არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მათი მმართველობა ბევრს მოუტანს კურთხევებს

მათი მმართველობა ბევრს მოუტანს კურთხევებს

მათი მმართველობა ბევრს მოუტანს კურთხევებს

მოციქულების დროიდან მოყოლებული ღმერთი ადამიანთაგან ირჩევს ერთგულ ქრისტიანებს და თავის შვილებად აღიარებს. მათი რიცხვი განსაზღვრულია. ამ ქრისტიანების ცხოვრება სრულიად იცვლება, ამიტომ ღვთის სიტყვაში მათზე ნათქვამია, რომ ისინი ხელახლა იბადებიან. ეს იმიტომ ხდება, რომ ღვთის ხელახლა შობილი მსახურები მომზადებული იყვნენ ზეცაში მმართველობისთვის (2 ტიმოთე 2:12). ისინი ზეციერი ცხოვრებისთვის უნდა აღდგნენ, რომ იმეფონ (რომაელები 6:3—5). ქრისტესთან ერთად ისინი ზეცაში „მეფეები იქნებიან, დედამიწის მმართველები“ (გამოცხადება 5:10; 11:15).

ღვთის სიტყვაში აგრეთვე ნათქვამია, რომ ხელახლა შობილთა გარდა მარადიულ ხსნას სხვებიც მიიღებენ. ბიბლიაში (როგორც ებრაულ, ისე ბერძნულ წერილებში) მოხსენიებულია, რომ ღვთის განზრახვის თანახმად გადარჩება ადამიანთა ორი ჯგუფი. პირველი ჯგუფი მეორეზე გაცილებით პატარაა. ეს პატარა ჯგუფი ზეცაში იმმართველებს, დიდი ჯგუფი კი დედამიწაზე იცხოვრებს და მისი წევრები ამ სამეფოს ქვეშევრდომები იქნებიან. ყურადღება მიაქციეთ, რა მისწერა მოციქულმა იოანემ იესო ქრისტეს შესახებ თანაქრისტიანებს, რომლებიც ხელახლა იშვნენ: „ის შერიგების მსხვერპლია ჩვენი ცოდვებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი [პატარა ჯგუფის], არამედ მთელი ქვეყნიერების [დიდი ჯგუფის] ცოდვებისთვის“ (1 იოანე 2:2).

პავლე მოციქულმაც დაწერა: „მთელი ქმნილება [დიდი ჯგუფი] მოუთმენლად მოელის ღვთის ძეების [პატარა ჯგუფის] გამოცხადებას“ (რომაელები 8:19—21). იოანე და პავლე მოციქულების სიტყვებიდან ვიგებთ, რომ ხელახლა შობილნი ზეციერ სამეფოში იმმართველებენ. ისინი მრავალ კურთხევას მოუტანენ მილიონობით ადამიანს, რომლებიც ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები იქნებიან და დედამიწაზე იცხოვრებენ. სწორედ ამიტომ ასწავლა იესომ თავის მოწაფეებს, ელოცათ: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10).

ებრაულ წერილებშიც მახვილდება ყურადღება იმაზე, რომ ხსნას ორივე ჯგუფი მიიღებდა. მაგალითად, იეჰოვამ იესოს წინაპარ აბრაამს უთხრა: „შენი შთამომავლის [პატარა ჯგუფის] მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ერი [დიდი ჯგუფი]“ (დაბადება 22:18). აქედან ნათლად ჩანს, რომ აბრაამის „შთამომავლის“ მეშვეობით იკურთხებოდა ყველა ერი.

ვინ არის ეს „შთამომავალი“? იესო ქრისტე და ხელახლა შობილი ღვთის შვილები. პავლე მოციქულმა დაწერა: „თუ ქრისტესნი ხართ, ნამდვილად აბრაამის შთამომავლები ხართ“ (გალატელები 3:16, 29). რა კურთხევებს იღებენ „შთამომავლის“ მეშვეობით ყველა ერის ადამიანები? მათ შესაძლებლობა ეძლევათ, ღვთის კეთილგანწყობა მიიღონ და დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლით გაიხარონ. ფსალმუნმომღერალმა დავითმა იწინასწარმეტყველა: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29; ესაია 45:18; გამოცხადება 21:1—5).

ამგვარად, ზეციერ სამეფოში ადამიანთა განსაზღვრული რაოდენობა იმეფებს; მათი მმართველობა დედამიწაზე მრავალს მოუტანს კურთხევებს. გისურვებთ, რომ თქვენც იყოთ მათ შორის, ვისაც ღვთის სამეფო მარადიულ კურთხევებს მოუტანს!

[სურათი 12 გვერდზე]

მილიონობით ადამიანი დედამიწაზე მარადიული ცხოვრებით გაიხარებს. თქვენც იქნებით მათ შორის?