არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისინი „მიჰყვებიან კრავს“

ისინი „მიჰყვებიან კრავს“

ისინი „მიჰყვებიან კრავს“

„ესენი მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს“ (გამოცხ. 14:4).

1. როგორ მოიქცნენ იესოს ნამდვილი მოწაფეები?

დაახლოებით ორწელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც იესომ მსახურება დაიწყო. ერთხელ ის ‘კაპერნაუმში შეკრებილ ხალხს ასწავლიდა’. იესოს სიტყვებმა იმდენად შეაძრწუნა ბევრი მისი მოწაფე, რომ ‘ადრინდელ საქმეებს დაუბრუნდნენ და აღარ დაჰყვებოდნენ მას’. როდესაც იესომ თავის 12 მოციქულს ჰკითხა, მათაც ხომ არ უნდოდათ წასვლა, სიმონ-პეტრემ მიუგო: „უფალო, ვისთან წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები. ჩვენ ვირწმუნეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ღვთის წმინდა“ (იოან. 6:48, 59, 60, 66—69). მოწაფეებმა, რომლებსაც გულწრფელად უყვარდათ თავისი მოძღვარი, არ მიატოვეს იგი. ისინი მას შემდეგაც ემორჩილებოდნენ იესოს, რაც წმინდა სულით იქნენ ცხებულნი (საქ. 16:7—10).

2. ა) ვინ არის „ერთგული და გონიერი მონა“, იგივე „გონიერი მმართველი“? ბ) როგორ ცხადყოფს ეს მონა, რომ ერთგულად ‘მიჰყვება კრავს’?

2 რა შეიძლება ითქვას დღეს ცხებულ ქრისტიანებზე? როდესაც იესო წინასწარმეტყველებდა, თუ რა იქნებოდა ‘მისი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი’, ყურადღება გაამახვილა დედამიწაზე მცხოვრებ, თავისი ცხებული მიმდევრებისგან შემდგარ ადამიანთა ჯგუფზე, „ერთგულ და გონიერ მონაზე“ ანუ „გონიერ მმართველზე“ (მათ. 24:3, 45; ლუკ. 12:42). ერთგული და გონიერი მონა, როგორც ჯგუფი, უკვე არაერთი ათწლეულია, რაც ერთგულად მიჰყვება „კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს“ (წაიკითხეთ გამოცხადების 14:4, 5). ცხებული ქრისტიანები სულიერი გაგებით ქალწულები არიან, რადგან არ წაუბილწავთ თავი „დიდ ბაბილონთან“, მსოფლიო ცრუ რელიგიურ სამყაროსთან (გამოცხ. 17:5). არც სიცრუე გამოსულა „მათი ბაგეებიდან“, რადგან ცრუ სწავლებებს არ ავრცელებენ. ისინი „უმანკონი“ დარჩნენ სატანის ქვეყნიერებაში (იოან. 15:19). ის ცხებული ქრისტიანები, რომლებიც ჯერ კიდევ დედამიწაზე არიან, მომავალში ‘კრავს გაჰყვებიან’ ზეცაში (იოან. 13:36).

3. რატომ უნდა ვენდობოდეთ ერთგულ და გონიერ მონას?

3 იესომ ერთგულ და გონიერ მონას მიანდო თავისი შინაურები, რაც იმას ნიშნავს, რომ მონის ჯგუფის თითოეული წევრი ‘დროულად აძლევს საზრდოს მის შინაურებს’. იესომ ამ მონას „მთელი თავისი ქონებაც“ ჩააბარა (მათ. 24:45—47). ამ ქონებაში შედის „უამრავი ხალხი“ ანუ „სხვა ცხვარი“, რომელთა რიცხვიც სულ უფრო და უფრო იზრდება (გამოცხ. 7:9; იოან. 10:16). განა არ უნდა მიენდონ ერთგულ და გონიერ მონას სხვა ცხებულები და „უამრავი ხალხი“? არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც ეს მონა ჩვენს ნდობას იმსახურებს. ორი უმთავრესი მიზეზი კი ის არის, რომ თავად იეჰოვა და იესო უცხადებენ ნდობას ერთგულ და გონიერ მონას. ახლა გავიგოთ, თუ რა მტკიცებების საფუძველზე შეგვიძლია იმის თქმა, რომ იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე ბოლომდე ენდობიან ერთგულ და გონიერ მონას.

