არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსოვდეთ ჯილდო, რომელიც გელით

გახსოვდეთ ჯილდო, რომელიც გელით

გახსოვდეთ ჯილდო, რომელიც გელით

„ვისწრაფვი მიზნისკენ . . . ჯილდოსკენ“ (ფილ. 3:14).

1. რა ჯილდო ელოდა მოციქულ პავლეს?

მოციქული პავლე, იგივე ტარსოსელი სავლე, ცნობილი ოჯახის შვილი იყო. მამაპაპისეული რელიგიური ტრადიციები მას კანონის ცნობილი მასწავლებლისგან, გამალიელისგან ჰქონდა ნასწავლი (საქ. 22:3). პავლეს წარმატებული ცხოვრება ელოდა, მაგრამ მან უარი თქვა თავის მრწამსზე და ქრისტიანი გახდა. ამჯერად მას უფრო ძვირფასი რამ ელოდა — მარადიული სიცოცხლის ჯილდო. ის უკვდავი მეფე და მღვდელი იქნებოდა ღვთის ზეციერ სამეფოში, რომელიც სამოთხედქცეულ დედამიწას უხელმძღვანელებდა (მათ. 6:10; გამოცხ. 7:4; 20:6).

2, 3. რამდენად აფასებდა პავლე მარადიული სიცოცხლის ჯილდოს?

2 პავლეს შემდეგი სიტყვებიდან კარგად ჩანს, რამდენად ძვირფასი იყო მისთვის ეს ჯილდო: „რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად მივიჩნიე ქრისტეს გულისთვის. ყველაფერს წაგებად მივიჩნევ ჩემი უფლის ქრისტე იესოს შესახებ უძვირფასესი ცოდნის გულისთვის. მისთვის დავკარგე ყველაფერი და ამ ყველაფერს დიდ ნაგვად მივიჩნევ“ (ფილ. 3:7, 8). ის, რასაც უმრავლესობა მნიშვნელოვნად თვლის — საზოგადოებრივი მდგომარეობა, სიმდიდრე და კარიერა — პავლესთვის ნაგავი გახდა მას შემდეგ, რაც გაიგო იეჰოვას განზრახვა ადამიანებთან დაკავშირებით.

3 პავლესთვის ყველაზე ძვირფასი ის გახდა, რაც მან იეჰოვასა და იესო ქრისტეს შესახებ გაიგო. იესოც ამ ცოდნას გულისხმობდა თავის ლოცვაში: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოან. 17:3). ფილიპელების 3:14 -დან კარგად ჩანს, როგორი მონდომებული იყო პავლე, რომ მარადიული სიცოცხლე მიეღო: „ვისწრაფვი მიზნისკენ, ღვთის მიერ ზეციური მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოს მეშვეობით“. მას არასდროს დავიწყებია ზეცაში მარადიული სიცოცხლის ჯილდო.

მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე

4, 5. რა ჯილდო ელის მილიონობით ადამიანს, რომლებიც დღეს ღვთის ნებას ასრულებენ?

4 ღვთის ნების შემსრულებელთა უმრავლესობა ჯილდოდ მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს ახალ ქვეყნიერებაში (ფსალმ. 37:11, 29). იესოს შემდეგი სიტყვებიც ადასტურებს ამას: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათ. 5:5). როგორც ფსალმუნის 2:8-დან ჩანს, დედამიწა, პირველ რიგში, იესოს საკუთრება გახდება; მას ზეცაში 144 000 თანამმართველი ეყოლება (დან. 7:13, 14, 22, 27). ცხვრისმაგვარი ადამიანები, რომლებიც დედამიწაზე იცხოვრებენ, ‘ქვეყნიერების შექმნიდან მათთვის გამზადებული’ სამეფოს მიწიერ სამფლობელოს დაიმკვიდრებენ (მათ. 25:34, 46). ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ამას გვპირდება ღმერთი, რომელმაც „შეუძლებელია, იცრუოს“ (ტიტ. 1:2). ღვთის აღთქმებს ჩვენც შეგვიძლია ისევე ვენდოთ, როგორც იესო ნავეს ძე, რომელმაც ისრაელებს უთხრა: „არ გამტყუნებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ, ყველა შეგისრულდათ, არც ერთი არ გამტყუნებულა“ (იეს. 23:14).

5 ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება სრულიად განსხვავებული იქნება დღევანდელი მშფოთვარე ცხოვრებისგან. აღარ იქნება ომები, დამნაშავეობა, სიღარიბე, უსამართლობა, ავადმყოფობა და სიკვდილი. ადამიანებს სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნებათ და იცხოვრებენ სამოთხედქცეულ დედამიწაზე. ცხოვრება სამოთხეში იმაზე ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ყოველი დღე სასიხარულო იქნება. წინ მართლაც არაჩვეულებრივი ჯილდო გველის!

