არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები იოანესა და იუდას წერილებიდან

მნიშვნელოვანი აზრები იოანესა და იუდას წერილებიდან

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები იოანესა და იუდას წერილებიდან

იოანემ, როგორც ჩანს, ახ. წ. 98 წელს დაწერა ეფესოში ბოლო სამი ღვთივშთაგონებული წერილი. პირველი და მეორე წერილები მოუწოდებს ქრისტიანებს, სინათლეში იარონ და წინ აღუდგნენ განდგომილებას. მესამე წერილში იოანე მოგვიწოდებს არა მხოლოდ ჭეშმარიტებით სიარულისკენ, არამედ ქრისტიანული თანამშრომლობისკენაც.

იესოს ნახევარძმამ, იუდამ თავის წერილში, რომელიც შესაძლოა ახ. წ. 65 წელს დაწერა პალესტინაში, თანაქრისტიანები კრებაში შემოპარული ბოროტი ადამიანების შესახებ გააფრთხილა და ურჩია, როგორ დაეცვათ თავი ცუდი ზეგავლენისგან. იოანესა და იუდას წერილებში ჩაწერილი რჩევების გათვალისწინება დაგვეხმარება, მტკიცე რწმენა შევინარჩუნოთ წინააღმდეგობის მიუხედავად (ებრ. 4:12).

იარეთ სინათლეში, სიყვარულში და რწმენით

(1 იოან. 1:1—5:21)

იოანემ თავისი პირველი წერილი მისწერა ქრისტესთან ერთობაში მყოფთ, რაც დაეხმარებოდა მათ, წინ აღდგომოდნენ განდგომილებას და მტკიცედ მდგარიყვნენ ჭეშმარიტებასა და სიმართლეში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ვიაროთ სინათლეში, სიყვარულში და რწმენით.

„თუ სინათლეში დავდივართ, როგორც [ღმერთი] არის სინათლეში, მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან“, — წერდა იოანე. და რადგან ღმერთი სიყვარულის წყაროა, მოციქულმა მოგვიწოდა: „გვიყვარდეს ერთმანეთი“. „ღვთის სიყვარული“ აღგვძრავს, „ვიცავდეთ მის მცნებებს“, ამიტომ ჩვენ შევძლებთ ქვეყნიერების ძლევას რწმენით, იეჰოვას სიტყვისა და მისი ძის დახმარებით (1 იოან. 1:7; 4:7; 5:3, 4).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

2:2; 4:10. როგორ გახდა იესო „შერიგების მსხვერპლი“? იესო იმ გაგებით გახდა შერიგების მსხვერპლი, რომ თავისი სიცოცხლის შეწირვით დააკმაყოფილა სრულყოფილი სამართლიანობის ნორმები. ამ შესაწირავის საფუძველზე ღმერთი ავლენს გულმოწყალებას და ცოდვებს პატიობს მათ, ვისაც იესო სწამს (იოან. 3:16; რომ. 6:23).

2:7, 8. რომელ „ძველ“ და „ახალ“ მცნებაზე ლაპარაკობდა იოანე? ეს იყო თავგანწირულ სიყვარულთან დაკავშირებული მცნება (იოან. 13:34). ეს მცნება „ძველი“ იყო, რადგან იესომ ის 60 წელზე მეტი ხნის წინ წარმოთქვა, ვიდრე იოანე თავის პირველ შთაგონებულ წერილს დაწერდა. ამიტომ მორწმუნეებს ეს მცნება თავიანთი ქრისტიანული ცხოვრების „დასაწყისიდანვე“ ჰქონდათ. ის „ახალი“ იმ გაგებით იყო, რომ ‘მოძმის საკუთარი თავივით სიყვარულზე’ მეტს მოიცავდა და თავგანწირულ სიყვარულს გულისხმობდა (ლევ. 19:18; იოან. 15:12, 13).

3:2. რა „არ გამხდარა ჯერ ცხადი“ ცხებულებისთვის და ვის იხილავენ „ისეთს, როგორიც არის“? მათთვის ჯერ არ არის ცხადი, როგორები იქნებიან ზეცაში აღდგომის შემდეგ (ფილ. 3:20, 21). მაგრამ მათ იციან, რომ ‘ღვთის გამოცხადებისას ისინი მისი მსგავსნი იქნებიან, რადგან იხილავენ მას ისეთს, როგორიც არის’, ის კი სულიერი პიროვნებაა (2 კორ. 3:17, 18).

