არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა იმსახურებს განდიდებას

იეჰოვა იმსახურებს განდიდებას

 იეჰოვა იმსახურებს განდიდებას

„ადიდეთ იაჰი!“ (ფსალმ. 111:1).

1, 2. რას ნიშნავს „ალილუია“ და რა მოვლენასთან დაკავშირებით გვხვდება ის ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში?

„ალილუია!“ — ეს შეძახილი ხშირად გაისმის ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებში. ზოგი ყოველდღიურ საუბარშიც იყენებს ამ სიტყვას, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი მნიშვნელობა. ბევრი კი, ვინც ამ სიტყვას იყენებს, თავისი ცხოვრებით ღმერთს შეურაცხყოფს (ტიტ. 1:16). ერთი ბიბლიური ლექსიკონის თანახმად „ალილუია“ არის სიტყვა, „რომლითაც ფსალმუნების დამწერები მოუწოდებდნენ სხვებს, მათთან ერთად განედიდებინათ იეჰოვა“. ბიბლიის მრავალი მკვლევარის აზრით, „ალილუია“ ნიშნავს „ადიდეთ იაჰი! [იგივე] იეჰოვა“.

2 აქედან გამომდინარე, გასაგებია, რატომ არის ეს სიტყვა „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ფსალმუნის 111:1-ში ასე ნათარგმნი: „ადიდეთ იაჰი!“. ამ სიტყვის ბერძნული შესატყვისი ოთხჯერ გვხვდება გამოცხადების 19:1—6-ში, სადაც აღწერილია ცრუ რელიგიის განადგურებით გამოწვეული სიხარული. ეს მოვლენა ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს ნამდვილად მისცემს იეჰოვას განდიდების განსაკუთრებულ მიზეზს.

იეჰოვას დიდებული საქმეები

3. რა არის ჩვენი შეკრებების ძირითადი მიზეზი?

3 ასმეთერთმეტე ფსალმუნის დამწერი რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რის გამოც იეჰოვა განდიდებას იმსახურებს. პირველ მუხლში ის ამბობს: „მთელი გულით ხოტბას შევასხამ იეჰოვას მართალთა სამეგობროში და კრებულში“. იეჰოვას დღევანდელ მოწმეებსაც მსგავსი გრძნობები აქვთ. კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე ჩვენი შეკრების ძირითადი მიზეზი იეჰოვას განდიდებაა.

4. როგორ შეუძლია ადამიანს იეჰოვას საქმეების კვლევა?

4 „დიდებულია იეჰოვას საქმეები; იკვლევენ მათ ისინი, ვინც სიამოვნებას პოულობს მათში“ (ფსალმ. 111:2). ყურადღება მიაქციეთ სიტყვას „იკვლევენ“. ერთი ნაშრომის თანახმად, ეს მუხლი შეიძლება ეხებოდეს ადამიანებს, რომლებიც „გულმოდგინედ და გულწრფელად იკვლევენ ღვთის საქმეებს და ფიქრობენ მათზე“. იეჰოვას ყველა ქმნილებას განსაზღვრული მიზანი აქვს. მან მზე, დედამიწა და მთვარე ისე განალაგა, რომ დედამიწაზე არის სიცოცხლისთვის აუცილებელი სითბო და სინათლე, დღე-ღამის მონაცვლეობა, წელიწადის დროები და ზღვის მიმოქცევა.

5. რა დასკვნამდე მიჰყავს ადამიანი სამყაროს კვლევას?

5 მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დედამიწას მზის სისტემაში იდეალური მდებარეობა აქვს. მთვარის ზომა, მასა და ორბიტა ხელს უწყობს დედამიწაზე სასიცოცხლო პირობების არსებობას. ამ ციური სხეულების მდებარეობისა და ურთიერთკავშირის წყალობით ხდება ჩვენს პლანეტაზე წელიწადის დროების მონაცვლეობა. გარდა ამისა, დღეს ბევრი რამ არის ცნობილი ბუნების ძალებზე. ერთმა პროფესორმა საინჟინრო მექანიკის დარგში თავის სტატიაში აღნიშნა: „რთული არ არის იმის გაგება, თუ ბოლო 30 წლის განმავლობაში რატომ შეიცვალა აზრი ამდენმა მეცნიერმა. მათი აზრით, დიდი რწმენაა საჭირო იმის დასაჯერებლად, რომ სამყარო შემთხვევით, კოსმოსური აფეთქების შედეგად გაჩნდა. რაც მეტად ვიკვლევთ ჩვენს საოცრად შექმნილ საცხოვრებელს, მით მეტად ვრწმუნდებით, რომ ამ ყველაფრის უკან გონიერი შემოქმედი დგას“.