6, 7. ა) როგორ შეგვიქმნა იესომ წარმოდგენა იმაზე, თუ რა მოხდება ახალ ქვეყნიერებაში? ბ) რისი შესაძლებლობა მიეცემათ მკვდრებს?

6 დედამიწაზე ყოფნისას ღვთის წმინდა სულით იესო მრავალ სასწაულს ახდენდა. ეს სასწაულები წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რას გააკეთებს ის ახალ ქვეყნიერებაში. მაგალითად, იესომ განკურნა კაცი, რომელიც 38 წელი ვერ დადიოდა (წაიკითხეთ იოანეს 5:5—9). მან თვალი აუხილა „დაბადებიდან უსინათლო“ კაცს. მოგვიანებით, როცა ამ კაცს თავისი მკურნალის შესახებ ეკითხებოდნენ, მან მიუგო: „არავის გაუგონია, რომ ვინმეს თვალი აეხილოს ბრმადდაბადებულისთვის. ის რომ ღვთისგან არ იყოს, ვერაფერს გააკეთებდა“ (იოან. 9:1, 6, 7, 32, 33). იესოს განკურნების ძალა ღვთისგან ჰქონდა ბოძებული. სადაც უნდა წასულიყო, ის კურნავდა ყველას, „ვისაც განკურნება სჭირდებოდა“ (ლუკ. 9:11).

7 იესო არა მარტო ავადმყოფებს კურნავდა, არამედ მკვდრებსაც აცოცხლებდა. ამის მაგალითია 12 წლის გოგონას შემთხვევა, რომლის სიკვდილმაც მშობლებს დიდი ტკივილი მიაყენა. გოგონა გაცოცხლდა, როცა იესომ უთხრა: „გოგონა, შენ გეუბნები, ადექი!“. წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებოდათ მის მშობლებსა და იქ მყოფებს (წაიკითხეთ მარკოზის 5:38—42). ღვთის ახალ ქვეყნიერებაში „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“. ჩვენს ‘აღტაცებას საზღვარი არ ექნება’, როცა მილიარდობით ადამიანი გაცოცხლდება (საქ. 24:15; იოან. 5:28, 29). ამ ადამიანებს მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემათ.

8, 9. ა) ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს როგორ გათავისუფლდებიან ადამიანები მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისგან? ბ) რის საფუძველზე გასამართლდებიან მკვდრები?

8 მკვდრეთით აღდგენილები არ გასამართლდებიან სიკვდილამდე ჩადენილი ცოდვების გამო (რომ. 6:7). ათასწლიანი მეფობის დროს, ქრისტეს გამოსასყიდი მორჩილ ადამიანებს გასრულყოფილების შესაძლებლობას მისცემს და, საბოლოო ჯამში, გაათავისუფლებს ადამის ცოდვის შედეგებისგან (რომ. 8:21). იეჰოვა „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს“ (ეს. 25:8). ბიბლიაში ისიცაა ნათქვამი, რომ ‘გაიშლება გრაგნილები’. ეს ნიშნავს, რომ იმ დროს მცხოვრებთ მიეცემათ ახალი მითითებები (გამოცხ. 20:12). როცა დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა, „სიმართლეს ისწავლიან მიწის მკვიდრნი“ (ეს. 26:9).

9 მკვდრეთით აღდგენილები არ გასამართლდებიან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის საფუძველზე. გამოცხადების 20:12-ში ნათქვამია: „მკვდრები ამ გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ“, რაშიც აღდგომის შემდეგ გაკეთებული საქმეები იგულისხმება. ეს უდავოდ იეჰოვას სამართლიანობაზე, გულმოწყალებასა და სიყვარულზე მეტყველებს. ისინი წარსულში განცდილ ტკივილს „აღარ გაიხსენებენ . . . და არც გულში გაივლებენ“ (ეს. 65:17). იმდენი რამ იქნება სასიამოვნო და კარგი, რომ წარსული მოგონებები მათ გულს აღარ დაუმძიმებს. ყველანაირი ტკივილი დავიწყებას მიეცემა (გამოცხ. 21:4). იმავეს თქმა შეიძლება „უამრავ ხალხზე“, რომლებიც გადაიტანენ არმაგედონს (გამოცხ. 7:9, 10, 14).

10. ა) როგორი ცხოვრება იქნება ახალ ქვეყნიერებაში? ბ) რა დაგეხმარებათ, ყოველთვის გახსოვდეთ ჯილდო?

