არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორი ადამიანი გინდა, რომ იყო?

როგორი ადამიანი გინდა, რომ იყო?

როგორი ადამიანი გინდა, რომ იყო?

ფილიპინებში პოლიციის უფროსმა ერთ პიონერ დას ჰკითხა: „ასე როგორ შეცვალეთ ეს კაცი?“ შემდეგ მან საბუთების დასტისკენ გაიშვირა თითი და დასძინა: „ეს საბუთები მის წინააღმდეგ ადრე აღძრული სასამართლო საქმეებია. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა პრობლემისგან გაათავისუფლეთ ჩვენი ქალაქი“. ის, ვისზეც ახლა ვსაუბრობთ, ერთ დროს ლოთი და აყალმაყალის ამტეხი იყო, მაგრამ ღვთისგან შთაგონებულმა სიტყვამ, ბიბლიამ, სრულიად შეცვალა იგი.

მის მსგავსად, არაერთმა ადამიანმა გაითვალისწინა პავლე მოციქულის რჩევა და ‘მოიშორა ძველი პიროვნება, რომელიც წინანდელი ცხოვრების შესაბამისი იყო, და შეიმოსა ახალი პიროვნებით, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად’ (ეფეს. 4:22—24). როდესაც ადამიანი ქრისტიანი ხდება, აუცილებელია, ახალი პიროვნებით შეიმოსოს იმის მიუხედავად, დიდი ცვლილებები აქვს მოსახდენი თუ არა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ვინმე მონათვლისთვის მზად არის, ეს მხოლოდ დასაწყისია. ადამიანი, რომელიც ინათლება, შეიძლება შევადაროთ ხის იმ საგანს, რომელსაც ძირითადი ფორმა მიცემული აქვს და მზად არის შემდგომი დამუშავებისთვის. ძნელი მისახვედრი არ არის, როგორი იქნება ეს საგანი, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია; მას სჭირდება დამუშავება და დახვეწა, რომ საბოლოოდ ლამაზი გამოვიდეს. იმისათვის, რომ მოინათლო და ღვთის მსახური გახდე, უნდა გქონდეს ძირითადი ქრისტიანული თვისებები, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ეს ახალი პიროვნებით შემოსვის მხოლოდ საწყისი ეტაპია. ცვლილებების მოხდენა და ახალი პიროვნების დახვეწა კვლავაც საჭიროა.

თვით პავლე მოციქულიც ხედავდა საკუთარ თავში ცვლილებების მოხდენის აუცილებლობას. იგი წერდა: „მინდა ვაკეთო, რაც სწორია, მაგრამ თან მდევს ცუდი“ (რომ. 7:21). პავლე ხედავდა არა მარტო იმას, თუ როგორი იყო სინამდვილეში, არამედ იმასაც, თუ როგორი უნდოდა, რომ ყოფილიყო. ჩვენ თუ ვაფასებთ რეალურად საკუთარ თავს? დავუსვათ ჩვენს თავს შემდეგი კითხვები: მე რა ‘მდევს თან’? როგორი ადამიანი ვარ და როგორი მინდა, რომ გავხდე?

რა ‘მდევს თან’?

ძველი სახლის გარედან შეღებვას აზრი არ ექნება, თუ შიგნით კოჭები დამპალი აქვს. თუ ჯერ კოჭებს არ გამოვცვლით, მოგვიანებით ესა თუ ის პრობლემა უთუოდ იჩენს თავს. მსგავსადვე, არ იქნება საკმარისი, თუ მხოლოდ მართალი ადამიანის შთაბეჭდილებას დავტოვებთ. აუცილებელია, შევაღწიოთ საკუთარი პიროვნების წიაღში, რომ დავინახოთ, რა მხრივ გვესაჭიროება გამოსწორება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძველი პიროვნებისთვის დამახასიათებელი თვისებები უეჭველად შეგვახსენებს თავს. როგორც ვხედავთ, საჭიროა თვითშემოწმება (2 კორ. 13:5). უნდა დავინახოთ ჩვენი უარყოფითი თვისებები და დადებითით ჩავანაცვლოთ. ამაში იეჰოვა დაგვეხმარება.