6. რას გრძნობთ, როცა ფიქრობთ, თუ როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანი?

6 ღვთის კიდევ ერთი საოცარი ქმნილება ადამიანია (ფსალმ. 139:14). ღმერთმა ადამიანს მისცა ტვინი, სხეული ყველა აუცილებელი ორგანოთი და საქმის კეთების უნარი; აგრეთვე მეტყველება, სმენა და წერა-კითხვის უნარი, რაც ნამდვილად სასწაულია. ის, რომ ადამიანს გამართული დგომა და სიარული შეუძლია, იეჰოვას დამსახურებაა. შეუძლებელია არ გაგაოცოს ადამიანის სხეულის აგებულებამ, მოძრაობის უნარმა და ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურმა პროცესებმა. გასაოცარ ნერვულ სისტემას, რისი წყალობითაც ფუნქციონირებს ჩვენი ტვინი და გრძნობის ორგანოები, ვერც ერთი მეცნიერული მიღწევა ვერ შეედრება. ფაქტობრივად, თუ რამეს ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ იმის წყალობით, რომ შემოქმედმა გონებით დაგვაჯილდოვა. ყველაზე გამოცდილი და უნარიანი ინჟინერიც კი ვერ შექმნიდა ისეთ ლამაზ და საჭირო რამეს, როგორიც ჩვენი თითებია. დაფიქრდი, განა შეიქმნებოდა ხელოვნების ან არქიტექტურის შედევრები ღვთისგან ბოძებული თითების ასე მოქნილად გამოყენება რომ არ შეგვძლებოდა?!

იეჰოვას დიდებული საქმეები და თვისებები

7. რატომ შეიძლება მივაკუთვნოთ ბიბლია ღვთის დიდებულ საქმეებს?

7 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვამ ადამიანის საკეთილდღეოდ სხვა დიდებული საქმეებიც მოიმოქმედა. თავად ბიბლია, რომლის წიგნებიც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, ღვთის დიდებული საქმეების კიდევ ერთი დადასტურებაა. სხვა წიგნებისგან განსხვავებით ის „ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად“ (2 ტიმ. 3:16). ბიბლიის პირველი წიგნიდან, „დაბადებიდან“, ვიგებთ, როგორ მოსპო ღმერთმა ბოროტები ნოეს დროს. მეორე წიგნი „გამოსვლა“ მოგვითხრობს, როგორ დაიხსნა ღმერთმა ისრაელი ეგვიპტის მონობიდან და ამგვარად დაამტკიცა, რომ ჭეშმარიტი ღმერთია. როგორც ჩანს, ფსალმუნმომღერალს ეს მოვლენები ჰქონდა მხედველობაში, როცა თქვა: „ღირსებითა და სიდიადით მოქმედებს იგი [იეჰოვა], მარადიულია მისი სიმართლე. სამახსოვროს ხდის თავის საოცარ საქმეებს. მწყალობელი და გულმოწყალეა იეჰოვა“ (ფსალმ. 111:3, 4). განა იეჰოვას „ღირსებასა და სიდიადეზე“ არ მეტყველებს ის, რაც მას წარსულში გაუკეთებია და რასაც დღეს აკეთებს?!

8, 9. ა) რით განსხვავდება ღვთის საქმეები ადამიანთა საქმეებისგან? ბ) ღვთის რომელი თვისებები გიზიდავთ?