10 ახალ ქვეყნიერებაში ადამიანები აღარ დაავადდებიან და აღარც მოკვდებიან. „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ეს. 33:24). დღითი დღე ადამიანებს უკეთესი ჯანმრთელობა ექნებათ; ყოველი მომდევნო დღე წინაზე უკეთესი იქნება. ყველას ექნება სასიამოვნო სამუშაო და გვერდით მხოლოდ კეთილის მოსურნე ადამიანები ეყოლებათ. რა უნდა იყოს ამაზე ძვირფასი ჯილდო! გადაშალეთ თქვენი ბიბლია და წაიკითხეთ ესაიას 33:24-სა და 35:5—7-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები. შეეცადეთ, წარმოიდგინოთ მათში აღწერილი სურათი. ეს დაგეხმარებათ, ყოველთვის გახსოვდეთ ჯილდო, რომელიც გელით.

ვინც არ დააფასა ჯილდო

11. როგორი მეფე იყო თავიდან სოლომონი?

11 ჩვენ ვიცით, რა ჯილდო გველის. ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, არ დავივიწყოთ მისი არსებობა. მაგალითად, ისრაელი ერის სამართლიანად მართვა რომ შეძლებოდა, ახალგამეფებულმა სოლომონმა იეჰოვას თავმდაბლურად სთხოვა გაგების უნარი და გამჭრიახობა (წაიკითხეთ 1 მეფეების 3:6—12). ამიტომაც, როგორც ბიბლია ამბობს, „უხვად აძლევდა ღმერთი სოლომონს სიბრძნეს [და] გაგების უნარს . . . სოლომონის სიბრძნე მთელი აღმოსავლეთისა და ეგვიპტის სიბრძნეს აღემატებოდა“ (1 მეფ. 4:29—32).

12. რა გაფრთხილება მისცა იეჰოვამ ისრაელის მეფეებს?

12 იეჰოვას ნაბრძანები ჰქონდა, რომ ისრაელში მეფეს ‘არ უნდა მოემრავლებინა ცხენები’ და ‘არც ბევრი ცოლი ჰყოლოდა, რათა არ ცდუნებულიყო მისი გული’ (კან. 17:14—17). თუ მეფე ცხენებს მოამრავლებდა, ეს იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ის სამხედრო ძალაზე იყო დაიმედებული და არა იეჰოვაზე. ბევრი ცოლის ყოლაც სარისკო იქნებოდა, რადგან ზოგი მათგანი შეიძლება კერპთაყვანისმცემელი, წარმართი ერებიდან ყოფილიყო. მათი ზეგავლენით მეფეს შეიძლება მიეტოვებინა იეჰოვას თაყვანისცემა.

13. საიდან გამოჩნდა, რომ სოლომონმა არ დააფასა ის, რაც იეჰოვამ უბოძა?

13 სოლომონმა ყურად არ იღო ეს გაფრთხილება და ყველაფერი იეჰოვას ბრძანების საწინააღმდეგოდ გააკეთა. მან მოიმრავლა ცხენები და მხედრები (1 მეფ. 4:26). მას 700 ცოლი და 300 ხარჭა ჰყავდა, რომელთაგან ბევრი გარშემო მცხოვრები წარმართი ერებიდან იყო. სოლომონის „გული სხვა ღმერთებისკენ მიდრიკეს მისმა ცოლებმა . . . იგი მთელი გულით არ იყო იეჰოვასთან“. სწორედ უცხოელი ცოლების გამო გახდა სოლომონი ცრუღმერთების თაყვანისმცემელი. ამიტომ იეჰოვამ უთხრა სოლომონს, რომ ხელიდან გამოჰგლეჯდა სამეფოს (1 მეფ. 11:1—6, 11).

14. რა მოჰყვა შედეგად სოლომონისა და ისრაელის ურჩობას?

14 სოლომონმა დაივიწყა, რომ ჭეშმარიტი ღვთის წარმომადგენელი იყო და ეს უპირატესობა ცრუთაყვანისმცემლობაზე გაცვალა. დროთა განმავლობაში მთელი ერი განუდგა ღმერთს, რასაც ძვ. წ. 607 წელს მათი განადგურება მოჰყვა. მართალია, მოგვიანებით ებრაელებმა ისევ აღადგინეს წმინდა თაყვანისმცემლობა, მაგრამ საუკუნეების შემდეგ იესოს მაინც მოუწია მათთვის ასეთი სიტყვების თქმა: „წაგერთმევათ ღვთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფს გამოიღებს“ და „აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი“. ეს ასეც მოხდა (მათ. 21:43; 23:37, 38). ორგულობის გამო ისრაელი მეტად ვეღარ იქნებოდა ჭეშმარიტი ღვთის წარმომადგენელი. ახ. წ. 70 წელს რომაელთა ჯარმა იერუსალიმი და ტაძარი მიწასთან გაასწორა, ცოცხლად დარჩენილი ებრაელები კი ტყვეობას ვერ გადაურჩნენ.

