არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები იაკობისა და პეტრეს წერილებიდან

მნიშვნელოვანი აზრები იაკობისა და პეტრეს წერილებიდან

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები იაკობისა და პეტრეს წერილებიდან

ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან თითქმის 30 წელი იყო გასული, როცა მოწაფე იაკობმა, იესოს ნახევარძმამ, სულიერი ისრაელის „თორმეტ ტომს“ წერილი მისწერა (იაკ. 1:1). მან მოუწოდა მათ, რომ მტკიცე რწმენა ჰქონოდათ და განსაცდელების დროს მოთმინება გამოევლინათ. გარდა ამისა, რჩევებიც მისცა იმისათვის, რომ კრებებში არასასურველი მდგომარეობა გამოესწორებინათ.

ახ. წ. 64 წელს, სანამ რომის იმპერატორი ნერონი ქრისტიანთა დევნას დაიწყებდა, მოციქულმა პეტრემ მათ თავისი პირველი წერილი მისწერა და გაამხნევა, რომ მტკიცე რწმენა შეენარჩუნებინათ. თავის მეორე წერილში, რომელიც პირველის მერე მალევე დაწერა, პეტრემ თანამორწმუნეებს მოუწოდა, ყურადღება მიექციათ ღვთის სიტყვისთვის და გააფრთხილა იეჰოვას დღის მოახლოების შესახებ. ეს წერილები, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც სასარგებლო იქნება (ებრ. 4:12).

ღმერთი მათ აძლევს სიბრძნეს, ვინც ‘რწმენით სთხოვს’

(იაკ. 1:1—5:20)

„ბედნიერია ის, ვინც განსაცდელს უძლებს, — წერს იაკობი, — რადგან მოწონებას დაიმსახურებს და მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს“. ვინც ‘რწმენით სთხოვს’, იეჰოვა მისცემს მას საჭირო სიბრძნეს განსაცდელების გადასატანად (იაკ. 1:5—8, 12).

რწმენა და სიბრძნე მათთვისაც საჭიროა, ვინც კრებაში ‘მასწავლებელი ხდება’. მას შემდეგ, რაც იაკობმა აღნიშნა, რომ ენა „სხეულის პატარა ნაწილია“ და მას შეუძლია „მთლიანად დაალაქაოს სხეული“, ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყნიურმა აზროვნებამ შეიძლება ღმერთთან ურთიერთობა გაგვიფუჭოს. მან აგრეთვე დაწერა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მათ დასახმარებლად, ვინც სულიერადაა ავად (იაკ. 3:1, 5, 6; 5:14, 15).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

2:13. რა გაგებით იმარჯვებს „გულმოწყალება . . . გასამართლებაზე“? როდესაც დადგება ღვთის წინაშე პასუხისგების დრო, იგი გაითვალისწინებს, ჩვენ თუ ვიყავით გულმოწყალენი სხვების მიმართ, და ცოდვებს თავისი ძის მიერ გაღებული გამოსასყიდის საფუძველზე გვაპატიებს (რომ. 14:12). აქედან გამომდინარე, განა არ უნდა იყოს გულმოწყალება ჩვენი ბუნების განუყოფელი ნაწილი?

4:5. რომელ მუხლს ციტირებდა იაკობი? მას არც ერთი კონკრეტული მუხლი არ ჰქონია მხედველობაში. როგორც ჩანს, ეს ღვთისგან შთაგონებული სიტყვები შემდეგი მუხლების საფუძველზეა ნათქვამი: დაბადების 6:5; 8:21, იგავების 21:10 და გალატელების 5:17.

რას ვსწავლობთ:

1:14, 15. ცოდვის ჩადენას წინ უსწრებს არაჯანსაღი სურვილი. ამიტომ ასეთი სურვილებით არ უნდა ვკვებოთ გონება. პირიქით, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რაც ჩვენს გულსა და გონებას სულიერი აზრებით აავსებს (ფილ. 4:8).

2:8, 9. მიკერძოება არ ეთავსება სიყვარულის ‘დიდებულ კანონს’. ამიტომ ქრისტიანებმა არ უნდა გამოიჩინონ მიკერძოება.

2:14—26. ჩვენ „რწმენის მეშვეობით“ ვართ გადარჩენილნი და არა მოსეს კანონისა თუ ქრისტიანული „საქმეების გამო“. რწმენა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ იმის აღიარებას, რომ ღმერთი არსებობს (ეფეს. 2:8, 9; იოან. 3:16). რწმენამ უნდა აღგვძრას, რომ ღვთის ნების თანახმად მოვიქცეთ.

3:13—17. „ზემოდან მომავალი სიბრძნე“, რა თქმა უნდა, აღემატება „მიწიერ, ხორციელ და დემონურ“ სიბრძნეს. ეს სიბრძნე მუდამ ‘დამალული განძივით უნდა ვეძიოთ’ (იგავ. 2:1—5).

3:18. აუცილებელია, ვიყოთ მშვიდობისმყოფელები და არა ქედმაღლები, მოკამათეები ან თავშეუკავებლები.