8 ფსალმუნმომღერალი აღნიშნავს, რომ იეჰოვა არის მართალი, მწყალობელი და გულმოწყალე ღმერთი. ხშირ შემთხვევაში ცოდვილი ადამიანების საქმეებს უფრო სიხარბე, შური და სიამაყე უდევს საფუძვლად, ვიდრე სიმართლე. ამის მაგალითია გამანადგურებელი იარაღი, რომელიც ომების საწარმოებლად და ფინანსური მოგების მიზნით იქმნება. ამ ყველაფერს კი მილიონობით უდანაშაულო ადამიანისთვის ენით აუწერელი ტკივილი და ტანჯვა მოაქვს. მსოფლიოში ბევრი რამ საწყალი ხალხის ჩაგვრის ხარჯზე შეიქმნა. ალბათ გვახსენდება მონების მძიმე შრომით აგებული პირამიდები — ამაყი ფარაონების აკლდამები. უფრო მეტიც, ადამიანთა საქმეები ხშირად არა მარტო მრავალთა ტანჯვას იწვევს, არამედ დედამიწის მოსპობასაც უწყობს ხელს (წაიკითხეთ გამოცხადების 11:18 ).

9 როგორ განსხვავდებიან ადამიანები იეჰოვასგან, რომლის საქმეებსაც ყოველთვის სიმართლე უდევს საფუძვლად. მის საქმეებში შედის გამოსასყიდი, რომელიც მან გულმოწყალებით გაიღო ცოდვილი კაცობრიობის სახსნელად, რითაც ‘თავისი სიმართლე აჩვენა’ (რომ. 3:25, 26). მართლაც, „მარადიულია მისი სიმართლე“. ღვთის წყალობის მაჩვენებელია ის, რომ ღმერთი მოთმინებით ეპყრობა ცოდვილ ადამიანებს. ზოგჯერ თხოვნითაც კი მიმართავს მათ, რომ მიატოვონ ბოროტება და სწორად მოიქცნენ (წაიკითხეთ იერემიას 44:4).

იეჰოვა თავისი დაპირებების ერთგულია

10. როგორ უერთგულა იეჰოვამ აბრაამთან დადებულ შეთანხმებას?

10 „საკვებს აძლევს თავის მოშიშებს. მარადიულად ემახსოვრება თავისი შეთანხმება“ (ფსალმ. 111:5). როგორც ჩანს, ფსალმუნმომღერალი აქ აბრაამთან დადებულ შეთანხმებას გულისხმობდა. იეჰოვა დაჰპირდა აბრაამს, რომ აკურთხებდა მის შთამომავლობას და ისინი „მტრების კარიბჭეს“ დაეუფლებოდნენ (დაბ. 22:17, 18; ფსალმ. 105:8, 9). დაპირებისამებრ, აბრაამის შთამომავლობისგან ისრაელი ერი წარმოიშვა. ეს ერი დიდი ხნის მანძილზე ეგვიპტის ტყვეობაში იყო, მაგრამ ღმერთმა „გაიხსენა აბრაამთან . . . დადებული შეთანხმება“ და გაათავისუფლა ისინი (გამ. 2:24). ღმერთი გულუხვობას ავლენდა მათ მიმართ, ზრუნავდა მათ ფიზიკურ და სულიერ მოთხოვნილებებზე (კან. 6:1—3; 8:4; ნეემ. 9:21). ისრაელი ხშირად ივიწყებდა ღმერთს მიუხედავად იმისა, რომ წინასწარმეტყველთა პირით იეჰოვა არაერთხელ სთხოვდა, დაბრუნებოდნენ მას. ეგვიპტის ტყვეობიდან ისრაელის გათავისუფლების შემდეგ 1 500 წელზე მეტი იყო გასული, როცა ღმერთმა დედამიწაზე თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა. ებრაელთა უმრავლესობამ არ მიიღო იესო და სასიკვდილოდ გაიმეტა. ამის შემდეგ იეჰოვამ ჩამოაყალიბა ახალი ერი, „ღვთის ისრაელი“. ქრისტე და ეს ახალი ერი აბრაამის სულიერი შთამომავლები არიან, რომელთა მეშვეობითაც იეჰოვა კაცობრიობას აკურთხებს (გალ. 3:16, 29; 6:16).

11. საიდან ჩანს, რომ იეჰოვას დღემდე ახსოვს აბრაამთან დადებული შეთანხმება?