იეჰოვა ნდობას უცხადებს ერთგულ მონას

4. რატომ იმსახურებს ჩვენს ნდობას ერთგული და გონიერი მონის მიერ მოწოდებული სულიერი საზრდო?

4 ახლა დავფიქრდეთ, როგორ ახერხებს ერთგული და გონიერი მონა დროული და, ამავე დროს, ნოყიერი სულიერი საზრდოს მოწოდებას. აი, რას ეუბნება იეჰოვა ამ მონას: „წვდომის უნარს მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო; რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე“ (ფსალმ. 32:8). როგორც ვხედავთ, ერთგულ მონას იეჰოვა ხელმძღვანელობს. ამიტომ ეჭვის თვალით არ უნდა ვუყუროთ იმ სულიერ საზრდოს, რომელსაც ერთგული და გონიერი მონა გვაწვდის. სწორედ ამ მონის დახმარებით უფრო და უფრო ეფინება ნათელი ბიბლიურ ჭეშმარიტებას, უფრო ღრმად ვწვდებით მასში მოცემულ სიღრმისეულ საკითხებს და მითითებებსაც ღვთის სიტყვიდან ვიღებთ.

5. რა ცხადყოფს, რომ ღმერთი თავის სულს აძლევს ერთგულ მონას?

5 იეჰოვა ერთგულ და გონიერ მონას თავის წმინდა სულს აძლევს, რაც კიდევ ერთი კურთხევაა. მართალია, იეჰოვას სული უხილავია, მაგრამ ეს სული რომ მოქმედებს, ყველასთვის აშკარაა. მხოლოდ დაფიქრდი, რა გრანდიოზული საქმის შესრულება შეძლო ერთგულმა და გონიერმა მონამ — მისი მეშვეობით იეჰოვა ღმერთის, მისი ძისა და სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში გაცხადდა! იეჰოვას თაყვანისმცემლები აქტიურად ქადაგებენ სამეფოს ცნობას 230-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე. ნუთუ ეს არ არის იმის უდავო მტკიცება, რომ ღმერთი თავის სულს აძლევს ერთგულ მონას? (წაიკითხეთ საქმეების 1:8). ერთგულმა და გონიერმა მონამ არაერთი სერიოზული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმისთვის, რომ იეჰოვას ხალხს მთელ მსოფლიოში დროულად მიაწოდოს სულიერი საზრდო. ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების დროს ერთგული და გონიერი მონა ავლენს სულის ნაყოფს, კერძოდ სიყვარულს, რბილ ხასიათსა და სხვა თვისებებს (გალ. 5:22, 23).

6, 7. საიდან ჩანს, რომ იეჰოვა ნდობას უცხადებს ერთგულ და გონიერ მონას?

6 უფრო კარგად რომ დავინახოთ, რა დიდ ნდობას უცხადებს იეჰოვა ერთგულ მონას, დავფიქრდეთ, რას ჰპირდება ის ამ მონის წარმომადგენლებს. „გაისმება საყვირის ხმა და მკვდრები უხრწნელად აღდგებიან, ჩვენ კი შევიცვლებით, ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი — უკვდავებით“, — დაწერა პავლე მოციქულმა (1 კორ. 15:52, 53). ქრისტეს ცხებული მიმდევრები, რომლებიც თავიანთი ხრწნადი სხეულით ღმერთს სიკვდილამდე ერთგულად ემსახურებიან, მხოლოდ მარადიული ცხოვრებისთვის კი არ აღდგებიან ზეცაში, არამედ ამაზე გაცილებით ძვირფასი ძღვნით დაჯილდოვდებიან. ისინი მიიღებენ უკვდავებას — მარადიულობას. უფრო მეტიც, უხრწნელობით შეიმოსებიან, ანუ ისეთი სხეული ექნებათ, რომელიც არასდროს გაიხრწნება და, როგორც ჩანს, თვითარსებობის უნარი ექნება. გამოცხადების 4:4-ში ვკითხულობთ, რომ ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილები სხედან ტახტებზე და თავზე ოქროს გვირგვინები ადგათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხებული ქრისტიანები სამეფო დიდებას ეზიარებიან. მაგრამ ამით არ მთავრდება ყველაფერი.

