არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხელახლა შობა პირადი გადაწყვეტილებაა?

ხელახლა შობა პირადი გადაწყვეტილებაა?

ხელახლა შობა პირადი გადაწყვეტილებაა?

ვინ წყვეტს, ხელახლა დაიბადება თუ არა ადამიანი? როდესაც ზოგი მქადაგებელი მსმენელებს მოუწოდებს, ხელახლა იშვან, ისინი ციტირებენ იესოს სიტყვებს: „ხელახლა უნდა დაიბადოთ“ (იოანე 3:7). ამ გამოთქმიდან გამომდინარე, ეს მქადაგებლები ხალხს მოუწოდებენ: „ხელახლა დაიბადეთ!“ ისინი ქადაგებენ, რომ თითოეული მორწმუნე უნდა დაემორჩილოს იესოს და ხელახლა შობისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგას. მათი სიტყვებიდან გამომდინარე, ადამიანი თავად წყვეტს, ხელახლა იშვება თუ არა. მაგრამ ეთანხმება ეს იესოს სიტყვებს, რომლებიც მან ნიკოდემეს უთხრა?

თუ ყურადღებით წავიკითხავთ იესოს სიტყვებს, დავინახავთ, რომ ადამიანი თავად არ წყვეტს, ხელახლა იშვება თუ არა. საიდან ჩანს ეს? „ხელახლა დაბადებად“ ნათარგმნი ბერძნული გამოთქმა შეიძლება „მაღლიდან შობადაც“ ითარგმნოს. * აქედან გამომდინარე, ხელახლა შობა ხდება „მაღლიდან“, ესე იგი ზეციდან ანუ „მამისგან“ (იოანე 19:11; იაკობი 1:17). ამგვარად, ღმერთი წყვეტს, ვინ იშვება ხელახლა (1 იოანე 3:9).

თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელახლა დაბადება „მაღლიდან“ ხდება, რთული გასაგები არაა, რატომ არ შეუძლია ადამიანს თავად გადაწყვიტოს, ხელახლა იშვება თუ არა. დაფიქრდით შემდეგზე: თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ფიზიკურად დაბადებულიყავით? ცხადია, არა. ეს მამათქვენის გადაწყვეტილება იყო. მსგავსადვე, ზეციერი ღმერთი წყვეტს, ვინ იშვება ხელახლა (იოანე 1:13). მოციქულმა პეტრემ მართებულად აღნიშნა: „კურთხეული იყოს ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა, რომელმაც დიდი გულმოწყალებით გვშობა ხელახლა“ (1 პეტრე 1:3).

მოთხოვნაა „ხელახლა დაბადება“?

ზოგმა შეიძლება იკითხოს: „თუ ადამიანს თავად არ შეუძლია გადაწყვიტოს, ხელახლა დაიბადება თუ არა, რატომ თქვა იესომ, ხელახლა უნდა დაიბადოთო?“ მართლაც, თუ იესოს ეს სიტყვები მოთხოვნაა, გამოდის, რომ ის ისეთ რამეს მოითხოვს, რაც ჩვენს ძალებს აღემატება. ეს ხომ ალოგიკურია! მაშ, რას ნიშნავს სიტყვები „ხელახლა უნდა დაიბადოთ“?

თუ დაწვრილებით გამოვიკვლევთ ამ ფრაზას დედნისეულ ენაზე, დავინახავთ, რომ ის არ არის ბრძანებით კილოში დაწერილი, ანუ არ არის მოთხოვნა. პირიქით, ის თხრობით კილოშია ნათქვამი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა იესომ თქვა, „ხელახლა უნდა დაიბადოთ“, ამით მას მოთხოვნა კი არ წაუყენებია, არამედ უბრალოდ ფაქტს გაუსვა ხაზი. იესომ თქვა: „საჭიროა, მაღლიდან იშვათ“ (იოანე 3:7, იანგის თანამედროვე სიტყვასიტყვითი თარგმანი).

ეს რომ უკეთესად გავიგოთ, მოვიყვანოთ ასეთი შედარება. დავუშვათ, რომ ერთ ქალაქში რამდენიმე სასწავლებელია. აქედან ერთ-ერთ სასწავლებელში სწავლა შეუძლიათ მხოლოდ კონკრეტულ რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს. ერთი ახალგაზრდა მიდის ამ სასწავლებლის დირექტორთან და ეუბნება, რომ მის სასწავლებელში სურს სწავლა. დირექტორი პასუხობს: „ჩვენთან რომ ისწავლო, ამ რაიონის მკვიდრი უნდა იყო“. რა თქმა უნდა, დირექტორის სიტყვები ბრძანება არ არის. მას არ უბრძანებია ახალგაზრდისთვის, რომ ამ რაიონში გადასულიყო საცხოვრებლად. დირექტორმა უბრალოდ აუხსნა მას, რომ საჭირო იყო, ამ რაიონის მკვიდრი ყოფილიყო ანუ დაანახვა, რა მოეთხოვებოდა ამ სასწავლებელში შესასვლელად. მსგავსად, როცა იესომ უთხრა ხალხს, „ხელახლა უნდა დაიბადოთო“, მან უბრალოდ დაანახვა მათ, რა მოეთხოვებოდათ ‘ღვთის სამეფოში შესასვლელად’.

ეს სიტყვები — ღვთის სამეფო — ხელახლა შობასთან დაკავშირებით კიდევ ერთ კითხვას წამოჭრის: რა მიზანი აქვს ხელახლა შობას? ამ კითხვაზე პასუხის ცოდნა დაგვეხმარება, ზუსტად გავიგოთ, რას ნიშნავს ხელახლა დაბადება.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 ასე თარგმნის იოანეს 3:3-ს ბიბლიის ზოგი გამოცემა. მაგალითად, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“ ამ მუხლს შემდეგნაირად გადმოსცემს: „თუ ვინმე მაღლიდან არ იშობა, ვერ შეძლებს ღმერთის სასუფევლის ხილვას“.

[სურათი 6 გვერდზე]

რით ჰგავს ხელახლა დაბადება ფიზიკურად დაბადებას?