11 იეჰოვას დღესაც ახსოვს ეს შეთანხმება. ის თავის ხალხს არ აკლებს სულიერ საზრდოს; ბიბლიური ლიტერატურა 400-ზე მეტ ენაზე გამოიცემა. გარდა ამისა, იეჰოვა ზრუნავს ჩვენს ფიზიკურ მოთხოვნილებებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისმენს ჩვენს ლოცვას: „მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“ (ლუკ. 11:3; ფსალმ. 72:16, 17; ეს. 25:6—8).

იეჰოვას შიშის მომგვრელი ძალა

12. როგორ დაეუფლა ძველი ისრაელი „ერების მემკვიდრეობას“?

12 „თავისი ნახელავის ძალა უჩვენა თავის ხალხს — ერების მემკვიდრეობა მისცა მათ“ (ფსალმ. 111:6). ფსალმუნმომღერალს შეიძლება მხედველობაში ჰქონდა ეგვიპტიდან ისრაელის სასწაულებრივი გათავისუფლება — ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა ისრაელის ისტორიაში. აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ ღმერთმა ისრაელს დააპყრობინა მდინარე იორდანის აღმოსავლეთითა და დასავლეთით მდებარე სამეფოები (წაიკითხეთ ნეემიას 9:22—25). ამგვარად, იეჰოვამ „ერების მემკვიდრეობა მისცა“ მათ, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ძალა.

13, 14. ა) როგორც ჩანს, რა ჰქონდა ფსალმუნმომღერალს მხედველობაში, როცა იეჰოვას ძალას განადიდებდა? ბ) როგორ გამოვლინდა იეჰოვას ძალა მოგვიანებით უფრო დიდებული სახით?

13 მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ ამდენი რამ გააკეთა ისრაელისთვის, ისინი არც მას სცემდნენ სათანადო პატივს და არც თავიანთ წინაპრებს — აბრაამს, ისაკს და იაკობს. ურჩობის გამო ღმერთმა ისინი ბაბილონელებს ჩაუგდო ხელში (2 მატ. 36:15—17; ნეემ. 9:28—30). თუ ზოგიერთ ბიბლეისტს დავუჯერებთ, 111-ე ფსალმუნი დაიწერა ბაბილონის ტყვეობიდან ისრაელების გათავისუფლების შემდეგ. აქედან გამომდინარე, ფსალმუნმომღერალს კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა, განედიდებინა იეჰოვა ერთგულებისა და ძლიერებისთვის. ღვთის ეს თვისებები მაშინ გამოჩნდა, როცა მან ებრაელები გაათავისუფლა ბაბილონის იმპერიიდან, რომელიც, ჩვეულებრივ, ტყვეებს არ ათავისუფლებდა (ეს. 14:4, 17).

14 დაახლოებით ხუთი საუკუნის შემდეგ, იეჰოვამ თავისი ძალა უფრო დიდებული სახით გამოავლინა. მან მორჩილი ადამიანები ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან დაიხსნა (რომ. 5:12). შედეგად 144 000 ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, გამხდარიყო ქრისტეს სულითცხებული მიმდევარი. 1919 წელს იეჰოვამ თავისი ძალით ცრუ რელიგიის ტყვეობიდან დაიხსნა ცხებულთა დარჩენილი ნაწილი. საქმეები, რომლებსაც ისინი ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში აკეთებენ, აშკარად ღვთის ძალაზე მეტყველებს. თუ ისინი სიკვდილამდე ერთგულები დარჩებიან, ზეცაში ქრისტესთან ერთად იმეფებენ, რაც დედამიწაზე მცხოვრები ადამიანებისთვის კურთხევა იქნება (გამოცხ. 2:26, 27; 5:9, 10). ძველი ისრაელისგან განსხვავებით, ისინი მთელ დედამიწას დაიმკვიდრებენ (მათ. 5:5).

სანდო და მარადიული პრინციპები

15, 16. ა) რა შედის ღვთის ნახელავში? ბ) რა კანონები მისცა ღმერთმა ძველ ისრაელს?

15 „ჭეშმარიტება და სამართლიანობა ვლინდება მის ნახელავში, სანდოა მის მიერ გაცემული ყველა ბრძანება, კარგად განმტკიცებულია მარადიულად, სამუდამოდ; ჭეშმარიტებითა და სიმართლით არის შესრულებული“ (ფსალმ. 111:7, 8). იეჰოვას „ნახელავად“ შეიძლება ჩაითვალოს ქვის ორი ფილა, რომელზეც ამოტვიფრული იყო ათი მცნება (გამ. 31:18). ეს ათი მცნება, სხვა მითითებებთან ერთად, რომლებიც კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმების ნაწილი იყო, სანდო და მარადიულ პრინციპებს ეფუძნებოდა.

