არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გვეშინოდეს ღვთისა და არა ადამიანის

ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გვეშინოდეს ღვთისა და არა ადამიანის

ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გვეშინოდეს ღვთისა და არა ადამიანის

ახალგაზრდა მამაკაცი გაოცებას ვერ მალავდა, რადგან, რაც მოისმინა, სრულიად ახალი იყო მისთვის. ორ იეჰოვას მოწმესთან საუბარმა თვალი აუხილა. როგორც იქნა, პასუხი მიიღო კითხვაზე, თუ რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას. ეს კითხვა მას წლების მანძილზე მოსვენებას არ აძლევდა. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ბიბლიაში ასეთი ღირებული და სასიხარულო ინფორმაცია იქნებოდა.

მოწმეების წასვლისთანავე მის ოთახში სახლის მეპატრონე შევარდა და გაბრაზებულმა ჰკითხა: „ვინ იყვნენ ეგენი?“

გაოგნებულმა ახალგაზრდამ ხმა ვერ ამოიღო.

„ვიცი, ვინც იყვნენ. თუ კიდევ გაუღებ კარს, აქედან მიგაბრძანებ და სადაც გინდა, იქ იშოვე ბინა!“ — დაჰკივლა ქალმა.

შემდეგ კარი გაიჯახუნა და წავიდა.

ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის დევნა უცხო არ არის

ის, რაც ამ ახალგაზრდას შეემთხვა, გასაკვირი არ არის, რადგან ღვთის სიტყვაში წერია: „ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12). ჭეშმარიტი ქრისტიანები ყველას არ უყვარს და არც არასოდეს ჰყვარებიათ. ამის მიზეზი იოანე მოციქულმა თანამორწმუნეებს აუხსნა: „ვიცით, რომ ღვთისგან ვართ, მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია“. სატანა ეშმაკზე ბიბლიაში წერია, რომ ის „დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 იოანე 5:19; 1 პეტრე 5:8). კაცთმოშიშება სატანის ერთ-ერთი უძლიერესი იარაღია.

იესო ქრისტესაც კი, რომელიც მხოლოდ სიკეთეს აკეთებდა და უცოდველი იყო, დასცინოდნენ და დევნიდნენ. ერთხელ იესომ თქვა: „უმიზეზოდ შემიძულეს“ (იოანე 15:25). სიკვდილის წინა ღამეს მან თავისი მიმდევრები შემდეგი სიტყვებით შეამზადა: „თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენზე ადრე მე შემიძულა. გახსოვდეთ სიტყვა, რომელიც გითხარით, მონა თავის ბატონზე დიდი არ არის-მეთქი. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან“ (იოანე 15:18, 20).

ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ბევრმა თავი შეიკავა, გამხდარიყო ჭეშმარიტი მორწმუნე. სახარების ერთ-ერთ მონაკვეთში აგრეთვე ვკითხულობთ: „ცხადად ვერავინ ლაპარაკობდა მასზე, რადგან იუდეველებისა ეშინოდათ“ (იოანე 7:13; 12:42). რელიგიური წინამძღოლები ხალხს სინაგოგიდან მოკვეთით ემუქრებოდნენ, თუ ქრისტეს ირწმუნებდნენ. ამგვარად, კაცთმოშიშებამ ბევრი დააბრკოლა, რომ ქრისტიანი გამხდარიყო (საქმეები 5:13).

ქრისტიანული კრების დაფუძნების შემდეგ იერუსალიმში ქრისტიანების „საშინელი დევნა დაიწყო“ (საქმეები 8:1). ფაქტობრივად, რომის იმპერიაში ყველა ქრისტიანს დევნიდნენ. რომში გავლენიანმა კაცებმა ერთხელ პავლე მოციქულს უთხრეს: „ვიცით, რომ ყველგან ამ სექტის წინააღმდეგ ლაპარაკობენ“ (საქმეები 28:22). როგორც ვხედავთ, ჭეშმარიტ ქრისტიანებს ყველგან ავიწროებდნენ.