გქონდეთ „მტკიცე რწმენა“

(1 პეტ. 1:1—5:14)

პეტრე მოციქულმა თანამორწმუნეებს შეახსენა, რომ მათ ჰქონდათ ზეცაში მემკვიდრეობის მიღების „ცოცხალი იმედი“. პეტრემ აუხსნა მათ, რომ ისინი იყვნენ „რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი“. მას შემდეგ, რაც ურჩია, რომ მორჩილები ყოფილიყვნენ, მოუწოდა, რომ ‘ყველას ერთი აზრი ჰქონოდა, ყოფილიყვნენ გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი, დიდად თანამგრძნობნი და თავმდაბალნი’ (1 პეტ. 1:3, 4; 2:9; 3:8).

ვინაიდან ‘მოახლოებული იყო’ იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურება, პეტრემ ძმებს ურჩია, ‘საღად ეაზროვნათ და ლოცვაში სიფხიზლე შეენარჩუნებინათ’. შემდეგ მოუწოდა: „იფხიზლეთ და გეღვიძოთ! . . წინ აღუდექით მას [სატანას] მტკიცე რწმენით“ (1 პეტ. 4:7; 5:8, 9).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

3:20—22. რა გაგებით გვიხსნის ნათლობა? მონათვლა აუცილებელი მოთხოვნაა მათთვის, ვისაც გადარჩენა სურს. თუმცა ნათლობა, თავისთავად გადარჩენის გარანტიას არ იძლევა. ხსნა „იესო ქრისტეს აღდგომის მეშვეობით“ არის შესაძლებელი. ვისაც მონათვლის სურვილი აქვს, უნდა სწამდეს, რომ გადარჩენა იმის წყალობით გახდა შესაძლებელი, რომ იესომ თავი გასწირა, მკვდრეთით აღდგა, „ღვთის მარჯვნივ დაჯდა“ და მიეცა ძალაუფლება ცოცხლებზეც და მკვდრებზეც. მონათვლა იმ შემთხვევაში გადაარჩენს ადამიანს, თუ ისეთივე რწმენა ექნება, როგორიც იმ ‘რვა სულს ჰქონდა, რომლებიც წყალს გადაურჩნენ’.

4:6. ვინ იგულისხმებიან იმ ‘მკვდრებში, რომლებსაც სასიხარულო ცნობა ეხარათ’? ისინი, ვინც ‘მკვდრები იყვნენ თავიანთ დანაშაულსა და ცოდვებში’ ანუ სულიერად მკვდრები, ვინაიდან არ ჰქონდათ სასიხარულო ცნობა მოსმენილი (ეფეს. 2:1). მას შემდეგ, რაც მიიღეს სასიხარულო ცნობა, სულიერად გაცოცხლდნენ.

რას ვსწავლობთ:

1:7. ჩვენი რწმენა ძვირფასი რომ იყოს, უნდა გამოიცადოს. გამონაცადი და ძლიერი რწმენა ‘სულს ცოცხლად შეგვინარჩუნებს’ (ებრ. 10:39). არ უნდა გავექცეთ განსაცდელებს, რომლითაც ჩვენი რწმენა იცდება.

1:10—12. ანგელოზებს სურდათ, რომ ჩაჰკვირვებოდნენ და გაეგოთ ის სულიერი სიღრმეები, რომლებიც ღვთის წინასწარმეტყველებმა სულითცხებულთა ქრისტიანული კრების შესახებ ჩაწერეს ღვთის სიტყვაში. ამ ყოველივეს მხოლოდ მას შემდეგ მოეფინა ნათელი, რაც იეჰოვამ ქრისტიანული კრება ჩამოაყალიბა (ეფეს. 3:10). მივბაძოთ ანგელოზების მაგალითს და გამოვიკვლიოთ „ღვთის სიღრმეები“ (1 კორ. 2:10).

2:21. მივბაძოთ იესო ქრისტეს და მზად ვიყოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში თავიც კი გავწიროთ იეჰოვას უზენაესობის დასამტკიცებლად.

5:6, 7. როდესაც იეჰოვას ჩვენს საწუხარს ვანდობთ, იგი გვეხმარება, რომ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის პირველ ადგილს ვუთმობდეთ და მეტისმეტად არ ვწუხდეთ ხვალინდელ დღეზე (მათ. 6:33, 34).

„იეჰოვას დღე . . . მოვა“

(2 პეტ. 1:1—3:18)

„წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, — წერდა პეტრე, — არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“. თუ ყურად ვიღებთ ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვას, ვერც „ცრუმასწავლებლები“ და ვერც სხვები ვერ მოახდენენ ჩვენზე გავლენას (2 პეტ. 1:21; 2:1—3).