5:5—8. როგორ დაამოწმეს წყალმა, სისხლმა და სულმა, რომ „იესო ღვთის ძეა“? წყალი მოწმეა იმ გაგებით, რომ იესოს წყალში ნათლობის შემდეგ იეჰოვამ დაადასტურა, რომ იწონებდა თავის ძეს (მათ. 3:17). „შესაბამის გამოსასყიდად“ გაღებული იესოს სისხლი ანუ სიცოცხლე იმას ადასტურებდა, რომ იესო ღვთის ძე იყო (1 ტიმ. 2:5, 6). ნათლობის დროს იესოზე გადმოსულმა წმინდა სულმა დაამტკიცა, რომ ის იყო ღვთის ძე. ამის შედეგად იესო „დადიოდა ყველგან, სიკეთეს აკეთებდა და კურნავდა ეშმაკის მიერ დაჩაგრულებს“ (იოან. 1:29—34; საქ. 10:38).

რას ვსწავლობთ:

2:9—11; 3:15. თუ ქრისტიანს ვიღაცის ან რაღაცის გამო ძმური სიყვარული უქრება, ის სულიერ სიბნელეში დაიარება და არ იცის, საით მიდის.

‘იარეთ ჭეშმარიტებაში’

(2 იოან. 1—13)

იოანე თავის მეორე წერილს შემდეგი სიტყვებით იწყებს: „უხუცესი რჩეულ ქალბატონსა და მის შვილებს“. მას უხარია, რომ ‘ზოგიერთი მისი შვილი ჭეშმარიტებაში დადის’ (2 იოან. 1, 4).

იოანემ თანაქრისტიანებს სიყვარულის განვითარებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი დაწერა: „სიყვარული კი ის არის, რომ მისი მცნებების თანახმად დავდიოდეთ“. მან ასევე გააფრთხილა მათ შესახებ, ვინც „მატყუარა და ანტიქრისტეა“ (2 იოან. 5—7).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

113. ვინ არის „რჩეული ქალბატონი“? იოანე შეიძლება მიმართავდა ერთ-ერთ ქალს სიტყვით „კირია“, რაც ბერძნულად ქალბატონს ნიშნავს. ან შესაძლოა მდევნელებისთვის კვალის ასარევად ის ქალბატონში რომელიმე კრებას გულისხმობდა. თუ ის რომელიმე კრებას გულისხმობდა, მაშინ მის შვილებში ამ კრების წევრები იგულისხმებოდნენ, ხოლო „დის შვილებში“ — სხვა კრების წევრები.

7. რა მხრივ „არ აღიარებენ“ მატყუარები იესოს მოსვლას? მატყუარები არ აღიარებენ, რომ იესო ხორციელად მოვიდა. ისინი შესაძლოა უარყოფენ იმ ფაქტს, რომ იესო დედამიწაზე ცხოვრობდა ან იმას, რომ ის წმინდა სულით იყო ცხებული.

რას ვსწავლობთ:

24. ჭეშმარიტების ანუ ბიბლიაში მოცემული ქრისტიანული სწავლებების ერთობლიობის ცოდნა და გამოყენება გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენს გადარჩენაში (3 იოან. 3, 4).

8—11. თუ არ გვინდა, რომ დავკარგოთ ღვთისა და იესო ქრისტეს „წყალობა, გულმოწყალება და მშვიდობა“, აგრეთვე თანამორწმუნეებთან ურთიერთობის შესაძლებლობა, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სულიერობას და უარვყოთ ის, ვინც „ქრისტეს სწავლებაში არ რჩება“ (2 იოან. 3).

„თანამსახურნი გავხდეთ ჭეშმარიტებაში“

(3 იოან. 1—14)

მესამე წერილში იოანე თავის მეგობარს, გაიუსს მიმართავს: „არა მაქვს მადლიერების უფრო დიდი მიზეზი, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან“ (3 იოან. 4).

იოანე აქებს გაიუსს სტუმრად მისული ძმების ერთგულად მომსახურებისთვის. ის ამბობს: „ჩვენ ვალდებულნი ვართ, სტუმართმოყვარეობა გამოვავლინოთ ასეთების მიმართ, რათა თანამსახურნი გავხდეთ ჭეშმარიტებაში“ (3 იოან. 5—8).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

11. რატომ იქცევა ზოგი არასწორად? ვისაც სუსტი რწმენა აქვს, არ იცნობს ღმერთს და ვერ აფასებს მის თვისებებს. რადგან ისინი ვერ ხედავენ ღმერთს, ისე იქცევიან, თითქოს ისიც ვერ ხედავს მათ (ეზეკ. 9:9).