7 „დადგა კრავის ქორწილის დრო და მისი პატარძალი გაემზადა. მას ნება მიეცა, ჩაეცვა მბრწყინავი და სუფთა, ძვირფასი სელის სამოსელი, რადგან ძვირფასი სელის სამოსელი წმინდების სიმართლის საქმეებს ნიშნავს“, — ვკითხულობთ გამოცხადების 19:7, 8-ში. იეჰოვამ საპატარძლოდ სწორედ ცხებული ქრისტიანები ამოარჩია თავისი ძისთვის. უხრწნელობა, უკვდავება, სამეფო დიდება და კრავის პატარძლობა მართლაც შესანიშნავი ძღვენია! ეს იმის უტყუარი მტკიცებაა, რომ ღმერთი ენდობა სულით ცხებულ ქრისტიანებს, რომლებიც „მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს“.

იესო ენდობა ერთგულ მონას

8. საიდან ჩანს, რომ იესო ბოლომდე ენდობა თავის ცხებულ მიმდევრებს?

8 რის საფუძველზე შეიძლება იმის თქმა, რომ იესო ბოლომდე ენდობა თავის ცხებულ მიმდევრებს? სიცოცხლის უკანასკნელ ღამეს იესო თავის 11 ერთგულ მოციქულს დაჰპირდა: „თქვენ ჩემთან ერთად დარჩით განსაცდელში და შეთანხმებას გიდებთ სამეფოსთვის, როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება, რათა ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სამეფოში და ტახტებზე დასხდეთ ისრაელის თორმეტი ტომის გასასამართლებლად“ (ლუკ. 22:28—30). შეთანხმება, რომელიც იესომ 11 მოციქულთან დადო, სინამდვილეში 144 000-ის ყველა წევრთან დაიდო (ლუკ. 12:32; გამოცხ. 5:9, 10; 14:1). თუ იესო არ ენდობოდა ცხებულ ქრისტიანებს, განა დადებდა მათთან შეთანხმებას, რომელიც მასთან ერთად მეფობას ეხებოდა?

9. რა იგულისხმება ‘ქრისტეს მთელ ქონებაში’?

9 გარდა ამისა, იესო ქრისტემ „მთელი თავისი ქონება“ — ყველაფერი, რაც სამეფოს ინტერესებს ემსახურება — ერთგულ და გონიერ მონას ჩააბარა (მათ. 24:47). ამ ქონებაში შედის იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის ფილიალის შენობები, საკონგრესო თუ სამეფო დარბაზები. ქონებაში იგულისხმება ის საქმეც, რომელიც სამეფოს შესახებ ქადაგებითა და მოწაფეების მომზადებით სრულდება. განა მიანდობდნენ ვინმეს ასეთ ძვირფას ქონებას, თუ მისადმი ნდობა არ ექნებოდათ?

10. საიდან ჩანს, რომ იესო ქრისტე მხარში უდგას ცხებულ ქრისტიანებს?

10 სანამ ზეცაში ავიდოდა, მკვდრეთით აღმდგარი იესო თავის ერთგულ მოწაფეებს ეჩვენა და ასეთი დაპირება მისცა: „აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:20). შეასრულა იესომ თავისი დანაპირები? ბოლო 15 წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეთა კრებების რიცხვი მთელ მსოფლიოში დაახლოებით 70 000-იდან 100 000-მდე გაიზარდა, ანუ 40 პროცენტზე მეტით. რაც შეეხება ახალ მოწაფეებს, ბოლო 15 წლის განმავლობაში 4,5 მილიონი მოინათლა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში საშუალოდ 800-ზე მეტი ადამიანი ინათლებოდა. ეს გასაოცარი ზრდა იმის უტყუარი მტკიცებაა, რომ იესო მართლაც ხელმძღვანელობს თავის ცხებულ მიმდევრებს კრების შეხვედრებზე, და მხარს უჭერს მოწაფეების მომზადების საქმეში.

მონა ერთგული და გონიერია

11, 12. როგორ ამტკიცებს მონა, რომ ერთგული და გონიერია?

11 რადგან იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე ბოლომდე ენდობიან ერთგულ და გონიერ მონას, ჩვენც იგივე არ უნდა გავაკეთოთ? გონიერმა მონამ ხომ არაერთხელ ცხადყო, რომ ერთგულად ასრულებს თავის დავალებას. მაგალითად, ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ უკვე 130 წელია გამოიცემა. იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებისა და კონგრესების წყალობით კი სულიერად მოწიფულ ადამიანებად ვყალიბდებით.

