არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

ერთი და იგივეა ბიბლიაში მოხსენიებული კეთრი და დღეს ამ სახელით ცნობილი დაავადება?

სამედიცინო ტერმინი „კეთრი“, რომელსაც დღეს მედიცინაში იყენებენ, მიუთითებს ჰანსენის ბაცილით გამოწვეულ ინფექციურ დაავადებაზე. ეს ბაცილა (Mycobacterium leprae) 1873 წელს პირველად აღმოაჩინა დოქტორმა გ. ჰანსენმა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბაცილა არ კვდება მაშინაც კი, როდესაც ადამიანის ორგანიზმის გარეთ ხვდება; მაგალითად ცხვირის ლორწოვან გამონაყოფში ის ცხრა დღის განმავლობაში ცოცხალი რჩება. მათი დაკვირვებით, ეს დაავადება ავადმყოფისგან ჯანმრთელ ადამიანს მჭიდრო კონტაქტის შედეგად გადაეცემა. მკვლევარების აზრით, ადვილად შესაძლებელია, რომ ინფექცია კეთრით დაავადებული ადამიანის ტანსაცმლიდანაც გადავიდეს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 2007 წელს კეთრით დაავადებულთა 220 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბიბლიურ დროში ახლო აღმოსავლეთში უეჭველია იყვნენ კეთრით დაავადებულები. მოსეს კანონის თანახმად, ასეთი ადამიანები იზოლირებულნი უნდა ყოფილიყვნენ (ლევიანები 13:4, 5). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „კეთრად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა (tsaraʹath) მხოლოდ ადამიანის ინფექციურ დაავადებაზე არ მიუთითებს. როდესაც ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ტანსაცმელსა და სახლებს კეთრი გაუჩნდა, აქაც ეს ებრაული სიტყვა გამოიყენება. ასეთი კეთრი ჩნდებოდა შალის ტანსაცმელზე, თეთრეულზე ან ტყავის ნივთებზე. ზოგჯერ გარეცხვის შემდეგ შესაძლებელი იყო კეთრის წყლულის მოშორება, მაგრამ თუ „მოყვითალო-მომწვანო ან მოწითალო წყლული“ დარჩებოდა, ტანსაცმელი ან ტყავის ნივთი უნდა დაეწვათ (ლევიანები 13:47—52). სახლის კედლებზე წყლული „მოყვითალო-მომწვანო ან მოწითალო ღრმულებად“ ჩნდებოდა. (ლევიანები 14:33—45). დაწყლულებული ქვები და თიხის ბათქაში ქალაქგარეთ უნდა გადაეყარათ. თუ კეთრი კვლავ იჩენდა თავს, სახლი უნდა დაენგრიათ და ნანგრევები უნდა მოეშორებინათ (ლევიანები 14:33—45). ზოგის აზრით, იმ დროს ტანსაცმელზე ან სახლებზე გაჩენილი კეთრი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რასაც დღეს ობს ვუწოდებთ, თუმცა ამის თქმა დარწმუნებით არავის შეუძლია.

რატომ გამოიწვია პავლეს ქადაგებამ ეფესოში ვერცხლის მჭედელთა აღშფოთება?

ეფესოში მცხოვრები ვერცხლის მჭედლები „ვერცხლისგან არტემიდას პატარა ტაძრების“ კეთებით დიდ ფულს შოულობდნენ. არტემიდა იყო ეფესოს მფარველი, ნადირობისა და ნაყოფიერების ქალღმერთი და ფეხმძიმე ქალებისა და ახალშობილების მფარველი (საქმეები 19:24). მისი თაყვანისმცემლები აცხადებდნენ, რომ „ცით მოვლენილი“ არტემიდას ქანდაკება ეფესოში არტემიდას ტაძარში დამკვიდრდა (საქმეები 19:35). არტემიდას ტაძარი მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია. მრავალი პილიგრიმი მარტ-აპრილში ჩადიოდა ეფესოში არტემიდას დღესასწაულზე დასასწრებად. რამდენადაც იქ ბევრი ხალხი იყრიდა თავს, ძალიან დიდი მოთხოვნილება იყო თაყვანისცემის საგნებზე, რომლებსაც უკან დაბრუნებული პილიგრიმები სუვენირებად, ამულეტებად, ღვთაებებისთვის შესაწირავად ან ოჯახში თაყვანსაცემად იყენებდნენ. ეფესოში ნაპოვნ ძველ ხელნაწერებში საუბარია არტემიდას ოქროსა და ვერცხლის ქანდაკებებზე; აგრეთვე განსაკუთრებით არიან მოხსენიებულნი ვერცხლის მჭედლები, რომლებიც ერთად მუშაობდნენ.

პავლე ასწავლიდა, რომ გამოსახულებები, რომლებიც „ხელით არის გაკეთებული, ღმერთები არ არიანო“ (საქმეები 19:26). ვერცხლის მჭედლებმა დაინახეს, რომ მათ შემოსავალს საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ ხალხი წააქეზეს, პავლეს ქადაგებას შეწინააღმდეგებოდნენ. ერთ-ერთმა ვერცხლის მჭედელმა, დემეტრიოსმა, თავისი აღშფოთება შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „მხოლოდ იმის საშიშროება კი არ არსებობს, რომ ჩვენი ხელობა გახდება სამარცხვინო, არამედ დიდ ქალღმერთ არტემიდას ტაძარსაც აღარაფრად ჩათვლიან და ბოლო მოეღება მის დიდებულებასაც, რომელსაც თაყვანს სცემს არა მარტო აზია, არამედ მთელი მსოფლიო“ (საქმეები 19:27).