14. ვის გულისხმობდა იოანე „მეგობრებში“? ის მხოლოდ იმ ადამიანებს არ გულისხმობდა, რომლებსაც ახლო ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ამ შემთხვევაში იოანეს ზოგადად თანამორწმუნეები ჰყავდა მხედველობაში.

რას ვსწავლობთ:

4. სულიერად მოწიფულ ქრისტიანებს კრებაში ძალიან ახარებთ იმის დანახვა, რომ ახალგაზრდები „ჭეშმარიტებაში დადიან“. განუზომელია მშობლების სიხარული, როცა მათი ძალისხმევის შედეგად შვილები იეჰოვას მსახურები ხდებიან.

5—8. მიმომსვლელი ზედამხედველები, მისიონერები, ბეთელის ოჯახის წევრები და პიონერები ღვთისა და ძმების სიყვარულით ირჯებიან თანაქრისტიანებისთვის. მათი რწმენა მისაბაძია და სიყვარულით უნდა დავუჭიროთ მათ მხარი.

9—12. უნდა მივბაძოთ ერთგულ დემეტრიოსს და არა ცილისმწამებელ დიოტრეფეს.

„დარჩით ღვთის სიყვარულში“

(იუდ. 1—25)

კრებაში შემოპარულებზე იუდა წერდა: „დრტვინავენ, თავიანთ ხვედრს უჩივიან, თავიანთი სურვილებით დადიან“. ისინი „მაღალფარდოვანი სიტყვებით ეპირფერებიან სხვებს“ (იუდ. 4, 16).

როგორ უნდა გაუწიონ ქრისტიანებმა წინააღმდეგობა ცუდ ზეგავლენას? იუდა გვირჩევს: „საყვარელნო, გაიხსენეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულების მიერ ადრე ნათქვამი სიტყვები“. ის დასძენს: „დარჩით ღვთის სიყვარულში“ (იუდ. 17—21).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

3, 4. რატომ ეუბნებოდა იუდა ქრისტიანებს: „იბრძოლეთ რწმენისთვის“? რადგან ‘უღვთოები შემოიპარნენ კრებაში’. ისინი ‘ღვთის წყალობას თავაშვებულობის გასამართლებლად იყენებდნენ’.

20, 21. როგორ დავრჩეთ „ღვთის სიყვარულში“? არსებობს სამი საშუალება: 1) აღვაშენოთ საკუთარი თავი „უწმინდეს რწმენაზე“ ღვთის სიტყვის საფუძვლიანი კვლევითა და გულმოდგინე ქადაგებით; 2) ვილოცოთ „წმინდა სულით“ და წმინდა სულს ჩვენზე მოქმედების საშუალება მივცეთ; 3) გვწამდეს, რომ იესოს მსხვერპლს აქვს გამოსყიდვის ძალა, რაც მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას გვაძლევს (იოან. 3:16, 36).

რას ვსწავლობთ:

5—7. გადაურჩებიან ბოროტები იეჰოვას სასჯელს? თუ იუდას წერილში მოყვანილი სამი გამაფრთხილებელი მაგალითით ვიმსჯელებთ, ეს შეუძლებელია.

8—10. უნდა მივბაძოთ მთავარანგელოზ მიქაელს და პატივი ვცეთ მათ, ვისაც იეჰოვამ მისცა ძალაუფლება.

12. განდგომილები, რომლებსაც ვითომდა სხვების სიყვარული ამოძრავებთ, ისევე უქმნიან საფრთხეს ჩვენს რწმენას, როგორც წყალქვეშა კლდეები გემებსა და მოცურავეებს. ცრუმასწავლებლები ერთი შეხედვით შეიძლება ხელგაშლილები ჩანან, მაგრამ სინამდვილეში სულიერად გამოცარიელებულები არიან და უწყლო ღრუბლებსა და უნაყოფო ხეებს ჰგვანან. ისინი ამოძირკვული ხეებივით მოისპობიან. გონივრულად ვიქცევით, თუ თავს ვარიდებთ მათ.

22, 23. ჭეშმარიტ ქრისტიანებს სძულთ ყოველივე ცუდი. მოწიფული ქრისტიანები, განსაკუთრებით კი ზედამხედველები, სულიერ დახმარებას უწევენ კრებაში მათ, ვინც ეჭვობს, რათა მარადიული განადგურების ცეცხლს გამოსტაცონ ისინი.

[სურათები 28 გვერდზე]

წყალი, სული და სისხლი მოწმობენ, რომ „იესო ღვთის ძეა“