პავლემ დაწერა: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი, ნებისმიერ ორლესულ მახვილზე ბასრი და აღწევს ხორცისა და სულის, სახსრებისა და ძვლის ტვინის გაყოფის ადგილამდე და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრ. 4:12). ღვთის სიტყვას ჩვენს ცხოვრებაზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია. ის ღრმად, ასე ვთქვათ, ძვლის ტვინამდე აღწევს ჩვენში. ღვთის სიტყვა ააშკარავებს ჩვენს ფიქრებს, მოტივებს, გვანახვებს, როგორები ვართ შინაგანად და როგორები — გარეგნულად, და რეალურ წარმოდგენას გვიქმნის საკუთარ თავზე. ბიბლია მართლაც ღვთისგან ბოძებული ბრწყინვალე ძღვენია, რომელიც საკუთარი თავის რეალურად შეფასების საშუალებას გვაძლევს.

ძველ სახლში რემონტის გასაკეთებლად მხოლოდ ახალი მასალა არ იქნება საკმარისი, თუ ის ძირითადი მიზეზები არ აღმოიფხვრება, რის გამოც რემონტი გახდა აუცილებელი. არც მხოლოდ ჩვენი უარყოფითი თვისებების დანახვაა საკმარისი, საჭიროა იმ მიზეზების აღმოფხვრა, რამაც ხელი შეუწყო ჩვენში ამ თვისებების განვითარებას. ეს, თავის მხრივ, დაგვეხმარება, რომ ვაკონტროლოთ საკუთარი თავი. როგორც ცნობილია, ხასიათის ჩამოყალიბებაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას. ეს შეიძლება იყოს სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობა, გარემო, კულტურა, მშობლები, საზოგადოება, რელიგია. თავის კვალს ტოვებს აგრეთვე სატელევიზიო პროგრამები, ფილმები და გართობის ესა თუ ის სახეობა. თუ ვხედავთ, რა ახდენს ჩვენზე ცუდ გავლენას, მაქსიმალურად მოვერიდებით ჩვენთვის საზიანო გარემოს.

თვითშემოწმების შემდეგ შეიძლება ასეთ დასკვნამდე მივიდეთ: რაცა ვარ, ესა ვარ. მაგრამ ეს მცდარი დასკვნაა. იმ კორინთელ ქრისტიანებს, რომლებიც ადრე მეძავები, მამათმავლები და ლოთები იყვნენ, პავლემ მისწერა: „ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი, მაგრამ განიბანეთ . . . ჩვენი ღვთის სულით“ (1 კორ. 6:9—11). იეჰოვას წმინდა სულის დახმარებით ჩვენც მოვახდენთ საკუთარ თავში საჭირო ცვლილებებს.

მოვიყვანოთ ერთი მამაკაცის, მარკოსის * შემთხვევა, რომელიც ფილიპინებში ცხოვრობს. იგი თავის წარსულს იხსენებს: „ჩემი მშობლები გაუთავებლად ჩხუბობდნენ, რამაც თავისი კვალი დატოვა ჩემზე და 19 წლის ასაკში თავზეხელაღებული ცხოვრება დავიწყე“. მარკოსმა აზარტულ თამაშებს მიჰყო ხელი, ქურდობდა კიდეც და ხალხსაც აყაჩაღებდა. ერთხელ მან და მისი ბანდის წევრებმა თვითმფრინავის გატაცებაც კი დააპირეს, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს. მარკოსს არც დაქორწინების შემდეგ შეუცვლია ცხოვრების წესი. ბოლოს აზარტული თამაშების გამო ყველაფერი დაკარგა. იმ დროს მარკოსის მეუღლეს იეჰოვას მოწმეები ბიბლიას ასწავლიდნენ, ცოტა ხანში მას მარკოსიც შეუერთდა. თავდაპირველად იგი ფიქრობდა, რომ არ იმსახურებდა, იეჰოვას მოწმე გამხდარიყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბიბლიური პრინციპების გამოყენება და კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო, მიატოვა ძველი ცხოვრების წესი. ამჟამად ის მონათლული ქრისტიანია და სხვებს ასწავლის ბიბლიას, რომ ისინიც შეიცვალონ.

როგორი გინდა, რომ იყო?