კაცთმოშიშება დღესაც ძლიერი იარაღია, რომელსაც სატანა იმისთვის იყენებს, რომ ბევრი არ გახდეს ქრისტეს მიმდევარი. ხშირად მათ, ვინც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას სწავლობს, თანაკლასელები, თანამშრომლები, მეზობლები თუ მეგობრები ეწინააღმდეგებიან და დასცინიან. მათ შეიძლება მეგობრების, ფინანსური მხარდაჭერის და სხვების მხრიდან პატივისცემის დაკარგვის შიში ჰქონდეთ. სოფლებში შეიძლება იმის ეშინოდეთ, რომ მეზობლები აღარ დაეხმარებიან მოსავლის აღებასა და საქონლის მოვლაში. მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანს სწამს ღმერთი, იცავს მის ნორმებს და ცდილობს მიჰბაძოს იესოს. იეჰოვა მათ კურთხევას არ აკლებს.

ღვთის შიში და არა ადამიანის

ბიბლია მოგვიწოდებს, გვეშინოდეს ღვთისა და არა ადამიანის. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა“ (ფსალმუნი 111:10). ღვთის შიში დამთრგუნველი, არასასიამოვნო გრძნობა კი არ არის, არამედ იმის შიში, რომ არ ვაწყენინოთ შემოქმედს. ღვთის შიში და სიყვარული ურთიერთკავშირშია. და მაინც, რატომ უნდა გვეშინოდეს ღვთისა და არა ადამიანის? განვიხილოთ ხუთი მიზეზი.

1 იეჰოვა უზენაესი ღმერთია. იეჰოვა ნებისმიერ ადამიანზე ძლიერია. თუ ღვთისმოშიშები ვიქნებით, ყოვლისშემძლის მხარეს დავიკავებთ, ვის წინაშეც „ხალხები სათლიდან გადმოვარდნილ წყლის ერთ წვეთს ჰგვანან“ (ესაია 40:15). ღმერთს აქვს ძალა, რომ ‘ნებისმიერი იარაღი’, რომელიც მისი ერთგული მსახურების წინააღმდეგ შეიქმნება, გაანადგუროს (ესაია 54:17). ვინაიდან ღმერთი თავად გადაწყვეტს, ვინ იქნება ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების ღირსი, გონივრულია, თუ არ შევწყვეტთ ღვთის შესახებ ცოდნის მიღებას და მისი ნების შესრულებას (გამოცხადება 14:6, 7).

2 ღმერთი დაგვეხმარება და დაგვიცავს. „ვინც ხალხის წინაშე კანკალებს, მას მახე უგია, იეჰოვაზე მინდობილი კი დაცული იქნება“, — ნათქვამია იგავების 29:25-ში. კაცთმოშიშების მახეში ის ებმება, ვინც მალავს თავის მრწამსს. ღმერთი გვარწმუნებს, რომ მას ჩვენი ხსნის ძალა შესწევს: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ. აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ. მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები. ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ“ (ესაია 41:10).

3 ღმერთს უყვარს ისინი, ვინც მას უახლოვდება. პავლე მოციქულმა დაწერა: „დარწმუნებული ვარ, რომ ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები, ვერც მთავრობები, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც ძალები, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია“ (რომაელები 8:37—39). თუ ღვთისადმი ნდობას და მორჩილებას ვისწავლით, სამყაროს უზენაეს მმართველს ყოველთვის ვეყვარებით. ეს კი უდიდესი პატივია!

4 მადლიერნი ვართ იმისთვის, რაც ღმერთმა ჩვენთვის გააკეთა. იეჰოვა შემოქმედია, სიცოცხლე მისი წყალობით არსებობს. აღსანიშნავია, რომ მან ადამიანები მხოლოდ საარსებოდ აუცილებელი მოთხოვნილებებით კი არ უზრუნველყო, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ცხოვრება სასიამოვნო და საინტერესო ყოფილიყო. ის მართლაც რომ ყოველი კარგი ძღვენის წყაროა! (იაკობი 1:17). მეფე დავითმა, რომელიც აფასებდა ღვთის სიკეთეს, დაწერა: „მრავალი საოცარი საქმე მოიმოქმედე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და შეასრულე ის, რაც ჩვენთვის გქონდა განზრახული . . . მათზე რომ მელაპარაკა, იმდენი იქნებოდა, რომ ვერც კი ჩამოვთვლიდი“ (ფსალმუნი 40:5).