15. მოიყვანეთ მათი მაგალითები, ვინც ვერ დააფასა ის, რაც ნამდვილად ღირებულია.

15 იუდა ისკარიოტელი ერთ-ერთი იყო იესოს 12 მოციქულიდან. იუდა ისმენდა იესოს არაჩვეულებრივ მოძღვრებას და ხედავდა სასწაულებს, რომლებსაც ის ღვთის წმინდა სულით ახდენდა. მაგრამ მან ბოლომდე ვერ დააფასა ეს. იესო და მოციქულები მას საერთო ფულს ანდობდნენ. მაგრამ ის „ქურდი იყო, ყულაბა მას ჰქონდა და მასში ჩაყრილ ფულს იღებდა“ (იოან. 12:6). მისი სიხარბე ყველაზე მეტად მაშინ გამოჩნდა, როცა უფროს მღვდლებს მოურიგდა, რომ 30 ვერცხლად იესოს გადასცემდა (მათ. 26:14—16). დემასი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა არ დააფასოს ის, რაც ნამდვილად ღირებულია. ის პავლე მოციქულთან თანამშრომლობდა, მაგრამ მოგვიანებით პავლემ მასზე სინანულით თქვა: „დემასმა ახლანდელი ქვეყნიერება შეიყვარა, დამტოვა და წავიდა“ (2 ტიმ. 4:10; წაიკითხეთ იგავების 4:23 ).

გაკვეთილი ჩვენთვის

16, 17. ა) რამდენად ძლიერია ძალა, რომელიც გვიპირისპირდება? ბ) რა აგვატანინებს ნებისმიერ განსაცდელს, რომელიც შეიძლება სატანამ მოგვივლინოს?

16 ღვთის ყველა მსახურს უნდა ახსოვდეს ეს ბიბლიური მაგალითები, რადგან „რაც მათ დაემართათ, ჩვენთვის გაკვეთილია და ჩვენ გასაფრთხილებლად დაიწერა, რომლებზეც ქვეყნიერების აღსასრულმა მოაწია“ (1 კორ. 10:11). დღეს ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეებია (2 ტიმ. 3:1, 13).

17 „ამ ქვეყნიერების ღმერთმა“, სატანა ეშმაკმა იცის, რომ „დრო ცოტაღა დარჩა“ (2 კორ. 4:4; გამოცხ. 12:12). ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ იეჰოვას მსახურებს ქრისტიანული პრინციპები დაარღვევინოს. ქვეყნიერებას სატანა მართავს. მის ხელშია საინფორმაციო საშუალებებიც, რომლებსაც თავისი პროპაგანდისთვის იყენებს. მაგრამ იეჰოვას ხალხს უფრო ძლიერი იარაღი აქვს — ეს არის „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორ. 4:7 ). როგორი განსაცდელიც არ უნდა მოგვივლინოს სატანამ, ღვთის ძალა ყველაფერს აგვატანინებს. ამიტომ გამუდმებით უნდა ვილოცოთ და დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა „მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს“ (ლუკ. 11:13).

18. როგორ უნდა ვუყურებდეთ ამ ქვეყნიერებას?

18 ძალებს გვმატებს იმის ცოდნაც, რომ სატანის ქვეყნიერება მალე განადგურდება, ჭეშმარიტი ქრისტიანები კი გადარჩებიან. „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოან. 2:17). აქედან გამომდინარე, რამდენად არაგონივრული იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ამ ქვეყნიერებაში არის რაღაც უფრო ძვირფასი, ვიდრე იეჰოვასთან ურთიერთობა. სატანის ქვეყნიერება ჰგავს გემს, რომელიც იძირება. იეჰოვას ერთგული მსახურებისთვის ქრისტიანული კრება მაშველი ნავივით არის. ისინი ახალი ქვეყნიერებისკენ მიმავალ გზას ადგანან და დარწმუნებულნი არიან შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტებაში: „ბოროტმოქმედნი მოისპობიან, იეჰოვაზე დაიმედებულნი კი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (ფსალმ. 37:9). ამიტომ ყოველთვის გახსოვდეთ ჯილდო, რომელიც გელით!

გახსოვთ?

• როგორ უყურებდა პავლე ჯილდოს, რომელიც ელოდა?

• რის საფუძველზე გასამართლდებიან ისინი, ვინც დედამიწაზე მარადიულად იცხოვრებს?

• რისი გაკეთება იქნება დღეს გონივრული?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 12, 13 გვერდებზე]

ბიბლიის კითხვისას წარმოგიდგება თვალწინ ჯილდო, რომელსაც მიიღებ?