12 ერთგული მონა გონიერია, რადგან მოკრძალებას ავლენს; ის არც წინ უსწრებს იეჰოვას და არც მისი ნების შესრულებას აყოვნებს. მაგალითად, მაშინ, როცა ცრუ რელიგიის ლიდერები აშკარად თვალს ხუჭავენ ქვეყნიური ხალხისთვის ჩვეულ ეგოიზმსა და უღმერთო საქციელზე, გონიერი მონა გვაფრთხილებს, რამდენად საშიშია სატანის ბოროტი ქვეყნიერება. ერთგული მონა გონიერ და დროულ გაფრთხილებებს გვაძლევს, რადგან იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს მითითებებით ხელმძღვანელობს. სწორედ ამიტომ იმსახურებს ის სრულ ნდობას. რაში უნდა ჩანდეს, რომ ვენდობით ერთგულ და გონიერ მონას?

ცხებულ ქრისტიანებთან ერთად მიჰყევით კრავს

13. ზაქარიას წინასწარმეტყველების თანახმად, რაში ვლინდება, რომ ვენდობით ერთგულ და გონიერ მონას?

13 ბიბლიის წიგნ „ზაქარიაში“ მოხსენიებულია „ათი კაცი“, რომლებიც ეჭიდებიან „იუდეველის კალთას“ და ამბობენ: „თქვენთან ერთად წამოვალთ“ (წაიკითხეთ ზაქარიას 8:23). როგორც მუხლიდან ჩანს, „იუდეველში“ იგულისხმება ადამიანთა ჯგუფი. ჩვენს დროში „იუდეველი“ წარმოადგენს სულით ცხებული ქრისტიანების, „ღვთის ისრაელის“ დარჩენილ ნაწილს (გალ. 6:16). „ყველა ენის ხალხიდან ათი კაცი“ სხვა ცხვარს ანუ უამრავ ხალხს წარმოადგენს. როგორც ცხებული ქრისტიანები მიჰყვებიან იესოს, სადაც არ უნდა წავიდეს, უამრავი ხალხიც ‘მათთან ერთად’ ანუ ერთგულ და გონიერ მონასთან ერთად, მიჰყვება კრავს. უამრავ ხალხს არასდროს უნდა შერცხვეს იმის აღიარება, რომ „ზეციური მოწოდების მოზიარეებთან“ ერთად მიჰყვება კრავს (ებრ. 3:1). იესოს არ რცხვენია, რომ ცხებულ ქრისტიანებს „ძმები უწოდოს“ (ებრ. 2:11).

14. როგორ უჭერს ერთგულად მხარს უამრავი ხალხი ქრისტეს ძმებს?

14 იესო ქრისტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვინც მხარს უჭერს მის ძმებს, თავად მას უჭერს მხარს (წაიკითხეთ მათეს 25:40). როგორ უჭერს მხარს უამრავი ხალხი ქრისტეს სულით ცხებულ ძმებს? ძირითადად იმით, რომ სამეფოს შესახებ ქადაგებენ (მათ. 24:14; იოან. 14:12). ბოლო ათწლეულების განმავლობაში ცხებულთა რიცხვი სულ უფრო და უფრო კლებულობს, სამაგიეროდ, სხვა ცხვრის რიცხვი იზრდება. როდესაც უამრავი ხალხი ქადაგებს, და, თუ შესაძლებელია, სრული დროით მსახურობს, ისინი სულით ცხებულ ქრისტიანებს მოწაფეების მომზადების საქმეში დიდ დახმარებას უწევენ (მათ. 28:19, 20). არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ უამრავი ხალხი სამქადაგებლო საქმიანობას შეძლებისდაგვარად ფინანსურადაც უჭერს მხარს.

15. უნდა აფასებდეს თუ არა თითოეული ჩვენგანი ერთგული მონის მიერ მოწოდებულ დროულ სულიერ საზრდოს და ეთანხმებოდეს ორგანიზაციულ საკითხებში მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს?