5 მოწინააღმდეგეები შეიძლება შეიცვალონ. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს მდევნელებს, ოღონდ ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი დათმობაზე წასვლა. თუ თქვენს პოზიციაზე მტკიცედ იდგებით და ღვთის შიში და სიყვარული გექნებათ, შეიძლება თქვენი მდევნელები შეიცვალონ. გავიხსენოთ იესოს ნათესავები. თავიდან მათ არ სწამდათ იესოსი; ისინი იმასაც ამბობდნენ, „ჭკუაზე შეიშალაო“ (მარკოზი 3:21; იოანე 7:5). იესოს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მათი უმეტესობა მისი მიმდევარი გახდა. იესოს ნახევარძმებმა იაკობმა და იუდამ ბიბლიის წიგნებიც კი დაწერეს. გავიხსენოთ, აგრეთვე, ქრისტიანების სასტიკი მდევნელი სავლე, რომელიც პავლე მოციქული გახდა. ჩვენი მოწინააღმდეგეები შეიძლება მიხვდნენ, რომ მტკიცე პოზიციას იმიტომ ვინარჩუნებთ, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება ვიცით (1 ტიმოთე 1:13).

ერთი აფრიკელი მანდილოსანი, აბერაში ლოცულობდა, რომ ჭეშმარიტება ეპოვა. მოგვიანებით, როცა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო, ოჯახის წევრებისა და სასულიერო პირების მხრიდან წინააღმდეგობას შეხვდა. ზოგი მისი ნათესავიც სწავლობდა ბიბლიას, მაგრამ კაცთმოშიშების გამო შესწავლა მიატოვეს. აბერაში ევედრებოდა ღმერთს, ძალა და მხნეობა მიეცა მისთვის. მალე ის მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. ამით აბერაშმა კარგი მაგალითი მისცა თავის რვა ნათესავს, რომლებმაც გამბედაობა მოიკრიბეს, ბიბლიის შესწავლა განაახლეს, და დღეს სულიერად წინ მიიწევენ.

კაცთმოშიშების დაძლევა შესაძლებელია

კაცთმოშიშების მახეში რომ არ გაებათ, ყველანაირად ეცადეთ, უფრო მეტად შეიყვაროთ ღმერთი. შეისწავლეთ ბიბლია და იფიქრეთ ბიბლიურ მუხლებზე. მაგალითად, ებრაელების 13:6-ზე, სადაც წერია: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“ ნუ დაგავიწყდებათ ის მიზეზები, თუ რატომ არის სწორი და გონივრული, გვეშინოდეს ღვთისა და არა ადამიანის.

ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ უამრავ კურთხევას მიიღებთ, თუ ღვთის ნორმებით იცხოვრებთ. მაგალითად, შესაძლებლობა გექნებათ, გაიგოთ პასუხები უმნიშვნელოვანეს კითხვებზე; შეიძინოთ სიბრძნე, რაც ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ; გქონდეთ მომავლის იმედი ამ განსაცდელებით სავსე ქვეყნიერებაში; ლოცვით მიმართოთ ყოვლისშემძლე ღმერთს ნებისმიერ დროს.

იოანე მოციქულმა დაწერა: „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:17). ახლა იმის დროა, რომ მტკიცედ ვიდგეთ და ღვთისმოშიშებით ვიაროთ. ნუ დაგჯაბნით კაცთმოშიშება! ყური უგდეთ ღვთის მოწოდებას: „შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“ (იგავები 27:11). ჩვენ მართლაც უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, გული გავუხაროთ ღმერთს!

გახსოვდეთ, ვერავინ მოგცემთ იმას, რისი მოცემაც ღმერთს შეუძლია: „თავმდაბლობასა და იეჰოვას შიშს სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლე მოაქვს“ (იგავები 22:4).

[სურათი 14 გვერდზე]

აბერაშმა კარგი მაგალითი მისცა თავის რვა ნათესავს, რომლებმაც ბიბლიის შესწავლა განაახლეს