პეტრე წერდა: „ბოლო დღეებში მოვლენ დამცინავები მათთვის ჩვეული დაცინვით“. თუმცა იმასაც წერდა, რომ ‘იეჰოვას დღე ქურდივით მოვიდოდა’. თავისი მეორე წერილის ბოლოს პეტრე დამაფიქრებელ რჩევას აძლევს მათ, ვინც ‘ელის და ყოველთვის ახსოვს ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე’ (2 პეტ. 3:3, 10—12).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

1:19. ვინ არის „ცისკრის ვარსკვლავი“ და უკვე ამოვიდა თუ არა? „ცისკრის ვარსკვლავი“ არის იესო ქრისტე თავისი სამეფო ძალაუფლებით (გამოცხ. 22:16). იგი 1914 წელს ყველა ქმნილების წინაშე ‘ამოვიდა’, როგორც მეფე, რაც ახალი დღის დადგომის მომასწავებელი იყო. იესოს გარდასახვა მისი მომავალი დიდებისა და სამეფო ძალაუფლების წინასწარმეტყველური წინასახეობა იყო. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა ყოველთვის სრულდება. ამ წინასწარმეტყველურმა სიტყვამ გაანათა ჩვენს გულებში და ამგვარად გავიგეთ, რომ „ცისკრის ვარსკვლავი“ ამოვიდა.

2:4. რა არის „ტარტაროზი“ და როდის იქნენ ჩაყრილნი იქ ურჩი ანგელოზები? ტარტაროზით აღწერილია ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან მხოლოდ სულიერი ქმნილებები და არა ადამიანები. ამ მდგომარეობაში მყოფი ურჩი ანგელოზები, ასე ვთქვათ, გონებადაბნელებულები არიან და ამიტომ არ იციან ღვთის განზრახვები და არც მომავლის იმედი აქვთ. ღმერთმა ეს ანგელოზები ტარტაროზში ნოეს დროს ჩაყარა და იქ იქნებიან მანამ, სანამ მათი განადგურების დღე არ დადგება.

3:17. რას გულისხმობდა პეტრე ‘წინასწარ ცოდნაში’? პეტრე გულისხმობდა მომავალ მოვლენებს, რომლებიც მას და ბიბლიის სხვა დამწერებს ღვთის შთაგონებით გაუმჟღავნდათ. თუმცა პირველი საუკუნის ქრისტიანებს მომავლის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ჰქონიათ. მათ ზოგადად იცოდნენ, თუ რა მოხდებოდა მომავალში.

რას ვსწავლობთ:

1:2, 5—7. როდესაც ვცდილობთ განვიმტკიცოთ რწმენა, გამოვიმუშაოთ მოთმინება და განვავითაროთ ღვთისადმი ერთგულება, ეს არა მარტო გაგვიღრმავებს „ღვთისა და იესოს . . . შესახებ საფუძვლიან ცოდნას“, არამედ აღგვძრავს კიდეც, რომ არ ვიყოთ უმოქმედოები, უნაყოფოები და ამ ცოდნის თანახმად მოვიქცეთ (2 პეტ. 1:8).

1:12—15. იმისათვის, რომ ‘მტკიცედ ვიდგეთ ჭეშმარიტებაში’, აუცილებელია მუდმივი შეხსენებები, რომლებსაც ვიღებთ კრების შეხვედრებზე, პირადი შესწავლისა თუ ბიბლიის შესწავლის დროს.

2:2. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენმა საქციელმა არ შეურაცხყოს იეჰოვა და მისი ორგანიზაცია (რომ. 2:24).

2:4—9. იქიდან გამომდინარე, რაც იეჰოვას აქამდე გაუკეთებია, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მან იცის, „როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები, უმართლოები კი შემოინახოს სასამართლოს დღისთვის, რათა მოიკვეთონ“.

2:10—13. მართალია, „დიდებით მოსილნი“ ანუ ქრისტიანი უხუცესებიც არასრულყოფილები არიან და დროდადრო შეიძლება შეცდომებიც დაუშვან, მაგრამ ჩვენ მათ შესახებ ცუდად არ უნდა ვილაპარაკოთ (ებრ. 13:7, 17).

3:2—4, 12. თუ ყურადღებით მოვეკიდებით „წინასწარმეტყველთა მიერ ადრე ნათქვამ სიტყვებს და უფლისა და მხსნელის მცნებას“, ყოველთვის გვეხსომება, რომ იეჰოვას დღე ახლოს არის.

3:11—14. ჩვენ, ‘ვინც ველით და ყოველთვის გვახსოვს ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე’, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1) ‘წმინდა იყოს ჩვენი საქციელი’, ვიყოთ სუფთები როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად და ზნეობრივად; 2) ვაკეთოთ „ღვთისადმი ერთგულების“ დამადასტურებელი საქმეები, როგორიცაა, მაგალითად, სამეფოს შესახებ ქადაგება და მოწაფეების მომზადება; 3) ამ ქვეყნიერებაში შევინარჩუნოთ უმწიკვლობა; 4) ვიყოთ უმანკონი ანუ ყველაფერი წრფელი გულით ვაკეთოთ; 5) ვიყოთ „მშვიდობის მქონენი“ როგორც ღმერთთან, ისე თანაქრისტიანებთან, და ზოგადად მოყვასთან.