია, ‘ის ზრუნავს ჩვენზე’ (1 პეტ. 5:7). ასე რომ, ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე, ოღონდ ისე, რომ არასოდეს გამოგვრჩეს მხედველობიდან ბიბლიური პრინციპები.

[სქოლიო]

^ აბზ. 9 ზოგიერთი ასეთი სტატიის სათაური შეგიძლიათ იხილოთ 2003 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკის“ მე-17 გვერდზე განთავსებულ ჩარჩოში.

გამეორებისთვის

• ვისი ბრალია, ავად რომ ვხდებით, და ვინ აღმოფხვრის ცოდვის შედეგებს?

• თუმცა ბუნებრივია, თუ ჩვენი ჯანმრთელობა გვაღელვებს, რას უნდა მოვერიდოთ?

• რატომ არ არის იეჰოვასთვის სულერთი, მკურნალობის რომელ მეთოდს ავირჩევთ?

• რა დადებითი შედეგები მოაქვს იმას, რომ ვიცავთ ბიბლიურ პრინციპებს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 23 გვერდზე]

ადამიანი იმისათვის არ შეუქმნია ღმერთს, რომ დაავადებულიყო ან დაბერებულიყო

[სურათი 25 გვერდზე]

იეჰოვას თავისი მსახურები ავადმყოფობის მიუხედავად სიხარულით ემსახურებიან