15 უნდა დააფასოს თუ არა თითოეულმა ჩვენგანმა დროული სულიერი საზრდო, რომელსაც ერთგული და გონიერი მონა ბიბლიური პუბლიკაციების, კრების შეხვედრებისა თუ კონგრესების პროგრამის მეშვეობით გვაწვდის? უნდა მივიღოთ ეს ყველაფერი მადლიერებით და სიხარულით გამოვიყენოთ? ვეთანხმებით ორგანიზაციულ საკითხებში ერთგული მონის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს? როდესაც მთელი გულით ვემორჩილებით ერთგული მონის მითითებებს, ვაჩვენებთ, რომ გვწამს იეჰოვა ღმერთი და მივყვებით მის ხელმძღვანელობას (იაკ. 3:17).

16. რატომ უნდა უსმინოს ყველა ქრისტიანმა ქრისტეს ძმებს?

16 „ჩემი ცხვარი ისმენს ჩემს ხმას, — ამბობს იესო. — მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან“ (იოან. 10:27). ცხებული ქრისტიანები მართლაც ასე იქცევიან. რა შეიძლება ითქვას მათზე, ვინც მათთან ერთად მიჰყვება კრავს? მათ უნდა მოუსმინონ იესოსაც და მის ძმებსაც. ღვთის ხალხის სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვა უმთავრესად ხომ ქრისტეს ძმებს მიენდოთ?! რა იგულისხმება ქრისტეს ძმების მოსმენაში?

17. რა იგულისხმება ერთგული მონის მოსმენაში?

17 ერთგულ და გონიერ მონას დღეს ხელმძღვანელი საბჭო წარმოადგენს, რომელიც ხელმძღვანელობას უწევს სამქადაგებლო საქმიანობას მთელ მსოფლიოში. ხელმძღვანელი საბჭოს წევრები სულით ცხებული ქრისტიანები არიან, რომლებსაც მდიდარი გამოცდილება აქვთ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ‘ჩვენ შორის ხელმძღვანელობა მათ აკისრია’ (ებრ. 13:7). ეს სულით ცხებული ზედამხედველები ‘ბევრს შრომობენ უფლის საქმეში’, რადგან 100 000-ზე მეტ კრებაში სამეფოს თითქმის 7 000 000 მაუწყებელზე ზრუნავენ (1 კორ. 15:58). ერთგული მონის მოსმენა ხელმძღვანელ საბჭოსთან მჭიდროდ თანამშრომლობას გულისხმობს.

კურთხეულია, ვინც უსმენს ერთგულ მონას

18, 19. ა) რით არიან კურთხეულნი ისინი, ვინც უსმენს ერთგულ და გონიერ მონას? ბ) რატომ უნდა მოვუსმინოთ ერთგულ მონას?

18 ერთგული და გონიერი მონა პირნათლად ასრულებს თავის დავალებას და ‘მრავალი ადამიანი სიმართლემდე მიჰყავს’ (დან. 12:3). ამ ადამიანთა შორის არიან ისინი, ვისაც დღევანდელი ბოროტი ქვეყნიერების განადგურების დროს გადარჩენის იმედი აქვთ. რა ბედნიერებაა, რომ ისინი ღვთის თვალში მართლები არიან!

19 რა მოელით მათ, ვინც უსმენს ერთგულ მონას მაშინ, როცა ‘წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი [144 000 ცხებული], ზეციდან ჩამოვა, როგორც ქმრისთვის მორთული პატარძალი’? ბიბლიაში ვკითხულობთ: „თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხ. 21:2—4). როგორც დავინახეთ, ჩვენ ყოველგვარი საფუძველი გვაქვს, რომ მოვუსმინოთ ქრისტეს და მის ერთგულ სულით ცხებულ ძმებს.

რა ისწავლეთ?

• რა ამტკიცებს, რომ იეჰოვა ნდობას უცხადებს ერთგულ და გონიერ მონას?

• რის საფუძველზე შეიძლება იმის თქმა, რომ იესო ქრისტე ბოლომდე ენდობა გონიერ მონას?

• რატომ იმსახურებს ჩვენს ნდობას ერთგული მმართველი?

• რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვენდობით ერთგულ და გონიერ მონას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 25 გვერდზე]

იცით, ვინ ამოირჩია იეჰოვამ თავისი ძისთვის საპატარძლოდ?

[სურათები 26 გვერდზე]

იესო ქრისტემ ერთგულ და გონიერ მონას „მთელი თავისი ქონება“ ჩააბარა

[სურათი 27 გვერდზე]

ქადაგებით სულით ცხებულ ქრისტიანებს დიდ დახმარებას ვუწევთ