16 მაგალითად, ქვის ფილაზე დაწერილი ერთ-ერთი კანონი ასეთია: „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი ვარ“. იქვე ნათქვამია, რომ ის ‘მეათასე თაობამდე ავლენს სიკეთეს მათ მიმართ, ვისაც უყვარს და ვინც იცავს მის მცნებებს’. ფილებზე ასევე ამოტვიფრული იყო პრინციპები „პატივი ეცი მამას და დედას“, „არ მოიპარო“ და ღრმა მნიშვნელობის მქონე კანონი, რომელიც კრძალავს სხვისი საკუთრების მითვისებას (გამ. 20:5, 6, 12, 15, 17).

წმინდა და შიშის მომგვრელი

17. რა მიზეზების გამო უნდა განედიდებინათ ისრაელებს იეჰოვას წმინდა სახელი?

17 „გამოისყიდა თავისი ხალხი. სამარადისოდ დადო შეთანხმება. წმინდა და შიშის მომგვრელია მისი სახელი“ (ფსალმ. 111:9). შესაძლოა ფსალმუნმომღერალს აქაც ის ფაქტი ჰქონდა მხედველობაში, რომ იეჰოვა აბრაამთან დადებული შეთანხმების ერთგული იყო. ერთგულებაზე მეტყველებდა ისიც, რომ იეჰოვამ თავისი ხალხი არც ეგვიპტის ტყვეობაში მიატოვა და არც ბაბილონის. ორივე შემთხვევაში ღმერთმა გამოისყიდა თავისი ხალხი. ისრაელებს თუნდაც ამ მიზეზების გამო უნდა განედიდებინათ ღვთის წმინდა სახელი (წაიკითხეთ გამოსვლის 20:7; რომაელების 2:23, 24).

18. რატომ ფიქრობ, რომ ღვთის სახელის ტარება უპირატესობაა?

18 იმავეს თქმა შეიძლება დღევანდელ ქრისტიანებზეც, რომლებიც ღმერთმა ცოდვისა და სიკვდილისგან გამოისყიდა. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ იესოს ლოცვის ნიმუშის თანახმად ვიცხოვროთ და ‘განვწმინდოთ ღვთის სახელი’ (მათ. 6:9). ღვთის დიდებულ სახელზე ფიქრმა, იეჰოვას შიში უნდა განგვივითაროს. 111-ე ფსალმუნის დამწერს კარგად ესმოდა, რას ნიშნავდა ღვთის შიში, როცა თქვა: „იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა. წვდომის უნარი აქვს მისი ბრძანების შემსრულებელს“ (ფსალმ. 111:10).

19. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

19 ღვთისადმი ჯანსაღი შიში გვეხმარება, შევიძულოთ ის, რაც ცუდია. ის აგრეთვე გვეხმარება, ავირეკლოთ 112-ე ფსალმუნში აღწერილი ღვთის შესანიშნავი თვისებები, რის შესახებაც  მომდევნო სტატიაში იქნება საუბარი. ამ ფსალმუნში ნაჩვენებია, როგორ შეგვიძლია ვიყოთ იმ მილიონებს შორის, რომლებიც ღმერთს მარადიულად განადიდებენ. იეჰოვა ნამდვილად იმსახურებს განდიდებას. „მარადიულია მისი ქება“ (ფსალმ. 111:10).

საფიქრებელი კითხვები

• რატომ იმსახურებს იეჰოვა განდიდებას?

• იეჰოვას რომელი თვისებების დანახვა შეიძლება მის საქმეებში?

• რატომ ფიქრობთ, რომ ღვთის სახელის ტარება უპირატესობაა?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 20 გვერდზე]

კრების შეხვედრებზე დასწრების ძირითადი მიზეზი იეჰოვას განდიდებაა

[სურათი 23 გვერდზე]

იეჰოვას კანონები სანდო და მარადიულ პრინციპებს ეფუძნება