რა არის საჭირო იმისთვის, რომ დავხვეწოთ ქრისტიანული თვისებები? პავლე თანაქრისტიანებს ურჩევდა: „მოიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, ბრაზი, ბოროტება; თქვენი პირიდან ნუ ამოვა ლანძღვა და უწმაწური სიტყვები. ნუ მოატყუებთ ერთმანეთს; გაიხადეთ ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ“. შემდეგ განაგრძობს: „შეიმოსეთ ახალი პიროვნებით, რომელიც საფუძვლიანი ცოდნის საშუალებით ახლდება მისი შემოქმედის პიროვნებისამებრ“ (კოლ. 3:8—10).

ჩვენი უმთავრესი მიზანი ის უნდა იყოს, რომ გავიხადოთ ძველი პიროვნება და შევიმოსოთ ახლით. რა თვისებების განვითარება დაგვეხმარება ამაში? პავლე ამბობს: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით . . . მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს. გარდა ამისა, შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლ. 3:12—14). თუ მთელი მონდომებით ვეცდებით ქრისტიანული თვისებების დახვეწას, ‘უფრო მოსაწონები გავხდებით იეჰოვასთვისაც და ხალხისთვისაც’ (1 სამ. 2:26). იესო ავლენდა ღვთისმოსაწონ თვისებებს. თუ დავაკვირდებით მის ცხოვრებას და მის ნაკვალევს მივყვებით, უფრო მეტად დავემსგავსებით მას და ამგვარად ‘ღმერთს მივბაძავთ’ (ეფეს. 5:1, 2).

კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ დავინახოთ, რა გვაქვს შესაცვლელი? უნდა დავაკვირდეთ ბიბლიურ პერსონაჟებს, და გავაანალიზოთ ის, თუ მათი თვისებებიდან რომელია ღვთის თვალში მიმზიდველი და რომელი — არა. გავიხსენოთ იაკობის ვაჟი, იოსები. მიუხედავად იმისა, რომ იგი არაერთხელ გახდა უსამართლობის მსხვერპლი, არ დაუკარგავს დადებითი განწყობა და შინაგანი სილამაზე (დაბ. 45:1—15). მეფე დავითის ვაჟი აბესალომი კი, სრულიად განსხვავდებოდა იოსებისგან. იგი ხალხს თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ზრუნავდა მათზე; ხალხი მას ხოტბას გარეგნული სილამაზის გამო ასხამდა. მაგრამ სინამდვილეში აბესალომი მოღალატე და მკვლელი იყო (2 სამ. 13:28, 29; 14:25; 15:1—12). მოჩვენებითი სიკეთე და გარეგნული სილამაზე არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი შინაგანადაც ლამაზია.

გაუმჯობესება შეუძლებელი არ არის

თუ გვინდა, რომ დავხვეწოთ ქრისტიანული თვისებები და ღვთის თვალში ლამაზები ვიყოთ, უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ ჩვენი შინაგანი პიროვნება (1 პეტ. 3:3, 4). უნდა დავინახოთ არა მარტო უარყოფითი თვისებები, არამედ ის ფაქტორებიც, რომლებმაც ხელი შეუწყო ჩვენში ამ თვისებების განვითარებას, და პარალელურად გამოვიმუშაოთ ღვთისმოსაწონი თვისებები. უშედეგო ხომ არ იქნება ჩვენი მცდელობა?

რა თქმა უნდა, არა. იეჰოვას დახმარებით შევძლებთ გაუმჯობესებას. ჩვენც შეგვიძლია ფსალმუნმომღერლის მსგავსად ვილოცოთ: „სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო, და ახალი, მტკიცე სული ჩამიდგი“ (ფსალმ. 51:10). ვთხოვოთ იეჰოვას, რომ თავისი სულით იმოქმედოს ჩვენზე, რათა მეტი მონდომებით შევეცადოთ მისი ნების თანახმად ცხოვრებას და უფრო მიმზიდველნი გავხდეთ მის თვალში.

[სქოლიო]

^ აბზ. 11 სახელი შეცვლილია.

[სურათი 4 გვერდზე]

საკმარისი იქნება, თუ ქარიშხლისგან დაზიანებული სახლის მხოლოდ გარეთა კედლებს შევღებავთ?

[სურათი 5 გვერდზე]

ავითარებ ისეთ თვისებებს, როგორიც ქრისტეს ჰქონდა?